სამეფო დარბაზს მედლით აჯილდოებენ
სამეფოს მაუწყებლები იტყობინებიან
სამეფო დარბაზს მედლით აჯილდოებენ
ფინეთში გარემოს დაცვის სამინისტრომ 2000 წელი „გამწვანების წლად“ გამოაცხადა. როგორც ერთმა ორგანიზატორმა აღნიშნა, „ეს იმ მიზნით გაკეთდა, რომ თითოეულ ჩვენგანს შეგვახსენოს, რა გავლენას ახდენს გამწვანებული გარემო ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებასა და კეთილდღეობაზე“.
ფინეთის გამწვანების ასოციაციიდან 2001 წლის 12 იანვარს იეჰოვას მოწმეთა ფილიალმა წერილი მიიღო, რომელიც იტყობინებოდა, რომ ტიკურილაში არსებული იეჰოვას მოწმეთა სამეფო დარბაზი მისი შემოგარენის, მშვენიერი კონსტრუქციისა და კარგად მოვლილი ეზოსთვის მედლით ჯილდოვდებოდა. გარდა ამისა, წერილში ნათქვამი იყო, რომ „სამეფო დარბაზის ტერიტორია ზამთარ-ზაფხულ სასიამოვნო და განსაკუთრებით ლამაზია; ამასთანავე, შესანიშნავად არის მოვლილი“.
ეს ჯილდო იეჰოვას მოწმეებს გადასცეს ტამპერეში, სასტუმრო „როზენდალში“, გამართულ საზეიმო შეხვედრაზე, რომელსაც 400 სპეციალისტი და ბიზნესმენი ესწრებოდა. ფინეთის გამწვანების ასოციაციამ პრეს-რელიზიც გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „ჩვენს ქვეყანაში იეჰოვას მოწმეთა სამეფო დარბაზები თითქმის ყოველთვის ლამაზად არის აშენებული. მოვლილი ეზოები გულგრილს არც ერთ გამვლელს არ ტოვებს. ტიკურილაში არსებული სამეფო დარბაზი საუცხოო ბაღის ერთ-ერთი მაგალითია. შენობა და დიდი ეზო ერთად მშვენიერ და ჰარმონიულ სურათს ქმნის“.
ფინეთში 233 სამეფო დარბაზია და ბევრ მათგანს მშვენიერი ეზო აქვს. მაგრამ ამ ადგილებს უფრო მშვენიერს ის ხდის, რომ ისინი ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობისა და ბიბლიური განათლების ცენტრებია. მთელ მსოფლიოში ექვს მილიონზე მეტი იეჰოვას მოწმისთვის სამეფო დარბაზი — კარგად მოწყობილი თუ უბრალო — ძალიან საყვარელი ადგილია. სწორედ ამიტომ უვლიან ასე გულმოდგინედ მათ. სამეფო დარბაზის კარი თქვენს ქვეყანაშიც ყველასთვის ღიაა!