მოქმედებენ თუ არა ბოროტი ძალები?
მოქმედებენ თუ არა ბოროტი ძალები?
„მსოფლიო გაოგნებულია. თითქოს რაღაც ფარული ძალები გულმოდგინედ ცდილობენ, რომ ყველანაირი გამოსავალი მოსპონ“ (ჟან-კლოდ სულარი, ჟურნალისტი).
„რადგან ადამიანი ბოროტებას ვერ სპობს, თავს უძლურად გრძნობს“ (ჯოზეფ ბარტონი, ისტორიკოსი).
მრავალი ჩააფიქრა 2001 წლის 11 სექტემბერს მომხდარმა შემზარავმა ტერორისტულმა აქტმა. ინგლისში გამომავალ გაზეთში, „ფაინენშლ ტაიმზში“, მაიკლ პრაუსი აღნიშნავდა: „ასე მხეცურად ცხოველიც კი ვერ ან არ მოიქცეოდა“. „ნიუ-იორკ ტაიმზის“ სარედაქციო სტატიაში აღნიშნული იყო, რომ ამ თავდასხმისთვის მხოლოდ კარგი დაგეგმვა არ იყო საკმარისი; „მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ის დიდი სიძულვილიც, რაც ამ დავალების შესასრულებლად იყო საჭირო. ეს ის სიძულვილია, რომელიც ომის ყველა პირობას არღვევს, ზღვარი არა აქვს და არავითარ შეთანხმებას არ ექვემდებარება“.
სხვადასხვა მრწამსის ადამიანები ფიქრობენ, რომ საქმეში, შესაძლოა, რაღაც ბოროტი ძალაა ჩარეული. სარაევოელმა ბიზნესმენმა, რომელიც ბოსნიაში ეთნიკური სიძულვილის საფუძველზე მომხდარი საშინელებების თვითმხილველი იყო, განაცხადა: „ბოსნიაში ომის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ დავრწმუნდი, რომ სატანა მართავს ყოველივე ამას. ეს ნამდვილი საგიჟეთი იყო“.
ისტორიკოსმა ჟან დელიუმომ კითხვაზე, სწამდა თუ არა ეშმაკის არსებობა, უპასუხა: „როგორ უარვყო ბოროტი ძალის არსებობა იმის გაანალიზების შემდეგ, რაც ახლა ხდება და რაც ჩემს დაბადებამდე მოხდა: მეორე მსოფლიო ომი, რომელმაც 40 მილიონი ადამიანი შეიწირა; ოსვენციმი და სიკვდილის სხვა ბანაკები; კამბოჯაში მომხდარი გენოციდი; ჩაუშესკუს სასტიკი რეჟიმი; მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში კვლავაც მიმართავენ წამებას როგორც სასჯელის ფორმას — ამ საშინელებათა ჩამონათვალს ბოლო არ უჩანს... ამიტომ მჯერა, რომ არ შევცდებით, თუ ასეთ საქმეებს სატანურს ვუწოდებთ, რაც რქიანი და ჩლიქებიანი ეშმაკის მიერ კი არ არის გამოწვეული, არამედ ეშმაკისა, რომელიც მსოფლიოში გაბატონებული სულისკვეთებისა და მოქმედი ბოროტი ძალების სიმბოლოა“.
ჟან დელიუმოს მსგავსად, მრავალი ადამიანი სატანურს უწოდებს იმ შემზარავ მოვლენებს, რომლებიც დღესდღეობით საზოგადოებაში ხდება და როგორც ოჯახურ წრეს, ასევე საერთაშორისო მდგომარეობასაც მოიცავს. მაგრამ რაზე მიანიშნებს ყოველივე ეს? უნდა მივაწეროთ ეს საშინელებები აბსტრაქტულ ბოროტ ძალებს? არსებობენ ბოროტი პიროვნებები, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ ადამიანებზე და ისეთი საშინელი დანაშაულებისკენ უბიძგებენ, რომლებიც ყოველგვარ საზღვრებს სცილდება? არის ყოველივე ამის ფარული ხელმძღვანელი ბოროტების მამამთავარი — სატანა ეშმაკი?
[საავტორო უფლება 3 გვერდზე]
Children: U.S. Coast Guard photo