სატანა — მითი თუ რეალობა?
სატანა — მითი თუ რეალობა?
ბოროტების დასაბამი ოდითგანვე აინტერესებდათ მოაზროვნე ადამიანებს. „ბიბლიურ ლექსიკონში“ ჯეიმს ჰასტინგზი აღნიშნავს: „ადამიანები, მათი ცნობიერი დასაბამიდან მოყოლებული, გრძნობენ, რომ ისეთ ძალებთან უწევთ დაპირისპირება, რომლებსაც ვერ აკონტროლებენ და რომლებიც საზიანო ან დამღუპველ ზეგავლენას ახდენენ მათზე“. იმავე ნაშრომში ნათქვამია: „კაცობრიობის დასაბამიდან ადამიანები ინსტინქტურად ეძებდნენ პირველმიზეზს და ყველანაირ ძალასა თუ ბუნებრივ მოვლენას პიროვნებას მიაწერდნენ“.
ისტორიკოსების თქმით, ბოროტი ღვთაებებისა და ბოროტი სულებისადმი რწმენას მესოპოტამიის ადრეულ ისტორიამდე მივყავართ. ძველ ბაბილონელებს სწამდათ, რომ ქვესკნელს ანუ „უკან მოუსვლელთა ქვეყანას“ განაგებდა მძვინვარე ღვთაება ნერგალი, რომელსაც „ცეცხლოვანსაც“ უწოდებდნენ. მათ დემონებისაც ეშინოდათ, რომელთა დამშვიდებასაც მაგიური შელოცვებით ცდილობდნენ. ეგვიპტურ მითოლოგიაში ბოროტების ღმერთს სეთი წარმოადგენდა, რომელსაც „უცხო მხეცის სახე, თხელი, მოხრილი ნისკარტი, წვეტიანი მაღალი ყურები და სამწვერა კუდი ჰქონდა“ (Larousse Encyclopedia of Mythology).
თუმცა ბერძნებსა და რომაელებსაც ჰყავდათ კეთილი და ბოროტი ღვთაებები, ბოროტების გამორჩეული ღმერთი არ ჰყოლიათ. მათი ფილოსოფოსები ორი საპირისპირო მამოძრავებელი ძალის არსებობას ასწავლიდნენ. ემპედოკლეს მრწამსის თანახმად, ეს ორი ურთიერთსაპირისპირო ძალა სიყვარული და მტრობა იყო. პლატონი თვლიდა, რომ სამყაროში ორი, კეთილისა და ბოროტის მოქმედი, „სული“ არსებობდა. თავის წიგნში „ეშმაკი“ ჟორჟ მინუა აღნიშნავს: „კლასიკურ [ბერძნულ-რომაულ] წარმართულ რელიგიებში როგორც ასეთი, ეშმაკი, არ არსებობდა“.
ირანში ზოროასტრიზმის მიმდევრებს სწამდათ, რომ უზენაესმა ღვთაებამ, აჰურამაზდამ ანუ ორმუზდმა, შექმნა ანჰრა-მაინიუ ანუ აჰრიმანი, რომელმაც ბოროტის კეთება ირჩია და ამიტომაც ბოროტ სულად, ანუ დამანგრევლად იქცა.
იუდაიზმის თანახმად, სატანა ღვთის მოწინააღმდეგეა, რომელმაც ცოდვა შემოიტანა წუთისოფელში. მაგრამ საუკუნეების შემდეგ ეს შეხედულება წარმართული წარმოდგენებით დამახინჯდა. „იუდაურ ენციკლოპედიაში“ ნათქვამია: „დიდი ცვლილებები მოხდა... ძველი წელთაღრიცხვის მიწურულს. ამ პერიოდში იუდაიზმმა... მრავალი შეხედულება გადაიღო დუალიზმიდან, რომლის თანახმადაც ღმერთსა და სიკეთისა და სიმართლის ძალებს ცაში თუ დედამიწაზე ბოროტებისა და სიცრუის ძლიერი ძალები ეწინააღმდეგებიან. ეს, როგორც ჩანს, სპარსული რელიგიის ზეგავლენით მოხდა“. „მოკლე იუდაურ ენციკლოპედიაში“ აღნიშნულია, რომ „დემონებისგან თავდაცვა გარკვეული მითითებების დაცვითა და ამულეტების გამოყენებით შეიძლებოდა“.
განდგომილ ქრისტიანთა თეოლოგია
განდგომილმა ქრისტიანებმა, იუდაიზმის მიმდევართა მსგავსად, სატანასა და დემონებთან დაკავშირებული არაბიბლიური შეხედულებები შეისისხლხორცეს. ერთ–ერთ ნაშრომში (The Anchor Bible Dictionary) ნათქვამია: „ძველ დროს არსებული ერთ–ერთი რადიკალური თეოლოგიური შეხედულება ის არის, რომ თითქოს ღმერთმა თავისი ხალხი სატანისგან გამოისყიდა“. ეს შეხედულება ჯერ ირინეოსმა წამოაყენა (ახ. წ. მეორე საუკუნე). შემდეგ კი ორიგენემ განავითარა (ახ. წ. მესამე საუკუნე), რომელიც ამტკიცებდა, რომ „ეშმაკმა კანონის საფუძველზე ადამიანები მოითხოვა“ და „ქრისტეს სიკვდილით... გადაეხადა ეშმაკს მათი საფასური“ (ადოლფ ჰარნაკის „დოგმის ისტორია“).
„კათოლიკური ენციკლოპედიის“ თანახმად, „დაახლოებით ათასი წლის მანძილზე [იმ შეხედულებას, რომ გამოსასყიდი ეშმაკს გადაუხადეს] მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა თეოლოგიის ისტორიაში“ და ეკლესიის სწავლებებშიც დარჩა. ეკლესიის სხვა მამებმაც, მათ შორის ავგუსტინემ (ახ. წ. მეოთხე–მეხუთე საუკუნე), მიიღეს სწავლება იმის შესახებ, რომ გამოსასყიდი სატანას გადაეხადა. საბოლოოდ, ახ. წ. მე–12 საუკუნეში მცხოვრები კათოლიკე თეოლოგები ანსელმი და აბელარი იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ქრისტეს მსხვერპლი ღმერთისთვის იყო შეწირული და არა სატანისთვის.
შუა საუკუნეების ცრურწმენა
მიუხედავად იმისა, რომ კათოლიკური საეკლესიო კრებების უმეტესობა სატანის თაობაზე დუმილს ამჯობინებდა, ახ. წ. 1215 წელს ჩატარებულ ლატერანის მეოთხე საეკლესიო კრებაზე წარმოდგენილი იყო ის, რასაც „ახალი კათოლიკური ენციკლოპედია“ „რწმენის საზეიმოდ გაცხადებას“ უწოდებს. პირველ კანონში ნათქვამი იყო: „ეშმაკი და დემონები კეთილები იყვნენ, როდესაც ღმერთმა შექმნა ისინი, მაგრამ თავად გაიხადეს ბოროტებად თავი“. მასში ისიც იყო აღნიშნული, რომ ისინი ყველანაირად ცდილობდნენ კაცობრიობის შეცდენას. ამ უკანასკნელმა შეხედულებამ შუა საუკუნეებში მრავალი ადამიანის აზროვნებაში მოიკიდა ფეხი. სატანა გახდა დამნაშავე ყველა, ერთი შეხედვით, უჩვეულო მოვლენაში, იქნებოდა ეს გაურკვეველი დაავადება, უცაბედი სიკვდილი თუ მოუსავლიანობა. ახ. წ. 1233 წელს პაპმა გრიგოლ IX–მ რამდენიმე დადგენილება გამოსცა ერეტიკოსების, მათ შორის ლუციფერიანთა წინააღმდეგ, რომელთაც ეშმაკის თაყვანისმცემლებად თვლიდნენ.
მრწამსმა, რომ ადამიანი შეიძლება ეშმაკის ან მისი დემონების მსახური გახდეს, მალე საყოველთაო არეულობა გამოიწვია; ხალხს ჯადოქრების მიმართ პანიკური შიში გაუჩნდა. მე–13 საუკუნიდან მე–17 საუკუნემდე ჯადოქრებისადმი შიში სწრაფად მოედო მთელ ევროპას, ხოლო ევროპელი კოლონისტების მეშვეობით ჩრდილოეთ ამერიკასაც კი მისწვდა. თვით პროტესტანტი რეფორმატორები, მარტინ ლუთერი და ჟან კალვინი, იწონებდნენ ჯადოქრებზე „ნადირობას“. ევროპაში მხოლოდ ჭორებისა და ღვარძლით ნაკარნახები ბრალდებების საფუძველზეც კი მიიჩნევდნენ ვინმეს ჯადოქრად და ასეთ ადამიანებს როგორც ინკვიზიცია, ასევე საერო სასამართლოები ასამართლებდნენ. წამება „დანაშაულში“ გამოსატეხი ჩვეულებრივი მეთოდი იყო.
ვისაც ჯადოქრობას დაუმტკიცებდნენ, სიკვდილით დასჯა არ ასცდებოდა. მას ცოცხლად წვავდნენ, ინგლისსა და შოტლანდიაში კი სახრჩობელაზე ჰკიდებდნენ. დასჯილთა რაოდენობის შესახებ ენციკლოპედია „უორლდ ბუკში“ ნათქვამია: „ზოგიერთი ისტორიკოსის ცნობით, 1484 წლიდან 1782 წლამდე, ქრისტიანულმა ეკლესიამ დაახლოებით 300000 ქალი გამოასალმა სიცოცხლეს ჯადოქრობისთვის“. თუ შუა საუკუნეებში დატრიალებული ამ ტრაგედიის მიღმა სატანა იდგა, მაშ, ვინ იყო ამ შემთხვევაში მისი
იარაღი — წამებულები თუ მათი მდევნელი რელიგიური ფანატიკოსები?თანამედროვე რწმენა თუ ურწმუნოება
მე–18 საუკუნე რაციონალიზმის აყვავების მომსწრე გახდა. ამ პერიოდს განმანათლებლობის ეპოქასაც უწოდებენ. ენციკლოპედია „ბრიტანიკაში“ ნათქვამია: „განმანათლებლობის ეპოქის ფილოსოფოსები და თეოლოგები ცდილობდნენ, ეშმაკის სახე სრულად განედევნათ ქრისტიანთა ცნობიერებიდან, რადგან მას მითოლოგიური ფანტაზიის ნაყოფად და შუა საუკუნეების გადმონაშთად თვლიდნენ“. პასუხად რომის კათოლიკურმა ეკლესიამ ვატიკანის პირველი საეკლესიო კრება (1869—1870 წწ.) მოიწვია და კიდევ ერთხელ დაადასტურა მრწამსი სატანა ეშმაკის არსებობის შესახებ; ამავე მტკიცებამ, ოღონდ უფრო მოკრძალებული სახით, ვატიკანის მეორე საეკლესიო კრებაზეც გაიჟღერა (1962—1965 წწ.).
ოფიციალურად, როგორც ამას „ახალი კათოლიკური ენციკლოპედია“ აღნიშნავს, „ეკლესიას სწამს ანგელოზებისა და დემონების არსებობისა“. მაგრამ კათოლიციზმის ფრანგულ ლექსიკონში, „თეოში“, ნათქვამია, რომ „დღესდღეობით მრავალი ქრისტიანი მსოფლიოში არსებულ ბოროტებას ეშმაკს არ უკავშირებს“. ბოლო წლებში თანამედროვე თეოლოგები ცდილობენ არც მწვადი დაწვან და არც შამფური: ისინი ოფიციალურ კათოლიკურ დოქტრინასა და თანამედროვე შეხედულებებს ერთმანეთს უთავსებენ. ენციკლოპედია „ბრიტანიკაში“ ნათქვამია: „ლიბერალური ქრისტიანული თეოლოგიის მომხრეები ცდილობენ, რომ ის, რაც ბიბლიაში სატანის შესახებ წერია, მხოლოდ სიმბოლურ ენად ჩათვალონ და გაიგონ არა პირდაპირი გაგებით, არამედ სამყაროში არსებული ბოროტების რეალობისა და მისი მასშტაბების მითოლოგიური სახით გადმოცემის მცდელობად“. რაც შეეხება პროტესტანტებს, იმავე ნაშრომში ნათქვამია: „თანამედროვე ლიბერალური პროტესტანტიზმი ცდილობს, უარყოს ის ფაქტი, რომ სატანა პიროვნებაა“. მაგრამ უნდა მიიჩნიონ ქრისტიანებმა მხოლოდ სიმბოლურ ენად ის, რასაც ბიბლია სატანის შესახებ ამბობს?
რას გვასწავლის ბიბლია
ბიბლიაზე უკეთესად ვერც ფილოსოფია და ვერც თეოლოგია აგვიხსნის ბოროტების დასაბამს. ის, რასაც წმინდა წერილები გვეუბნება სატანის შესახებ, მთლიანობაში, გვაგებინებს ბოროტების წარმოშობისა და ადამიანთა ტანჯვა–წამების მიზეზებს; აგრეთვე იმას, თუ რატომ იღებს ძალადობა დღითი დღე უფრო შემზარავ სახეს.
ზოგს შეიძლება დაებადოს კითხვა: თუ ღმერთი კეთილი და მოსიყვარულე შემოქმედია, მაშ, რატომ შექმნა სატანა, ბოროტი სულიერი ქმნილება? ბიბლიის თანახმად, იეჰოვა ღმერთის ყოველი საქმე სრულყოფილია, ხოლო მისი ყოველი გონიერი ქმნილება ნების თავისუფლებით არის დაჯილდოებული (მეორე რჯული 30:19; 32:4; იესო ნავეს ძე 24:15; მესამე მეფეთა 18:21). ამგვარად, სულიერი ქმნილება, რომელიც შემდგომში სატანა გახდა, ღმერთმა სრულყოფილი შექმნა, მაგრამ სიმართლისა და ჭეშმარიტების გზას საკუთარი ნებით გადაუხვია (იოანე 8:44; იაკობი 1:14, 15).
სატანის ურჩობის სულისკვეთება მრავალმხრივ ჰგავს „ტვიროსის მეფისას“, რომელსაც პოეტური ენით ეწოდება „მშვენებით სრული“ და ‘სრული თავის გზებზე შექმნის დღიდან, ვიდრე უკეთურება არ გამოაჩნდა’ (ეზეკიელი 28:11—19). სატანა არც იმაში შედავებია იეჰოვას, რომ ის ყველაფერზე და ყველაზე მაღლა იდგა და არც იმაში, რომ ყოველივეს შემოქმედია. ან კი როგორ შეძლებდა ამის გაკეთებას? ის ხომ თავადაც ღვთის ქმნილება იყო. მაგრამ მან ეჭვქვეშ დააყენა ის, თუ რამდენად სამართლიანად იყენებდა იეჰოვა თავის უზენაეს ძალაუფლებას. ედემის ბაღში სატანამ პირველ წყვილს შეაპარა აზრი, რომ ღმერთი ისეთ რამეს უმალავდა მათ, რაზეც უფლება ჰქონდათ და რაც მათივე კეთილდღეობას უნდა მომსახურებოდა (დაბადება 3:1—5). მან შეძლო ადამისა და ევას აყოლიება ღვთის სამართლიანი უზენაესი მმართველობისადმი დაუმორჩილებლობაში, რითაც ამ წყვილს და მათ შთამომავლებს ცოდვა და სიკვდილი დაატეხა თავს (დაბადება 3:6—19; რომაელთა 5:12). ამგვარად, ბიბლია გვიჩვენებს, რომ ადამიანთა ტანჯვა–წამების მთავარი მიზეზი სატანაა.
წარღვნამდე სატანას სხვა დაუმორჩილებელი ანგელოზებიც შეუერთდნენ. მათ ხორცი შეისხეს, რათა ადამიანთა ასულებთან სექსუალური სურვილები დაეკმაყოფილებინათ (დაბადება 6:1—4). წარღვნისას ეს მოღალატე ანგელოზები დაუბრუნდნენ სულიერ სამყაროს, მაგრამ არა თავიანთ „თავდაპირველ მდგომარეობას“ ღმერთთან ზეცაში (იუდა 6, აქ). ისინი დამცირებულ მდგომარეობასა და სულიერ წყვდიადში აღმოჩნდნენ (1 პეტრე 3:19, 20; 2 პეტრე 2:4). ეს ანგელოზები დემონებად იქცნენ, რადგან სატანას ემორჩილებოდნენ და არა იეჰოვას უზენაეს ხელისუფლებას. მართალია, მათ აღარ შეუძლიათ ხორცი შეისხან, მაგრამ კვლავაც დიდ ზეგავლენას ახდენენ ადამიანთა გონებასა და ცხოვრებაზე; უეჭველია, მათ გამო ხდება ის უამრავი ძალადობა, რომლის მოწმენიც ვართ დღესდღეობით (მათე 12:43—45; ლუკა 8:27—33).
სატანის მმართველობის დასასრული ახლოსაა
ნათელია, რომ დღევანდელ მსოფლიოში ბოროტი ძალები მოქმედებენ. მოციქული იოანე წერდა: „მთელი წუთისოფელი ბოროტებაში ძევს“ (1 იოანე 5:19).
შესრულებული ბიბლიური წინასწარმეტყველებები ცხადყოფს, რომ ეშმაკი უფრო ამძიმებს სიტუაციას დედამიწაზე, რადგან იცის, რომ სანამ „შებორკავენ“, რისხვის გადმოსაფრქვევად „დრო მცირეღა დარჩა“ (გამოცხადება 12:7—12; 20:1—3). სატანის მმართველობის დასასრული ახალი სამართლიანი ქვეყნიერების დასაწყისი იქნება, სადაც ტირილი, სიკვდილი და ტკივილიც „აღარ იქნება“. მაშინ ღვთის ნება შესრულდება როგორც ზეცაში, ასევე დედამიწაზე (გამოცხადება 21:1—4; მათე 6:10).
[სურათები 4 გვერდზე]
ბაბილონელებს მრისხანე ღვთაების, ნერგალის, სწამდათ (ზემოთ მარცხნივ); პლატონს (მარცხნივ) მიჩნდა, რომ არსებობდა ორი ურთიერთსაპირისპირო „სული“.
[საავტორო უფლებები]
Cylinder: Musée du Louvre, Paris; Plato: National Archaeological Museum, Athens, Greece
[სურათები 5 გვერდზე]
ირინეოსი, ორიგენე და ავგუსტინე ასწავლიდნენ, რომ გამოსასყიდი ეშმაკისთვის იყო გადახდილი.
[საავტორო უფლებები]
Origen: Culver Pictures; Augustine: From the book Great Men and Famous Women
[სურათი 6 გვერდზე]
ჯადოქრებისადმი შიშის გამო ათასობით ადამიანი სიკვდილით დასაჯეს.
[საავტორო უფლება]
From the book Bildersaal deutscher Geschichte