სიხარულის ჟამი ბალკანეთში
სიხარულის ჟამი ბალკანეთში
ეს მოხდა 1922 წელს. ინსბრუკში (ავსტრია) ბიბლიის გულწრფელ მკვლევართა (იეჰოვას მოწმეთა ძველი სახელწოდება) შეხვედრა ტარდებოდა. მსმენელთა შორის ქალაქ აპატინში (ვოევოდინას მხარე, სერბია) მცხოვრები ახალგაზრდა ფრანც ბრანდიც ერია. როდესაც მომხსენებელმა ღვთის სახელი, იეჰოვა, ახსენა, მსმენელთა რიგებში აჟიოტაჟი ატყდა, რის გამოც შეხვედრის გაგრძელება შეუძლებელი გახდა. მაგრამ მოსმენილმა ფრანცზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა და ამიტომ მან სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგებას მიჰყო ხელი. აი, ასეთი მოკრძალებული დასაბამი მიეცა გასაოცარ სულიერ ზრდას ბალკანეთის ერთ–ერთ ქვეყანაში.
მრავალს იუგოსლავიის ხსენებაზე ომი და სისხლისღვრა წარმოუდგება თვალწინ. გულს გვიკლავს შემზარავი ხოცვა-ჟლეტის, სასოწარკვეთილებამდე მისული ლტოლვილების, დანგრეული სახლებისა და გამწარებული ობლების წარმოდგენა. სიტყვები არ გვყოფნის იმ უზომო ტკივილისა და მწუხარების აღსაწერად, რომელიც ბალკანეთის ნახევარკუნძულზე 1991—1995 წლებში გაჩაღებულმა ომმა გამოიწვია. ამ ომმა ყოველგვარი იმედი მოსპო იმისა, რომ ოდესმე ადამიანთა ძალისხმევით წარმატებული და მშვიდობიანი მომავალი მიიღწევა. ომის შედეგად, ყოფილი იუგოსლავიის მცხოვრებლებს ეკონომიკურ სიდუხჭირესა და სიღატაკეში უწევთ ცხოვრება *.
თუ მხედველობაში მივიღებთ მსოფლიოს ამ ნაწილში დატრიალებულ ტრაგედიას, ალბათ, ძნელი წარმოსადგენი იქნება იქ ბედნიერი ადამიანების პოვნა. შეიძლება გასაოცარიც კი ჩანდეს, მაგრამ ასეთები ჯერ კიდევ არიან. სინამდვილეში, მათ მე-20 საუკუნის მიწურულს, ერთ მშვენიერ დღეს, დიდი სიხარულის მიზეზიც კი მიეცათ. მაგრამ რა კავშირი აქვს ყოველივე ამასთან სტატიის დასაწყისში მოხსენიებულ ახალგაზრდა მამაკაცს, ფრანც ბრანდს?
სულიერი ზრდა ბალკანეთში
ფრანც ბრანდი აღაფრთოვანა მისთვის ახალი ჭეშმარიტების მოსმენამ; ამიტომ მან სასიხარულო ცნობის გავრცელება განიზრახა. ავსტრიის საზღვართან მდებარე ქალაქ მარიბორში (სლოვენია) ის პარიკმახერად მოეწყო და ქადაგებდა თავის კლიენტებთან, რომლებსაც წვერის პარსვის დროს ისღა დარჩენოდათ, წყნარად მჯდარიყვნენ და მისთვის ესმინათ. მისი მცდელობის წყალობით, XX საუკუნის
20–იანი წლების მიწურულს, მარიბორში სამეფოს მაუწყებელთა პატარა ჯგუფი ჩამოყალიბდა. ბიბლიური მოხსენებები იკითხებოდა ზღვის პროდუქტების რესტორანში, რომელსაც მოგვიანებით სათანადოდ უწოდეს რესტორანი „ნოვი სვეტ“ („ახალი ქვეყნიერება“).გარკვეული დროის შემდეგ, სასიხარულო ცნობა მთელ ქვეყანაში გავრცელდა. ამაში დიდი წვლილი შეიტანა შემოქმედების ფოტოდრამამ (რვასაათიანი დრამა, რომელიც კინოკადრების, სლაიდებისა და ხმოვანი ჩანაწერებისგან შედგებოდა). მოგვიანებით, 30–იან წლებში, როდესაც იეჰოვას მოწმეები სასტიკ წინააღმდეგობას შეხვდნენ გერმანიაში, იუგოსლავიელ მოწმეებს სამშობლოდან გამოქცეული გერმანელი პიონერები ამოუდგნენ მხარში. ისინი არ ფიქრობდნენ საკუთარ კეთილდღეობასა და კომფორტზე და ამ მთიანი ქვეყნის ყველაზე მოშორებულ ტერიტორიებზე ქადაგებას ცდილობდნენ. მათ საქმიანობას მაშინვე დიდი გამოხმაურება არ მოჰყოლია. 40–იანი წლების დასაწყისში მხოლოდ 150–მა მაუწყებელმა ჩააბარა სამქადაგებლო მსახურების ანგარიში.
1941 წელს სასტიკი დევნა დაიწყო, რამაც 1952 წლამდე გასტანა. რა სასიხარულო იყო, როდესაც, საბოლოოდ, 1953 წლის 9 სექტემბერს, გენერალ ტიტოს კომუნისტური რეჟიმის დროს, იეჰოვას მოწმეები ოფიციალურად გაატარეს რეგისტრაციაში! იმ წელს ქვეყანაში სასიხარულო ცნობის 914 მაუწყებელი იყო და მათი რიცხვი განუწყვეტლივ იზრდებოდა. 1991 წლისთვის მათმა რიცხვმა 7420–ს მიაღწია, ხოლო გახსენების საღამოს 16072 დაესწრო.
1991 წლის 16—18 აგვისტოს ზაგრებში (ხორვატია), იუგოსლავიაში პირველად, იეჰოვას მოწმეთა საერთაშორისო კონგრესი ჩატარდა. მთლიანობაში კონგრესს — როგორც ადგილობრივი, ასევე სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული — 14684 დელეგატი დაესწრო. ამ დაუვიწყარმა კონგრესმა იეჰოვას ხალხი მომავალი განსაცდელებისთვის შეამზადა. იმ სატრანსპორტო საშუალებებში, რომლებმაც უკანასკნელებმა გაიარეს ხოვრვატიისა და სერბიის საზღვარზე მდებარე საკონტროლო–გამშვები პუნქტი, ის ავტობუსებიც ერია, რომლებითაც სერბი დელეგატები სახლში ბრუნდებოდნენ. მას შემდეგ, რაც მათგან ბოლო ავტობუსმა გაიარა ეს პუნქტი, საზღვარი დაიკეტა და ომიც დაიწყო.
იეჰოვას ხალხის სიხარულის მიზეზი
ომის წლები ნამდვილად მძიმე გამოცდის დრო იყო ბალკანეთში მცხოვრები იეჰოვას მოწმეებისთვის. მიუხედავად ამისა, მათ სიხარულის მიზეზიც ჰქონდათ, რადგან იეჰოვამ თავისი ხალხი რიცხობრივი ზრდით აკურთხა. 1991 წლიდან დღემდე სამეფოს მაუწყებელთა რიცხვი ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე 80–ზე მეტი პროცენტით გაიზარდა. 2001 სამსახურებრივ წელს მაუწყებელთა რაოდენობამ 13472–ს მიაღწია.
ოფისები ზაგრებსა და ბელგრადში (სერბია) მეთვალყურეობას უწევდნენ იეჰოვას მოწმეთა საქმიანობას ყოფილი იუგოსლავიის მთელ ტერიტორიაზე. მაგრამ მაუწყებელთა ზრდისა და პოლიტიკური ცვლილებების გამო საჭირო გახდა ახალი ოფისების ამოქმედება ლიუბლიანასა (სლოვენია) და სკოპიეში (მაკედონია). გარდა ამისა, სხვა ახალი ოფისების გახსნაც გახდა საჭირო ბელგრადსა და ზაგრებში. ამ ოფისებში დაახლოებით 140 მოხალისე მსახურობს. მათგან უმეტესობა ახალგაზრდაა და ენთუზიაზმითა და იეჰოვასადმი სიყვარულითაა აღსავსე. ბევრი მათგანი მონაწილეობს ბიბლიის შესასწავლად დამხმარე პუბლიკაციების თარგმნაში ხორვატულ, მაკედონიურ, სერბულ და სლოვენურ ენებზე. რაოდენ დიდი კურთხევაა, რომ იეჰოვას მოწმეთა ჟურნალებისა და სხვა ლიტერატურის უმეტესობა ამ ენებზე ინგლისური გამოცემების პარალელურად გამოიცემა! ეს პუბლიკაციები მრავალ ადამიანს ანუგეშებს და იმედს უსახავს.
სიხარულის კიდევ ერთი მიზეზი ის დახმარებაა, რომელსაც უანგაროდ ეწევა სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული მრავალი სრული დროით მსახური. ამ ბოლო წლებში რამდენიმე მშვენიერი სამეფო დარბაზი აშენდა, რამაც ადგილობრივ კრებებს სიხარულის კიდევ სხვა მიზეზი მისცა. მაგრამ მათ უფრო მეტი სიხარული ელოდათ წინ. კერძოდ რა?
უნიკალური დავალება
მრავალი მაუწყებელი ხშირად ფიქრობდა: «გვექნება კი ოდესმე ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ჩვენს ენაზე?». ყოველ წელს, საოლქო კონგრესზე, ისინი მოუთმენლად მოელოდნენ განცხადებას მისი გამოქვეყნების შესახებ. მაგრამ როგორ უნდა გამკლავებოდნენ ამ უზარმაზარ საქმეს მაშინ, როცა ამ ენებზე მთარგმნელობითი ჯგუფები მხოლოდ რამდენიმე წლის ჩამოყალიბებული იყო და თან მთარგმნელებიც ცოტანი იყვნენ?
ყველაფრის კარგად აწონ–დაწონის შემდეგ, ხელმძღვანელმა საბჭომ მოიწონა ერთობლივი მუშაობის წამოწყება. ამ გადაწყვეტილების მიხედვით, ხორვატული, მაკედონიური და სერბული მთარგმნელობითი ჯგუფები ერთმანეთთან მჭიდროდ ითანამშრომლებდნენ და თავიანთი წინადადებებით ერთმანეთს მუშაობაში დაეხმარებოდნენ. ხორვატული ჯგუფი ამ პროექტში ძირითადი წამყვანი ძალა იყო.
დიდი სიხარულის დღე
ბალკანეთში მცხოვრებ იეჰოვას მოწმეებს არასდროს დაავიწყდებათ 1999 წლის 23 ივლისი. საოლქო კონგრესები „ღვთის წინასწარმეტყველური სიტყვა“ ერთდროულად უნდა ჩატარებულიყო ბელგრადში, სარაევოში (ბოსნია–ჰერცოგოვინა), სკოპიესა და ზაგრებში. გარკვეული დროის განმავლობაში ბელგრადში კონგრესის ჩატარების შესაძლებლობა ეჭვქვეშ იდგა, რადგან ნატოს ჯარების მიერ ქვეყნის დაბომბვის შემდეგ მასობრივი შეხვედრები აკრძალული იყო. რა ბედნიერები იყვნენ ძმები, როდესაც თვეების მანძილზე არსებული გაურკვევლობის შემდეგ ერთმანეთთან ურთიერთობის შესაძლებლობა მიეცათ! თუმცა, სინამდვილემ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.
პარასკევს, ნაშუადღევს, ოთხივე კონგრესზე სპეციალური განცხადება გაკეთდა. კონგრესის დელეგატები, რომელთა საერთო რიცხვიც 13497–ს შეადგენდა, სიახლის მოლოდინში გაინაბნენ. მაგრამ როდესაც მომხსენებელმა აუდიტორიას „ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ ხორვატულ და სერბულ ენებზე გამოცემა აუწყა, აგრეთვე ისიც, რომ მაკედონიურ ენაზეც მიმდინარეობდა თარგმნა, დელეგატებმა თავის შეკავება ვეღარ შეძლეს. მქუხარე ტაშმა გადაფარა მომხსენებლის ხმა. სარაევოში გამართულ კონგრესზე აუდიტორია გაოგნებისგან დადუმდა. შემდეგ კი დუმილი ხანგრძლივმა ტაშისცემამ დაარღვია. ბელგრადში მრავალი დელეგატი სიხარულის ცრემლებს ვერ იკავებდა, მომხსენებელს კი რამდენიმეჯერ ტაშით შეაწყვეტინეს განცხადება. რა ბედნიერი იყო ყველა!
ეს საჩუქარი კიდევ ერთი მიზეზითაც იყო ძვირფასი. იეჰოვას მოწმეებმა ბიბლიის ხორვატულ და სერბულ ენებზე შესრულებულ უკვე არსებულ თარგმანებზეც მიიღეს ბეჭდვის უფლება. ამგვარად, „ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ თითოეულ ენაზე ერთ წიგნად გამოიცა ამავე ენებზე არსებული ებრაული წერილების თარგმანთან ერთად. გარდა ამისა, სერბული ბიბლია დაიბეჭდა როგორც ლათინური შრიფტით, ასევე კირილიცათი.
ბალკანეთის ტერიტორიაზე მცხოვრები იეჰოვას ხალხი მადლიერია ამ კურთხევებისა და ხელმძღვანელობისთვის. ისინი უერთდებიან დავითის სიტყვებს: „შავეთის ველზეც რომ ვიარო, ბოროტისა არ მეშინია, რადგან შენ [იეჰოვა] ხარ ჩემთან“. ყოველგვარი გასაჭირის მიუხედავად, რომელსაც დღემდე ხვდებიან, ისინი მზად არიან, ‘უფლის სიხარულით თავი გაიძლიერონ’ (ფსალმუნი 22:4; ნეემია 8:10).
[სქოლიოები]
^ აბზ. 3 ყოფილი იუგოსლავია ექვსი რესპუბლიკისგან შედგებოდა: ბოსნია-ჰერცოგოვინა, ხორვატია, მაკედონია, ჩერნოგორია, სერბია და სლოვენია.
[სურათი 20 გვერდზე]
მარიბორელ (სლოვენია) მაუწყებელთა პირველი ჯგუფი მოშორებულ ტერიტორიაზე ქადაგებს.