არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

შვილების აღზრდა უცხო ქვეყანაში — სირთულეები და კურთხევები

შვილების აღზრდა უცხო ქვეყანაში — სირთულეები და კურთხევები

შვილების აღზრდა უცხო ქვეყანაში — სირთულეები და კურთხევები

მილიონობით ადამიანი მიდის სხვა ქვეყანაში ახალი ცხოვრების დასაწყებად. დღეისათვის ევროპაში 20 მილიონი ემიგრანტია, შეერთებული შტატები კი 26 მილიონი უცხოელისთვის გახდა თავშესაფარი. ავსტრალიის მოსახლეობის 21 პროცენტზე მეტი ავსტრალიური წარმოშობის არ არის. ხშირად ემიგრირებულ ოჯახებს ახალი ენის სწავლა და უცხო კულტურასთან შეგუება უხდებათ.

ბავშვები ახალი ქვეყნის ენას სწრაფად სწავლობენ და მალევე იწყებენ ამ ენაზე ფიქრს. მშობლებს კი ამისათვის შესაძლოა უფრო მეტი დრო დასჭირდეთ. როდესაც ბავშვები ასეთ გარემოში იზრდებიან, მშობლებსა და შვილებს შორის შეიძლება ენობრივი ბარიერი შეიქმნას, რომელიც ძნელი გადასალახავია.

ბავშვების აზროვნებასა და გრძნობებზე შესაძლოა არა მხოლოდ ახალმა ენამ იმოქმედოს, არამედ ქვეყნის კულტურამაც. მშობლებს შეიძლება შვილების აზრების გაგება გაუჭირდეთ. აქედან გამომდინარე, ემიგრანტი მშობლები, რომლებიც ცდილობენ, რომ შვილები „უფლის მოძღვრებითა და დარიგებით“ აღზარდონ, უჩვეულო სიძნელეებს აწყდებიან (ეფესელთა 6:4).

ძნელია, ჩასწვდე შვილის გონებასა და გულს

ქრისტიან მშობლებს სურთ და ვალდებულიც არიან, ასწავლონ შვილებს ბიბლიური ჭეშმარიტების „სუფთა ენა“ (სოფონია 3:9, აქ). მაგრამ, თუ ბავშვებმა მშობლების ენა კარგად არ იციან, თვითონ მშობლები კი თავისუფლად ვერ გადმოსცემენ აზრებს იმ ენაზე, რომელიც ბავშვებმა უკეთესად იციან, როგორ შეძლებენ ისინი შვილებისთვის იეჰოვას რჯულისადმი სიყვარულის ჩანერგვას? (მეორე რჯული 6:7). ბავშვებს შეიძლება ესმით იმ სიტყვების მნიშვნელობა, რომლებსაც მშობლები ეუბნებიან, მაგრამ, თუ ნათქვამი მათ გულებს ვერ სწვდება, საკუთარ ოჯახში უცხოები ხდებიან.

პედრო და სანდრა * სამხრეთ ამერიკიდან ავსტრალიაში გადასახლდნენ და ორი მოზარდი ვაჟის აღზრდისას სიძნელეებს წააწყდნენ. პედრო ამბობს: „სულიერ საკითხებზე საუბარში გულსა და ემოციებს აქსოვ. უნდა ახსნა უფრო ღრმა და უფრო მნიშვნელოვანი აზრები, ამისათვის კი უფრო მდიდარი სიტყვათა მარაგია საჭირო“. სანდრა კი დასძენს: „ჩვენს შვილებს მშობლიური ენა კარგად რომ არ ესმოდეთ, ეს მათ სულიერობაზე ცუდად იმოქმედებდა. ისინი ჭეშმარიტების სიღრმეებს ვერ ჩასწვდებოდნენ და ნასწავლში ძირითად პრინციპებს ვერ დაინახავდნენ. მათი სულიერი ზრდა შენელდებოდა და იეჰოვასთან მათ ურთიერთობასაც საფრთხე დაემუქრებოდა“.

ნიანაფერაკასამი და ჰელენი შრი-ლანკიდან გერმანიაში გადასახლდნენ და ახლა ორი შვილი ჰყავთ. ისინი ამბობენ: „ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ბავშვებმა ჯერ ჩვენი მშობლიური ენა ისწავლონ, სანამ გერმანულს ისწავლიან. ეს მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მათ ჩვენთან თავიანთ გრძნობებზე გულწრფელად ლაპარაკი შეძლონ“.

მიგელი და კარმენი, რომლებიც ურუგვაიდან ავსტრალიაში გადასახლდნენ, ამბობენ: „ჩვენს მდგომარეობაში მყოფმა მშობლებმა განსაკუთრებული მონდომება უნდა გამოავლინონ. ან თვითონ ისე კარგად უნდა ისწავლონ ახალი ენა, რომ სულიერი საკითხების გაგება და ახსნა შეძლონ, ან კიდევ თავიანთი მშობლიური ენა უნდა ასწავლონ კარგად ბავშვებს“.

ოჯახის გადაწყვეტილება

ნებისმიერი ემიგრირებული ოჯახის სულიერი ჯანმრთელობა იმაზეა დამოკიდებული, თუ რომელ ენას აირჩევენ იმისათვის, რომ იეჰოვასგან ‘დამოძღვრილნი იქნენ’ (ესაია 54:13). თუ მათთან ახლოს მშობლიურ ენაზე ტარდება კრება, ოჯახმა შეიძლება იქ სიარული არჩიოს. ან შეიძლება ადგილობრივ ენაზე ჩატარებულ კრებაზე იარონ. რა ფაქტორები მოახდენს ამ გადაწყვეტილებაზე გავლენას?

დემეტროუსი და პატროლა, რომლებიც კვიპროსიდან ინგლისში გადასახლდნენ და იქ ხუთი შვილი აღზარდეს, ყვებიან, რამ მოახდინა მათ გადაწყვეტილებაზე გავლენა: „თავიდან მთელი ოჯახი ბერძნულენოვან კრებაზე წავედით. მართალია, ეს ჩვენთვის, მშობლებისთვის, შესანიშნავი იყო, მაგრამ ჩვენი შვილებისთვის სულიერი ზრდის შემაფერხებელი აღმოჩნდა. თუმცა მათ ბერძნული ასე თუ ისე იცოდნენ, სულიერი საკითხების ღრმა ასპექტების გაგება უჭირდათ. ამან მათი სულიერი ზრდა შეაფერხა. მალე ინგლისურენოვან კრებაში გადავედით და ჩვენი შვილების სულიერმა წინსვლამაც არ დააყოვნა. ამ გადაწყვეტილების მიღება ადვილი არ იყო, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში ამის გაკეთება გონივრული აღმოჩნდა“.

ამ ოჯახში მშობლიურ ენაზე ლაპარაკსაც განაგრძობენ და უამრავ კურთხევას იმკიან. მათი შვილები ამბობენ: „რამდენიმე ენის ცოდნა დიდი პლუსია. თუმცა ჩვენთვის ძირითადი ენა ინგლისურია, ბერძნულის ცოდნამ შესაძლებელი გახადა, რომ მტკიცე და ახლო ურთიერთობა გვქონოდა ოჯახში, განსაკუთრებით კი პაპა-ბებიასთან. გარდა ამისა, ამან სხვა ემიგრანტების მიმართ თანაგრძნობით განგვაწყო და დაგვარწმუნა, რომ სხვა ენის შესწავლაც შეგვეძლო. ასე რომ, როდესაც წამოვიზარდეთ, დასახმარებლად, ალბანურენოვან კრებაში გადავედით.

ქრისტეფორე და მარგარიტაც კვიპროსიდან ინგლისში გადასახლდნენ და იქ სამი შვილი გაზარდეს. მათ გადაწყვიტეს, რომ ბერძნულ კრებას დახმარებოდნენ. მათი ვაჟი ნიკოსი, რომელიც ახლა ბერძნულენოვან კრებაში უხუცესად მსახურობს, იხსენებს: „გვირჩიეს, ახლად ჩამოყალიბებულ ბერძნულ კრებაში გვევლო და ჩვენმა ოჯახმაც ეს თეოკრატიულ დანიშნულებად მიიღო“.

მარგარიტა აღნიშნავს: „როდესაც უფროსი ვაჟები შვიდი-რვა წლისანი იყვნენ, თეოკრატიული სამსახურის სკოლაში ჩაეწერნენ. ჩვენ ცოტათი ვწუხდით, რადგან მათ ბერძნული კარგად არ ესმოდათ. მაგრამ თითოეული დავალება ოჯახის დავალება იყო და საათობით ვისხედით და ვეხმარებოდით ხოლმე მათ მოხსენებების მომზადებაში“.

მათი ქალიშვილი ჯოანა კი ამბობს: „მახსოვს, მამა როგორ გვასწავლიდა ბერძნულს, დაფაზე გვიწერდა ანბანს და ჩვენც გულდასმით ვსწავლობდით. ბევრი წლობით სწავლობს სხვა ენას, ჩვენ კი დედ-მამის წყალობით ბერძნულის შესწავლა მალე შევძელით“.

ზოგიერთმა ოჯახმა შეიძლება არჩიოს იმ კრებაზე სიარული, რომელიც მის მშობლიურ ენაზე ტარდება, რადგან ფიქრობენ, რომ ეს აუცილებელია ‘სულიერი წვდომისა’ და წინსვლისთვის (კოლასელთა 1:9, 10, სსგ; 1 ტიმოთე 4:13, 15). ან შეიძლება ფიქრობენ, რომ დაეხმარებიან მათ ენაზე მოლაპარაკე სხვა ემიგრანტებს ჭეშმარიტების შესწავლაში.

მეორე მხრივ კი, ოჯახმა შეიძლება გადაწყვიტოს, რომ უფრო სასარგებლო იქნება ისეთ კრებაზე სიარული, სადაც ქვეყნის ძირითად ენაზე საუბრობენ (ფილიპელთა 2:4; 1 ტიმოთე 3:5). რა თქმა უნდა, ამას ოჯახში განიხილავენ და ოჯახისთავი ღმერთს ხელმძღვანელობას სთხოვს ლოცვაში (რომაელთა 14:4; 1კორინთელთა 11:3; ფილიპელთა 4:6, 7). რა რჩევები დაეხმარებოდა ასეთ ოჯახებს?

პრაქტიკული რჩევები

პედრო და სანდრა, რომლებიც ზემოთ მოვიხსენიეთ, ამბობენ: „მშობლიური ენა რომ არ დაგვავიწყდეს, სახლში მხოლოდ ესპანურად ვსაუბრობთ. ეს ადვილი არ არის, რადგან ჩვენმა ბიჭებმა იციან, რომ ინგლისურიც გვესმის. მაგრამ, თუ ასე არ მოვიქცევით, მათ ესპანური შეიძლება მალე დაავიწყდეთ“.

მიგელი და კარმენი, რომლებიც აგრეთვე ზემოთ მოვიხსენიეთ, გვირჩევენ: „თუ მშობლები ოჯახურ შესწავლასა და ყოველდღიური მუხლის განხილვას მშობლიურ ენაზე ჩაატარებენ, ბავშვები არა მხოლოდ შეისწავლიან ენას, არამედ ამ ენაზე სულიერი საკითხების განხილვასაც შეძლებენ“.

მიგელი აგრეთვე გვთავაზობს: „სამქადაგებლო მსახურება სასიამოვნო გახადეთ. ჩვენი სამქადაგებლო ტერიტორია ქალაქის დიდ რაიონს მოიცავს და ამიტომ დიდხანს დავდივართ ხოლმე მანქანით ისეთი ხალხის საპოვნელად, რომლებიც ჩვენს ენაზე ლაპარაკობენ. გზაში ბიბლიურ თამაშებს ვთამაშობთ და მნიშვნელოვან საკითხებზე ვსაუბრობთ. ვცდილობ, წინასწარ დავგეგმო, სად წავალთ, რათა რამდენიმე კარგი განმეორებითი მონახულება გავაკეთოთ. დღის ბოლოს კი, ბავშვებთან ერთად, სულ მცირე, ერთ მნიშვნელოვან საკითხზე მაინც ვსაუბრობთ“.

კულტურული სხვაობებისთვის თავის გართმევა

ღვთის სიტყვა ახალგაზრდებს მოუწოდებს: „ისმინე, შვილო, მამაშენის დარიგება და დედაშენის რჯულს ნუ გადახვალ“ (იგავნი 1:8). მაგრამ სიძნელეები შეიძლება წარმოიშვას მაშინ, როდესაც მამის დარიგებასა და დედის „რჯულზე“ გავლენას ის კულტურა ახდენს, რომელშიც ბავშვები იზრდებიან.

რა თქმა უნდა, თითოეული ოჯახის თავმა თავად უნდა გადაწყვიტოს, როგორ უხელმძღვანელოს საკუთარი ოჯახის წევრებს და მეტისმეტად არ უნდა მოექცეს სხვა ოჯახების გავლენის ქვეშ (გალატელთა 6:4, 5). მიუხედავად ამისა, მშობლებსა და შვილებს შორის კარგი ურთიერთობა მშობლებს ახალი ჩვევების მიღებას გაუადვილებს.

მაგრამ განვითარებულ ქვეყნებში გავრცელებული ბევრი ჩვევა ქრისტიანების სულიერი ჯანმრთელობისთვის შეიძლება საზიანო იყოს. სქესობრივ უზნეობას, სიხარბესა და ძალადობას ხშირად ხოტბას ასხამენ პოპულარულ მუსიკასა თუ გასართობ პროგრამებში (რომაელთა 1:26—32). ქრისტიანმა მშობლებმა არ უნდა მოიმიზეზონ, რომ კარგად არ ესმით ენა და არ უნდა დაივიწყონ თავიანი მოვალეობა, შეამოწმონ, როგორ მუსიკას უსმენენ შვილები და რით ერთობიან. მათ ნათლად უნდა აუხსნან შვილებს, რის მოსმენა შეიძლება და რის არა. თუმცა ეს ადვილი არ არის.

კარმენი ამბობს: „ხშირად არ გვესმის იმ სიმღერის სიტყვები, რასაც ჩვენი შვილები უსმენენ. მელოდია შეიძლება სასიამოვნოდ ჟღერს, მაგრამ თუ სიტყვები ორაზროვანია ან ტექსტში უზნეობის გამომხატველი ჟარგონებია ჩართული, ჩვენ ვერ ვიგებთ“. როგორ ართმევენ თავს ისინი შექმნილ ვითარებას? მიგელი ამბობს: „ძალიან ბევრს ვესაუბრებით შვილებს იმის თაობაზე, თუ რა ზიანი შეიძლება მიაყენოს მათ უზნეო ხასიათის სიმღერებმა და ვცდილობთ, ისეთი სიმღერების შერჩევაში დავეხმაროთ, რომელიც იეჰოვას მოსაწონია“. დიახ, სიფხიზლე და გონივრულობის გამოჩენაა საჭირო კულტურული სხვაობებისთვის თავის გასართმევად (მეორე რჯული 11:18, 19; ფილიპელთა 4:5, აქ).

კურთხევების მომკა

სხვა ქვეყანაში შვილების აღზრდას მეტი დრო და ენერგია სჭირდება. ამაზე ორი აზრი არ არსებობს. მაგრამ საბოლოოდ მშობლებიც და შვილებიც მეტ კურთხევებს მოიმკიან.

აზამი და მისი ცოლი, სარა, თურქეთიდან გერმანიაში გადასახლდნენ, სადაც სამი შვილი აღზარდეს. დღეს მათი უფროსი ვაჟი იეჰოვას მოწმეთა ფილიალში მსახურობს ზელტერსში (გერმანია). აზამი ამბობს: „ბავშვებისთვის დიდი სარგებლობა მოაქვს იმას, როცა ცდილობენ, ორივე კულტურიდან კარგი თვისებები შეიძინონ“.

ანტონიო და ლუტონადიო ანგოლიდან გერმანიაში გადასახლდნენ და იქ ცხრა შვილს ზრდიან. ისინი ოჯახში ლინგალა, ფრანგულ და გერმანულ ენებზე ლაპარაკობენ. ანტონიო აღნიშნავს: „რამდენიმე ენაზე ლაპარაკი იმის საშუალებას გვაძლევს, რომ სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულებს ვუქადაგოთ. ეს მართლაცდა დიდ სიამოვნებას გვგვრის“.

იაპონელი წყვილი, რომლებიც იაპონიიდან ინგლისში გადავიდნენ საცხოვრებლად, ორ შვილს ზრდიან. ბავშვები ხედავენ, რომ ორივე ენის ცოდნას მათთვის დიდი სარგებლობა მოაქვს. ეს ახალგაზრდები აღნიშნავენ: „ორი ენის ცოდნა სამსახურის პოვნაში გვეხმარება. დიდი სარგებლობა მოაქვს ჩვენთვის ინგლისურ ენაზე გამართულ დიდ კონგრესებს. ამავე დროს, საშუალება გვაქვს, ვიმსახუროთ იაპონურენოვან კრებაში, სადაც დიდი მოთხოვნილებაა“.

შეგიძლიათ წარმატების მიღწევა

ბავშვების ისეთ საზოგადოებაში აღზრდა, სადაც არ იზიარებენ შენს კულტურას, ადვილი არ არის. ამ პრობლემას ბიბლიურ დროშიც ხვდებოდნენ ღვთის მსახურები. მოსეს მშობლებმა წარმატებას მიაღწიეს მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი ეგვიპტეში გაიზარდა (გამოსვლა 2:9, 10). ბაბილონში გადასახლებულმა მრავალმა იუდეველმაც ისეთი შვილები აღზარდა, რომლებიც მზად იყვნენ, იერუსალიმში დაბრუნებულიყვნენ და ჭეშმარიტი თაყვანისცემა აღედგინათ (პირველი ეზრა 2:1, 2, 64—70).

მსგავსად ამისა, დღესაც შეუძლიათ მშობლებს, რომ ამ ამოცანას წარმატებით გაართვან თავი. შეიძლება მათაც ისევე გაიხარონ შვილების მიერ გამოხატული მადლიერებით, როგორც ეს ერთმა დედ-მამამ განიცადა: „ოჯახში ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქვს, რადგან დედ-მამა ჩვენზე სიყვარულით ზრუნავს; ყოველთვის შეგვიძლია მათთვის აზრების გაზიარება. გვიხარია, რომ იმ მსოფლიო ოჯახის წევრები ვართ, რომელიც იეჰოვას ემსახურება“.

[სქოლიოები]

^ აბზ. 7 სახელები შეცვლილია.

[სურათი 24 გვერდზე]

სახლში მხოლოდ მშობლიურ ენაზე ლაპარაკი ბავშვებს ამ ენის შესწავლის საშუალებას მისცემს.

[სურათი 24 გვერდზე]

საერთო ენა პაპა-ბებიასა და შვილიშვილებს შორის ურთიერთობის შენარჩუნების საწინდარია.

[სურათი 25 გვერდზე]

თუ ბავშვებთან რეგულარულად ჩაატარებთ შესწავლას, მათ ‘სულიერ წვდომაში’ დაეხმარებით.