არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

განვაგრძობთ დანიშნულების ადგილზე მსახურებას

განვაგრძობთ დანიშნულების ადგილზე მსახურებას

ბიოგრაფია

განვაგრძობთ დანიშნულების ადგილზე მსახურებას

მოგვითხრო ჰერმან ბრიუდერმა

არჩევანი უნდა გამეკეთებინა: ან ხუთი წელი საფრანგეთის უცხოურ ლეგიონში უნდა მემსახურა, ან მაროკოს ციხეში ვმჯდარიყავი. ნება მიბოძეთ, მოგითხროთ, რატომ ჩავვარდი ასეთ გამოუვალ მდგომარეობაში.

დავიბადე 1911 წელს ქალაქ ოპენაში (გერმანია). სწორედ სამი წლის შემდეგ პირველი მსოფლიო ომი დაიწყო. ჩემს მშობლებს, იოსებ და ფრიდა ბრიუდერებს, 17 შვილი ჰყავდათ. მე მათი მეცამეტე ბავშვი ვიყავი.

მახსოვს, ჯერ კიდევ პატარა ვიყავი, როდესაც ჩვენი ქალაქის მთავარ ქუჩაზე ჯარისკაცებმა მარშით ჩაიარეს. მარშის მხიარული მუსიკით მოხიბლულმა, მუსიკოსები სადგურამდე მივაცილე და იქ სწორედ იმ დროს მივედი, როდესაც სამხედრო ტანსაცმელში გამოწყობილი მამაჩემი და სხვა ჯარისკაცები მატარებელში ადიოდნენ. როგორც კი მატარებელი დაიძრა, ზოგიერთმა ქალმა ქვითინი დაიწყო. ამის შემდეგ, მალე ჩვენმა მღვდელმა ეკლესიაში გრძელი ქადაგება წაიკითხა და იმ ოთხი მამაკაცის სახელი მოიხსენია, რომლებმაც სამშობლოს შესწირეს თავი. „ახლა ისინი ზეცაში არიან“, — თქვა მან. ჩემ გვერდით მდგომ ერთ ქალს გული წაუვიდა.

რუსეთის ფრონტზე ყოფნისას მამაჩემი მუცლის ტიფით დაავადდა. სახლში ძალიან დასუსტებული დაბრუნდა და მაშინვე საავადმყოფოში დააწვინეს. «წადი სასაფლაოს მახლობლად მდებარე სამლოცველოში, 50—50-ჯერ წარმოთქვი „მამაო ჩვენო“ და „ავე, მარია“, — მირჩია მღვდელმა, — და მამაშენი გამოჯანმრთელდება». რა თქმა უნდა, ასეც მოვიქეცი, მაგრამ მამა მეორე დღეს გარდაიცვალა. მართალია, ჯერ კიდევ პატარა ბიჭი ვიყავი, მაგრამ ომი ძალიან მტკივნეულად გადავიტანე.

ჭეშმარიტების პოვნა

პირველი და მეორე მსოფლიო ომების შუალედში გერმანიაში სამუშაოს შოვნა ადვილი არ იყო. მიუხედავად ამისა, 1928 წელს სკოლის მიტოვების შემდეგ, ბაზელში (შვეიცარია) მებაღედ დავიწყე მუშაობა.

მამაჩემის მსგავსად, მეც ერთგული კათოლიკე ვიყავი. ვოცნებობდი, რომ კაპუცინად მემსახურა ინდოეთში. როდესაც ჩემმა ძმამ, რიჩარდმა, რომელიც იეჰოვას მოწმე იყო, ეს შეიტყო, სპეციალურად ჩამოვიდა ჩემთან შვეიცარიაში, რომ გადაეფიქრებინა ჩემთვის ეს განზრახვა. გამაფრთხილა, თუ რა საშიში იყო ვინმეზე, განსაკუთრებით კი მღვდლებზე, დანდობა. მან მირჩია, რომ ბიბლია წამეკითხა და მხოლოდ მას დავნდობოდი. მიუხედავად იმისა, რომ ცუდი წინათგრძნობა მქონდა, შევიძინე „ახალი აღთქმა“ და კითხვას შევუდექი. ნელ-ნელა ჩემთვის ნათელი გახდა, რომ ბევრი რამ, რაც მწამდა, ბიბლიაზე არ იყო დაფუძნებული.

1933 წლის ერთ კვირა დღეს, გერმანიაში რიჩარდთან სტუმრად ყოფნისას, ჩემმა ძმამ ერთი წყვილი გამაცნო, რომლებიც იეჰოვას მოწმეები იყვნენ; როდესაც გაიგეს, რომ ბიბლიას ვკითხულობდი, ბროშურა „კრიზისი“ * მომცეს. ამ ბროშურას შუაღამემდე ვკითხულობდი და დავრწმუნდი, რომ ჭეშმარიტება ვიპოვე!

ბაზელში მცხოვრებმა იეჰოვას მოწმეებმა „საღვთო წერილის გამოკვლევის“* ორი ტომი, ჟურნალები და სხვა პუბლიკაციები მომიტანეს. წაკითხულმა იმხელა შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, რომ ადგილობრივ მღვდელს დავუკავშირდი და ვუთხარი, საეკლესიო წიგნიდან ჩემი სახელი ამოეშალა. ამაზე მღვდელი ძალიან გაბრაზდა და გამაფრთხილა, რომ რწმენის დაკარგვის საშიშროება მემუქრებოდა. რა თქმა უნდა, ეს ასე არ მომხდარა, რადგან, სინამდვილეში, ჭეშმარიტი რწმენა შევიძინე.

ბაზელელი ძმები იმ შაბათ-კვირას საფრანგეთის საზღვართან ქადაგებას გეგმავდნენ. ერთ-ერთმა ძმამ რბილად ამიხსნა, რომ ვერ წავიდოდი მათთან ერთად, რადგან ჯერ ახალი ვიყავი კრებაში. მე უკან არ დამიხევია და ვუთხარი, რომ მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი ქადაგების დაწყება. სხვა უხუცესებთან საუბრის შემდეგ, ამ ძმამ საქადაგებლად ერთი ტერიტორია მომცა შვეიცარიაში. კვირას, დილაუთენია, ველოსიპედით ბაზელის მახლობლად მდებარე ერთ-ერთი პატარა სოფლისკენ გავეშურე. თან წავიღე 4 წიგნი, 28 ჟურნალი და 20 ბროშურა. როდესაც ამ სოფელში ჩავედი, უმეტესობა ეკლესიაში იყო. მიუხედავად ამისა, 11 საათისთვის ჩანთა უკვე ცარიელი მქონდა.

როდესაც ძმებს ვუთხარი, რომ მონათვლა მსურდა, სერიოზულად გამესაუბრნენ და დამისვეს ისეთი კითხვები, რომელთა საშუალებითაც მიხვდებოდნენ, რამდენად ღრმად ვიყავი ჭეშმარიტებაში ჩახედული. იეჰოვასა და მისი ორგანიზაციისადმი მათმა გულმოდგინებამ და ერთგულებამ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. რადგან ზამთარი იყო, ერთ-ერთი უხუცესის აბაზანაში მომნათლეს. მახსოვს, რა ენით აუწერელ სიხარულსა და უზარმაზარ შინაგან ძალას ვგრძნობდი მაშინ. ეს იყო 1934 წელს.

სამეფოს ფერმაში მსახურება

1936 წელს გავიგე, რომ იეჰოვას მოწმეებმა შვეიცარიაში მიწის ნაკვეთი იყიდეს და შევთავაზე, მებაღედ ვიმუშავებ-მეთქი. ძალიან გამიხარდა, როდესაც შტეფისბურგში, რომელიც ბერნიდან 30 კილომეტრში მდებარეობს, სამეფოს ფერმაში მიმიწვიეს სამუშაოდ. რაც კი შემეძლო, ყველაფერს ვაკეთებდი და თავს არ ვზოგავდი. ბეთელმა მასწავლა, რა მნიშვნელოვანია თანამშრომლობის სულის გამოვლენა.

ბეთელში ჩემი მსახურების ყველაზე შესანიშნავი პერიოდი 1936 წელს ძმა რუტერფორდის მონახულება იყო. როდესაც მან ნახა, თუ რამხელა პამიდვრები და როგორი მოსავალი გვქონდა, გაიღიმა და აღნიშნა, რომ ძალიან ნასიამოვნები დარჩა. ძალიან საყვარელი ძმა იყო!

ერთ დილას, როდესაც უკვე სამ წელზე მეტი იყო, რაც ფერმაში ვმსახურობდი, საუზმისას შეერთებულ შტატებში არსებული მთავარი სამმართველოდან მიღებული წერილი წაგვიკითხეს. წერილში ყურადღება მახვილდებოდა იმაზე, თუ რა გადაუდებელი იყო სამქადაგებლო საქმიანობა და მოგვიწოდებდა, ვისაც შეგვეძლო საზღვარგარეთ გვემსახურა პიონერად. ყოველგვარი ყოყმანის გარეშე მოხალისეთა რიგებში ჩავეწერე. დანიშნულება 1939 წლის მაისში მივიღე. ბრაზილიაში დამნიშნეს!

იმ დროს სამეფოს ფერმასთან ახლომდებარე ქალაქ თუნის კრებაში დავდიოდი. კვირაობით ალპებში მივდიოდით ხოლმე საქადაგებლად ველოსიპედებით და გზას ორ საათს ვანდომებდით. ჩვენთან ერთად მოდიოდა ხოლმე მარგარიტა შტაინერი. ერთხელ თავში უცაბედად ასეთმა აზრმა გამიელვა: განა იესომ მოწაფეები ორ-ორი არ გაგზავნა? როდესაც ერთხელ მარგარიტასთან სხვათა შორის მოვიხსენიე, რომ ბრაზილიაში მქონდა დანიშნულება მიღებული, მითხრა, რომ მასაც სურდა ისეთ ადგილზე მსახურება, სადაც უფრო დიდი მოთხოვნილება იყო. მალე, 1939 წლის 31 ივლისს, ჩვენ დავქორწინდით.

მოულოდნელი დაბრკოლება

ჩვენმა გემმა 1939 წლის აგვისტოს მიწურულს ჰავრის (საფრანგეთი) პორტიდან სანტუსის (ბრაზილია) მიმართულებით აიღო გეზი. ყველა ორადგილიანი კაიუტა დაკავებული იყო და ამიტომ სხვადასხვა კაიუტით მოგვიწია მგზავრობა. გზაში გავიგეთ, რომ დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა გერმანიას ომი გამოუცხადეს. 30 კაცისგან შემდგარმა ჯგუფმა მაშინვე გერმანიის ჰიმნის შესრულება დაიწყო. ამან კაპიტანი ისე გააღიზიანა, რომ კურსი შეცვალა და საფის (მაროკო) პორტში შევიდა. ვისაც გერმანული საბუთები ჰქონდა, ხუთი წუთი მისცეს გემის დასატოვებლად. მათ შორის ვიყავით ჩვენც.

რამდენიმე დღე პოლიციის განყოფილებაში ვყავდით, შემდეგ კი ჩაგვსხეს ძველ, დანჯღრეულ ავტობუსში და წაგვიყვანეს მარაქეშის ციხეში, რომელიც დაახლოებით 140 კილომეტრში მდებარეობდა. ამას მოჰყვა საშინელი დღეები. საკნებში ძალიან ბევრი ხალხი იყო და, ამასთანავე, ბნელოდა. საერთო საპირფარეშო — იატაკზე გაკეთებული ხვრელი — სულ მუდამ გაჭედილი იყო. ქვეშაგებად ჭუჭყიანი ტომრები მოგვცეს და ღამღამობით ვირთხები გვკბენდნენ წვივებზე. ულუფას დღეში ორჯერ გვაძლევდნენ დაჟანგული კონსერვის ქილებით.

ოფიცერმა მითხრა, რომ გამათავისუფლებდა, თუ საფრანგეთის უცხოურ ლეგიონში ხუთი წელი ვიმსახურებდი. უარის თქმის შემდეგ დაიწყო ჩემი 24-საათიანი წამება. აქედან უმეტესი დრო ლოცვაში გავატარე.

რვა დღის შემდეგ მარგარიტას ნახვის ნება დამრთეს. ის საშინლად გამხდარიყო და განუწყვეტლივ ტიროდა. ყველანაირად ვეცადე, რომ გამემხნევებინა. ჩვენ დაგვკითხეს და მატარებლით კასაბლანკაში გადაგვიყვანეს. იქ მარგარიტა გაათავისუფლეს. მე კი გამაგზავნეს კენიტრას შრომა-გასწორების კოლონიაში, რომელიც დაახლოებით 180 კილომეტრში მდებარეობდა. შვეიცარიის კონსულმა მარგარიტას შვეიცარიაში დაბრუნება ურჩია, მაგრამ მან ჩემ გარეშე წასვლაზე უარი განაცხადა. ორი თვის განმავლობაში ვიყავი ამ ციხეში, მარგარიტა კი კასაბლანკადან ყოველდღე ჩამოდიოდა ჩემ სანახავად და საჭმელი მოჰქონდა.

ამ მოვლენებამდე ერთი წლით ადრე კი იეჰოვას მოწმეებმა გამოსცეს წიგნი „ჯვაროსნული ლაშქრობა ქრისტიანების წინააღმდეგ“, რათა ხალხისთვის დაენახვებინათ, რომ იეჰოვას მოწმეებს ნაცისტურ რეჟიმთან საერთო არაფერი ჰქონდათ (Kreuzzug gegen das Christentum). სამხედრო ტყვეთა ბანაკში ჩემი ყოფნის დროს იეჰოვას მოწმეთა ბერნში არსებულმა ფილიალმა საფრანგეთის მთავრობას მისწერა წერილი და თან ეს წიგნიც გაუგზავნა, რათა დაემტკიცებინათ, რომ ჩვენ ნაცისტები არ ვიყავით. მარგარიტამაც ბევრი რამ გააკეთა: ინახულებდა მთავრობის წარმომადგენლებს და ცდილობდა, ისინი ჩვენს უდანაშაულობაში დაერწმუნებინა. ბოლოს, 1939 წლის დასასრულს, როგორც იქნა, იმის ნებართვა მივიღეთ, რომ მაროკო დაგვეტოვებინა.

ის-ის იყო კიდევ ერთხელ გავემგზავრეთ ბრაზილიაში, რომ გავიგეთ — გერმანიის წყალქვეშა ნავები ატლანტის ოკეანეში გემებს ძირავდნენ და რომ ჩვენი გემი ერთ-ერთი საუკეთესო სამიზნე იყო. თუმცა ჩვენი გემი, „იამაიკა“, სატვირთო იყო, ცხვირზე და კიჩოზე ქვემეხები ჰქონდა. დღის განმავლობაში კაპიტანს გემი ზიგზაგებით მიჰყავდა და გამუდმებით საარტილერიო ჭურვებს ისროდა. ღამ-ღამობით კი სინათლეს ვაქრობდით, რომ გერმანელებს არ შევემჩნიეთ. როგორც იქნა, შვებით ამოვისუნთქე, როდესაც 1940 წლის 6 თებერვალს, ევროპის დატოვებიდან ხუთ თვეზე მეტი ხნის შემდეგ, სანტუსის (ბრაზილია) პორტში შევედით!

კვლავ ციხეში

საქადაგებლად პირველად ბრაზილიის სამხრეთ ნაწილში, ერთ-ერთი შტატის, რიუ-გრანდი-დუ-სულის, ქალაქ მონტენეგრუში გაგვაგზავნეს. ეკლესიის წარმომადგენლებმა, როგორც ჩანს, ჩვენი ჩასვლის შესახებ უკვე იცოდნენ. სულ ორი საათის დაწყებული გვქონდა იქ ქადაგება, რომ პოლიციამ დაგვაპატიმრა, ჩამოგვართვა გრამოფონი, რომლითაც ბიბლიურ ქადაგებას ვასმენინებდით ხალხს, მთელი ლიტერატურა და აქლემის ტყავისგან შეკერილი ჩანთაც კი, რომელიც მაროკოში ვიყიდეთ. პოლიციის განყოფილებაში მღვდელი და გერმანულ ენაზე მოლაპარაკე ერთი მსახური გველოდებოდნენ. პოლიციის უფროსთან ერთად ისინიც ისმენდნენ გრამოფონით ძმა რუტერფორდის იმ მოხსენებებს, რომელთა ფირებიც სხვა ყველაფერთან ერთად ჩამოგვართვეს. ძმა რუტერფორდი გაბედულად და პირდაპირ ლაპარაკობდა. როდესაც მან ვატიკანი ახსენა, მღვდელი გაწითლდა და მაშინვე ოთახიდან გავარდა.

სანტა-მარიას ეპისკოპოსის მოთხოვნით, პოლიციამ პორტუ-ალეგრიში, შტატის ადმინისტრაციულ ცენტრში, გადაგვიყვანა. მარგარიტა მალევე გაათავისუფლეს და მანაც დახმარებისთვის შვეიცარიის საკონსულოს მიაშურა. კონსულმა შვეიცარიაში დაბრუნება ურჩია. ის კი არც ახლა წავიდა უჩემოდ. მარგარიტა ყოველთვის ერთგული თანამსახური და მეუღლე იყო. სამი დღის შემდეგ დამკითხეს და გამათავისუფლეს. პოლიციელმა გვირჩია, ათ დღეში დაგვეტოვებინა შტატი, თუ არა და ჩვენი თავისთვის დაგვებრალებინა, რაც მოხდებოდა. მთავარი სამმართველოდან მიღებული რჩევის შესაბამისად, რიო-დე-ჟანეიროში გავეშურეთ.

„გთხოვთ, წაიკითხოთ ეს ბარათი“

მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილია ასე დაგვხვდა, ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა! ყველაფრის მიუხედავად, ცოცხლები ვიყავით, ჩვენი ჩანთები კვლავ სავსე იყო ლიტერატურით და მთელ რიო-დე-ჟანეიროში შეგვეძლო ქადაგება. მაგრამ როგორ უნდა გვექადაგა? პორტუგალიური ხომ ძალიან ცუდად ვიცოდით? როგორ და, სამქადაგებლო ბარათების დახმარებით. სამქადაგებლო მსახურებისთვის საჭირო პირველი ფრაზა, რომელიც პორტუგალიურ ენაზე ვისწავლეთ, იყო: “Por favor, leia este cartão” („გთხოვთ, წაიკითხოთ ეს ბარათი“). ამ ბარათებს ხალხი სიხარულით იღებდა! მარტო ერთ თვეში 1000 წიგნი გავავრცელეთ. ბევრმა, რომლებიც ჩვენგან ბიბლიურ ლიტერატურას იღებდნენ, მოგვიანებით ჭეშმარიტება შეიცნო. გულახდილად რომ ვთქვათ, ჩვენი პუბლიკაციები უფრო მეტს ამბობდა ქადაგების თვალსაზრისით, ვიდრე ჩვენ. ამის წყალობით დავინახე, რა მნიშვნელოვანი იყო დაინტერესებული ადამიანებისთვის ჩვენი ლიტერატურის მიცემა.

მაშინ რიო-დე-ჟანეირო ბრაზილიის დედაქალაქი იყო და სასიხარულო ცნობას სამთავრობო ორგანოებში კარგად იღებდნენ. შესაძლებლობა მქონდა, პირადად მექადაგა ფინანსთა მინისტრისა და შეიარაღებული ძალების მინისტრისთვის. ამ შემთხვევებში ნათლად დავინახე, თუ როგორ მოქმედებს იეჰოვას სული.

ერთხელ, რიო-დე-ჟანეიროს ცენტრში ქადაგებისას, სასამართლოს შენობაში შევედი. როგორღაც ერთ-ერთ ოთახში აღმოვჩნდი, სადაც ირგვლივ მყოფ ხალხს შავი ტანსაცმელი ეცვა და თითქოს დაკრძალვის ცერემონიალს ატარებდნენ. მივედი ერთ-ერთ მამაკაცთან, რომელიც ყველასგან გამოირჩეოდა, და სამქადაგებლო ბარათი მივეცი. ეს არ იყო დაკრძალვის ცერემონიალი. თურმე სასამართლო პროცესი შევაწყვეტინე და მოსამართლეს ველაპარაკებოდი. მოსამართლემ ღიმილით ანიშნა დაცვას, რომ ყველაფერი რიგზე იყო. სიამოვნებით აიღო წიგნი „ბავშვები“ * და შესაწირავიც გაიღო. უკან რომ გამოვბრუნდი, ერთ-ერთმა გუშაგმა წამაკითხა კარზე გაკრული გაფრთხილება, სადაც პორტუგალიურად ეწერა: Proibida a entrada de pessoas estranhas („გარეშე პირთათვის შესვლა აკრძალულია“).

ქადაგება პორტშიც კარგად მიმდინარეობდა. ერთხელ ერთ მეზღვაურს მივეცი პუბლიკაციები. მალე მისი გემი პორტიდან გავიდა. მოგვიანებით ამ მეზღვაურს კონგრესზე შევხვდი. მას და მის ოჯახს ჭეშმარიტება შეეცნოთ, ხოლო თავად კარგად მიიწევდა წინ სულიერად. ამან ძალიან გამახარა.

მაგრამ ყველაფერი წყალივით არ მიდიოდა. ექვსთვიანი ვიზა დაგვიმთავრდა და შეიძლებოდა ჩვენი დეპორტირება მოეხდინათ ბრაზილიიდან. ამის შესახებ მთავარ სამმართველოს მივწერეთ, რაზეც ძმა რუტერფორდმა გულთბილად გვიპასუხა და წაგვახალისა, რომ, სიძნელეების მიუხედავად, მსახურება გაგვეგრძელებინა და გვირჩია, როგორ უნდა მოვქცეულიყავით. ბრაზილიაში დარჩენა ჩვენც გვინდოდა და იურისტის დახმარებით, როგორც იქნა, 1945 წელს მუდმივი ვიზა მივიღეთ.

დანიშნულება, რომლის შესრულება დღესაც გრძელდება

მანამდე კი, 1941 წელს, იონათანი შეგვეძინა, 1943 წელს — რუთი და 1945 წელს — ესთერი. უკვე დიდი ოჯახის მოთხოვნილებებზე რომ მეზრუნა, სამუშაო უნდა მეშოვა. სრული დროით ქადაგებას მარგარიტა მესამე ბავშვის დაბადებამდე განაგრძობდა.

თავიდანვე მთელი ოჯახი ქალაქის მოედნებზე, მატარებლის სადგურებსა თუ საქმიან ტერიტორიებზე ერთად ვქადაგებდით. კვირა საღამოობით „საგუშაგო კოშკსა“ და „გამოიღვიძეთ!“-ს ვავრცელებდით, რაც ჩვენთვის ძალიან სასიამოვნო იყო.

სახლში ბავშვებს თავიანთი ვალდებულებები ჰქონდათ დაკისრებული. იონათანს ღუმელი და სამზარეულო უნდა დაესუფთავებინა, გოგონებს კი მაცივარი. გოგონების მოვალეობაში შედიოდა ეზოს დაგვაც და ფეხსაცმელების დაპრიალებაც. ეს მათ ორგანიზებულობისა და ინიციატივის გამოვლენის სწავლაში დაეხმარა. დღეს ჩვენი შვილები შრომისმოყვარენი არიან და კარგად უვლიან თავიანთ სახლსა და ქონებას, რაც მე და მარგარიტას ძალიან გვახარებს.

ბავშვებს იმასაც ვასწავლიდით, რომ კრებაზე კარგად მოქცეულიყვნენ. ისინი კრების შეხვედრის დაწყებამდე სვამდნენ წყალს და საპირფარეშოშიც მანამდე მიდიოდნენ. დარბაზში მარცხენა მხარეს იონათანი მეჯდა ხოლმე, მარჯვენა მხარეს კი რუთი, რუთის გვერდით მარგარიტა იჯდა, მის მარჯვნივ კი — ესთერი. ეს მათ პროგრამის მოსმენასა და სულიერი საზრდოს პატარაობიდანვე მიღებაში დაეხმარა.

იეჰოვამ აკურთხა ჩვენი ძალისხმევა. დღეს სამივე ერთგულად ემსახურება იეჰოვას და სიხარულით მონაწილეობენ სამქადაგებლო მსახურებაში. იონათანი ახლა რიო-დე-ჟანეიროს ერთ-ერთ კრებაში უხუცესად მსახურობს.

1970 წლისთვის ჩვენი შვილები დაქორწინდნენ და სხვაგან გადავიდნენ საცხოვრებლად. ასე რომ, მე და მარგარიტამ გადავწყვიტეთ, იქ გვემსახურა, სადაც უფრო დიდი მოთხოვნილება იყო. პირველად წავედით ქალაქ პოსუს-დი-კალდასში (მინას-ჟერაისის შტატი), სადაც მაშინ 19 მაუწყებლისგან შემდგარი პატარა ჯგუფი იყო. პირველად რომ ვნახე, სად იკრიბებოდნენ, გული ტკივილისგან შემეკუმშა. ეს იყო სარდაფის უფანჯრო ოთახი, რომელსაც კაპიტალური შეკეთება სჭირდებოდა. დაუყოვნებლივ დავიწყეთ სამეფო დარბაზისთვის შედარებით უკეთესი შენობის ძებნა და მალე შესანიშნავი შენობა ვიშოვეთ მშვენიერ ადგილზე. ამას დიდი ცვლილებები მოჰყვა! ოთხ წელიწად-ნახევარში მაუწყებელთა რიცხვი 155-მდე გაიზარდა. 1989 წელს ქალაქ არარუამაში (რიო-დე-ჟანეიროს შტატი) გადავედით, სადაც 9 წელი ვმსახურობდით. ამ დროის განმავლობაში იქ ორი ახალი კრების ჩამოყალიბების მოწმენი გავხდით.

კურთხევები

1998 წელს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა და შვილებთან ახლოს ყოფნის სურვილმა გადაგვაწყვეტინა, სან-გონსალუში (რიო-დე-ჟანეიროს შტატი) გადავსულიყავით. აქ კრებაში კვლავ უხუცესად ვმსახურობ. ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ სამქადაგებლო მსახურებაში რეგულარულად მივიღოთ მონაწილეობა. მარგარიტა მეზობლად მდებარე სუპერმარკეტში ქადაგებს ხოლმე. კრებაშიც ჩვენს სახლთან ახლოს მდებარე ტერიტორია მოგვცეს, რაც ჩვენი ჯანმრთელობის მქონე ადამიანებს ქადაგებას გვიადვილებს.

დღემდე მე და მარგარიტამ იეჰოვას მსახურებას 60-ზე მეტი წელი მივუძღვენით. საკუთარი გამოცდილებიდან ვიცით, რომ „ვერც მთავრობანი, ვერც ძალნი, ვერც აწმყო და ვერც მყოფადი, ვერც სიმაღლე და ვერც სიღრმე, ვერც ვერავითარი სხვა ქმნილება ვერ შეძლებს ჩვენს ჩამოშორებას ღვთის სიყვარულისაგან ჩვენს უფალ ქრისტე იესოში“ (რომაელთა 8:38, 39). და რა სასიამოვნოა, იყო „სხვა ცხვრების“ შეკრების მოწმე, რომლებსაც ღვთის მშვენიერი ქმნილებების გარემოცვაში სრულყოფილ დედამიწაზე მარადიული ცხოვრების იმედი აქვთ (იოანე 10:16). როდესაც 1940 წელს რიო-დე-ჟანეიროში ჩამოვედით, იქ მხოლოდ 28 მაუწყებლისგან შემდგარი ერთი კრება იყო. ახლა კი 250-მდე კრებაა, რომლებშიც 20000-ზე მეტი მაუწყებელია.

იყო იმის შესაძლებლობებიც, რომ ევროპაში ჩვენს ოჯახში დავბრუნებულიყავით. მაგრამ იეჰოვამ აქ, ბრაზილიაში, დაგვნიშნა. და როგორ გვიხარია, რომ ჩვენი დანიშნულების ერთგული დავრჩით!

[სქოლიოები]

^ აბზ. 11 გამოქვეყნებულია იეჰოვას მოწმეების მიერ. ამჟამად აღარ გამოიცემა.

^ აბზ. 33 გამოქვეყნებულია იეჰოვას მოწმეების მიერ. ამჟამად აღარ გამოიცემა.

[სურათი 21 გვერდზე]

სამეფოს ფერმა შტეფისბურგში (შვეიცარია) 30-იანი წლების ბოლოს (მე მარცხნივ, ბოლოში ვდგავარ).

[სურათი 23 გვერდზე]

ქორწინებამდე ცოტა ხნით ადრე, 1939 წელს.

[სურათი 23 გვერდზე]

კასაბლანკა 40-იან წლებში.

[სურათი 23 გვერდზე]

ოჯახთან ერთად ქადაგება.

[სურათი 24 გვერდზე]

სამქადაგებლო მსახურებაში რეგულარულად მონაწილეობა დღეს.