არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

სანამ ბიბლიის სწავლას დავიწყებდი, მე და ჩემი ცოლი განვქორწინდით; იმიტომ კი არა, რომ ერთ-ერთმა ჩვენგანმა უზნეობა ჩაიდინა, არამედ იმიტომ, რომ ერთმანეთს ვერ შევეწყვეთ. ახლა მე ქრისტიანი ვარ. მაძლევს თუ არა ბიბლია კვლავ დაქორწინების უფლებას?

შენი მდგომარეობიდან გამომდინარე, ბიბლია იმ შემთხვევაში იძლევა ხელახლა დაქორწინების უფლებას, თუ გაყრის მიზეზი ღვთისთვის მისაღები აღმოჩნდება.

სანამ ქრისტიანი გახდებოდი, შეიძლება, შეუთავსებლობის გამო მეუღლეს ოფიციალურად გაშორდი. ქვეყნის კანონის თანახმად, განქორწინებულად გამოცხადდით. მაგრამ ახლა გაინტერესებს, უზენაესი კანონმდებელი კვლავ „ერთხორცად“ მიგიჩნევთ თუ არა შენ და შენს ყოფილ მეუღლეს (დაბადება 2:22—24).

ამ საკითხის გარკვევაში იესოს სიტყვები დაგვეხმარება. მას შემდეგ, რაც მოიხსენია, რომ ცოლებს სხვადასხვა მიზეზის გამო ეყრებოდნენ, იესომ დასძინა: „ვინც თავის ცოლს გაუშვებს, სიძვის [ბერძნულად პორნეია] მიზეზის გარეშე და სხვას შეირთავს, მრუშობს“ (მათე 19:9; 5:32). აქედან გამომდინარე, ბიბლია ხელმეორედ დაქორწინების უფლებას აძლევს მხოლოდ მათ, რომლებიც „სიძვის“ ანუ „პორნეიას“ — მრუშობისა და სხვა სახის აშკარა უზნეო საქციელის — გამო გაეყარნენ მეუღლეს.

ასე რომ, თუ შენი ცოლი იმრუშებდა, ბიბლია გაყრის უფლებას მოგცემდათ. თუ გაეყრებოდი მეუღლეს, მრუშობის თუ სხვა რაიმე მსგავსი უზნეობის გამო რისთვისაც სარწმუნო საფუძველი გქონდა, თქვენ უკვე ‘ერთი ხორცი’ აღარ იქნებოდით. ასევე პირიქით, თუ შენ იმრუშებდი, ხოლო მეუღლე არ გაპატიებდა და გაყრას მოგთხოვდა, საღვთო წერილი ორივეს გაგათავისუფლებდათ.

მაგრამ ამბობ, რომ გაყრამდე არც შენ და არც შენს ყოფილ მეუღლეს უზნეობა არ ჩაგიდენიათ. იესოს სიტყვებს თუ გავითვალისწინებთ, რის საფუძველზე შეგიძლია დაასკვნა, რომ ღვთის თვალშიც გაყრილებად ითვლებით? მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანად გახდომისას პიროვნება ცოდვებს ინანიებს, ეს იმას როდი ნიშნავს, რომ წინათ აღებული ყველა ვალდებულება ეხსნება (1 იოანე 1:7; 1 კორინთელთა 6:9—11). მაგალითად, დავუშვათ, მეგობრისგან ფული ისესხე და შეჰპირდი, რომ აუცილებლად დაუბრუნებდი. შემდეგ ქრისტიანი გახდი. გაუქმდებოდა ამის გამო შენი ვალი? რა თქმა უნდა, არა. პირიქით, როდესაც ვალის დაბრუნებასთან დაკავშირებით ღვთის თვალსაზრისს გაიგებდი, ალბათ, უფრო მეტ პასუხისმგებლობას იგრძნობდი (ფსალმუნი 36:21; 14:4; 111:5). ასეა ქორწინებასთან დაკავშირებითაც. დაქორწინების შემდეგ, ღმერთის თვალში თქვენ „ერთხორცი“ გახდით. ასე რომ, ჰკითხე საკუთარ თავს: მოხდა ისეთი რამ, რის გამოც ღმერთი „ერთხორცად“ აღარ მიგიჩნევთ?

შეიძლება ეს ასეც იყოს. ზოგჯერ, გაყრის შემდეგ, შეიძლება ისეთი რამ მოხდეს, რომ ღმერთმა თქვენი ქორწინება დასრულებულად მიიჩნიოს. ამ საკითხის უკეთ გაგებაში მათეს 19:9-ში ჩაწერილი იესოს სიტყვები დაგვეხმარება. თუმცა გაყრამდე არ გიმრუშია, იმ შემთხვევაში, თუ ცოლი გაგეყარა და მოგვიანებით „სიძვა“ ჩაიდინე, შეიძლება ჩაითვალოს, რომ ქორწინების ვალდებულებიდან თავისუფალი ხარ. ესე იგი, მან მიგატოვა და მოგვიანებით ისეთი რამ ჩაიდინე, რის საფუძველზეც ბიბლია თქვენ „ერთხორცად“ აღარ მიგიჩნევთ. მეორე მხრივ კი, შესაძლოა, გაყრის შემდეგ ცოლმა ჩაიდინა „სიძვა“. იესოს სიტყვების თანახმად, ასეთ შემთხვევაშიც ქორწინება ღვთისთვის დასრულებულია, რადგან თქვენ განქორწინებული იყავით და ახლა შენ, უდანაშაულო მეუღლემ, დაადგინე, რომ შენი ყოფილი ცოლი უზნეობას ჩადის.

მაშასადამე, შენს ახლანდელ სიტუაციაში, ის, რაც გაყრის შემდეგ მოხდა, შეიძლება გადამწყვეტი ფაქტორი იყოს იმ დასკვნის გამოსატანად, ხართ თუ არა ღვთის თვალში კვლავ „ერთხორცი“.

რა უნდა გააკეთო, თუ ხედავ, რომ, ღვთის თვალსაზრისიდან გამომდინარე, საღვთო წერილი ხელახლა დაქორწინების უფლებას არ გაძლევს? ერთ-ერთი გამოსავალი შეიძლება ის იყოს, რომ ეცადო, ყოფილ მეუღლეს ბიბლიური ჭეშმარიტება გააცნო. შეიძლება მას იმის დანახვაში დაეხმარო, რომ ბიბლიას ადამიანების შეცვლა შეუძლია; ასევე აუხსენი, რომ მას ბედნიერება და სიხარული მოაქვს მათთვის, ვისაც ცხოვრებამ გული ატკინა. მაგრამ, თუ კვლავ ერთად ცხოვრებას გადაწყვეტთ, მართებული იქნებოდა ხელი მოგეწერათ, რათა თქვენი კავშირი ყველას თვალში პატიოსანი იყოს (ებრაელთა 13:4).

მაგრამ თუ ყოფილ მეუღლეს შერიგება არ სურს, კვლავ მორალურად წმინდა ცხოვრება განაგრძე (იაკობი 3:17; 1 თესალონიკელთა 4:3—5). მოციქულმა პავლემ თქვა, რომ დაუქორწინებლებს აქვთ შესაძლებლობა, საუკეთესოდ გამოიყენონ თავიანთი დრო და თავისუფლება ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მხარდასაჭერად * (1 კორინთელთა 7:29—35). ქრისტიანებთან ურთიერთობა, ღვთის სიტყვის ქადაგება და სხვებისთვის ბიბლიის სწავლება დიდ კმაყოფილებასა და კურთხევებს მოგიტანს.

არის თუ არა არასწორი, თუნდაც მცირე თანხაზე, აზარტული თამაში?

ღვთის სიტყვა დაწვრილებით არ განიხილავს აზარტულ თამაშებთან დაკავშირებულ საკითხებს, მაგრამ საკმაოდ გასაგებად ამბობს, რომ ბიბლიურ პრინციპებთან შეუთავსებელია ნებისმიერი აზარტული თამაში *. მაგალითად, ყველასათვის ცნობილია, რომ აზარტული თამაშები ადამიანში სიხარბის სულს აღვივებს. ქრისტიანისთვის დასაფიქრებლად ისიც კი საკმარისია, რასაც ბიბლია ამბობს, რომ „ხარბნი“ ღვთის სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებენ და სიხარბეც კერპთაყვანისმცემლობაა (1 კორინთელთა 6:9, 10; კოლასელთა 3:5, აქ).

აზარტული თამაშები ადამიანში ეგოიზმსა და მეტოქეობის სულს, ანუ გამარჯვების ძლიერ სურვილს აღვივებს. მოციქულმა პავლემ კი გაგვაფრთხილა, რომ მოვრიდებოდით ამას: „ნუ გავხდებით პატივმოყვარენი, ნუ გავეჯიბრებით ერთმანეთს და შურის თვალით ნუ შევხედავთ ერთმანეთს“ (გალატელთა 5:26, აქ). გარდა ამისა, აზარტული თამაშები, გარკვეულწილად, ბედ-იღბალთან დაკავშირებულ ცრურწმენას უწყობს ხელს. იმისათვის, რომ, ასე ვთქვათ, ბედი თავის მხარეზე შემოაბრუნონ, მოთამაშეები ყველანაირ ცრურწმენას მიმართავენ. ამით ისინი სწორედ ორგულ ისრაელებს გვაგონებენ, რომლებიც ‘გადისათვის [იღბლის ღმერთისთვის] სუფრას შლიდნენ და მენისათვის [ბედის ღმერთისთვის] თასს ავსებდნენ’ (ესაია 65:11).

ზოგმა შეიძლება თქვას, რომ ნათესავებთან და ახლო მეგობრებთან მცირე თანხაზე კარტის, დომინოს ან ჭადრაკის თამაში, უბრალოდ, გართობაა და მეტი არაფერი. მართალია, ის, ვინც მცირე თანხაზე თამაშობს, შეიძლება ფიქრობს, რომ თვითონ სულაც არ ავლენს სიხარბეს, ეგოიზმსა და მეტოქეობის სულს და არც ცრურწმენის სჯერა, მაგრამ როგორ ზეგავლენას მოახდენს აზარტული თამაში მასზე, ვისთანაც ის თამაშობს? აზარტული თამაშის მანიით შეპყრობილმა ბევრმა ადამიანმა ფულზე თამაში თავიდან გასართობად, მცირე თანხაზე თამაშით, დაიწყო (ლუკა 16:10). როგორც ჩანს, ეს თითქოსდა უწყინარი გართობა მალე მათთვის გამანადგურებელი ხდება.

ეს განსაკუთრებით დამღუპველად მოქმედებს ბავშვებზე. ბევრ ბავშვს გაუსინჯავს მცირე თანხის მოგებისთვის გემო და, ამის შემდეგ, დიდ თანხაზე თამაშის ცდუნებისთვის ვერ გაუძლია (1 ტიმოთე 6:10). ხანგრძლივი კვლევის შემდეგ, არიზონას შტატის ერთ-ერთმა საბჭომ, რომელიც აზარტული თამაშებით გატაცებულ ადამიანებთან დაკავშირებულ საკითხებს იკვლევს, დაადასტურა, რომ ბევრი მოთამაშე ამ მანიამ ბავშვობაში გაიტაცა, „როდესაც ისინი მეგობრებთან ან ნათესავებთან სპორტულ შეჯიბრებებზე ან კარტის თამაშისას ფულს ჩადიოდნენ“. სხვა ცნობაში ნათქვამია, რომ „ბავშვები აზარტულ თამაშებს სახლში ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან კარტის თამაშით იწყებენ“.შემდეგ ეს ცნობა დასძენს: „ასეთი ბავშვების ოცდაათმა პროცენტმა აზარტული თამაშები მანამ დაიწყო, სანამ 11 წლის გახდებოდა“. ერთ-ერთი გამოკვლევის თანახმად, ბევრი მოზარდი მოთამაშე ფულის საშოვნელად დანაშაულს ჩადის ან უზნეო ცხოვრებას ეწევა (Why Do People Gamble Too Much—Pathological and Problem Gambling). რაოდენ ტრაგიკული შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ ერთი შეხედვით უწყინარ თამაშს!

ჩვენ ისედაც ისეთ ქვეყნიერებაში ვცხოვრობთ, სადაც ამდენი მახე თუ ცდუნებაა და რატომ უნდა შევიქმნათ კიდევ დამატებითი საცდური? (იგავნი 27:12). აზარტული თამაში — იქნება ეს ბავშვების თანდასწრებით თუ არა, მცირე თუ დიდ თანხაზე — ჩვენს სულიერობას ემუქრება და უნდა მოვერიდოთ. ქრისტიანებისთვის, რომლებსაც კარტის, დომინოს ან ჭადრაკის თამაში უყვართ, გონივრული იქნებოდა ფულზე არ ეთამაშათ და ეს საშუალებები მხოლოდ გართობის მიზნით გამოეყენებინათ. გონიერი ქრისტიანები, რომლებიც თავიანთ სულიერობაზე, მეგობრებსა და ოჯახის წევრებზე ზრუნავენ, ფულზე თამაშს, მათ შორის, მცირე თანხაზეც კი, ერიდებიან.

[სქოლიოები]

^ აბზ. 11 იხილე „1972 წლის 8 დეკემბრის გამოიღვიძეთ!“, გვ. 5—8 [ინგლ.] და 1977 წლის 1 მაისის „საგუშაგო კოშკი“, გვ. 264—268 [ინგლ.].

^ აბზ. 13 ენციკლოპედია „უორლდ ბუკი“ აზარტულ თამაშს განმარტავს, როგორც „თამაშის დროს, ან რაიმე მოვლენასა თუ შემთხვევასთან დაკავშირებით ფულის ჩასვლას“. შემდეგ კი ამბობს, რომ „აზარტის მოყვარული მოთამაშენი, ჩვეულებრივ, ფულს ჩადიან ... შემთხვევითობაზე დამოკიდებულ ისეთ თამაშებში, როგორიცაა ლატარია, კარტის თამაში და ყომარი“.