რატომ გვიჭირს ბოდიშის მოხდა?
რატომ გვიჭირს ბოდიშის მოხდა?
კალიფორნიის შტატის (აშშ) საკანონმდებლო ორგანომ 2000 წლის ივლისში შეიმუშავა კანონპროექტი, რომლის თანახმადაც სასჯელი შეუმსუბუქდება მათ, რომლებიც უბედური შემთხვევის დროს დაზარალებულის მიმართ თანაგრძნობას გამოავლენენ. რატომ შეიმუშავეს ასეთი კანონპროექტი? შეინიშნა, რომ თავიანთი შეცდომის ან დაუდევრობის გამო ვინმესთვის ფიზიკური ზიანის ან ზარალის მიყენების შემთხვევაში, ადამიანები, უმეტესწილად, თავს იკავებენ ბოდიშის მოხდისგან იმის შიშით, რომ სასამართლოში ეს დანაშაულის აღიარებაში ჩაეთვლებათ. ისინი კი, რომლებიც ფიქრობენ, რომ სხვებმა დაუყოვნებლივ უნდა მოუბოდიშონ, ნაწყენდებიან და მცირე უსიამოვნება შეიძლება სერიოზულ განხეთქილებაში გადაიზარდოს.
რა თქმა უნდა, აუცილებელი არაა, ბოდიში მოვიხადოთ იმისათვის, რაც ჩვენი მიზეზით არ მომხდარა. ცხოვრებაში შეიძლება შეიქმნას ისეთი სიტუაციები, როდესაც გონიერება უნდა გამოვავლინოთ და ავწონ-დავწონოთ, რა ვთქვათ და რა — არა. ერთ ძველ იგავში ნათქვამია: „ბევრი ლაპარაკისას ცოდვა აუცდენელია, საკუთარი ბაგეების ამლაგმავი გონიერია“ (იგავნი 10:19; 27:12). და მაინც, ნებისმიერ სიტუაციაში გვმართებს თავაზიანობა და სხვებისთვის დახმარების აღმოჩენა.
აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მრავალი ადამიანი თავს არიდებს მობოდიშებას იმ შემთხვევაშიც კი, თუ საქმე სასამართლოს არ ეხება. შეიძლება ცოლი ქმარზე ჩივის: „ჩემი ქმარი ბოდიშს არასდროს იხდის“; ან სამსახურში უფროსი უკმაყოფილებას გამოთქვამს: „თანამშრომლები არასდროს აღიარებენ შეცდომებს, ბოდიშს ვერც ერთს ვერ დააცდენინებ“. სკოლის მასწავლებელმა შეიძლება ასეთი რამ თქვას: „ბავშვებმა ბოდიშის მოხდა საერთოდ არ იციან“.
ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ იკავებს ადამიანი თავს მობოდიშებისგან, შეიძლება იმის შიშია, რომ ამას სათანადო რეაქცია არ მოჰყვება. იმის შიშით, რომ მის ბოდიშს ცივად მიიღებენ, ადამიანმა შეიძლება გულახდილ საუბარს დუმილი არჩიოს. ამიტომაც ის, ვისაც გული ატკინეს, მწყენინებლისგან თავს შორს იჭერს და მასთან არავითარი ურთიერთობა არ სურს, რაც შერიგების პროცესს გაცილებით ართულებს.
ზოგიერთს ნაკლებად აღელვებს სხვების გრძნობები, რაც კიდევ ერთი მიზეზია იმისა, რომ ისინი მობოდიშებას თავს არიდებენ. ასეთი ადამიანები შეიძლება ასე ფიქრობენ: „რაც მოხდა, მოხდა; ბოდიში საქმეს ვეღარ უშველის“. სხვებს კი ის აშინებთ, რაც შეიძლება ბოდიშის მოხდას მოჰყვეს. ისინი ფიქრობენ: „პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება და ზარალის ანაზღაურება ხომ არ მომიწევს?“. მაგრამ, შეცდომის აღიარებას ყველაზე მეტად სიამაყე უშლის ხელს. ადამიანი, რომელსაც სიამაყე მობოდიშების ნებას არ რთავს, ასე მსჯელობს: „თავს არ დავიმცირებ იმით, რომ შეცდომა ვაღიარო. ამით ხომ სხვების თვალში დავეცემი“.
რაც უნდა იყოს ამის მიზეზი, მრავალს ბოდიშის მოხდა ძალიან უჭირს. მაგრამ აუცილებელია თუ არა მობოდიშება? რატომ არის კარგი ბოდიშის მოხდა?
[სურათი 3 გვერდზე]
„ბავშვებმა ბოდიშის მოხდა საერთოდ არ იციან“.
[სურათი 3 გვერდზე]
„ჩემი ქმარი ბოდიშს არასოდეს იხდის“.
[სურათი 3 გვერდზე]
„თანამშრომლები არასდროს აღიარებენ შეცდომებს“.