არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ქრისტიანული ნეიტრალიტეტის დაცვა უკანასკნელ ჟამს

ქრისტიანული ნეიტრალიტეტის დაცვა უკანასკნელ ჟამს

ქრისტიანული ნეიტრალიტეტის დაცვა უკანასკნელ ჟამს

„ისინი წუთისოფლისანი არ არიან, როგორც მე არა ვარ წუთისოფლისა“ (იოანე 17:16).

1, 2. რა თქვა იესომ თავისი მიმდევრების წუთისოფელთან დამოკიდებულებაზე და რა კითხვები წამოიჭრება ამასთან დაკავშირებით?

სრულყოფილი ადამიანური სიცოცხლის ბოლო ღამეს, იესომ მოწაფეების გასაგონად ლოცვა წარმოთქვა. ლოცვისას მან მოიხსენია ის, რაც ყველა ჭეშმარიტი ქრისტიანის ცხოვრებას უნდა ახასიათებდეს. თავის მიმდევრებზე საუბრისას მან თქვა: „მე მათ მივეცი შენი სიტყვა და წუთისოფელმა შეიძულა ისინი, რადგან არ არიან წუთისოფლისანი, როგორც მე არა ვარ წუთისოფლისა. არ გევედრები, რომ წუთისოფლიდან წაიყვანო ისინი, არამედ, რომ დაიცვა ბოროტისაგან. ისინი წუთისოფლისანი არ არიან, როგორც მე არა ვარ წუთისოფლისა“ (იოანე 17:14—16).

2 იესომ ორჯერ თქვა, რომ მისი მიმდევრები არ უნდა ყოფილიყვნენ წუთისოფლის ნაწილი. ასეთი გამოყოფილი მდგომარეობა გარკვეულ დაძაბულობას შექმნიდა; წუთისოფელი შეიძულებდა მათ. მაგრამ ამას არ უნდა შეეშფოთებინა ქრისტიანები, ვინაიდან იეჰოვა დაიცავდა მათ (იგავნი 18:10; მათე 24:9, 13). იესოს ამ სიტყვების წაკითხვისას შეიძლება ასეთი კითხვები დაგვებადოს: რატომ არ არიან ჭეშმარიტი ქრისტიანები წუთისოფლის ნაწილი? რას ნიშნავს, არ იყო წუთისოფლის ნაწილი? თუ წუთისოფელს სძულს ქრისტიანები, თავად ქრისტიანებს როგორი დამოკიდებულება აქვთ მასთან და, განსაკუთრებით, ამქვეყნიურ ხელისუფლებებთან? ბიბლიის თვალსაზრისი ამ კითხვებთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის თითოეულ ჩვენგანზე ახდენს გავლენას.

„ღვთისგან ვართ“

3. ა) რატომ არა ვართ წუთისოფლის ნაწილი? ბ) რა მოწმობს, რომ მთელი წუთისოფელი „ბოროტის ძალაუფლებაშია“?

3 იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა ერთ-ერთი მიზეზია იმისა, თუ რატომ არ ვართ წუთისოფლის ნაწილი. მოციქული იოანე წერდა: „ვიცით, რომ ღვთისაგან ვართ და მთელი წუთისოფელი ბოროტებაში ძევს“ (1 იოანე 5:19). იოანეს სიტყვები აბსოლუტური ჭეშმარიტებაა. ფართოდ გავრცელებული ომები, დამნაშავეობა, სისასტიკე, ჩაგვრა, უპატიოსნება და უზნეობა იმაზე მეტყველებს, რომ წუთისოფელს ღმერთი კი არა, სატანა მართავს (იოანე 12:31; 2 კორინთელთა 4:4; ეფესელთა 6:12). როდესაც ვინმე იეჰოვას მოწმე ხდება, ის აღარ მონაწილეობს ამ არასწორ საქმეებში, ანუ არ მისდევს ასეთ ცუდ ჩვევებს და სწორედ ამის გამო არ არის წუთისოფლის ნაწილი (რომაელთა 12:2; 13:12—14; 1 კორინთელთა 6:9—11; 1 იოანე 3:10—12).

4. როგორ ვაჩვენებთ, რომ იეჰოვას ვეკუთვნით?

4 იოანემ თქვა, რომ ქრისტიანები, წუთისოფლისგან განსხვავებით, ‘ღვთისგან არიან’. ყველა, ვინც თავს უძღვნის იეჰოვას, ასე ვთქვათ, მისი კუთვნილება ხდება. მოციქულმა პავლემ თქვა: „თუ ვცოცხლობთ, უფლისათვის ვცოცხლობთ და, თუ ვკვდებით, უფლისათვის ვკვდებით. და ამიტომ, ვცოცხლობთ თუ ვკვდებით, უფლისანი ვართ“ (რომაელთა 14:8; ფსალმუნი 115:6). რადგან იეჰოვას ვეკუთვნით, მისადმი განსაკუთრებულ ერთგულებას ვავლენთ (გამოსვლა 20:4—6, აქ). აქედან გამომდინარე, ჭეშმარიტი ქრისტიანი თავს არ უძღვნის რაიმე ქვეყნიურ საქმეს. და თუმცა ის პატივს სცემს ეროვნულ სიმბოლოებს, თაყვანს არ სცემს მათ, არც საქმეებით და არც დამოკიდებულებით. ცხადია, ის არც სპორტის ვარსკვლავებს ეთაყვანება და არც სხვა თანამედროვე კერპებს. რა თქმა უნდა, ის პატივისცემით ეკიდება სხვების არჩევანს, მაგრამ თავად მხოლოდ ღმერთს სცემს თაყვანს (მათე 4:10; გამოცხადება 19:10). წუთისოფლისგან მას ესეც განასხვავებს.

„ჩემი სამეფო არ არის ამ წუთისოფლისა“

5, 6. როგორ გამოგვყოფს წუთისოფლისგან ღვთის სამეფოსადმი მორჩილება?

5 ქრისტიანები იესო ქრისტეს მიმდევრები და ღვთის სამეფოს ქვეშევრდომები არიან; ამიტომაც არ არიან ისინი ამ წუთისოფლის ნაწილი. როდესაც იესო პონტოელი პილატეს წინაშე წარადგინეს, მან თქვა: „ჩემი სამეფო არ არის ამ წუთისოფლისა. ჩემი სამეფო რომ ამ წუთისოფლისა ყოფილიყო, მაშინ ჩემი მსახურნი იბრძოლებდნენ, რომ იუდეველებს ხელში არ ჩავვარდნოდი. არა, ჩემი სამეფო არ არის სააქაო“ (იოანე 18:36). ამ სამეფოს მეშვეობით განიწმინდება იეჰოვას სახელი, გამართლდება მისი უზენაესი ხელისუფლება და დედამიწაზე მისი ნება შესრულდება, ზუსტად ისე, როგორც ეს დღეს ზეცაშია (მათე 6:9, 10). დედამიწაზე მსახურებისას იესო ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას ქადაგებდა და თქვა, რომ ამ სისტემის დასასრულამდე მის მიმდევრებსაც იგივე უნდა ეკეთებინათ (მათე 4:23; 24:14). 1914 წელს შესრულდა გამოცხადების 11:15-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველური სიტყვები: „წუთისოფლის სამეფო გახდა ჩვენი უფლისა და მისი ქრისტესი, და იმეფებს იგი უკუნითი უკუნისამდე“. ძალიან მალე, ზეციერი სამეფო ერთადერთი მმართველი ძალა იქნება კაცობრიობაზე (დანიელი 2:44). მოვა დრო, როდესაც ქვეყნიური მმართველებიც იძულებული გახდებიან, აღიარონ მისი ძალაუფლება (ფსალმუნი 2:6—12).

6 ყოველივე ამის გათვალისწინებით, ჭეშმარიტი ქრისტიანები ღვთის სამეფოს ქვეშევრდომები არიან და იესოს რჩევის მიყოლით ‘უწინარეს ღვთის სასუფეველსა და მის სიმართლეს ეძებენ’ (მათე 6:33). ამით ისინი მათ გარშემო მცხოვრები ხალხის მტრები კი არ ხდებიან, არამედ სულიერი გაგებით არიან წუთისოფლისგან გამოყოფილი. როგორც პირველ საუკუნეში, ასევე დღესაც, ქრისტიანების უმთავრესი დავალება არის ‘ღვთის სასუფეველზე დამოწმება’ (საქმეები 28:23). არც ერთ მიწიერ ხელისუფლებას არა აქვს უფლება, ხელი შეუშალოს ღვთის ამ საქმეს.

7. რატომ იკავებენ ჭეშმარიტი ქრისტიანები ნეიტრალურ პოზიციას და როგორ აკეთებენ ამას?

7 რადგან მოწმეები იეჰოვას საკუთრება, იესოს მიმდევრები და ღვთის სამეფოს ქვეშევრდომები არიან, ისინი ნეიტრალურ პოზიციას იკავებდნენ XX და XXI საუკუნეებში მომხდარ ეროვნულ თუ ერთაშორის კონფლიქტებში. ასეთ დროს ისინი არც ერთ მხარეს არ ემხრობიან, არავის ებრძვიან და არანაირი ქვეყნიური საქმის მხარდამჭერ პროპაგანდას არ ეწევიან. 1934 წელს ნაცისტურ გერმანიაში იეჰოვას მოწმეებმა სამაგალითო რწმენა გამოავლინეს, როდესაც ძლიერი წინააღმდეგობის მიუხედავად დაიცვეს ეს პრინციპები. ისინი ნაცისტებს ასეთ სიტყვებს ეუბნებოდნენ: „ჩვენ არ გვაინტერესებს პოლიტიკა, თუმცა მთლიანად ღვთის სამეფოს მხარეს ვიკავებთ, რომლის მეფეც ქრისტეა. ჩვენ არ გვინდა, რომ ვინმეს ზიანი მივაყენოთ ან რაიმე ცუდი გავუკეთოთ. ჩვენ გვსურს, მშვიდობიანად ვიცხოვროთ და, რამდენადაც ეს შესაძლებელია, ყველასადმი სიკეთე გამოვავლინოთ“.

ქრისტეს ელჩები და დესპანები

8, 9. რა გაგებით არიან დღეს იეჰოვას მოწმეები ელჩები და დესპანები და რა გავლენას ახდენს ეს მათ ურთიერთობაზე წუთისოფელთან?

8 პავლე თავის თავზე და ცხებულ თანაქრისტიანებზე ამბობდა: „ჩვენ ქრისტესმიერი ელჩები ვართ. და ვითომც თავად ღმერთი შეგაგონებდეთ ჩვენი მეშვეობით“ (2 კორინთელთა 5:20; ეფესელთა 6:20). 1914 წლიდან სულიწმიდით ცხებული ქრისტიანები სათანადოდ ამეტყველდნენ, როგორც ღვთის სამეფოს ელჩები და „ძენი“ (მათე 13:38; ფილიპელთა 3:20; გამოცხადება 5:9, 10). შემდეგ იეჰოვამ სხვადასხვა ერიდან მოიყვანა „უამრავი ხალხი“, რომლებიც „სხვა ცხვრების“ ნაწილს შეადგენენ. ისინი არიან მიწიერი იმედის მქონე ქრისტიანები, რომლებიც მხარს უჭერენ ცხებულ „ძეებს“ ელჩის მოვალეობის შესრულებაში (გამოცხადება 7:9; იოანე 10:16). ეს „სხვა ცხვრები“ ღვთის სამეფოს „დესპანებს“ წარმოადგენენ.

9 ელჩი და მისი დესპანები არ ერევიან იმ ქვეყნის საშინაო საქმეებში, სადაც მსახურობენ. მსგავსადვე, ქრისტიანებიც ნეიტრალურ პოზიციას იკავებენ და არ ერევიან ამქვეყნიურ პოლიტიკურ საქმეებში. ისინი არასოდეს იკავებენ რომელიმე ერის, რასის, სოციალური თუ ეკონომიკური ჯგუფის მხარეს (საქმეები 10:34, 35). ნაცვლად ამისა, ისინი ცდილობენ, ‘სიკეთე მოიმოქმედონ ყველასთვის’ (გალატელთა 6:10, აფ). იეჰოვას მოწმეების ნეიტრალური პოზიციის გამო, სამართლიანად ვერავინ უარყოფს მათი ცნობის მიღებას იმ მიზეზით, რომ ის სხვა რასის, ერის ან ტომის წარმომადგენელია.

ამოიცნობიან სიყვარულით

10. რამდენად მნიშვნელოვანია სიყვარული ქრისტიანისთვის?

10 ზემოხსენებულთან ერთად, ქრისტიანები იმიტომაც არიან ნეიტრალურები წუთისოფლის საქმეებში, ვინაიდან უყვართ თანაქრისტიანები. იესომ თავის მიმდევრებს უთხრა: „ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ ყველანი, თუ სიყვარული გექნებათ ურთიერთს შორის“ (იოანე 13:35). ქრისტიანისთვის ძმური სიყვარული ყველაზე მნიშვნელოვანია (1 იოანე 3:14). იეჰოვასა და იესოსთან ურთიერთობის შემდეგ, ქრისტიანს თანაქრისტიანებთან აქვს უახლოესი ურთიერთობა. მისი სიყვარული მხოლოდ ადგილობრივი კრებით როდი შემოიფარგლება. ის „მთელ საძმოს“ მოიცავს (1 პეტრე 5:9).

11. როგორ მტკიცდება იეჰოვას მოწმეების მიერ სხვებისადმი სიყვარული მათი საქმეებით?

11 დღეს იეჰოვას მოწმეები თავიანთ ძმურ სიყვარულს ესაიას 2:4-ში ჩაწერილი სიტყვების შესრულებით ავლენენ: „მახვილებისგან სახნისებს გამოჭედავენ და შუბებისგან — ნამგლებს, ერი ერზე აღარ აღმართავს მახვილს და აღარავინ ისწავლის ომს“. იეჰოვასგან დამოძღვრილ ჭეშმარიტ ქრისტიანებს მშვიდობიანი ურთიერთობა აქვთ როგორც ღმერთთან, ისე ერთმანეთთან (ესაია 54:13). იმის გამო, რომ უყვართ ღმერთი და ძმები, მათ ვერ წარმოუდგენიათ, რომ ხელში იარაღი აიღონ და მსოფლიოს რომელიმე ქვეყანაში მცხოვრები ძმებისა თუ სხვა ნებისმიერი ადამიანის წინააღმდეგ მიმართონ. მათ შორის არსებული მშვიდობა და ერთიანობა მათი თაყვანისმცემლობის მნიშვნელოვანი ნაწილია; ეს იმაზე მოწმობს, რომ მათ ნამდვილად აქვთ ღვთის სული (ფსალმუნი 132:1; მიქა 2:12; მათე 22:37—39; კოლასელთა 3:14). ისინი ‘ეძებენ მშვიდობას და მიჰყვებიან მას’, ვინაიდან იციან, რომ „უფლის თვალები მიპყრობილია წმიდანებისაკენ“ (ფსალმუნი 33:15, 16).

როგორ უყურებენ ქრისტიანები წუთისოფელს

12. ამ წუთისოფლის ხალხისადმი იეჰოვას როგორ დამოკიდებულებას ჰბაძავენ მოწმეები და რაში გამოიხატება ეს?

12 იეჰოვას გადაწყვეტილი აქვს, წუთისოფელს გამოუტანოს არასახარბიელო განაჩენი, მაგრამ მას ჯერ არ გაუსამართლებია თითოეული ადამიანი. ის ამას დანიშნულ დროს იესოს მეშვეობით გააკეთებს (ფსალმუნი 66:4, 5; მათე 25:31—46; 2 პეტრე 3:10). მანამდე კი, ის უდიდეს სიყვარულს ავლენს კაცობრიობისადმი. მან მხოლოდშობილი ძეც კი გაიღო მსხვერპლად, რათა ყველას ჰქონოდა მარადიული სიცოცხლის მიღების საშუალება (იოანე 3:16). ქრისტიანები ღმერთს სიყვარულში იმით ვბაძავთ, რომ სხვებს ვესაუბრებით იმის შესახებ, თუ რას გააკეთებს ღმერთი ჩვენს გადასარჩენად; და ამას ვაკეთებთ მაშინაც კი, როდესაც დიდ წინააღმდეგობებს ვხვდებით.

13. როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ქვეყნიური მმართველებისადმი?

13 როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს წუთისოფლის ქვეყნიურ მმართველებთან? პავლემ უპასუხა ამ კითხვას: „ყოველი სული დაემორჩილოს უმაღლეს ხელმწიფებას. ვინაიდან არ არსებობს ხელმწიფება, თუ არა ღვთისაგან, ხოლო არსებულნი ღვთის მიერ არიან დადგენილნი“ (რომაელთა 13:1, 2). ადამიანებს სხვადასხვა საზოგადოებრივი მდგომარეობა უკავიათ (ერთმანეთთან შედარებით მეტ-ნაკლებად მაღალი, მაგრამ ყოველთვის იეჰოვაზე დაბალი), ვინაიდან ეს ყოვლისშემძლემ დაუშვა. ქრისტიანი ემორჩილება ქვეყნიურ ხელისუფლებას, ვინაიდან ეს იეჰოვასადმი მორჩილების ერთ-ერთი სახეა. მაგრამ, როგორ დგას საქმე მაშინ, როდესაც მთავრობის მოთხოვნები ეწინააღმდეგება ღვთის მოთხოვნებს?

ღვთის რჯული და კეისრის კანონი

14, 15. ა) როგორ აირიდა დანიელმა მორჩილებასთან დაკავშირებული პრობლემა? ბ) რა გადაწყვეტილება მიიღო სამმა ებრაელმა, როდესაც მორჩილებასთან დაკავშირებით წამოჭრილი პრობლემის თავიდან არიდება ვერ მოხერხდა?

14 დანიელისა და მისი სამი მეგობრის ბრწყინვალე მაგალითი გვაჩვენებს, როგორ შეიძლება გაწონასწორებული დამოკიდებულება ვიქონიოთ ადამიანური ხელისუფლებისადმი მორჩილებასა და ღვთის მოთხოვნებისადმი მორჩილებასთან დაკავშირებით. ბაბილონის ტყვეობაში მყოფი ოთხი ახალგაზრდა ებრაელი დაემორჩილა იმ ქვეყნის კანონებს; მალე განსაკუთრებული მიზნისთვის დაიწყეს მათი მომზადება. დანიელი ხვდებოდა, რომ ეს მომზადება იეჰოვას რჯულს ეწინააღმდეგებოდა, ამიტომ ამ საკითხზე ერთ-ერთ პასუხისმგებელ პირს დაელაპარაკა. გარკვეული ცვლილებების შედეგად ოთხმა ებრაელმა სუფთა სინდისი შეინარჩუნა (დანიელი 1:8—17). იეჰოვას მოწმეები დანიელს ჰბაძავენ, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლებს ტაქტიანად უხსნიან თავიანთ პოზიციას, რითაც თავს არიდებენ ზედმეტ პრობლემებს.

15 მაგრამ მოგვიანებით მაინც წარმოიშვა პრობლემა მორჩილებასთან დაკავშირებით. ბაბილონის მეფემ უზარმაზარი კერპი აღმართა დურას ველზე და უბრძანა ყველა მაღალჩინოსანს, მხარეთა განმგებლების ჩათვლით, რომ გახსნის ცერემონიაზე შეკრებილიყვნენ. ამ დროისთვის დანიელის სამი მეგობარი მხარეთა განმგებლებად იყვნენ დანიშნული. ასე რომ, ეს მოწვევა მათაც შეეხო. ერთად შეკრებილ ყველა დამსწრეს ნიშნის შემდეგ მუხლი უნდა მოეყარა კერპის წინაშე. მაგრამ ამ ებრაელებმა იცოდნენ, რომ ეს ღვთის რჯულს ეწინააღმდეგებოდა (მეორე რჯული 5:8—10). იმ დროს, როცა ყველა პირქვე დაემხო, ისინი წელგამართულები იდგნენ. მეფის ბრძანების შეუსრულებლობის გამო, ეს სამი ებრაელი საშინელი სიკვდილის საფრთხის წინაშე დადგა; მათი ხსნა მხოლოდ სასწაულს შეეძლო. მაგრამ მათ იეჰოვასადმი დაუმორჩილებლობას სიკვდილი არჩიეს (დანიელი 2:49—3:23, 91—96).

16, 17. როგორ მოიქცნენ მოციქულები, როდესაც ქადაგების შეწყვეტა უბრძანეს, და რატომ?

16 პირველ საუკუნეში იესო ქრისტეს მოციქულები იუდეველი წინამძღოლების წინაშე წარადგინეს იერუსალიმში და უბრძანეს, რომ შეეწყვიტათ იესო ქრისტეს სახელით ქადაგება. როგორ მოიქცნენ ისინი? იესომ მათ დაავალა, რომ მოემზადებინათ მოწაფეები ყველა ერიდან და ეს იუდეველებსაც ეხებოდა. მან ასევე უთხრა მათ, რომ ყოფილიყვნენ მისი მოწმენი იერუსალიმში და ქვეყნის კიდემდე (მათე 28:19, 20; საქმეები 1:8). მოციქულებმა იცოდნენ, რომ იესოს ბრძანება ღვთის ნების გამოხატულება იყო (იოანე 5:30; 8:28). ამიტომ უპასუხეს: „ღმერთს უფრო მეტად უნდა ვემორჩილებოდეთ, ვიდრე ადამიანებს“ (საქმეები 4:19, 20; 5:29).

17 მოციქულები არ იყვნენ მოჯანყეები (იგავნი 24:21). მაგრამ, როდესაც ქვეყნიური მმართველები უკრძალავდნენ ღვთის ნების შესრულებას, ისინი ეუბნებოდნენ: ‘ჩვენ ღმერთს უნდა დავემორჩილოთ, და არა ადამიანებს’. იესომ თქვა, რომ ‘მივცეთ კეისრისა კეისარს და ღვთისა — ღმერთს’ (მარკოზი 12:17). თუ ღვთის ბრძანებას ადამიანის შიშის გამო არ ვემორჩილებით, გამოდის, რომ ადამიანს იმას ვაძლევთ, რაც სინამდვილეში ღმერთს ეკუთვნის. ნაცვლად ამისა, კეისარს ვაძლევთ იმას, რაც მას ეკუთვნის და ვითვალისწინებთ, რომ იეჰოვაა უდიდესი ძალაუფლების მფლობელი. ის არის სამყაროს უზენაესი მმართველი, შემოქმედი და ყოვლისმომცველი ხელისუფალი (გამოცხადება 4:11).

ჩვენ მტკიცენი უნდა ვიყოთ

18, 19. სიმტკიცის გამოვლენის რა შესანიშნავ მაგალითს გვაძლევს მრავალი ძმა და როგორ შეიძლება მათი მიბაძვა?

18 დღესდღეობით ქვეყნიურ მთავრობათა უმრავლესობა აღიარებს იეჰოვას მოწმეების ნეიტრალურ პოზიციას, რის გამოც მათი საკმაოდ მადლიერი ვართ. მაგრამ, ზოგ ქვეყანაში მოწმეები სერიოზულ წინააღმდეგობებს აწყდებიან. მე-20 საუკუნიდან მოყოლებული დღემდე, ზოგიერთი ჩვენი და-ძმა მძიმე ბრძოლას ეწევა სულიერ ომში, რათა ‘იღვაწონ რწმენის კეთილი ღვაწლით’ (1 ტიმოთე 6:12).

19 როგორ შეგვიძლია მათსავით მტკიცენი ვიყოთ? უპირველესად, უნდა გვახსოვდეს, რომ წინააღმდეგობა აუცილებლად შეგვხვდება. ამიტომ არ უნდა ავღელდეთ ან გავოცდეთ, თუ მსგავს სიტუაციებს ვაწყდებით. პავლე აფრთხილებდა ტიმოთეს: „ყველა, ვისაც სურს ქრისტე იესოში იცხოვროს ღვთისმოსაობით, დევნილი იქნება“ (2 ტიმოთე 3:12; 1 პეტრე 4:12). წუთისოფელში, რომელშიც სატანა მეფობს, განა შეიძლება, არ შევხვდეთ წინააღმდეგობას? (გამოცხადება 12:17). ვინაიდან ღვთის ერთგულები ვართ, ამ წუთისოფელში ყოველთვის გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ‘დაგვგმობენ’ (1 პეტრე 4:4).

20. როგორ გვარწმუნებს ბიბლია, რომ აუცილებელია რწმენის გაძლიერება?

20 მეორეც, მტკიცედ ვართ დარწმუნებული იეჰოვასა და მისი ანგელოზების მხარდაჭერაში; როგორც ელისემ თქვა: „ჩვენ უფრო ბევრი გვყავს, ვიდრე მათ“ (მეოთხე მეფეთა 6:16; ფსალმუნი 33:8). შესაძლოა, იეჰოვა გარკვეული მიზნებისთვის, დროებით უშვებს მოწინააღმდეგეების მხრიდან ასეთ ზეწოლას. ამისდა მიუხედავად, ის ყოველთვის გვაძლევს ძალებს ამ წინააღმდეგობების გადასალახავად (ესაია 41:9, 10). ზოგი მოკლეს კიდეც, მაგრამ ეს ჩვენ არ გვაშინებს. იესომ თქვა: „ნუ გეშინიათ მათი, ვინც სხეულს კლავს, სულის მოკვლა კი არ ძალუძთ. უფრო მეტად მისი გეშინოდეთ, ვისაც სულის დაღუპვაც შეუძლია გეენაში და სხეულისაც“ (მათე 10:16—23, 28). ჩვენ მხოლოდ „ხიზნები“ ვართ სატანის ამ წუთისოფელში და მთელ დროს იმისთვის ვიყენებთ, რომ ‘მივაღწიოთ ჭეშმარიტ სიცოცხლეს’, ანუ მარადიულ სიცოცხლეს ღვთის ახალ ქვეყნიერებაში (1 პეტრე 2:11; 1 ტიმოთე 6:19). ვერავინ წაგვართმევს ამ ჯილდოს, თუ ღვთის ერთგულები დავრჩებით.

21. რა უნდა გვახსოვდეს ყოველთვის?

21 ამიტომ, ყოველთვის გვახსოვდეს, რომ იეჰოვა ღმერთთან ახლო ურთიერთობის უდიდესი პატივი გვაქვს. დაე ყოველთვის მადლიერი ვიყოთ იმ კურთხევებისთვის, რომლებიც იესოს მიმდევრად ყოფნასა და ღვთის სამეფოს ქვეშევრდომობას მოაქვს. დაე გულწრფელად გვიყვარდეს ჩვენი ძმები და ყოველთვის სიამოვნებით ვიღებდეთ მათგან გამოვლენილ სიყვარულს. და რაც ყველაზე მთავარია, მოდი ყურად ვიღოთ ფსალმუნმომღერლის სიტყვები: „მიენდე უფალს, გამხნევდი და გაამაგრე შენი გული და გქონდეს უფლის იმედი“ (ფსალმუნი 26:14; ესაია 54:17) თუ ასე მოვიქცევით, ჩვენამდე მცხოვრები უამრავი ქრისტიანის მსგავსად, სიმტკიცეს შევინარჩუნებთ და შეურყეველი იმედი გვექნება. ესე იგი, როგორც ერთგული ქრისტიანები, ნეიტრალიტეტს შევინარჩუნებთ და არ ვიქნებით წუთისოფლის ნაწილი.

შეგიძლიათ განმარტოთ?

• როგორ გვაცალკევებს წუთისოფლისაგან იეჰოვასთან ურთიერთობა?

• როგორც ღვთის სამეფოს ქვეშევრდომები, როგორ შევინარჩუნებთ ნეიტრალიტეტს ამ წუთისოფელში?

• როგორ გვეხმარება ძმების სიყვარული ნეიტრალიტეტის შენარჩუნებასა და ამ წუთისოფლისგან გამოყოფაში?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 15 გვერდზე]

როგორ მოქმედებს ღვთის სამეფოსადმი ჩვენი მორჩილება წუთისოფელთან ურთიერთობაზე?

[სურათი 16 გვერდზე]

ძმები ხუტუსა და ტუტსის ტომებიდან სიხარულით შრომობენ მხარდამხარ.

[სურათი 17 გვერდზე]

ებრაელი და არაბი ქრისტიანი ძმები.

[სურათი 17 გვერდზე]

სერბი, ბოსნიელი და ხორვატი ქრისტიანები ხარობენ ერთმანეთთან ურთიერთობით.

[სურათი 18 გვერდზე]

რა სწორი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ, თუ ხელისუფლების წარმომადგენლები გვიბრძანებენ ღვთის კანონების დარღვევას?