არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მხარდამჭერნი წარსულში და დღეს

ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მხარდამჭერნი წარსულში და დღეს

ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მხარდამჭერნი წარსულში და დღეს

გახსოვთ იმ მამაკაცის სახელი, რომელიც უძველეს ქალაქ იერუსალიმს დასტიროდა? „იესო“, — იტყვით თქვენ და მართალიც იქნებით (ლუკა 19:28, 41). მაგრამ, დედამიწაზე იესოს მოსვლამდე საუკუნეებით ადრე, ღვთის სხვა ერთგული მსახურიც დასტიროდა იერუსალიმს. ეს იყო ნეემია (ნეემია 1:3, 4).

რამ დაანაღვლიანა ნეემია ისე, რომ იერუსალიმზე ტიროდა? რა ამაგი ჰქონდა მას ამ ქალაქსა და მის მოსახლეობაზე? და რის სწავლა შეგვიძლია მისი მაგალითიდან? ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად, გავიხსენოთ იმ დღეებში მომხდარი ზოგიერთი შემთხვევა.

გაბედული, მაგრამ მგრძნობიარე მამაკაცი

სანამ იერუსალიმის გამგებლად დანიშნავდნენ, ნეემიას სპარსეთის მეფის კარზე, ქალაქ შუშანში, მაღალი თანამდებობა ეკავა. მაგრამ ამ უზრუნველმა ცხოვრებამ ვერ გაუნელა იმ იუდეველი ძმების კეთილდღეობაზე ზრუნვის სურვილი, რომლებიც მისგან მოშორებით, იერუსალიმში, იმყოფებოდნენ. პირველი, რაც მან გააკეთა, იერუსალიმიდან შუშანში ჩასულ იუდეველთა დელეგაციასთან შეხვედრის დროს, ის იყო, რომ ‘გამოიკითხა დარჩენილ იუდეველებზე, ტყვეობას რომ გადაურჩნენ, და იერუსალიმზე’ (ნეემია 1:2). როდესაც გაიგო, რომ იერუსალიმში მცხოვრები ხალხი „დიდ უბედურებაშია“ და „დანგრეულია იერუსალიმის კედელი“, ნეემია ‘დაჯდა, ატირდა და რამდენიმე დღე გლოვობდა’. ამის შემდეგ კი თავისი წუხილი იეჰოვასადმი მხურვალე ლოცვაშიც გამოხატა (ნეემია 1:3—11). რამ დაამწუხრა ასე ნეემია? იმან რომ იერუსალიმი, იეჰოვას თაყვანისმცემლობის ცენტრი დედამიწაზე, ახლა მიტოვებული იყო (მესამე მეფეთა 11:36). უფრო გულსატკენი კი ის იყო, რომ ეს გატიალება ქალაქის მოსახლეობის ცუდი სულიერი მდგომარეობით იყო განპირობებული (ნეემია 1:6, 7).

იერუსალიმზე წუხილმა და იქ მცხოვრებთა მიმართ სიბრალულმა ნეემიას უბიძგა, რომ მათ ყველანაირად დახმარებოდა. როგორც კი სპარსეთის მეფემ გარკვეული დროით წასვლაზე ნება დართო, ნეემია მაშინვე იერუსალიმში გაემგზავრა (ნეემია 2:5, 6). მას სურდა, რომ მთელი ძალა, დრო და ოსტატობა იერუსალიმში აღდგენითი სამუშაოებისთვის შეელია. იერუსალიმში ჩასვლიდან რამდენიმე დღეში ნეემიამ იერუსალიმის კედლების აღდგენის გეგმა შეიმუშავა (ნეემია 2:11—18).

ნეემიამ კედლების აგების ეს უდიდესი დავალება გაუნაწილა ოჯახებს, რომლებიც მხარდამხარ მუშაობდნენ *. 40-ზე მეტი ჯგუფი იყო დანიშნული, რათა თითოეულს რომელიმე — მისთვის დანიშნული — „მხარე“ აღედგინა. რა შედეგი მოჰყვა ამას? ასე ბევრი მუშის მეშვეობით, რომელთა შორისაც იყვნენ მშობლები თავიანთი შვილებით, რომლებმაც თავიანთი დრო და ენერგია არ დაიშურეს, ერთი შეხედვით შეუძლებელი შესაძლებელი გახდა (ნეემია 3:11, 12, 19, 20). რამდენიმე თვეში, თავდაუზოგავი შრომის შედეგად, იერუსალიმის კედლები მთლიანად აღადგინეს! ნეემიამ დაწერა, რომ ისინიც კი, რომლებიც კედლების აღდგენას ეწინააღმდეგებოდნენ, იძულებული იყვნენ, ეღიარებინათ, რომ „ჩვენი ღმერთის მიერ იყო ეს საქმე გაკეთებული“ (ნეემია 6:15, 16).

მაგალითი, რომელიც უნდა გვახსოვდეს

ნეემია ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მხარდასაჭერად არა მხოლოდ დროსა და ორგანიზატორულ ნიჭს, არამედ საკუთარ ქონებასაც იყენებდა. ეს ერთგული კაცი თავის ფულს მონებად გაყიდული იუდეველი მოძმეების გამოსყიდვას ახმარდა, რასაც სრულიად უანგაროდ აკეთებდა. ის არასდროს ‘ამძიმებდა’ იუდეველებს და გამგებლის მოვალეობის შესრულებისთვის მათგან გადასახადის გადახდას არ ითხოვდა. პირიქით, მისი სახლის კარი ყოველთვის ღია იყო ‘ას ორმოცდაათი კაცისა და გარშემო მყოფი ხალხიდან მოსულთა’ დასაპურებლად. ყოველდღე სტუმრებისთვის „ერთ ხარს, ექვს გამორჩეულ ცხვარს და ფრინველებს“ ხოცავდა; გარდა ამისა, ყოველ მეათე დღეს „ნაირგვარი ღვინოთი“ უმასპინძლდებოდა ხალხს და ყოველივე ამას თავისი ხარჯებით აკეთებდა (ნეემია 5:8, 10, 14—18).

ხელგაშლილობის რა კარგი მაგალითი მისცა ნეემიამ ღვთის ყველა — მაშინდელ თუ ახლანდელ — მსახურს! ღვთის ეს მამაცი მსახური თავისუფლად და სიამოვნებით გასცემდა თავის მატერიალურ შემოსავალს მუშების მხარდასაჭერად, რათა ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის წინსვლისთვის შეეწყო ხელი. სწორედ ამიტომაც შეეძლო, ეთხოვა იეჰოვასთვის: „ყველაფერი სასიკეთოდ გამიხსენე, ღმერთო ჩემო, რაც ამ ხალხისთვის გამიკეთებია“ (ნეემია 5:19). იეჰოვა მალე ასეც მოიქცევა (ებრაელთა 6:10).

ნეემიას მაგალითს დღესაც ჰბაძავენ

სასიხარულოა იმის დანახვა, რომ იეჰოვას ხალხი დღესაც მთელი გულით, მონდომებითა და თავდაუზოგავად იღვწის ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობისთვის. როდესაც ვიგებთ, რომ ჩვენი თანამორწმუნეები გასაჭირში ცვივიან, ძალიან ვწუხვართ (რომაელთა 12:15). ნეემიას მსგავსად, ჩვენც მივმართავთ იეჰოვას ლოცვით ჩვენი დაზარალებული ძმებისთვის და ვთხოვთ: „დაე, შენი ყური სმენად იყოს შენი მორჩილის ლოცვისა და იმ შენ მორჩილთა ლოცვების მიმართ, შენი სახელისადმი მოწიწება რომ უყვართ“ (ნეემია 1:11; კოლასელთა 4:2).

მაგრამ ჩვენი ქრისტიანი და-ძმების სულიერ თუ ფიზიკურ კეთილდღეობასა და ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის წინსვლაზე ფიქრი არა მარტო სიბრალულის გრძნობას გვიჩენს, არამედ მოქმედებისკენაც აღგვძრავს. ვისაც პირობები უწყობს ხელს, სიყვარული აღძრავს, ნეემიას მსგავსად დატოვოს შედარებით უკეთესი ცხოვრება, გადავიდეს სხვაგან და გაჭირვებაში მყოფთ დაეხმაროს. ასეთებს არ აშინებთ ის, რომ შეიძლება შედარებით არაკომფორტულ პირობებში მოუწიოთ ცხოვრება, როგორც ეს, ჩვეულებრივ, მსოფლიოს ზოგიერთ ნაწილში არის ხოლმე. ისინი იქ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის წინსვლას უჭერენ მხარს და ქრისტიანი ძმების მხარდამხარ მსახურობენ. მართლაც შესაქებია მათ მიერ გამოვლენილი თავდაუზოგაობის სული.

საკუთარი წვლილი შევიტანოთ ჩვენს კრებაში ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მხარდასაჭერად

გასაგებია, რომ უმეტესობას სხვაგან წასვლა არ შეუძლია. მაგრამ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობისთვის მხარდაჭერა სხვაგან წაუსვლელადაც შეგვიძლია. წიგნ „ნეემიაში“ ამის მაგალითიც არის. ყურადღება მიაქციეთ იმ დეტალებს, რომლებსაც ნეემია ამატებს იმ ერთგული ოჯახების შესახებ, რომლებიც აღდგენით სამუშაოებში მონაწილეობდნენ. ის წერს: „თავისი სახლის წინ იედაია ხარუმაფის ძე ამაგრებდა [კედლებს]... თავიანთი სახლის წინ ამაგრებდნენ ბენიამინი და ხაშუბი. მათ იქით თავისი სახლის ახლოს ამაგრებდა ყაზარია მაყასეიას ძე, ყანანიას ძე“ (ნეემია 3:10, 23, 28—30). ამ მამაკაცებსა და მათ ოჯახებს, თავიანთ სახლთან ახლოს აღდგენითი სამუშაოების შესრულებით, დიდი წვლილი შეჰქონდათ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის აღორძინებაში.

დღესაც, ბევრი ჩვენგანი სხვადასხვაგვარად ვუჭერთ მხარს ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას ადგილობრივად: ვმონაწილეობთ სამეფო დარბაზების მშენებლობაში, ვეხმარებით სტიქიური უბედურებების დროს დაზარალებულებს და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სამეფოს შესახებ ვქადაგებთ. მიუხედავად იმისა, პირადად შეგვიძლია თუ არა სამშენებლო სამუშაოებში მონაწილეობა და დაზარალებულთათვის დახმარება, გულწრფელად გვსურს, რომ ძველად მცხოვრები ნეემიას მსგავსად, მატერიალურადაც დავუჭიროთ მხარი ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას (იხილეთ ჩარჩო „სხვადასხვაგვარი ნებაყოფლობითი შესაწირავი“).

სულ უფრო და უფრო მეტი ლიტერატურის დასაბეჭდად, სტიქიური უბედურებებით დაზარალებულთა დასახმარებლად და მსოფლიოში კიდევ სხვა უამრავი საქმის შესასრულებლად საჭირო თანხების გამონახვა შეიძლება, ერთი შეხედვით, შეუძლებელი ჩანდეს. მაგრამ გავიხსენოთ, რომ იერუსალიმის უზარმაზარი კედლების აღდგენაც შეუძლებელი ჩანდა (ნეემია 4:10, ბიბლიური საზოგადოების გამოცემა). მრავალ, მთელი გულით მონდომებულ, ოჯახს შორის სამუშაოს დანაწილების შედეგად კი მისი შესრულება შესაძლებელი გახდა. მსგავსად ამისა, მსოფლიოში ჩვენი საქმიანობის შესასრულებლად საჭირო უდიდესი თანხის გამონახვა დღესაც შესაძლებელი იქნება, თუ თითოეული ჩვენგანი კვლავაც განაგრძობს თავისი წვლილის შეტანას.

ჩარჩოში „როგორ შეიძლება შესაწირავების გაღება“ იმ შესაწირავების გაღების რამდენიმე საშუალებაა შემოთავაზებული, რომლებიც სამეფოს საქმის მხარდაჭერას მოემსახურება. გასულ წელს, იეჰოვას ხალხიდან ბევრმა გაიღო ასეთი სახით შესაწირავი. იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭო სარგებლობს შემთხვევით და დიდ მადლობას უხდის მათ, ვისაც გულმა გაუწია, რომ ნებაყოფლობით გაეცა. უპირველესად კი, მადლობას ვუხდით იეჰოვას, რომ დიდად აკურთხა თავისი ხალხის მიერ მთელ მსოფლიოში ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობისთვის მთელი გულით მხარდაჭერის მცდელობა. დიახ, როდესაც ვფიქრობთ იმაზე, თუ როგორ ხელმძღვანელობს იეჰოვა თავის ხალხს წლების განმავლობაში, აღძრული ვართ, ნეემიას სიტყვები გავიმეოროთ, რომელმაც მადლიერებით თქვა: ‘ჩემი ღმერთის ხელი სასიკეთო იყო ჩემთვის’ (ნეემია 2:18).

[სქოლიოები]

^ აბზ. 7 ნეემიას 3:5-ში ვკითხულობთ, რომ ზოგიერთი წარჩინებული იუდეველი ანუ „დიდებული“ ამ სამუშაოებში მონაწილეობას არ იღებდა, მაგრამ ასეთები ერთეულები იყვნენ. სხვადასხვა ფენის წარმომადგენლები — მღვდლები, ოქრომჭედლები, მენელსაცხებლები, მთავრები, ვაჭრები — ყველანი მხარს უჭერდნენ აღდგენით სამუშაოებს (მუხლები 1, 8, 9, 32).

[ჩარჩო⁄სურათი 28 გვერდზე]

როგორ შეიძლება შესაწირავების გაღება

შესაწირავები საზოგადოების მსოფლიო საქმისთვის

ბევრი გადადებს ხოლმე ანუ წინასწარ გამოყოფს გარკვეულ თანხას, რომელსაც დებს შესაწირავების ყუთში — წარწერით „შესაწირავები სამეფოს საქმისთვის (მათე 24:14)“.

ამ თანხას კრებები ყოველკვირეულად აგზავნიან საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ ადგილობრივ ფილიალში. ნებაყოფლობითი ფულადი შესაწირავები შეიძლება პირადადაც გაგზავნოთ საზოგადოების იმ ფილიალში, რომელიც თქვენს ქვეყანას ემსახურება. ამ შესაწირავებს თან უნდა ახლდეს მოკლე წერილი, სადაც აღნიშნული იქნება, რომ ეს ძღვენს წარმოადგენს.

წინასწარ გათვალისწინებული შესაწირავები

პირდაპირი ფულადი შესაწირავების გარდა მსოფლიო მასშტაბით სამეფოს საქმის მხარდასაჭერად სხვა მეთოდებიც არსებობს. მაგალითად:

უძრავი ქონება: გასაყიდად ვარგისი უძრავი ქონება შეიძლება შეწირულ იქნეს საზოგადოება „საგუშაგო კოშკისთვის“ პირდაპირ ან შემწირველის უფლების დაცვით, რომ ისარგებლოს თავისი ქონებით სიცოცხლის ბოლომდე. შემწირველი უნდა დაუკავშირდეს საზოგადოებას, სანამ გააფორმებს საზოგადოებისთვის უძრავი ქონების გადაცემის აქტს.

ანდერძი: ქონება ან ფულადი სახსრები შეიძლება ანდერძით გადაეცეს საზოგადოება „საგუშაგო კოშკს“ კანონით დადგენილი წესების მიხედვით. საზოგადოებას უნდა გაეგზავნოს ანდერძის ასლი.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ საზოგადოების ადგილობრივ ოფისს, რომელიც თქვენს ქვეყანას ემსახურება.

[ჩარჩო 29 გვერდზე]

სხვადასხვაგვარი ნებაყოფლობითი შესაწირავი

პავლე მოციქულმა კორინთელთათვის მიწერილ წერილში ის სამი მნიშვნელოვანი შესაძლებლობა მოიხსენია, რომლითაც ქრისტიანებს შეუძლიათ შესაწირავების გაღება: 1) ფულად შესაწირავთან დაკავშირებით მან თქვა: „კვირის ყოველ პირველ დღეს თვითეულმა თქვენგანმა, თავის მხრივ, შეძლებისდაგვარად, გადადოს“ (1 კორინთელთა 16:2ა, სსგ). აქედან გამომდინარე, შესაწირავის გაღება წინასწარ უნდა იყოს დაგეგმილი და ეს სისტემატურად უნდა კეთდებოდეს. 2) ამავე მუხლში პავლემ ისიც აღნიშნა, რომ თითოეულს ეს „შეძლებისდაგვარად“ უნდა გაეკეთებინა (1 კორინთელთა 16:2ბ). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ნებაყოფლობითი შესაწირავები ღვთის მსახურმა თავისი შემოსავლის შესაბამისად შეიძლება გაიღოს. მაშინაც კი, თუ ქრისტიანს მცირე შემოსავალი აქვს, იეჰოვასთვის მცირედი შესაწირავის გაღებაც კი ძვირფასია (ლუკა 21:1—4). 3) პავლემ ასევე დაწერა: „ყველამ გაიღოს გულის კარნახით, არა მწუხარებითა და ძალდატანებით, რადგან ღმერთს უყვარს ის, ვინც სიხარულით გასცემს“ (2 კორინთელთა 9:7, სსგ). გულწრფელი ქრისტიანები სიხარულით, გულით გასცემენ.

[სურათები 26 გვერდზე]

ნეემია გამბედავი და, ამავე დროს, მგრძნობიარე კაცი იყო.

[სურათები 29 გვერდზე]

ნებაყოფლობითი შესაწირავების ხარჯზე ხდება პუბლიკაციების გამოცემა, სტიქიური უბედურებებით დაზარალებულთა დახმარება, სამეფო დარბაზების მშენებლობა და სხვა სასარგებლო საქმეების განხორცილება მთელ მსოფლიოში.