არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

განაგრძეთ მხარდამხარ მსახურება

განაგრძეთ მხარდამხარ მსახურება

განაგრძეთ მხარდამხარ მსახურება

«მაშინ გავასუფთავებ ხალხთა ბაგეებს [„მივცემ სუფთა ენას“, აქ], რომ ყველამ ახსენოს უფლის სახელი და ერთსულოვნად [„მხარდამხარ“, აქ] ემსახურონ» (სოფონია 3:9).

1. როგორ სრულდება სოფონიას 3:9?

მსოფლიოში დაახლოებით 6 000 ენაზე საუბრობენ. გარდა ამისა, მრავალ ენას სხვადასხვა დიალექტიც აქვს. მართალია ადამიანები სრულიად განსხვავებულ ენებზე საუბრობენ, მაგალითად, არაბულსა და ჰინდზე, მაგრამ ღმერთმა ერთი გასაოცარი რამ გააკეთა. მან შესაძლებელი გახადა, რომ ადამიანებმა ყველგან შეძლონ სუფთა ენის სწავლა და მასზე საუბარი. ამით წინასწარმეტყველ სოფონიას მეშვეობით გადმოცემული ღვთის დანაპირები სრულდება: «გავასუფთავებ ხალხთა ბაგეებს [„მივცემ სუფთა ენას“, აქ], რომ ყველამ ახსენოს უფლის სახელი და ერთსულოვნად [„მხარდამხარ“, აქ] ემსახურონ» (სოფონია 3:9).

2. რა არის „სუფთა ენა“ და რის საშუალებას იძლევა ის?

2 „სუფთა ენა“ ღვთის სიტყვაში, ბიბლიაში, მოცემული ჭეშმარიტებაა. განსაკუთრებით კი ჭეშმარიტება ღვთის სამეფოს შესახებ, რომელიც განწმენდს მის სახელს, გაამართლებს მის უზენაესობას და კურთხევებს მოუტანს კაცობრიობას (მათე 6:9, 10). რადგან ეს ერთადერთი სულიერი სუფთაა ენაა დედამიწაზე, მასზე ყველა ერისა და რასის ადამიანები საუბრობენ. ის მათ საშუალებას აძლევს, „მხარდამხარ“ ემსახურონ იეჰოვას. ამგვარად ისინი „ერთსულოვნად“ მსახურობენ.

ღვთის ხალხში არ უნდა არსებობდეს მიკერძოება

3. რისი საშუალებით ვემსახურებით იეჰოვას გაერთიანებულნი?

3 ჩვენ, ქრისტიანები, მადლიერი ვართ ასეთი მრავალენოვანი საძმოსთვის. თუმცა სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას მრავალ ენაზე ვქადაგებთ, ღმერთს გაერთიანებულნი ვემსახურებით (ფსალმუნი 132:1). ეს კი იმის წყალობით არის შესაძლებელი, რომ სადაც უნდა ვცხოვრობდეთ, ყველანი იეჰოვას განმადიდებელ ერთ სუფთა ენაზე ვსაუბრობთ.

4. რატომ არ უნდა არსებობდეს ღვთის ხალხში მიკერძოება?

4 ღვთის ხალხს შორის მიკერძოება არ უნდა არსებობდეს. მოციქულმა პეტრემ ამას ნათელი მოჰფინა ახ. წ. 36 წელს არაებრაელი ასისთავის, კორნელიოსის სახლში ქადაგებისას. მან შემდეგი სიტყვები წარმოთქვა: „ჭეშმარიტად ვრწმუნდები, რომ ღმერთი მიკერძოებული არ არის, არამედ ყოველ ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მოქმედი სათნოა მისთვის“ (საქმეები 10:34, 35). ვინაიდან ეს სიტყვები ჭეშმარიტია, ქრისტიანულ კრებაში არ უნდა არსებობდეს მიკერძოება, დაჯგუფებები ან ფავორიტიზმი.

5. რატომ არის უმართებულო კრებაში დაჯგუფებების შექმნა?

5 სამეფო დარბაზის მონახულების შემდეგ, ერთმა სტუდენტმა აღნიშნა: „ჩვეულებრივ, ეკლესიები გარკვეული რასის ან ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებს იზიდავს ხოლმე . . . იეჰოვას მოწმეების დარბაზში კი დაჯგუფებები არ ყოფილა, ყველანი ერთად ისხდნენ“. მიუხედავად ამისა, ძველი კორინთის კრების ზოგიერთი წევრი დაჯგუფებებს ქმნიდა. ამგვარად ისინი უთნხმოებებს იწვევდნენ, რითაც ეწინააღმდეგებოდნენ ღვთის სულიწმიდის მოქმედებას, რომელიც ერთიანობასა და მშვიდობას უწყობს ხელს (გალატელთა 5:22). თუ კრებაში დაჯგუფებების შექმნას ვუწყობთ ხელს, მაშინ სულიწმიდის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ მივდივართ. ამიტომ გვახსოვდეს კორინთელებისთვის ნათქვამი პავლე მოციქულის სიტყვები: „მე შეგაგონებთ, ძმანო, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით, რომ ყველანი ამბობდეთ ერთსა და იმავეს, და არ იყოს თქვენში განხეთქილება, არამედ გაერთიანებულნი იყოთ გონებით და აზრით“ (1 კორინთელთა 1:10). ერთიანობის აუცილებლობას პავლემ ეფესელებისთვის მიწერილ წერილშიც გაუსვა ხაზი (ეფესელთა 4:1—6, 16).

6, 7. რა გვირჩია იაკობმა მიკერძოებასთან დაკავშირებით და როგორ შეიძლება ამ რჩევის გამოყენება?

6 ქრისტიანებს ყოველთვის მოეთხოვებოდათ მიუკერძოებლობა (რომაელთა 2:11). რადგან პირველი საუკუნის კრებაში ზოგიერთები მდიდრებს ანიჭებდნენ უპირატესობას, მოწაფე იაკობმა დაწერა: „ჩემო ძმებო, მიკერძოებით ნუ გექნებათ ჩვენი დიდების უფლის, იესო ქრისტეს რწმენა. რადგან, თუ შემოვა კაცი თქვენს სინაგოგაში, ოქროსბეჭდიანი და ბრწყინვალე სამოსელში გამოწყობილი, და შემოვა აგრეთვე ღარიბი ჭუჭყიანი სამოსით, შეხედავთ ბრწყინვალე სამოსში გამოწყობილს და ეტყვით მას: აქ დაბრძანდითო კარგად, ღარიბს კი ეტყვით: შენ იქ დადექ, ანდა: აქ დაჯექ, ჩემს ფერხთითო. განა ამით არ განიკითხავთ თქვენს შორის და ბოროტი ფიქრებით განმკითხველნი არ გამოდიხართ?“ (იაკობი 2:1—4).

7 თუ კრების შეხვედრაზე მდიდარი ურწმუნო მივიდოდა ოქროს ბეჭდებით და მდიდრულ სამოსელში გამოწყობილი, აგრეთვე ღარიბი ურწმუნო ჭუჭყიანი სამოსით, განსაკუთრებული ყურადღებით მდიდარს მიიღებდნენ. მას „კარგ“ ადგილზე სვამდნენ, ხოლო ღარიბს ფეხზე დგომას ან ვინმეს ფეხთით დაჯდომას სთავაზობდნენ. ღმერთმა კი იესოს გამომსყიდველური მსხვერპლი განურჩევლად გაიღო მდიდრებისთვისაც და ღარიბებისთვისაც (იობი 34:19; 2 კორინთელთა 5:14). ამიტომ, თუ გვსურს ვასიამოვნოთ იეჰოვას და ერთმანეთის მხარდამხარ ვიმსახუროთ, არ უნდა გამოვავლინოთ მიკერძოება და არც ‘ანგარების გამო უნდა ვეპირფეროთ’ ვინმეს (იუდა 4, 16).

ნუ იდრტვინებთ

8. რა დაემართათ ისრაელებს დრტვინვის გამო?

8 იმისათვის, რომ ერთიანობა შევინარჩუნოთ და ღვთის კეთილგანწყობით კვლავაც ვისარგებლოთ, უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ პავლეს რჩევა: „ყველაფერი გააკეთეთ უდრტვინველად“ (ფილიპელთა 2:14, 15). ორგულმა ისრაელებმა ეგვიპტის მონობიდან გათავისუფლების შემდეგ მოსეს, აარონისა და, ფაქტობრივად, იეჰოვა ღმერთის წინააღმდეგ დაიწყეს დრტვინვა. ამის გამო, ოცი წლისა და ოც წელს გადაცილებული ისრაელები — ერთგული იესო ნავეს ძის, ქალებ იეფუნეს ძისა და ლევიანების გარდა — ვერ შევიდნენ აღთქმულ მიწაზე. ისინი უდაბნოში 40 წლიანი მოგზაურობის დროს დაიღუპნენ (რიცხვნი 14:2, 3, 26—30; 1 კორინთელთა 10:10). რა ძვირად დაუჯდათ მათ დრტვინვა!

9. რა დაემართა მირიამს დრტვინვის გამო?

9 ამ შემთხვევიდან ჩანს, რა შეიძლება დაემართოს მდრტვინავ ერს. მაგრამ რა შეიძლება ითქვას ცალკეულ ადამიანებზე, რომელთაც უკმაყოფილების სული აქვთ? მოსეს წინააღმდეგ მისმა დამ და ძმამ — მირიამმა და აარონმა — დაიწყეს დრტვინვა: „ნუთუ მხოლოდ მოსეს ელაპარაკებოდა უფალი? განა ჩვენც არ გველაპარაკებოდა?“. „გაიგონა ეს უფალმა“, — ნათქვამია ცნობაში (რიცხვნი 12:1, 2). რა მოჰყვა ამას? ღმერთმა დაამცირა მირიამი, რომელიც, როგორც ჩანს, ამ კრიტიკის წამომწყები იყო. როგორ? მას კეთრი შეეყარა და იძულებული გახდა, ბანაკის გარეთ დარჩენილიყო შვიდი დღის განმავლობაში, სანამ არ განიწმინდებოდა (რიცხვნი 12:9—15).

10, 11. რა შეიძლება გამოიწვიოს გაუკონტროლებელმა დრტვინვამ? მოიყვანეთ მაგალითი.

10 დრტვინვა რაიმე არასწორი მოქმედების გამო უბრალოდ უკმაყოფილების გამოხატვა როდია. გამუდმებული დრტვინვა იმის მაჩვენებელია, რომ ადამიანი მეტისმეტადაა დაინტერესებული საკუთარი თავით ან მდგომარეობით და ღმერთზე მეტად საკუთარ თავზე ამახვილებს ყურადღებას. თუ კონტროლი არ გაეწია, ეს სულიერ ძმებს შორის უთანხმოებებს წარმოშობს და მათ იეჰოვასადმი მხარდამხარ მსახურებაში შეუშლის ხელს. ეს კი იმიტომ ხდება, რომ მდრტვინავი გამუდმებით გამოთქვამს უკმაყოფილებას; და ამას სხვების მხარდაჭერის იმედით აკეთებს.

11 მაგალითად, ვინმე შეიძლება კრიტიკული თვალით უყურებს რომელიმე უხუცესს. შეიძლება არ მოსწონს ის, თუ როგორ უძღვება კრების შეხვედრებს, ან როგორ ასრულებს თავის მოვალეობას. თუ ყურს დავუგდებთ ასეთ კრიტიკულ ადამიანს, ჩვენც მსგავსი აზროვნება განგვივითარდება. შესაძლოა, უხუცესის მოქმედებები არ გვაღიზიანებდა მანამ, სანამ ასეთი უკმაყოფილების სული განგვივითარდებოდა. საბოლოო ჯამში, შეიძლება უხუცესის არც ერთი მოქმედება აღარ მოგვეწონოს და, ამგვარად, ჩვენც უკმაყოფილების გამოთქმა დავიწყოთ მასზე. ასეთი საქციელი ნამდვილად არ შეჰფერის იეჰოვას ხალხს.

12. რა გავლენას ახდენს დრტვინვა ღმერთთან ჩვენს ურთიერთობაზე?

12 იმ მამაკაცებზე დრტვინვა, რომელთა მოვალეობაც ღვთის სამწყსოს მწყემსვაა, შეიძლება ლანძღვაშიც კი გადაიზარდოს. ასეთი დრტვინვა და სხვების ცილისმწამებლური შეურაცხყოფა ზიანს მიაყენებს ღმერთთან ჩვენს ურთიერთობას (გამოსვლა 22:27). მოუნანიებელი მლანძღველები ღვთის სამეფოს ვერ დაიმკვიდრებენ (1 კორინთელთა 5:11; 6:10). მოწაფე იუდა წერდა მდრტვინავთა შესახებ, რომლებიც ‘არაფრად აგდებდნენ მმართველობას და შეურაცხმყოფელი სიტყვებით იხსენიებდნენ დიდებით მოსილთ’, ანუ კრების პასუხისმგებელ მამაკაცებს (იუდა 8, აქ). ამ მდრტვინავებს ღმერთი არ იწონებდა და ჩვენც გონივრულად ვიქცევით, თუ თავს ვარიდებთ ასეთ უღირს მოქმედებას.

13. რატომ არაა ყველანაირი ჩივილი საძრახისი?

13 ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ღმერთი ყველანაირ ჩივილს როდი კიცხავს. მან უყურადღებოდ არ დატოვა „სამდურავი“ სოდომსა და გომორზე და ბოროტებით განთქმული ეს ქალაქები გაანადგურა (დაბადება 18:20, 21; 19:24, 25). იერუსალიმში, ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულიდან ცოტა ხნის შემდეგ, „ატყდა გაბერძნებულთა დრტვინვა ებრაელობის წინააღმდეგ, ვინაიდან უგულებელყოფილი იყო მათი ქვრივების ყოველდღიური მომსახურება“. საკითხის მოსაგვარებლად „თორმეტმა“ საკვების განაწილების „ამ საქმეზე“ „შვიდი სარწმუნო“ კაცი დანიშნა (საქმეები 6:1—6). დღესაც, უხუცესებმა არ უნდა ‘წაუყრუონ’ სამართლიან ჩივილს (იგავნი 21:13). უხუცესები უნდა ამხნევებდნენ და აშენებდნენ თანამორწმუნეებს, ნაცვლად იმისა, რომ აკრიტიკონ ისინი (1 კორინთელთა 8:1).

14. განსაკუთრებით რომელი თვისება გვესაჭიროება დრტვინვისგან თავის დასაღწევად?

14 თითოეულმა ჩვენგანმა თავი უნდა დავიხსნათ დრტვინვისგან, რადგან უკმაყოფილების სული სულიერი ზიანის მომტანია. მას შეუძლია ავნოს ჩვენს ერთობას. ნაცვლად ამისა, დაე სულიწმიდას ყოველთვის მივცეთ საშუალება, ჩვენში სიყვარული განავითაროს (გალატელთა 5:22). თუ ‘სიყვარულის სამეფო რჯულს’ ვემორჩილებით, ეს იეჰოვასადმი მხარდამხარ მსახურების გაგრძელებაში დაგვეხმარება (იაკობი 2:8; 1 კორინთელთა 13:4—8; 1 პეტრე 4:8).

მოერიდეთ ცილისწამებას

15. როგორ განასხვავებდით ჭორაობასა და ცილისწამებას?

15 დრტვინვამ შეიძლება ჭორაობამდე მიგვიყვანოს; ამიტომ ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, თუ რას ვამბობთ. ჭორაობა არის დაუფიქრებელი ლაპარაკი სხვა ადამიანებისა და მათი საქმეების შესახებ. ცილისწამება კი ცრუ ინფორმაციაა, რომელიც სხვისი რეპუტაციის შესალახად არის გამიზნული. ეს ღვარძლიანი და უღვთო საუბარია. ამიტომაც აფრთხილებდა ღმერთი ისრაელებს: „ცილისწამებას ნუ დაიწყებ შენს ხალხში“ (ლევიანნი 19:16).

16. რა თქვა პავლემ ზოგიერთი ჭორიკანას შესახებ და როგორ უნდა იმოქმედოს ამ რჩევამ ჩვენზე?

16 რადგან დაუფიქრებელი საუბრები შეიძლება ცილისწამებაშიც გადაიზარდოს, პავლემ გაკიცხა ზოგიერთი ჭორიკანა. მან ჯერ ის ქვრივები მოიხსენია, რომლებიც ეხმარებოდნენ კრებას, შემდეგ კი შეეხო სხვა ქვრივებს, რომლებზეც თქვა: „უსაქმურობაში ისწავლეს კარდაკარ სიარული, და არა მარტო უსაქმურნი არიან, არამედ ყბედებიც და ცნობისმოყვარენიც და ისეთ რამეს ლაპარაკობენ, რაც არ შეშვენით“ (1 ტიმოთე 5:11—15). თუ ქრისტიანი ქალი ხედავს, რომ ცილისმწამებლური საუბრებისკენ აქვს მიდრეკილება, ყურად უნდა იღოს პავლეს რჩევა, რომ იყოს ‘ღირსეული, არა ცილისმწამებელი’ (1 ტიმოთე 3:11, სსგ). უდავოა, ქრისტიანმა მამაკაცებმაც უნდა დაიცვან თავი ჭორაობისგან (იგავნი 10:19).

ნუ განიკითხავთ!

17, 18. ა) რა თქვა იესომ ჩვენი ძმების განკითხვის შესახებ? ბ) როგორ შეგვიძლია განკითხვასთან დაკავშირებული იესოს სიტყვების გამოყენება?

17 შეიძლება ცილს არავის ვწამებთ, მაგრამ ძალისხმევა გვესაჭიროება, რომ არ განვიკითხოთ სხვები. იესომ შემდეგი სიტყვებით დაგმო ასეთი აზროვნება: „ნუ განიკითხავთ, რათა არ განიკითხოთ. ვინაიდან რომელი განკითხვითაც განიკითხავთ და რომელი საწყაოთიც მიუწყავთ, იმავეთი მოგეწყვებათ თქვენ. რად უყურებ ბეწვს შენი ძმის თვალში, ხოლო საკუთარ თვალში დირესაც კი არ ამჩნევ? ანდა როგორ ეტყვი შენს ძმას: მიმიშვი, ამოგიღო თვალიდან ბეწვიო, და აჰა, შენ თვალში კი დირეა! თვალთმაქცო, ჯერ შენი თვალიდან დირე ამოიღე და მერე დაინახავ, როგორ ამოიღო ბეწვი შენი ძმის თვალიდან“ (მათე 7:1—5).

18 თავს იმის უფლება არ უნდა მივცეთ, რომ ძმას „ბეწვის“ ამოღება შევთავაზოთ თვალიდან, იმ დროს, როდესაც ჩვენივე განსჯის უნარი, ასე ვთქვათ, „დირეთია“ დაქვეითებული. თუ ნამდვილად ვაფასებთ ღვთის გულმოწყალებას, ჩვევად არ გავიხდით სულიერი და–ძმების განსჯას. როგორ შეგვიძლია ჩვენი ზეციერი მამის მსგავსად გავუგოთ მათ? იესომ გაგვაფრთხილა, რომ ‘არ განგვეკითხა სხვები, რათა თავად არ განვიკითხოთ’! პატიოსანი თვითშემოწმების შედეგად საკუთარი არასრულყოფილების აღიარება შეგვაკავებს სხვების განკითხვისაგან, რასაც იეჰოვა უმართებულოდ მიიჩნევს.

სუსტი, მაგრამ საპატიო

19. როგორი შეხედულება უნდა გვქონდეს თანამორწმუნეებზე?

19 თუ თანამორწმუნეთა მხარდამხარ ღვთისადმი მსახურება გვაქვს გადაწყვეტილი, მხოლოდ სხვების განკითხვისგან თავის არიდებას არ დავჯერდებით. ჩვენ პატივისცემის გამოვლენაში დავასწრებთ ერთმანეთს (რომაელთა 12:10). ამასთანავე, ჩვენ საკუთარ სარგებლობას კი არ დავუწყებთ ძებნას, არამედ მათსას და სიხარულით თავმდაბლურად გავირჯებით მათთვის (იოანე 13:12—17; 1 კორინთელთა 10:24). როგორ შევინარჩუნოთ ასეთი დადებითი განწყობა? არ დავივიწყოთ, რომ ყოველი მორწმუნე ძვირფასია იეჰოვასთვის და ერთმანეთს ვსაჭიროებთ, ისევე როგორც ჩვენი სხეული საჭიროებს თითოეულ ასოს (1 კორინთელთა 12:14—27).

20, 21. რას ნიშნავს მე–2 ტიმოთეს 2:20, 21–ში ჩაწერილი სიტყვები ჩვენთვის?

20 მართალია ქრისტიანები სუსტი თიხის ჭურჭლებს ჰგვანან, მაგრამ მათ დიდი საუნჯე, მსახურება, აქვთ მინდობილი (2 კორინთელთა 4:7). თუ გვსურს მონაწილეობა მივიღოთ იეჰოვას განმადიდებელ ამ კურთხეულ საქმიანობაში, მის და მისი ძის წინაშე საპატიო მდგომარეობა უნდა შევინარჩუნოთ. მხოლოდ ზნეობრივი და სულიერი სიწმინდის შენარჩუნებით შევძლებთ ღვთისთვის საპატიო ჭურჭლებად ყოფნას. ამასთან დაკავშირებით პავლე წერდა: „დიდ სახლში არ არის მარტო ოქროსა და ვერცხლის ჭურჭელი, არამედ აგრეთვე ხისა და თიხისა, ზოგი საპატიოდ, ზოგი არასაპატიოდ. ამრიგად, ვინც ამათგან გასუფთავდება, ის იქნება პატივდებული ჭურჭელი, განწმედილი და ხელმწიფისათვის სახმარი, გამზადებული ყოველი კეთილი საქმისათვის“ (2 ტიმოთე 2:20, 21).

21 ის პირები, რომლებიც ღვთის მოთხოვნებს არ ემორჩილებიან, ‘არასაპატიო ჭურჭლებად’ ითვლებიან. თუ ღვთიურ გზას მივყვებით, ‘პატივდებული ჭურჭლები ვიქნებით, განწმენდილი ანუ იეჰოვას მსახურებისთვის გამოყოფილი, გამზადებული ყოველი კეთილი საქმისათვის’. ამიტომ, შეგვიძლია ვკითხოთ საკუთარ თავს: ვარ კი „პატივდებული ჭურჭელი“? კარგ გავლენას ვახდენ თანამორწმუნეებზე? მივეკუთვნები თუ არა კრებას, სადაც მხარდამხარ მსახურობენ თანამორწმუნეები?

განვაგრძოთ მხარდამხარ მსახურება

22. რას შეიძლება შევადაროთ ქრისტიანული კრება?

22 ქრისტიანული კრება ოჯახივითაა. როდესაც ოჯახის წევრები იეჰოვას სცემენ თაყვანს, მასში სიყვარული სუფევს, ერთმანეთს მხარში უდგანან და სასიამოვნო ატმოსფეროა გამეფებული. ოჯახი შეიძლება რამდენიმე, ერთმანეთისგან განსხვავებული თვისებების მქონე, წევრისგან შედგებოდეს, მაგრამ თითოეულ მათგანს თავისი საპატიო ადგილი უკავია. იმავეს თქმა შეიძლება კრებაზეც. მიუხედავად იმისა, რომ ყველანი განსხვავებული და არასრულყოფილი ვართ, ღმერთმა ქრისტეს მეშვეობით დაგვიახლოვა (იოანე 6:44; 14:6). იეჰოვასა და იესოს ვუყვარვართ და რადგან გაერთიანებული ოჯახი ვართ, ჩვენც უნდა გამოვავლინოთ სიყვარული ერთმანეთისადმი (1 იოანე 4:7—11).

23. რა უნდა გვახსოვდეს და რის კეთება უნდა გვქონდეს გადაწყვეტილი?

23 ოჯახისმაგვარი ქრისტიანული კრება ის ადგილია, სადაც ერთგულებასაც მოველით. მოციქული პავლე წერდა: «ამიტომ ჩემი სურვილია, რომ ყველგან ლოცულობდნენ კაცები და აღაპყრობდნენ წმიდა ხელებს [„ერთგულებით აღაპყრობდნენ ხელებს“, აქ] რისხვისა და ეჭვის გარეშე» (1 ტიმოთე 2:8). ამგვარად პავლემ ერთგულება დაუკავშირა საჯარო ლოცვას „ყველგან“, სადაც ქრისტიანები იკრიბებიან. მხოლოდ ერთგულ მამაკაცებს შეუძლიათ საჯაროდ ილოცონ კრების სახელით. რა თქმა უნდა, ღმერთი მოელის, რომ ერთგული ვიქნებით როგორც მისადმი, ასევე ერთმანეთისადმი (ეკლესიასტე 12:13, 14). ამგვარად, დაე მტკიცედ გვქონდეს გადაწყვეტილი, რომ სხეულის ნაწილების მსგავსად, ჩვენც ურთიერთშეთანხმებულად ვიმუშაოთ; აგრეთვე გაერთიანებულად ვიმსახუროთ, როგორც იეჰოვას თაყვანისმცემელთა ოჯახის წევრებმა. და რაც მთავარია, ყოველთვის გვახსოვდეს, რომ ერთმანეთი გვესაჭიროება და მხოლოდ იეჰოვასადმი მხარდამხარ მსახურებით მოვიპოვებთ მის მოწონებასა და კურთხევებს.

როგორ უპასუხებდით?

• რის დახმარებით შეუძლია იეჰოვას ხალხს მისადმი მხარდამხარ მსახურება?

• რატომ გაურბიან ქრისტიანები მიკერძოებას?

• თქვენი აზრით, რატომ არის ცუდი დრტვინვა?

• რატომ უნდა ვცეთ პატივი თანამორწმუნეებს?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 15 გვერდზე]

პეტრე დარწმუნდა, რომ ‘ღმერთი მიკერძოებული არ არის’.

[სურათი 16 გვერდზე]

იცით, რატომ დაამცირა ღმერთმა მირიამი?

[სურათი 18 გვერდზე]

ერთგული ქრისტიანები სიხარულით ემსახურებიან იეჰოვას მხარდამხარ.