არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თანამედროვე ბერძნულ ენაზე ბიბლიის გამოსაცემად გაწეული ბრძოლა

თანამედროვე ბერძნულ ენაზე ბიბლიის გამოსაცემად გაწეული ბრძოლა

თანამედროვე ბერძნულ ენაზე ბიბლიის გამოსაცემად გაწეული ბრძოლა

ალბათ, გაგიკვირდებათ, რომ საბერძნეთში, რომელსაც ზოგჯერ „თავისუფალი აზროვნების აკვანს“ უწოდებდნენ, უბრალო ხალხისთვის გასაგებ ენაზე ბიბლიის თარგმნას სასტიკად ებრძოდნენ დიდი ხნის განმავლობაში. მაგრამ, ვინ ეწინააღმდეგებოდა ბიბლიის გამოცემას ადვილად გასაგებ ბერძნულ ენაზე? რატომ უნდა სდომოდა ვინმეს ამის შეჩერება?

შეიძლება ფიქრობთ, რომ ბერძნულ ენაზე მოლაპარაკე ხალხს დიდი უპირატესობა აქვს, რადგან წმინდა წერილების საკმაოდ დიდი ნაწილი მათ ენაზე დაიწერა. მაგრამ თანამედროვე ბერძნული დიდად განსხვავდება იმ ბერძნულისგან, რომელიც გამოყენებულია ებრაულიდან თარგმნილ სეპტუაგინტაში, და იმ ბერძნულისგან, რომელზეც ქრისტიანულ-ბერძნული წერილები დაიწერა. ფაქტობრივად, უკანასკნელი ექვსი საუკუნის განმავლობაში, ბერძნულ ენაზე მოლაპარაკეთა უმეტესობისთვის ის ბერძნული, რომელზეც ბიბლია დაიწერა, უცხო ენად იქცა. ენაში შემოვიდა ახალი ტერმინები და სიტყვები, შეიცვალა გრამატიკა და წინადადების წყობა.

III—VII საუკუნით დათარიღებული ბერძნული მანუსკრიპტების კოლექცია სეპტუაგინტის უფრო თანამედროვე ბერძნულზე გადათარგმნის მცდელობებს ადასტურებს. III საუკუნეში ნეოკესარიის ეპისკოპოსმა გრიგოლმა (ახ. წ. 213—270) სეპტუაგინტიდან წიგნი „ეკლესიასტე“ უფრო მარტივ ბერძნულზე გადათარგმნა. XI საუკუნეში კი მაკედონიაში მცხოვრებმა ებრაელმა ტობია ბენ ელეაზარმა სეპტუაგინტიდან ხუთწიგნეულის ნაწილი სასაუბრო ბერძნულზე თარგმნა. მან ებრაული ანბანიც კი გამოიყენა მაკედონიაში მცხოვრები ებრაელებისთვის, რომლებიც მხოლოდ ბერძნულად ლაპარაკობდნენ, მაგრამ ებრაულად კითხულობდნენ. ამგვარი ხუთწიგნეული კონსტანტინოპოლში 1547 წელს გამოიცა.

წყვდიადში სინათლის გამობრწყინება

მას შემდეგ, რაც XV საუკუნეში ბიზანტიის იმპერიის ის ტერიტორიები, სადაც ბერძნულ ენაზე მოლაპარაკე ხალხი ცხოვრობდა, ოთომანთა ანუ ოსმალთა უღელქვეშ მოექცა, მოსახლეობის უმეტესობა გაუნათლებელი დარჩა. თუმცა ოსმალთა იმპერიაში მართლმადიდებლური ეკლესია დიდი უპირატესობით სარგებლობდა, ეს უკანასკნელი არაფრად აგდებდა სამწყსოს სიღატაკესა და გაუნათლებლობას. ბერძენმა მწერალმა თომა სპელიოსმა შემდეგი კომენტარი გააკეთა: „მართლმადიდებლური ეკლესიისა და მისი საგანმანათლებლო სისტემის მთავარი მიზანი ის იყო, რომ თავისი მრევლი ისლამისა და რომის კათოლიკური ეკლესიის გავლენისგან დაეცვა. ამიტომ ბერძნული განათლება ადგილზე გაიყინა“. ასეთ შავბნელ პერიოდში ადამიანები, რომელთაც ბიბლია უყვარდათ, ხედავდნენ, რამდენად აუცილებელი იყო გაჭირვებული ხალხისთვის შვება და ნუგეშისცემა ბიბლიური წიგნის, „ფსალმუნის“ მეშვეობით. 1543—1835 წლებში სასაუბრო ბერძნულზე „ფსალმუნების“ 18 თარგმანი გაკეთდა.

ქრისტიანულ-ბერძნული წერილების სრული თარგმანი ბერძნულ ენაზე პირველად 1630 წელს კალიპოლისში მცხოვრებმა ბერძენმა ბერმა, მაქსიმ კალიპოლისელმა, მოამზადა. ეს წიგნი კონსტანტინოპოლის პატრიარქისა და, როგორც ფიქრობენ, მართლმადიდებლური ეკლესიის რეფორმატორის, კირილოს ლუკარისის ხელმძღვანელობითა და მფარველობით გამოიცა. მაგრამ ლუკარისს ეკლესიაშივე ჰყავდა მოწინააღმდეგეები, რომლებიც არანაირ რეფორმას არ ეთანხმებოდნენ და სასაუბრო ენაზე ბიბლიის თარგმნასაც ეწინააღმდეგებოდნენ *. ის, როგორც მოღალატე, მოწინააღმდეგეებმა დაახრჩვეს. ამის მიუხედავად, 1638 წელს მაქსიმეს თარგმანის დაახლოებით 1500 ეგზემპლარი დაიბეჭდა. 34 წლის შემდეგ, ამ თარგმანთან დაკავშირებით, იერუსალიმში მართლმადიდებლურმა სინოდმა განაცხადა, რომ საღვთო წერილი „უბრალო ხალხს კი არ უნდა ეკითხა, არამედ სულიერ საკითხებში კარგად ჩახედულ ადამიანებს, შესაფერისი კვლევა-ძიების შემდეგ“. ეს იმას ნიშნავდა, რომ საღვთო წერილი მხოლოდ განათლებულ სამღვდელოებას უნდა ეკითხა.

1703 წელს კუნძულ ლესბოსზე მცხოვრებმა ბერმა, სერაფიმმა, ლონდონში მაქსიმის თარგმანის გადამუშავებული ვარიანტის გამოცემა სცადა. როდესაც ინგლისის სამეფო კარმა დანაპირები არ შეასრულა და საჭირო თანხა არ გამოუყო, მან საკუთარ თავზე აიღო ხარჯების გაღება. წინასიტყვაობაში სერაფიმმა იმაზე გაამახვილა ყურადღება, რომ „ყველა ღვთისმოშიშ ქრისტიანს“ უნდა წაეკითხა ბიბლია, ხოლო ეკლესიის უმაღლესი სასულიერო პირები იმაში დაადანაშაულა, რომ „თავიანთი ბოროტი საქმეების დასაფარად ხალხს უმეცრებაში ამყოფებდნენ“. როგორც მოსალოდნელი იყო, მართლმადიდებელმა მოწინააღმდეგეებმა ის დააპატიმრეს რუსეთში და ციმბირში გადაასახლეს, სადაც 1735 წელს გარდაიცვალა.

ამ პერიოდის ბერძნულენოვანი მოსახლეობის დიდი სულიერი შიმშილის შესახებ საუბრისას ერთ-ერთი ბერძენი მღვდელი მაქსიმეს თარგმანის შესახებ ამბობდა: „ბერძნებმა ეს წმინდა ბიბლია, ბიბლიის სხვა თარგმანებთან ერთად, სიყვარულითა და სიხარულით მიიღეს. ისინი კითხულობენ მას. გრძნობენ, რომ შინაგანი ტკივილი უამდებათ და ღვთისადმი რწმენა... უძლიერდებათ“. მაგრამ მათ სულიერ წინამძღოლებს ეშინოდათ, რომ, თუ ხალხი ბიბლიის კითხვას დაიწყებდა, ბიბლიასთან შეუთანხმებელ მათ სწავლებებსა და მოქმედებებს ფარდა აეხდებოდა. ამიტომ ჯერ 1823 წელს და შემდეგ 1836 წელს კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ გამოსცა ბრძანება, რომ ბიბლიის ყველა მსგავსი თარგმანი დაეწვათ.

მამაცი მთარგმნელი

ასეთი სასტიკი წინააღმდეგობისა და ბიბლიური ცოდნის წყურვილის პერიოდში გამოჩნდა ცნობილი პიროვნება, რომელმაც მთავარი როლი შეასრულა ბიბლიის თანამედროვე ბერძნულზე თარგმნაში. ეს მამაცი მამაკაცი იყო გამოჩენილი ენათმეცნიერი და ბიბლიის მკვლევარი ნეოფიტ ვამვასი, რომელსაც ერის ერთ-ერთ „განმანათლებლად“ მიიჩნევენ.

ვამვასი ხედავდა, რომ ხალხის სულიერ სიბნელეში ყოფნა მართლმადიდებლური ეკლესიის ბრალი იყო. მას მტკიცედ სწამდა, რომ ხალხის სულიერი გამოღვიძებისთვის საჭირო იყო ბიბლიის იმდროინდელ, სალაპარაკო ბერძნულზე თარგმნა. 1831 წელს სხვა მკვლევართა დახმარებით, მან ბიბლიის სალიტერატურო ბერძნულზე თარგმნა დაიწყო. ეს თარგმანი 1850 წელს გამოქვეყნდა. რადგან საბერძნეთის მართლმადიდებლური ეკლესია მას დახმარებას არ უწევდა, ვამვასი თავისი თარგმანის გამოსაქვეყნებლად და გასავრცელებლად „ბრიტანულ და უცხოურ ბიბლიურ საზოგადოებას“ დაუკავშირდა. ეკლესიამ ის „პროტესტანტად“ შერაცხა და ეკლესიიდან განკვეთა.

ვამვასი ზედმიწევნით ეყრდნობოდა „მეფე ჯეიმზის თარგმანს“ და ამიტომაც ის შეცდომები, რომელიც ამ თარგმანში იყო ბიბლიისა და იმდროინდელი ენის კარგად არცოდნის გამო, ვამვასმა თავის თარგმანშიც გადმოიტანა. მიუხედავად ამისა, მრავალი წლის განმავლობაში ეს ბიბლია ხალხისთვის ხელმისაწვდომი, თანამედროვე ბერძნულზე შესრულებული ყველაზე ზუსტი თარგმანი იყო. საინტერესოა, რომ მასში ოთხჯერ არის გამოყენებული ღვთის სახელი, ფორმით „ეოვა“ (დაბადება 22:14; გამოსვლა 6:3; 17:15; და მსაჯულნი 6:24).

როგორ მიიღო ხალხმა ბიბლიის ეს და სხვა ადვილად გასაგები თარგმანები? დიდი სიხარულით! საბერძნეთის ერთ-ერთ კუნძულთან შეჩერებულ გემზე ერთ-ერთი წიგნებით მოვაჭრე „ბრიტანული და უცხოური ბიბლიების საზოგადოების“ მიერ გამოცემულ ბიბლიებს ყიდიდა. გემს ბიბლიის შეძენის მსურველი ბავშვებით სავსე იმდენი ნავი მიადგა, რომ ის იძულებული გახდა... კაპიტნისთვის პორტიდან გასვლა ებრძანებინა“; წინააღმდეგ შემთხვევაში, ბიბლიების მთელი მარაგის ერთ ადგილზე დატოვება მოუწევდა! მაგრამ არც მოწინააღმდეგეები მსხდარან გულზე ხელდაკრეფილნი.

მართლმადიდებელი მღვდლები ხალხს ბიბლიის ასეთი თარგმანების შეძენას უშლიდნენ. მაგალითად, ათენში ბიბლიების კონფისკაცია მოახდინეს. 1833 წელს კრეტის მართლმადიდებელმა ეპისკოპოსმა ერთ-ერთ მონასტერში „ახალი აღთქმები“ იპოვა და ცეცხლს მისცა. ერთმა მღვდელმა ფარულად აიღო ერთი ეგზემპლარი, ხოლო მეზობელი სოფლების მცხოვრებლები მანამდე მალავდნენ თავიანთ წიგნებს, სანამ იქ ჩასულმა პრელატმა მათი კუნძულის დატოვება არ ინება.

რამდენიმე წლის შემდეგ, კუნძულ კორფუზე საბერძნეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდმა ვამვასის ეს თარგმანი აკრძალა. აიკრძალა მისი გაყიდვა, ხოლო არსებული ასლები გაანადგურეს. ქიოსის, სიროსისა და მიკონოსის კუნძულებზე სამღვდელოების წაქეზებით ბიბლიები დაწვეს. მაგრამ ბიბლიის თარგმანების წინააღმდეგ გალაშქრება ამით არ დამთავრებულა.

დედოფალი ბიბლიისადმი ინტერესს იჩენს

XIX საუკუნის 70-იან წლებში საბერძნეთის დედოფალმა ოლგამ დაინახა, რომ ბერძენ ერს ბიბლიის მწირი ცოდნა ჰქონდა. ის იმედოვნებდა, რომ ბიბლიური შემეცნება ანუგეშებდა და გამოაცოცხლებდა ერს და ამიტომაც სცადა, ბიბლია ვამვასის თარგმანზე უფრო გასაგებ ბერძნულზე გადაეთარგმნათ.

ათენის არქიეპისკოპოსმა და წმინდა სინოდის თავმა, პროკოპმა, არაოფიციალურად ურჩია დედოფალს ამ საქმის წამოწყება. მაგრამ, როდესაც დედოფალმა წმინდა სინოდს ოფიციალური თხოვნით მიმართა, უარი მიიღო. მიუხედავად ამისა, 1899 წელს მან კვლავ წარადგინა მოთხოვნა, მაგრამ კვლავ უარი მიიღო. მაშინ დედოფალმა გადაწყვიტა, რომ ბიბლია თავისი სახსრებით გამოეცა მცირე ტირაჟით. დედოფლის ეს სურვილი 1900 წელს განხორციელდა.

უდრეკი მოწინააღმდეგენი

1901 წელს ათენის ერთ-ერთ პოპულარულ გაზეთში „აკროპოლისში“ გამოქვეყნდა ალექსანდრე პალისის მიერ უბრალო ბერძნულ ენაზე გადათარგმნილი მათეს სახარება, რომელიც მან ლივერპულში თარგმნა. პალისისა და მისი კოლეგების მიზანი იყო, „გაენათლებინათ ბერძნები“ და „დახმარებოდნენ ხალხს“ ფეხზე წამოდგომაში.

მართლმადიდებლური სემინარიის სტუდენტებმა და მათმა პროფესორებმა ეს თარგმანი „ერის სიწმინდეების აბუჩად აგდებად“ და ბიბლიის შეურაცხყოფად მიიჩნიეს. კონსანტინოპოლის პატრიარქმა იოაკიმ III-მ გამოსცა დოკუმენტი, რომელიც უარყოფდა ამ თარგმანს. ამ პოლემიკამ პოლიტიკური ხასიათიც კი მიიღო და ამას პოლიტიკური ბანაკები ერთმანეთის წინააღმდეგ ცბიერად იყენებდნენ.

ათენის პრესის წარმომადგენლების გავლენიანმა ნაწილმა პალისის თარგმანის კრიტიკა დაიწყო და მისი მომხრეები შერაცხა „ათეისტებად“, „მოღალატეებად“ და „უცხოეთის აგენტებად“, რომლებსაც საბერძნეთის საზოგადოების დაყოფა სურდათ. 1901 წლის 5—8 ნოემბერს საბერძნეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ულტრაკონსერვატიული მიმართულების მქონე პირთა წაქეზებით, სტუდენტებმა ათენში გამოსვლები მოაწყვეს. ისინი თავს დაესხნენ გაზეთ „აკროპოლისის“ ოფისს, შეუტიეს სასახლეს, დაიკავეს ათენის უნივერსიტეტი და მთავრობის გადადგომა მოითხოვეს. როდესაც არეულობამ კულმინაციას მიაღწია, ჯარისკაცებთან შეტაკებისას რვა კაცი დაიღუპა. მეორე დღეს მეფემ არქიეპისკოპოს პროკოპის გადადგომა მოითხოვა და ორი დღის შემდეგ მინისტრთა კაბინეტი დაითხოვა.

ერთი თვის შემდეგ, სტუდენტებმა კვლავ მოაწყვეს დემონსტრაცია და ბიბლიის პალისისეული თარგმანი საჯაროდ დაწვეს. ამ თარგმანის გავრცელების ასაკრძალავად მათ შეადგინეს რეზოლუცია, რომლითაც ითხოვდნენ, რომ ყველა, ვინც კი მის გავრცელებას შეეცდებოდა, მკაცრად დასჯილიყო. სწორედ ეს დაედო საფუძვლად ბიბლიის თანამედროვე ბერძნულ ენაზე შესრულებული თარგმანების გამოყენების აკრძალვას. ეს ნამდვილად ბნელით მოცული პერიოდი იყო!

„იეჰოვას სიტყვა მარადიულად რჩება“

ბიბლიის თანამედროვე ბერძნული თარგმანის გამოყენების აკრძალვა 1924 წელს მოიხსნა. მას შემდეგ საბერძნეთის მართლმადიდებლური ეკლესია ეგუება იმას, რომ ხალხისთვის ბიბლიის დამალვის მცდელობები მარცხით მთავრდება. ამასობაში იეჰოვას მოწმეებმა საბერძნეთში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, ხალხისთვის ბიბლიის სწავლება დაიწყეს. 1905 წლიდან მოყოლებული, ბერძნულ ენაზე მოლაპარაკე ათასობით ადამიანისთვის ბიბლიური ჭეშმარიტების სწავლებისას ისინი ვამვასის თარგმანს იყენებდნენ.

წლების განმავლობაში ბევრმა მკვლევარმა და პროფესორმა დიდი შრომა გასწია ბერძნულ ენაზე ბიბლიის უფრო თანამედროვე თარგმანის გამოცემაში. დღეისათვის მთლიანი ბიბლიისა თუ მისი რომელიმე ნაწილის დაახლოებით 30 თარგმანი არსებობს, რომელთაც ადვილად გაიგებს უბრალო ბერძენი ხალხი. ამ თარგმანებიდან მართლაც რომ უძვირფასესია „წმინდა წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ ბერძნული ვარიანტი, რომელიც 1997 წელს გამოიცა ბერძნულ ენაზე მოლაპარაკეთათვის, რომელთა რიცხვი მსოფლიოში 16 მილიონია. იეჰოვას მოწმეების მიერ გამოქვეყნებული ღვთის სიტყვის ეს თარგმანი ადვილად იკითხება, ადვილად გასაგებია და ორიგინალის მიხედვითაა შესრულებული.

ბიბლიის თანამედროვე ბერძნულ ენაზე გადათარგმნისთვის გაწეული ბრძოლა მნიშვნელოვან რამეს გვასწავლის. ნათლად ვხედავთ, რომ ადამიანების ღვარძლიანი მცდელობების მიუხედავად, „იეჰოვას სიტყვა მარადიულად რჩება“ (1 პეტრე 1:25, აქ).

[სქოლიოები]

^ აბზ. 7 კირილოს ლუკარისის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ 2000 წლის 15 თებერვლის „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 26—29.

[სურათი 27 გვერდზე]

კირილოს ლუკარისის თაოსნობით 1630 წელს ბერძნულ ენაზე პირველად ითარგმნა ქრისტიანულ-ბერძნული წერილები.

[საავტორო უფლება]

Bib. Publ. Univ. de Genève

[სურათები 28 გვერდზე]

სალაპარაკო ბერძნულზე შესრულებული თარგმანები: „ფსალმუნები“, რომლებიც გამოსცეს: 1) 1828 წელს ილარიონმა, 2) 1832 წელს ვამვასმა, 3) 1643 წელს იულიანემ. 4)„ძველი აღთქმა“ გამოსცა 1840 წელს ვამვასმა.

დედოფალი ოლგა

[საავტორო უფლება]

Bibles: National Library of Greece; Queen Olga: Culver Pictures

[საავტორო უფლება 26 გვერდზე]

Papyrus: Reproduced by kind permission of The Trustees of the Chester Beatty Library, Dublin

[საავტორო უფლება 29 გვერდზე]

Papyrus: Reproduced by kind permission of The Trustees of the Chester Beatty Library, Dublin