მკითხველთა შეკითხვები
მკითხველთა შეკითხვები
ყოველთვის უნდა შეასრულოს ქრისტიანმა ღვთისადმი მიცემული აღთქმა?
ბიბლიიდან გამომდინარე, აღთქმა არის ღვთისთვის სერიოზული დაპირების მიცემა რაიმე საქმის გაკეთებასთან, შეწირვასთან, რაღაც განსაკუთრებულის შესრულებასთან, საკუთარ თავზე რაიმე მოვალეობის აღებასთან დაკავშირებით, ან თავის შეკავება გარკვეული რამისგან, რაც, როგორც ასეთი, უკანონობად არ ითვლება. ბიბლიაში მოცემულია ღვთის მსახურთა მიერ პირობით დადებული აღთქმების შემთხვევები: ღმერთი თუ შეუსრულებდა თხოვნას, მაშინ ისინიც შეასრულებდნენ თავიანთ აღთქმას. მაგალითად, წინასწარმეტყველ სამუელის დედა, ხანა, „აღუთქვამდა და ეუბნებოდა: ცაბაოთ უფალო, თუ... არ დაივიწყებ შენს მხევალს, და მისცემ შენს მხევალს ვაჟიშვილს, უფალს დავუთმობ მას. ვიდრე ცოცხალი იქნება, დანა არ შეეხება მის თავს“ (პირველი მეფეთა 1:11). ბიბლიაში ისიც არის ნათქვამი, რომ ამას ნებაყოფლობით აკეთებდნენ. რამდენად სავალდებულოა ღვთისთვის მიცემული აღთქმის შესრულება?
„თუ ღმერთს აღთქმას მისცემ, — ამბობს ძველი ისრაელის მეფე სოლომონი, — ნუ დააყოვნებ მის აღსრულებას“. შემდეგ კი დასძენს: „სჯობს არ აღუთქვა, ვიდრე აღთქმული არ აღუსრულო“ (ეკლესიასტე 5:3, 4). მოსეს მეშვეობით ისრაელისთვის მიცემულ რჯულში ნათქვამია: „თუ აღთქმას დაუდებ უფალს, შენს ღმერთს, ნუ დააგვიანებ მის შესრულებას, რადგან მოიკითხავს მას შენგან უფალი, შენი ღმერთი, და ცოდვა დაგედება“ (მეორე რჯული 23:21). ნათელია, რომ ღვთისათვის აღთქმის მიცემა სერიოზული საქმეა. ამას ადამიანი სწორი მოტივით უნდა აკეთებდეს და დარწმუნებული იყოს, რომ აღთქმის შესრულება შეუძლია. წინააღმდეგ შემთხვევაში, უკეთესი იქნებოდა, არ დაედო აღთქმა. მაგრამ ყველა აღთქმა უნდა შეასრულოს ქრისტიანმა?
რა შეიძლება ითქვას იმასთან დაკავშირებით, თუ ვინმემ რაღაცის გაკეთების პირობა დადო, მოგვიანებით კი გაირკვა, რომ ეს ღვთის ნებას ეწინააღმდეგება? ან ისეთ აღთქმას ხომ არ ვდებთ, რომელიც ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას უზნეობას უკავშირებს? (მეორე რჯული 23:18). ნათელია, რომ ასეთი აღთქმა არ უნდა შესრულდეს. მაგალითად, მოსეს რჯულის თანახმად, მამას ან ქმარს შეეძლო ქალის აღთქმის გაუქმება (რიცხვნი 30:4—16).
განვიხილოთ მათი მაგალითიც, რომლებმაც ღმერთს აღუთქვეს, რომ არ დაქორწინდებოდნენ, მაგრამ ამის შესრულება ძალიან უჭირთ. ასეთმა აღთქმამ პიროვნება შეიძლება უზნეობის ჩადენის საფრთხის წინაშე დააყენოს. უნდა განაგრძოს კვლავ აღთქმის შესაბამისად მოქმედება? განა უკეთესი არ იქნებოდა, დაერღვია აღთქმა, რათა უზნეობა არ ჩაედინა და ღვთისთვის შეწყალება და პატიება ეთხოვა? ეს საკითხი მან თავად უნდა გადაწყვიტოს. სხვას არავის შეუძლია მის მაგივრად გადაწყვეტილების მიღება.
რა შეიძლება ითქვას იმაზე, თუ ვიღაცამ დადო აღთქმა, მაგრამ მოგვიანებით მიხვდა, რომ ეს ნაჩქარევად გააკეთა? მაინც უნდა შეასრულოს ეს აღთქმა? იფთახისთვის ადვილი არ იყო ღვთისათვის დადებული აღთქმის შესრულება, მაგრამ მან ის პირნათლად შეასრულა (მსაჯულნი 11:30—40). აღთქმის შეუსრულებლობამ შეიძლება ღმერთი ‘განარისხოს’ და მის თვალში გაუფასურდეს ყველაფერი, რაც ამ ადამიანს მანამდე გაუკეთებია (ეკლესიასტე 5:5). თუ აღთქმის შესრულებას ქრისტიანი ზერელედ მოეკიდება, შეიძლება ღვთის კეთილგანწყობა დაკარგოს.
იესო ქრისტემ თქვა: „იყოს თქვენი სიტყვა: ჰო — ჰო, არა — არა. რაც ამაზე მეტია, ის ბოროტისგანაა“ (მათე 5:37). ქრისტიანმა არა მარტო ღვთისთვის მიცემული აღთქმის შესრულებაზე უნდა იზრუნოს, არამედ სიტყვის შემსრულებელი იყოს — როგორც ღვთის, ისე ადამიანების წინაშე. რა შეიძლება ითქვას იმაზე, თუ პიროვნებამ სხვასთან დადო ისეთი პირობა, რომელიც თავიდან კარგი ეჩვენებოდა, მაგრამ დაფიქრების შემდეგ აღმოჩნდა, რომ არაგონივრულია? ის დაუდევრად არ უნდა მოეკიდოს ამ საკითხს. სერიოზული მოლაპარაკების შემდეგ, შეიძლება მას შეუმსუბუქონ ვალდებულება (ფსალმუნი 14:4; იგავნი 6:2, 3).
აღთქმის დადება იქნება თუ სხვა რამ, რა უნდა იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი? მოდი ყოველთვის ვეცადოთ, რომ იეჰოვასთან კარგი ურთიერთობა შევინარჩუნოთ.
[სურათები 30, 31 გვერდებზე]
ხანას არ დაუყოვნებია აღთქმის შესრულება.
[სურათები 30, 31 გვერდებზე]
თუმცა ძალიან უჭირდა, იფთახმა მაინც შეასრულა აღთქმა.