არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„მწყემსეთ ღვთის სამწყსო“

„მწყემსეთ ღვთის სამწყსო“

მოდით ჩემთან... და მე გამოგაცოცხლებთ“

„მწყემსეთ ღვთის სამწყსო“

„თქვენ ყოველთვის მზად ხართ, მოგვისმინოთ და ბიბლიიდან გამამხნევებელი აზრები გაგვიზიაროთ“ (პამელა).

„მადლობას გიხდით ყველაფრისთვის, რასაც ჩვენთვის აკეთებთ. ეს ჩვენზე დიდ გავლენას ახდენს“ (რობერტი).

პამელა და რობერტი აღძრული იყვნენ, რომ თავიანთი კრების უხუცესებისთვის ეს მადლიერების გამომხატველი სიტყვები მიეწერათ. მთელ მსოფლიოში ღვთის სხვა მსახურებიც მადლიერი არიან იმ მხარდაჭერისა და ზრუნვისთვის, რომელსაც იღებენ მათგან, ვინც ‘მწყემსავს ღვთის სამწყსოს’ (1 პეტრე 5:2). იეჰოვას ხალხი ემადლიერება უხუცესებს მათ მიერ გამოვლენილი მზრუნველობის გამო.

‘უხვნი’

ქრისტიან უხუცესებს მრავალი პასუხისმგებლობა აქვთ მინდობილი (ლუკა 12:48). ისინი კრების შეხვედრებისთვის საჯარო მოხსენებებს ამზადებენ და ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგებაში მონაწილეობენ. მათ მოვალეობაში შედის თანამორწმუნეების სამწყემსო მონახულებები. უხუცესები ხანდაზმულებისა და გაჭირვებულებისთვისაც პოულობენ დროს, მათ ხომ განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ. და ყველაფერ ამასთან ერთად, არც საკუთარი ოჯახების სულიერ და მატერიალურ საჭიროებებზე ზრუნვა ავიწყდებათ (იობი 29:12—15; 1 ტიმოთე 3:4, 5; 5:8). ზოგიერთი უხუცესი სამეფო დარბაზების მშენებლობაში მონაწილეობს. სხვები საავადმყოფოებთან ურთიერთობის კომიტეტებში მსახურობენ ან ავადმყოფთა მომნახულებელ ჯგუფებში არიან გაერთიანებული. ბევრი მათგანი კი მოხალისედ მსახურობს დიდსა თუ პატარა კონგრესებზე. დიახ, უხუცესები ‘უხვობენ უფლის საქმეში’ (1 კორინთელთა 15:58). გასაკვირი არაა, რომ უხუცესთა თავდაუზოგავ შრომას დიდად აფასებენ ისინი, რომლებიც მათ ენდობიან! (1 თესალონიკელთა 5:12, 13).

უხუცესები, რომლებიც სულიერი გაძლიერების მიზნით თანაქრისტიანებს რეგულარულად ინახულებენ სახლში თუ სხვაგან, გამხნევების წყარო არიან. „უხუცესებისგან მხარდაჭერა და გამხნევება რომ არ მიმეღო, — თქვა ტომასმა, რომელიც მამის მზრუნველობის გარეშე გაიზარდა, — არა მგონია, დღეს იეჰოვას სრული დროით მსახური ვყოფილიყავი“. მარტოხელა მშობლიან ოჯახებში აღზრდილი ბევრი ახალგაზრდა აღიარებს, რომ სწორედ უხუცესების ყურადღება დაეხმარა მათ ღმერთთან პირადი ურთიერთობის დამყარებაში.

სამწყემსო მონახულებას კრების ხანდაზმული წევრებიც ძალიან აფასებენ. მას შემდეგ, რაც ორმა უხუცესმა 80 წელს გადაცილებული მისიონერი ცოლ-ქმარი მოინახულა, ამ წყვილმა შემდეგი სიტყვები მისწერა მათ: „დიდი მადლობა გვინდა გადაგიხადოთ თქვენი სასიამოვნო სტუმრობისთვის. თქვენი წასვლის შემდეგ კვლავ წავიკითხეთ ის მუხლები, რომლებიც ჩვენთან ერთად განიხილეთ. არასდროს დავივიწყებთ ამ გამამხნევებელ სიტყვებს“. 70 წლის ქვრივმა კი ასეთი სიტყვები მისწერა უხუცესებს: „იეჰოვას ვთხოვდი დახმარებას და მან თქვენ გამოგგზავნათ ჩემს სახლში. თქვენი სტუმრობა იეჰოვასგან კურთხევა იყო ჩემთვის!“. თქვენც ხომ არ გწვევიან ამ ბოლო დროს კრების უხუცესები? მართლაც, თითოეული ჩვენგანი აფასებს სამწყსოზე ზრუნვისთვის გაწეულ მათ ძალისხმევას!

მწყემსები, რომლებიც ღმერთსა და იესოს ჰბაძავენ

იეჰოვა მოსიყვარულე მწყემსია (ფსალმუნი 22:1—4; იერემია 31:9; 1 პეტრე 2:25). იესოც შეუდარებელი მწყემსია, რომელიც ჩვენს სულიერ მოთხოვნილებებზე ზრუნავს. სხვათა შორის, მას „მწყემსი კეთილი“, „დიდი მწყემსი“ და „მწყემსმთავარიც“ ეწოდება (იოანე 10:11; ებრაელთა 13:20; 1 პეტრე 5:4). როგორ ეპყრობოდა იესო იმათ, ვისაც სურდა მისი მოწაფე გამხდარიყო? ის მათ გულთბილად იწვევდა: „მოდით ჩემთან, მძიმედ მშრომელნო და ტვირთმძიმენო, და მე გამოგაცოცხლებთ“ (მათე 11:28, აქ).

უხუცესებიც ცდილობენ, გაამხნევონ და დაიცვან სამწყსო. ასეთი მამაკაცები არიან, „როგორც საფარი ქარში, თავშესაფარი ავდარში, როგორც წყლის ნაკადულები უდაბნოში, როგორც მაღალი კლდისგან დაფენილი ჩრდილი ურწყულ მიწაზე“ (ესაია 32:2). ასეთ დამცველებს გამხნევება და გამოცოცხლება მოაქვთ. ამიტომ ისინი სამწყსოსგან პატივისცემას, ღვთისგან კი მოწონებას იმსახურებენ (ფილიპელთა 2:29; 1 ტიმოთე 5:17).

ცოლების მხარდაჭერა დასაფასებელია

ღვთის ხალხი ემადლიერება უხუცესებს და, ასევე, მათ ცოლებს, რომლებიც სიყვარულით უჭერენ მხარს თავიანთ მეუღლეებს. ხანდახან მხარდაჭერის გამოვლენა ასეთი ქალებისგან მსხვერპლის გაღებას ნიშნავს. ზოგჯერ ისინი სახლში არიან, როდესაც მათი ქმრები კრების საჭიროებებზე ზრუნავენ და სამწყსოს ინახულებენ. ხანდახან კი გეგმების შეცვლაც უხდებათ, რადგან გადაუდებელი პრობლემა წამოიჭრება ხოლმე კრებაში. „მაშინაც კი, — ამბობს მიშელი, — როდესაც ვხედავ, რომ ჩემი ქმარი კრებისთვის მზადებით ან სამწყემსო მონახულებებით არის დაკავებული, საკუთარ თავს ვახსენებ, რომ ის იეჰოვას საქმეს აკეთებს და ვცდილობ, შეძლებისდაგვარად მხარში ამოვუდგე“.

შერილი, რომელიც აგრეთვე უხუცესის ცოლია, ამბობს: „ვიცი, რომ კრებაში ძმებსა და დებს უხუცესთან დალაპარაკება სჭირდებათ და ვცდილობ, რომ მათ თავისუფლად გააკეთონ ეს“. ისეთი მხარდამჭერი მეუღლეები, როგორებიც მიშელი და შერილი არიან, სიამოვნებით იღებენ მსხვერპლს, რათა მათმა ქმრებმა ღვთის ცხვრებზე ზრუნვა შეძლონ. უხუცესების ცოლებს ასეთი მხარდაჭერისთვის აფასებენ.

მაგრამ რამდენად ბევრი საქმეც უნდა ჰქონდეს უხუცესს, ცოლ-შვილის სულიერ თუ სხვა საჭიროებებზე ზრუნვა არ უნდა გამორჩეს მხედველობიდან. დაქორწინებული უხუცესი უნდა იყოს ‘უმწიკვლო, ერთი ცოლის ქმარი, ჰყავდეს მორწმუნე შვილები, გარყვნილებასა და ურჩობაში ბრალდაუდებელნი’ (ტიტე 1:6). ის თავის ოჯახზე ისე უნდა ზრუნავდეს, როგორც ამას საღვთო წერილი მოითხოვს ქრისტიანი ზედამხედველებისგან (1 ტიმოთე 3:1—7).

უხუცესისთვის, რომელსაც უამრავი საქმე აქვს, მხარდამჭერი ცოლი ძალიან ძვირფასია! სწორედ ასე ფიქრობენ ყურადღებიანი უხუცესები. ეს შეესაბამება ბიბლიის სიტყვებს: „ვინც კარგი ცოლი ჰპოვა, მან სიკეთე ჰპოვა“ (იგავნი 18:22). უხუცესები თავიანთი ცოლებისადმი გულწრფელ მადლიერებას სიტყვითა და საქმით ავლენენ. გარდა ერთად წარმოთქმული ლოცვებისა და ერთად ჩატარებული სასიამოვნო შესწავლისა, ეს ქრისტიანი წყვილები ერთად დასეირნობენ სანაპიროზე თუ პარკებში, და მიდიან ლაშქრობებზე. დიახ, უხუცესები სიამოვნებით ზრუნავენ მეუღლეებზე (1 პეტრე 3:7).

უხუცესები, რომელებიც უანგაროდ მწყემსავენ ღვთის სამწყსოს, იეჰოვას ხალხისთვის სულიერად გამომაცოცხლებელ წყაროს წარმოადგენენ. მართლაც, ისინი არიან „ძღვენი ადამიანების სახით“ და კურთხევა კრებისთვის! (ეფესელთა 4:8, 11—13, აქ).