არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ნუ მივატოვებთ ჩვენს შესაკრებელს

ნუ მივატოვებთ ჩვენს შესაკრებელს

ნუ მივატოვებთ ჩვენს შესაკრებელს

„ნუ მივატოვებთ ჩვენს შესაკრებელს, როგორც ზოგიერთებს სჩვევიათ, — ნათქვამია საღვთო წერილში, — არამედ შევაგონოთ ერთმანეთს. და, მით უმეტეს, რაც უფრო მეტად ატყობთ იმ დღის მოახლოებას“ (ებრაელთა 10:25). ნათელია, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანები უნდა შეიკრიბონ თაყვანისცემის ადგილებში, რათა ‘წაახალისონ ერთმანეთი სიყვარულისა და კეთილი საქმეებისთვის’ (ებრაელთა 10:24).

როდესაც მოციქულმა პავლემ ზემოხსენებული სიტყვები დაწერა ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, იუდეველთათვის თაყვანისცემის ადგილს იერუსალიმის დიდებული ტაძარი წარმოადგენდა. მათ აგრეთვე სინაგოგები ჰქონდათ. იესო ‘ასწავლიდა სინაგოგასა და ტაძარში, სადაც ყველა იუდეველი იკრიბებოდა’ (იოანე 18:20).

რომელი შესაკრებელი ადგილი ჰქონდა მხედველობაში პავლეს, როდესაც ქრისტიანებს ურჩევდა, შეკრებილიყვნენ და წაეხალისებინათ ერთმანეთი? დღესაც იგივე დანიშნულება აქვს ქრისტიანული სამყაროს ტაძრებს, რა დანიშნულებაც იერუსალიმის ტაძარს ჰქონდა? როდის დაიწყეს ეგრეთ წოდებულმა ქრისტიანებმა მასიური ნაგებობების შენება?

‘ღვთის სახელზე აშენებული სახლი’

ღვთისადმი თაყვანისმცემლობის ადგილი ბიბლიაში პირველად წიგნ „გამოსვლაშია“ მოხსენიებული. იეჰოვა ღმერთმა თავის რჩეულ ხალხს, ისრაელს, „კარვის“ ანუ „საკრებულო კარვის“ გაკეთება დაავალა. იქ შეთანხმების კიდობანი და სხვადასხვა წმინდა ჭურჭელი ინახებოდა. ძვ. წ. 1512 წელს, მისი მშენებლობის დასრულების შემდეგ, ‘უფლის დიდება ავსებდა სავანეს [კარავს]’. ეს ადვილად გადასაადგილებელი კარავი ოთხ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში მთავარი საშუალება იყო ღმერთთან მისაახლოებლად (გამოსვლა 25—27 თავები; 40:33—38). ბიბლია ამ კარავს „უფლის სახლსაც“ უწოდებს (პირველი მეფეთა 1:9, 24).

მოგვიანებით, იერუსალიმში მეფობის დროს, დავითს დიდი სურვილი გაუჩნდა, იეჰოვას განსადიდებლად სახლი აეშენებინა. მაგრამ დავითი მეომარი კაცი იყო და იეჰოვამ მას უთხრა: „შენ არ ააშენებ ჩემს სახელზე სახლს“. იეჰოვამ დავითის ძე, სოლომონი, აირჩია, რომ ტაძარი აეშენებინა (პირველი ნეშტთა 22:6—10). მშენებლობა შვიდ-ნახევარი წელიწადი მიმდინარეობდა. ძვ. წ. 1026 წელს სოლომონმა ტაძარი იეჰოვას მიუძღვნა. ღმერთმა მოიწონა ეს შენობა და თქვა: „მე ვაკურთხე ეს სახლი, შენ რომ ააშენე ჩემი სახელის დასამკვიდრებლად უკუნისამდე; ჩემი თვალი და გული მუდამჟამს მანდ იქნება“ (მესამე მეფეთა 9:3). სანამ ისრაელი იეჰოვასადმი ერთგული იქნებოდა, ამ სახლს წყალობა არ მოაკლდებოდა. მაგრამ, თუ ისინი სწორად არ მოიქცეოდნენ, იეჰოვა წაართმევდა კურთხევას ამ ადგილს და ‘ნანგრევად იქცეოდა ეს სახლი’ (მესამე მეფეთა 9:3—9; მეორე ნეშტთა 7:16, 19, 20).

დროთა განმავლობაში ისრაელმა ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა მიატოვა (მეოთხე მეფეთა 21:1—5). „მოუვლინა [იეჰოვამ] მათ ქალდეველთა მეფე . . . გადაწვეს ღვთის სახლი და დაანგრიეს იერუსალიმის კედელი, გადაბუგეს ყველა მისი სასახლე და გაანადგურეს ყველა მისი ძვირფასეულობა. მახვილს გადარჩენილნი ბაბილონში გადაასახლა; და იყვნენ მისი და მისი ვაჟების მორჩილნი“. ბიბლიის ცნობის თანახმად, ეს ძვ. წ. 607 წელს მოხდა (მეორე ნეშტთა 36:15—21; იერემია 52:12—14).

ესაიას წინასწარმეტყველების თანახმად, ღმერთმა სპარსეთის მეფე კიროსის მეშვეობით იუდეველები ბაბილონის ქვეშევრდომობიდან გაათავისუფლა (ესაია 45:1). ძვ. წ. 537 წელს, 70 წლის განმავლობაში გადასახლებაში ყოფნის შემდეგ, იუდეველები იერუსალიმში დაბრუნდნენ ტაძრის აღსადგენად (პირველი ეზრა 1:1—6; 2:1, 2; იერემია 29:10). შეფერხებების მიუხედავად, ტაძრის მშენებლობა ძვ. წ. 515 წელს დასრულდა და ღვთისადმი წმინდა თაყვანისმცემლობა აღდგა. თუმცა ის სოლომონის ტაძარივით დიდებული არ იყო, დაახლოებით 600 წელი იარსება. შემდეგ ეს ტაძარიც გამოუსადეგარი გახდა, რადგან ისრაელებმა იეჰოვას თაყვანისმცემლობა მიატოვეს. დედამიწაზე იესოს მოსვლის დროს მეფე ჰეროდე ხელახლა აშენებდა ამ ტაძარს. რა მომავალი ელოდა მას?

„ქვა ქვაზე არ დარჩება“

იერუსალიმის ტაძრის შესახებ იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: „ქვა ქვაზე არ დარჩება აქ, რომ არ გადაიქცეს“ (მათე 24:1, 2). მართლაცდა, ადგილი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ღვთის თაყვანისცემის ცენტრად ითვლებოდა, ახ. წ. 70 წელს იუდეველთა აჯანყების ჩასახშობად მოსულმა რომაელთა ჯარმა გაანადგურა *. ეს ტაძარი მას შემდეგ აღარასდროს აღუდგენიათ. მეშვიდე საუკუნეში ამ ადგილზე მუსლიმანური მეჩეთი, კუბათ ალ-სახრი, აღმართეს და დღემდე დგას იქ, სადაც ადრე იუდეველთა სამლოცველო ადგილი იყო.

როგორ უნდა ეცათ ღვთისთვის თაყვანი იესოს მიმდევრებს? უნდა განეგრძოთ ებრაული წარმოშობის პირველ ქრისტიანებს ღვთის თაყვანისცემა კვლავ იმ ტაძარში, რომელიც მალე დაინგრეოდა? სად უნდა ეცათ ღვთისთვის თაყვანი არაიუდეველ ქრისტიანებს? შეასრულებდა ქრისტიანული სამყაროს რელიგიური ნაგებობები იერუსალიმის ტაძრის მოვალეობას? სამარიელ ქალთან იესოს საუბარი ნათელს ჰფენს ამ საკითხს.

სამარიელები საუკუნეების განმავლობაში გერიზიმის მთაზე აგებულ დიდ ტაძარში სცემდნენ თაყვანს ღმერთს. „ჩვენი მამები ამ მთაზე სცემდნენ თაყვანს, — უთხრა სამარიელმა ქალმა იესოს, — თქვენ კი ამბობთ, იერუსალიმშია ადგილი, სადაც უნდა სცემდნენო თაყვანს“. იესომ ქალს შემდეგი პასუხი გასცა: „დედაკაცო, მერწმუნე დგება ჟამი, როცა არც ამ მთაზე და არც იერუსალიმში თაყვანს აღარ სცემთ მამას“. როგორც იესომ ახსნა, იეჰოვასთვის თაყვანსაცემად ტაძარი აღარ იქნებოდა საჭირო: „ღმერთი არის სული და მისი თაყვანისმცემელნი თაყვანს უნდა სცემდნენ სულითა და ჭეშმარიტებით“ (იოანე 4:20, 21, 24). მოგვიანებით კი მოციქულმა პავლემ ათენელებს უთხრა: „ღმერთი, შემოქმედი სამყაროსი და ყოველივე მასში არსებულისა, უფალი ცისა და მიწისა, ხელთქმნილ ტაძრებში არ მკვიდრობს“ (საქმეები 17:24).

ნათელია, რომ ქრისტიანული სამყაროს შენობებს არავითარი კავშირი არა აქვთ ქრისტიანობამდე არსებულ იმ დიდებულ ტაძართან. ამიტომ პირველ საუკუნეში მცხოვრებ ქრისტიანებს ასეთი შენობების აგების არანაირი მიზეზი არ ჰქონდათ. მაგრამ მოციქულების სიკვდილის შემდეგ, როგორც ეს ნაწინასწარმეტყველებიც იყო, ჭეშმარიტი სწავლებებიდან გადახვევა, ანუ განდგომილება დაიწყო (საქმეები 20:29, 30). როგორც ვარაუდობენ, ახ. წ. 313 წლისთვის, როდესაც რომის იმპერატორმა კონსტანტინემ ქრისტიანობა მიიღო, ქრისტიანებს უკვე გადახვეული ჰქონდათ იესოს სწავლებებისგან.

კონსტანტინეს დიდი „წვლილი“ მიუძღვის „ქრისტიანობისა“ და წარმართული რომაული რელიგიის შერწყმაში. ენციკლოპედია „ბრიტანიკაში“ ვკითხულობთ: „კონსტანტინემ თვითონ გასცა რომში სამი უდიდესი ტაძრის მშენებლობის ბრძანება. ეს შენობები იყო: წმინდა პეტრეს ტაძარი, სან-ლორენცო ფუორი ლე მურა და სან-ჯოვანი ინ ლატერანო. მან . . . შექმნა ჯვრის ფორმის ტაძრების გეგმა, რომელიც შუა საუკუნეებში დასავლეთ ევროპაში სტანდარტად იქცა“. რეკონსტრუირებული წმინდა პეტრეს ტაძარი დღესაც რომის კათოლიკური ეკლესიის უმნიშვნელოვანეს ნაწილად ითვლება.

„ეკლესიამ ქრისტიანობამდელ [წარმართულ] რომში გავრცელებული ზოგიერთი რელიგიური ჩვეულება და თაყვანისმცემლობის ფორმა შეითვისა“, — ამბობს ისტორიკოსი უილ დიურანტი. რა თქმა უნდა, ეს „ტაძრების არქიტექტურასაც“ შეეხო. X—XV საუკუნეებში ეკლესიებისა და საკათედრო ტაძრების მშენებლობის ბუმის დროს არქიტექტურას დიდი ყურადღება ექცეოდა. სწორედ ამ დროს აშენდა დღეისათვის ხელოვნების ნიმუშებად მიჩნეული ქრისტიანული სამყაროს ნაგებობები.

ყოველთვის მხნევდებიან ადამიანები სულიერად ეკლესიაში თაყვანისმცემლობით? „ჩემთვის ეკლესია მოსაწყენი და დამღლელი გახდა, — ამბობს ბრაზილიელი ფრანცისკო. — მესა კი უაზრო და მომაბეზრებელ ცერემონიად იქცა, რომელიც სულიერ მოთხოვნილებებს ვერ მიკმაყოფილებდა. შვებით ამოვისუნთქებდი ხოლმე, როდესაც ის მთავრდებოდა“. მიუხედავად ამისა, ჭეშმარიტ ქრისტიანებს ღმერთმა დაავალა, რომ ერთად შეკრებილიყვნენ. ვის მაგალითს უნდა მიჰყოლოდნენ?

„კრება, რომელიც მათ სახლში იკრიბება“

ქრისტიანები ერთად იკრიბებიან ისევე, როგორც პირველ საუკუნეში მცხოვრები მორწმუნეები. საღვთო წერილში ვკითხულობთ, რომ ისინი საკუთარ სახლებში იკრიბებოდნენ. მაგალითად, მოციქულმა პავლემ დაწერა: „მომიკითხეთ პრისკა და აკვილა, ჩემი თანამშრომლები ქრისტე იესოში . . . მომიკითხეთ კრებაც, რომელიც მათ სახლში იკრიბება“ (რომაელთა 16:3—5, აქ; კოლასელთა 4:15; ფილიმონი 2). ბიბლიის ზოგიერთი ქართული თარგმანი „კრებად“ გადმოთარგმნილ ბერძნულ სიტყვას, „ეკკლესიას“, თარგმნის „ეკლესიად“. მაგრამ ეს ბერძნული სიტყვა შენობას კი არა, ერთი მიზნისთვის გაერთიანებულ ხალხის ჯგუფს ეხება (საქმეები 8:1). ჭეშმარიტ ქრისტიანებს თაყვანისმცემლობისთვის მდიდრული შენობები სულაც არ სჭირდებათ.

როგორ ტარდებოდა შეხვედრები პირველ ქრისტიანულ კრებებში? ქრისტიანულ შეხვედრებთან დაკავშირებით მოწაფე იაკობი ბერძნულ სიტყვა „სინაგოგას“ იყენებს (იაკობი 2:2). ამ ბერძნულ სიტყვას „ერთად შეკრების“ მნიშვნელობა აქვს და სიტყვა „ეკკლესიის“ სინონიმად გამოიყენება. თუმცა ამ სიტყვამ დროთა განმავლობაში შეკრების ადგილის და შენობის მნიშვნელობა შეიძინა. პირველ საუკუნეში მცხოვრები იუდეველი ქრისტიანებისთვის ცნობილი იყო, რა მიზანს ემსახურებოდა სინაგოგა *.

იუდეველები იერუსალიმის ტაძარში ყოველწლიურ დღესასწაულებზე მიდიოდნენ, ადგილობრივ სინაგოგებში კი იეჰოვას შესახებ უფრო მეტის გასაგებად და რჯულის სასწავლად დადიოდნენ. სინაგოგაში შეკრებილნი ლოცულობდნენ, კითხულობდნენ საღვთო წერილს, დაწვრილებით განიხილავდნენ მას და ერთმანეთს შეაგონებდნენ. როდესაც პავლე და მასთან მყოფები ანტიოქიის სინაგოგაში შევიდნენ, «სინაგოგის უფროსებმა მიუგზავნეს მათ [კაცი] და უთხრეს: „კაცნო, ძმანო, თუ რამე შეგონების სიტყვა გაქვთ ამ ხალხისათვის სათქმელი, თქვით“» (საქმეები 13:15). საკუთარ სახლებში შეკრებილი იუდეველი ქრისტიანებიც ანალოგიურად იქცეოდნენ და შეხვედრების დროს საღვთო წერილითა და სულიერი საუბრებით ამხნევებდნენ ერთმანეთს.

გამამხნევებელი კრებები

პირველ საუკუნეში მცხოვრები ქრისტიანების მსგავსად, იეჰოვას მოწმეებიც თაყვანისცემისთვის განკუთვნილ უბრალო ადგილებზე იკრიბებიან, რათა ბიბლიით დაიმოძღვრონ და ერთმანეთთან ჯანსაღი ურთიერთობით გაიხარონ. წლების მანძილზე ისინი საკუთარ სახლებში იკრიბებოდნენ და ზოგან კვლავაც ასე იქცევიან. მაგრამ დღეისათვის 90 000-ზე მეტი კრებაა და მათი შეხვედრის მთავარ ადგილს სამეფო დარბაზი წარმოადგენს. ეს შენობები არც თვალში საცემია და არც ეკლესიებს წააგავს. ისინი პრაქტიკული და სადა შენობებია, სადაც 100—200 ადამიანს საშუალება ეძლევა, ყოველკვირეულ შეხვედრებზე მოისმინოს და შეისწავლოს ღვთის სიტყვა.

იეჰოვას მოწმეთა კრებების უმეტესობის შეხვედრები კვირაში სამჯერ ტარდება. ერთი შეხვედრა არის რომელიმე აქტუალურ თემაზე აგებული საჯარო ლექცია. მას მოსდევს ბიბლიურ თემაზე ან წინასწარმეტყველებაზე დაფუძნებული სტატიის შესწავლა ჟურნალ „საგუშაგო კოშკიდან“. შემდეგი სკოლის შეხვედრაა, რომელიც ბიბლიური ცნობის ქადაგებაში დახელოვნებას ემსახურება. მას მოსდევს შეხვედრა, რომელიც ქრისტიანულ მსახურებასთან დაკავშირებულ პრაქტიკულ რჩევებს ეძღვნება. კვირაში ერთხელ კი იეჰოვას მოწმეები პატარა ჯგუფებად საკუთარ სახლებშიც იკრიბებიან ბიბლიის შესასწავლად. ამ შეხვედრებზე დასწრება ყველას შეუძლია და ფულის აკრეფაც არ ხდება.

ფრანცისკომ, რომელიც ზემოთ მოვიხსენიეთ, სამეფო დარბაზში კრების შეხვედრებზე დასწრებით დიდი სარგებლობა მიიღო. ის ამბობს: „პირველად შეხვედრას ქალაქის ცენტრში მდებარე სამეფო დაბრაზში დავესწარი და სახლში კარგი შთაბეჭდილებით დავბრუნდი. დამსწრეთა შორის მეგობრული სული და სიყვარული სუფევდა. იქ წასვლას კვლავ მოუთმენლად ველოდი. მას შემდეგ, ფაქტობრივად, არასდროს გამიცდენია კრების შეხვედრა. ეს ქრისტიანული შეხვედრები საინტერესოა და ჩემს სულიერ მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს. მაშინაც კი, როდესაც რაღაცის გამო გულგატეხილი ვარ, სამეფო დარბაზში მივდივარ და მჯერა, რომ სახლში გამხნევებული დავბრუნდები“.

ბიბლიასთან ახლოს გაცნობა, გამამხნევებელი ურთიერთობა და ღვთისთვის ხოტბის შესხმის საშუალება თქვენც მოგეცემათ, თუ იეჰოვას მოწმეთა ქრისტიანულ შეხვედრებზე მოხვალთ. გულითადად გიწვევთ თქვენს სახლთან ახლოს მდებარე სამეფო დარბაზში. იცოდეთ, არ ინანებთ.

[სქოლიოები]

^ აბზ. 11 რომაელებმა მთლიანად გაანადგურეს ტაძარი. გოდების კედელი, სადაც შორი მანძილიდანაც კი უამრავი იუდეველი მიდის სალოცავად, იმ დიდებული ტაძრის ნაწილი არ არის. ის მხოლოდ ტაძრის შიდა ეზოს ნაწილია.

^ აბზ. 20 როგორც ჩანს, სინაგოგები ჩამოყალიბდა ბაბილონში 70-წლიანი გადასახლების დროს, როდესაც ტაძარი არ არსებობდა, ან მოგვიანებით, გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ, სანამ ტაძარი ჯერ კიდევ შენდებოდა. პირველ საუკუნეში პალესტინის თითოეულ პატარა ქალაქს თავისი სინაგოგა ჰქონდა, უფრო დიდ ქალაქებს კი — ერთზე მეტიც.

[სურათები 4, 5 გვერდებზე]

კარავი და მოგვიანებით კი ტაძარი იეჰოვას თაყვანისმცემლობის ცენტრი იყო.

[სურათი 6 გვერდზე]

წმინდა პეტრეს ტაძარი რომში.

[სურათი 7 გვერდზე]

პირველი ქრისტიანები საკუთარ სახლებში იკრიბებოდნენ.

[სურათები 8 გვერდზე]

იეჰოვას მოწმეები ქრისტიანული კრების შეხვედრებს საკუთარ სახლებსა და სამეფო დარბაზებში ატარებენ.