არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

საჭიროა თაყვანისცემის ადგილები?

საჭიროა თაყვანისცემის ადგილები?

საჭიროა თაყვანისცემის ადგილები?

„სხვადასხვა ფერის ტანსაცმელში გამოწყობილი ათასობით პილიგრიმი, ინდიელთა ჯგუფები, რომლებიც დაფდაფების ხმაზე უძველეს ცეკვებს ასრულებენ, და მუხლებზე მდგომი, ტკივილებით გატანჯული, თავგამოდებული მლოცველები უამრავ ხალხში მიიკვლევენ გზას შიდა ეზოში მდგარ გადაჭედილ სამლოცველოსა და ტაძრის მიმდებარე ქუჩებისკენ“.

აი ასე აღწერა გაზეთმა „ელ ეკონომისტმა“ 2001 წლის დეკემბერში შეკრებილთა საოცრად დიდი ბრბო. გვადელუპეს ქალწულისადმი რწმენის გამოხატვის ნიშნად, დაახლოებით სამმა მილიონმა ადამიანმა მოინახულა ქალაქ მეხიკოში ეს ტაძარი. სხვა რელიგიური ნაგებობებიც, როგორიცაა მაგალითად, რომში წმინდა პეტრეს ტაძარი, უამრავ მნახველს იზიდავს.

რელიგიურ შენობებს განსაკუთრებული ადგილი უკავია იმ მრავალი ადამიანის გულში, რომელთაც ღვთისადმი თაყვანისცემა სურთ. „ვფიქრობდი, რომ სწორედ ეკლესია იყო ის ადგილი, სადაც შემეძლო ღმერთთან ახლოს ვყოფილიყავი, — ამბობს ბრაზილიელი მარია. — ის ჩემთვის წმინდა ადგილი იყო. მჯეროდა, რომ ეკლესიაში წასვლით სულს ვისპეტაკებდი. ცოდვად მიმაჩნდა, თუ მესას გავაცდენდი და ყოველ კვირას აღსარებას არ ვიტყოდი“. მექსიკელი კონსუელო კი მოგვითხრობს: „ეკლესია საოცარ გრძნობებს აღმიძრავდა და დიდად ვაფასებდი მას. ეკლესიაში ყოფნის შემდეგ თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს ზეცაში ვიყავი“.

თუმცა ზოგი ეკლესიებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, ბევრი ეჭვობს, რომ ისინი თაყვანისცემისთვის აუცილებელია. მრევლის შემცირებასთან დაკავშირებით ინგლისელი კათოლიკე მღვდელი, პიტერ სიბერტი, ამბობს: „[ხალხი] იმ რელიგიას ირჩევს, რომელიც მოსწონს. მრავალი ხანდაზმული ადამიანი კათოლიკეა და ისინი თავიანთი რწმენით ცხოვრობენ, რასაც ვერ ვიტყვი ახალგაზრდებზე“. ლონდონში გამომავალი „დეილი ტელეგრაფი“ (20 ნოემბერი, 1998) აღნიშნავს: „1979 წლიდან მოყოლებული ინგლისში 1 500 ეკლესია დაიკეტა მაშინ, როდესაც მხოლოდ 495 ეკლესია გაიხსნა და 150-ს ჩაუტარდა რეკონსტრუქცია“.

1997 წელს მიუნხენში (გერმანია) გამომავალი გაზეთი „ზიუდოიჩე ცაიტუნგი“ იუწყებოდა: „ეკლესიები კინოთეატრებად და საცხოვრებელ სახლებად აქციეს. მრევლი აღარ მიდის ეკლესიაში, თაყვანისცემის ადგილებს დანიშნულებისამებრ აღარ იყენებენ . . . ის რაც ნიდერლანდებსა და ინგლისში ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, გერმანიაშიც ფეხს იკიდებს“. შემდეგ კი დასძენს: „ამ ბოლო წლებში გერმანიაში 30—40-მდე ეკლესია გაიყიდა“.

აუცილებელია რელიგიური შენობები ღვთისადმი თაყვანისცემისთვის? მოიხსენიებს საღვთო წერილი ტაძრებსა და მდიდრულ ეკლესიებს? როგორ შენობებში იკრიბებოდნენ ადრე ჭეშმარიტი და ცოცხალი ღვთის თაყვანსაცემად? რას ვიგებთ თაყვანისმცემლობის ადგილების აუცილებლობის შესახებ და იმასთან დაკავშირებით, თუ რა მიზანს უნდა ემსახურებოდეს ისინი?