არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ქრისტიანებს ერთმანეთი სჭირდებათ

ქრისტიანებს ერთმანეთი სჭირდებათ

ქრისტიანებს ერთმანეთი სჭირდებათ

„ერთიმეორის ასოები ვართ“ (ეფესელთა 4:25).

1. რა არის ნათქვამი ერთ ენციკლოპედიაში ადამიანის სხეულის შესახებ?

დამიანის სხეული ნამდვილად საოცრად არის შექმნილი! ენციკლოპედია „უორლდ ბუკში“ ნათქვამია: „ზოგჯერ ადამიანები თავიანთ სხეულს ყველაზე შესანიშნავად შექმნილ მექანიზმს უწოდებენ. რა თქმა უნდა, ადამიანის სხეული მექანიზმი არ არის, მაგრამ მათ შორის მსგავსებაც ბევრია. მექანიზმის მსგავსად, ადამიანის სხეულიც მრავალი ნაწილისგან შედგება, რომელთაგან თითოეულს თავისი დანიშნულება აქვს; ყველა ნაწილი ერთად მუშაობს და, ამგვარად, ორგანიზმისა თუ მექანიზმის კარგ ფუნქციონირებას უწყობს ხელს“.

2. რა მსგავსებაა ადამიანის სხეულსა და ქრისტიანულ კრებას შორის?

2 დიახ, ადამიანის სხეული მრავალი ნაწილისგან ანუ ასოსგან შედგება და თითოეული თავის ფუნქციას ასრულებს. არც ერთი ვენა, კუნთი თუ სხეულის სხვა ნაწილი ზედმეტი არ არის. მსგავსადვე, კრების თითოეულ წევრს შეუძლია თავისი წვლილის შეტანა კრების სულიერ სიჯანსაღესა და სილამაზეში (1 კორინთელთა 12:14—26). მართალია, კრების არც ერთი წევრი სხვებზე უპირატესად არ უნდა მიიჩნევდეს თავს, მაგრამ არც ის უნდა იფიქროს, რომ უმნიშვნელოა (რომაელთა 12:3).

3. როგორ ცხადყოფს ეფესელთა 4:25, რომ ქრისტიანებს ერთმანეთი სჭირდებათ?

3 სხეულის ნაწილები ერთმანეთზე არიან დამოკიდებული; ქრისტიანებსაც ასევე ესაჭიროებათ ერთმანეთი. პავლე მოციქულმა სულით ცხებულ თანამორწმუნეებს უთხრა: „განიშორეთ სიცრუე და თვითოეულმა თქვენგანმა თავის მოყვასს ჭეშმარიტება ელაპარაკოს, ვინაიდან ერთიმეორის ასოები ვართ“ (ეფესელთა 4:25). რადგანაც ‘ერთიმეორის ასოები არიან’ და ‘ქრისტეს სხეულს’ შეადგენენ, სულიერი ისრაელის წევრებს შორის სრული თანხმობა და თანამშრომლობის სული სუფევს. დიახ, ყოველი მათგანი ერთიმეორეს ეკუთვნის (ეფესელთა 4:11—13). მათ კი სიხარულით შეუერთდნენ მართალი, მათთან თანხმობაში მყოფი, მიწიერი იმედის მქონე ქრისტიანები.

4. როგორ შეგვიძლია ახლების დახმარება?

4 ყოველწლიურად მიწიერი იმედის მქონე ათასობით ადამიანი ინათლება. კრების წევრები სიხარულით ეხმარებიან მათ ‘მოწიფულობისკენ სწრაფვაში’ (ებრაელთა 6:1—3, აქ). ამ დახმარებაში შეიძლება ისიც შედიოდეს, რომ ვუპასუხოთ ბიბლიასთან დაკავშირებულ მათ კითხვებს, ან მსახურებაში პრაქტიკული დახმარება გავუწიოთ. ახლებს კარგი მაგალითის მიცემითაც დავეხმარებით, თუ ქრისტიანულ შეხვედრებში რეგულარულად მივიღებთ მონაწილეობას. განსაცდელის ჟამს კი შეგვიძლია გავამხნევოთ და ვანუგეშოთ ისინი (1 თესალონიკელთა 5:14, 15). ყველანაირი საშუალება უნდა ვეძებოთ, რომ სხვებს ‘ჭეშმარიტებით სიარულში’ დავეხმაროთ (3 იოანე 4). მნიშვნელობა არა აქვს, ახალგაზრდა ვართ თუ ხნიერი, ახლახან დავადექით ჭეშმარიტების გზას თუ უკვე რამდენიმე წელია, — ყველას შეგვიძლია, ხელი შევუწყოთ თანაქრისტიანების სულიერ კეთილდღეობას; მათ ჩვენ ვჭირდებით კიდეც.

დახმარების დროულად აღმოჩენა

5. როგორ ეხმარებოდნენ აკვილა და პრისკილა პავლეს?

5 ქრისტიან წყვილებს სიხარულს ანიჭებთ თანაქრისტიანების დახმარება. მაგალითად, აკვილა და მისი ცოლი პრისკილა (პრისკა) მხარში ედგნენ პავლეს. მათ სახლში მიიწვიეს იგი, მასთან ერთად ამზადებდნენ კარვებს და, ამასთანავე, კორინთში ახალი კრების განმტკიცებაში ეხმარებოდნენ (საქმეები 18:1—4). მათ, ჩვენთვის უცნობ ვითარებაში, პავლეს გულისთვის საფრთხეშიც კი ჩაიგდეს სიცოცხლე. ისინი რომში ცხოვრობდნენ, როდესაც პავლემ იქაურ ქრისტიანებს მისწერა: „მოიკითხეთ პრისკილა და აკვილა, ჩემი თანამშრომელნი ქრისტე იესოში, რომელნიც თავს სწირავდნენ ჩემი სიცოცხლისათვის და, რომელთაც არა მარტო მე ვემადლიერები, არამედ წარმართთა ეკლესიებიც და მათი საშინაო ეკლესიაც“ (რომაელთა 16:3, 4). აკვილასა და პრისკილას მსგავსად, ჩვენს დროში მცხოვრები ზოგიერთი ქრისტიანიც განამტკიცებს კრებას და მრავალმხრივ ეხმარება თანამორწმუნეებს. ზოგჯერ ისინი სიცოცხლესაც კი იგდებენ საფრთხეში, რათა ღვთის სხვა მსახურები სისასტიკისა თუ სიკვდილისგან დაიცვან.

6. როგორ დაეხმარნენ აპოლონს?

6 აკვილა და პრისკილა მჭევრმეტყველ ქრისტიანს, აპოლონსაც დაეხმარნენ, რომელიც ეფესოს მცხოვრებლებს იესო ქრისტეს შესახებ ასწავლიდა. იმ დროისთვის აპოლონმა მხოლოდ ის იცოდა, რომ იოანე რჯულის შეთანხმების წინააღმდეგ ჩადენილი ცოდვების მონანიების ნიშნად ნათლავდა. აკვილამ და პრისკილამ დაინახეს, რომ აპოლონს დახმარება ესაჭიროებოდა და „უფრო ზუსტად აუხსნეს უფლის გზა“. შესაძლოა, მათ განუმარტეს, რომ ქრისტიანული ნათლობა წყალში სრულ ჩაძირვასთან ერთად, სულიწმიდის მიღებასაც მოიცავდა. აპოლონმა ნასწავლი კარგად შეითვისა. მოგვიანებით აქაიაში ის „ბევრს ეხმარებოდა მადლით მორწმუნეებს. ვინაიდან იგი მოურიდებლად ამხილებდა იუდეველებს საჯაროდ, ადასტურებდა წერილების მიხედვით, რომ ქრისტეა იესო“ (საქმეები 18:24—28). ხშირად თანამორწმუნეების კომენტარები გვიღრმავებს ღვთის სიტყვის ცოდნას. ჩვენ ამ მხრივაც ვჭირდებით ერთმანეთს.

მატერიალური დახმარება

7. რა გააკეთეს ფილეპელებმა, როდესაც მათ თანაქრისტიანებს მატერიალური დახმარება დასჭირდათ?

7 ფილიპელ ქრისტიანებს ძალიან უყვარდათ პავლე და თესალონიკეში ყოფნისას მატერიალურ დახმარებას უგზავნიდნენ მას (ფილიპელთა 4:15, 16). როდესაც ძმებს იერუსალიმში მატერიალური დახმარება დასჭირდათ, ფილიპელებმა მზადყოფნა გამოავლინეს და თავიანთ შესაძლებლობებზე მეტიც კი გაიღეს. პავლე იმდენად მადლიერი იყო ფილიპელი და–ძმების მიერ გამოვლენილი ასეთი შესანიშნავი სულისკვეთებისთვის, რომ ისინი სხვა მორწმუნეებისთვის სანიმუშოდ მოიხსენია (2 კორინთელთა 8:1—6).

8. როგორი სულისკვეთება გამოავლინა ეპაფროდიტესმა?

8 პატიმრობაში მყოფ პავლეს ფილიპელებმა არა მარტო ძღვენი, არამედ თავიანთი წარმომადგენელი, ეპაფროდიტესი, გაუგზავნეს. „ქრისტეს საქმისათვის [ეპაფროდიტესი] სიკვდილს მიუახლოვდა და საფრთხეში ჩაიგდო სიცოცხლე, რათა შეევსო ჩემდამი თქვენი სამსახურის დანაკლისი“, — ამბობდა პავლე (ფილიპელთა 2:25—30; 4:18). ჩვენთვის უცნობია, იყო თუ არა ეპაფროდიტესი უხუცესი ან თანაშემწე. მაგრამ ერთი რამ ცხადია: იგი იყო თავგანწირული ქრისტიანი, რომელიც მუდამ მზად იყო სხვების დასახმარებლად. ის პავლეს ნამდვილად ესაჭიროებოდა. გყავთ თუ არა კრებაში ვინმე, ეპაფროდიტესის მსგავსი?

გამაძლიერებელნი“

9. რა მაგალითი მოგვცა არისტარქოსმა?

9 რომელი კრება არ დააფასებს აკვილას, პრისკილასა და ეპაფროდიტესის მსგავს მოსიყვარულე და–ძმებს. ზოგიერთი ჩვენი თანამორწმუნე კი შეიძლება პირველ საუკუნეში მცხოვრებ ქრისტიანს, არისტარქოსს, ჰგავს. ისიც და სხვებიც „გამაძლიერებელნი“ იყვნენ პავლესთვის; შესაძლოა იმ გაგებით, რომ ანუგეშებდნენ და პრაქტიკულად ეხმარებოდნენ (კოლასელთა 4:10, 11, აქ). არისტარქოსმა ნამდვილი მეგობრობა გაუწია პავლეს გაჭირვების ჟამს. მის მსგავს ადამიანებზე იგავნის 17:17–ში ნათქვამია: „მეგობარი მუდამ მოყვარულია და ძმა გაჭირვებისთვის იბადება“. განა თითოეული არ უნდა ვცდილობდეთ, რომ „გამაძლიერებელნი“ ვიყოთ თანაქრისტიანებისთვის? ჩვენი დახმარება განსაკუთრებით გაჭირვებაში მყოფებს ესაჭიროებათ.

10. რა მაგალითი მისცა პეტრემ ქრისტიან უხუცესებს?

10 განსაკუთრებით ქრისტიანი უხუცესები უნდა იყვნენ გამაძლიერებლები სულიერი და–ძმებისთვის. „განამტკიცე შენი ძმები“, — უთხრა იესომ მოციქულ პეტრეს (ლუკა 22:32, სსგ). პეტრეს შეეძლო ამის გაკეთება, რადგან თავად ავლენდა სიმტკიცეს, განსაკუთრებით კი იესოს მკვდრეთით აღდგომის შემდეგ. უხუცესებო, ყველანაირად ეცადეთ, რომ იგივე გააკეთოთ ხასლისითა და სითბოთი, რადგან თანამორწუნეებს სჭირდებით (საქმეები 20:28—30; 1 პეტრე 5:2, 3).

11. რაში გვეხმარება ტიმოთეს მიერ გამოვლენილ სულისკვეთებაზე ფიქრი?

11 პავლეს თანამგზავრი, ტიმოთე, რომელიც უხუცესად მსახურობდა, დიდ ინტერესს ავლენდა თანაქრისტიანების მიმართ. მიუხედავად ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებისა, ტიმოთე ნამდვილ რწმენას ავლენდა და ‘პავლესთან ერთად ემსახურებოდა სახარებას’. ამიტომაც ეუბნებოდა პავლე ფილიპელებს: „არავინ მყავს ისეთი თანამოზიარე, ასე ბეჯითად რომ ზრუნავდეს თქვენზე“ (ფილიპელთა 2:20, 22; 1 ტიმოთე 5:23; 2 ტიმოთე 1:5). ჩვენ შეიძლება კურთხევა აღმოვჩნდეთ იეჰოვას სხვა თაყვანისმცემლებისთვის, თუ ისეთივე სულისკვეთებას ვავლენთ, როგორსაც ტიმოთე ავლენდა. თუმცა ადამიანურ სისუსტეებთან და განსაცდელებთან გვიწევს ჭიდილი, შეგვიძლია მტკიცე რწმენის გამოვლენა და სულიერ და–ძმებზე სიყვარულით ზრუნვა, და ეს უნდა გავაკეთოთ კიდეც. არ დავივიწყოთ, რომ ჩვენ მათ ვჭირდებით.

სხვებზე მზრუნველი ქალები

12. რას ვსწავლობთ ქურციკის მაგალითიდან?

12 სხვებზე მზრუნველ ღვთისმოშიშ ქალთა რიცხვს ქურციკიც მიეკუთვნება. როდესაც ის მოკვდა, მოწაფეებმა პეტრეს მოუხმეს და ზედა ოთახში აიყვანეს. აქ „მის წინაშე წარდგა ყველა ქვრივი. ისინი ტიროდნენ და უჩვენებდნენ მოსასხამებსა და სამოსელს, რომლებსაც ქურციკი უკეთებდა, სანამ მათთან იყო“. პავლემ მკვდრეთით აღადგინა ქურციკი, რომელმაც, უეჭველია, კვლავაც განაგრძო ‘კეთილი საქმეებისა და მოწყალების ქმნა’. დღესდღეობითაც, ქრისტიანულ კრებებში არიან ქურციკის მსგავსი ქალები, რომლებიც შესაძლოა სხვებისთვის ქსოვენ ან კერავენ ტანსაცმელს, ან სხვა მხრივ ზრუნავენ სიყვარულით მათ მოთხოვნილებებზე. რა თქმა უნდა, მათი კეთილი საქმეები, პირველ ყოვლისა, სამეფოს ინტერესებთან და მოწაფეების მომზადების საქმეში მონაწილეობასთან არის დაკავშირებული (საქმეები 9:36—42; მათე 6:33; 28:19, 20).

13. როგორ იზრუნა ლიდიამ თანაქრისტიანებზე?

13 ღვთისმოშიში ლიდიაც ზრუნავდა სხვებზე. მართალია თიატირიდან იყო, მაგრამ ის უკვე ფილიპეში ცხოვრობდა იმ დროისათვის, როდესაც პავლემ ახ. წ. 50 წელს იქ ქადაგება დაიწყო. ლიდია შესაძლოა იუდეველი პროზელიტი იყო. და რადგან მის მხარეში იუდეველები თითზე ჩამოსათვლელი იყვნენ, ფილიპეში სინაგოგა არ იყო. ის და სხვა ღვთისმოსავი ქალები თაყვანისმცემლობისთვის მდინარის პირას იყვნენ შეკრებილი, როდესაც მოციქულმა პავლემ სასიხარულო ცნობა ახარა. ბიბლიაში ნათქვამია: «უფალმა გაუხსნა გული [ლიდიას] პავლეს სიტყვების მოსასმენად. როდესაც მოინათლნენ ის და მისი სახლობა, გვთხოვა და გვითხრა: „თუ უფლის მორწმუნეთ შემრაცხეთ, მოდით ჩემს სახლში და დარჩით.“ და დაგვიყოლია» (საქმეები 16:12—15). რადგან ლიდიას სხვებისთვის სიკეთის კეთებისკენ ეწეოდა გული, მან პავლე და მისი თანმხლებლები თავის სახლში დარჩენაზე დაიყოლია. რაოდენ მადლიერი ვართ, როდესაც გულთბილი და მოსიყვარულე ქრისტიანები ასეთივე სტუმართმოყვარეობას ავლენენ ჩვენ მიმართ! (რომაელთა 12:13; 1 პეტრე 4:9).

ახალგაზრდებო, თქვენც საჭირო ხართ

14. როგორ ეპყრობოდა იესო ქრისტე ახალგაზრდებს?

14 ქრისტიანულ კრებას ღვთის კეთილმა ძემ, იესო ქრისტემ, ჩაუყარა საფუძველი. ადამიანები მასთან თავს თავისუფლად გრძნობდნენ, რადგან იესო მოსიყვარულე და თანამგრძნობი იყო. ერთხელ, როდესაც იესოს ბავშვები მიუყვანეს, მისი მოწაფეები შეეცადნენ, იესოსთან არ მიეშვათ ისინი. მაგრამ იესომ უთხრა მათ: „გამოუშვით ბავშვები და ნუ დაუშლით ჩემთან მოსვლას, ვინაიდან მაგათნაირებისაა ღვთის სასუფეველი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც ბავშვივით არ მიიღებს ღვთის სასუფეველს, ვერ შევა შიგ“ (მარკოზი 10:13—15). სამეფოს კურთხევები რომ მივიღოთ, ბავშვებივით თავმდაბლები და სწავლას მოწადინებულები უნდა ვიყოთ. იესომ სიყვარული გამოავლინა პატარებისადმი, მოეხვია და აკურთხა ისინი (მარკოზი 10:16). რის თქმა შეიძლება თქვენზე, ახალგაზრდებო? ნუ შეგეპარებათ ეჭვი იმაში, რომ კრებაში უყვარხართ და სჭირდებით.

15. რას ვიგებთ ლუკას 2:40—52–ში ჩაწერილი ისტორიიდან იესოს ცხოვრების შესახებ და რა მაგალითი მისცა მან ახალგაზრდებს?

15 იესომ ჯერ კიდევ პატარამ გამოავლინა ღვთისადმი და წმინდა წერილებისადმი სიყვარული. იესო 12 წლის იყო, როდესაც მშობლებთან, იოსებთან და მარიამთან, ერთად პასექის დღესასწაულის აღსანიშნავად მშობლიური ნაზარეთიდან იერუსალიმში გაემგზავრა. უკან დაბრუნებისას, იესოს მშობლებმა შენიშნეს, რომ ბავშვი მგზავრთა შორის არ იყო; დაუწყეს ძებნა და ბოლოს ტაძრის ერთ–ერთ ეზოში იპოვეს, სადაც იუდეველ მოძღვრებს უსმენდა და კითხვებს უსვამდა. იმით გაოცებულმა იესომ, რომ იოსები და მარიამი ვერ მიხვდნენ, თუ სად უნდა ეძებნათ ის, მშობლებს უთხრა: „ნუთუ არ იცით, რომ მამის სახლში უნდა ვიყო?“. იესო მშობლებთან ერთად დაბრუნდა სახლში, ემორჩილებოდა მათ და სიბრძნე და ასაკი ემატებოდა (ლუკა 2:40—52). რა კარგი მაგალითი დატოვა იესომ ახალგაზრდებისთვის! რა თქმა უნდა, ისინიც უნდა დაემორჩილონ მშობლებს და სულიერი საკითხებით უნდა იყვნენ დაინტერესებული (მეორე რჯული 5:16; ეფესელთა 6:1—3).

16. ა) რას გაიძახოდნენ ბავშვები, როდესაც იესო ტაძარში ქადაგებდა? ბ) რა შესაძლებლობა ეძლევათ ახალგაზრდა ქრისტიანებს დღეს?

16 თუ ახალგაზრდა ხარ, შეგიძლია იეჰოვას შესახებ ისაუბრო სკოლაში ან მშობლებთან ერთად კარდაკარ მსახურების დროს (ესაია 43:10—12; საქმეები 20:20, 21). სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე იესო ტაძარში ქადაგებდა და კურნავდა ხალხს. ბავშვები კი გაიძახოდნენ: „ოსანა დავითის ძესო!“. ამ სიტყვებით განრისხებული მღვდლები და მწიგნობრები აღშფოთდნენ: „თუ გესმის, რას ამბობენ ისინი?“. „ჰო! — უპასუხა იესომ. — ნუთუ არასოდეს წაგიკითხავთ: ‘ჩვილთა და ძუძუმწოვართა პირით დაიმკვიდრე დიდება’“ (მათე 21:15—17). ახალგაზრდებო, ამ ბავშვების მსგავსად, თქვენც გაქვთ ღვთისა და მისი ძის განდიდების შესანიშნავი შესაძლებლობა. არა მარტო გვსურს, არამედ გვჭირდებით კიდეც, რომ ჩვენს გვერდით იდგეთ როგორც სამეფოს შესახებ მაუწყებლები.

გაჭირვების ჟამს

17, 18. ა) რატომ გაუწია პავლემ ორგანიზება იუდეაში მცხოვრები ქრისტიანებისთვის შესაწირავების შეგროვებას? ბ) რა გავლენა იქონია ებრაელ და არაებრაელ ქრისტიანებზე იუდეაში მცხოვრები ქრისტიანებისთვის შესაწირავების გაღებამ?

17 რა სიტუაციაშიც უნდა ვიყოთ, სიყვარული აღგვძრავს, რომ დავეხმაროთ გაჭირვებაში მყოფ თანაქრისტიანებს (იოანე 13:34, 35; იაკობი 2:14—17). იუდეაში მცხოვრები და–ძმებისადმი სიყვარულმა პავლე აღძრა, რომ აქაიის, გალატიის, მაკედონიისა და აზიის სხვა ოლქების კრებებში შესაწირავების შეგროვებისთვის გაეწია ორგანიზება. დევნამ, მასობრივმა არეულობებმა და შიმშილმა, რომელიც მოწაფეებმა იერუსალიმში გამოცადეს, პავლეს სიტყვებით, მათი „ტანჯვა“, „ჭირი“ და „ქონების დატაცება“ გამოიწვია (ებრაელთა 10:32—34; საქმეები 11:27—12:1). ამიტომ, იუდეაში მცხოვრები გაჭირვებაში მყოფი ქრისტიანების დასახმარებლად, ის თანხების შეგროვებას ხელმძღვანელობდა (1 კორინთელთა 16:1—3; 2 კორინთელთა 8:1—4, 13—15; 9:1, 2, 7).

18 იუდეაში მცხოვრებ წმიდათა დასახმარებლად გაღებული ნებაყოფლობითი შესაწირავები, იეჰოვას ებრაელ და არაებრაელ თაყვანისმცემლებს შორის არსებული ძმური სიყვარულის დადასტურება იყო. ამ შესაწირავების გაღებით არაებრაელმა ქრისტიანებმა მადლიერება გამოავლინეს იუდეველი თანამორწმუნეებისადმი მათგან მიღებული სულიერი ძღვნისთვის. ამგვარად, როგორც სულიერის, ასევე ფიზიკურის ‘გაზიარება’ მოხდა (რომაელთა 15:26, 27). დღესაც, გაჭირვებაში მყოფი თანამორწმუნეებისთვის შესაწირავების გაღება ნებაყოფლობით და სიყვარულით ხდება (მარკოზი 12:28—31). ამ მხრივ ჩვენ ერთმანეთი იმიტომაც გვჭირდება, რომ თანასწორობა შენარჩუნდეს და ‘ვისაც ნაკლები აქვს, არ აკლდეს’ (2 კორინთელთა 8:15).

19, 20. მოიყვანეთ მაგალითი, როგორ ეხმარება იეჰოვას ხალხი ერთმანეთს გაჭირვების ჟამს.

19 რადგან ვიცით, რომ ქრისტიანებს ერთმანეთი გვჭირდება, მზადყოფნას ვავლენთ ჩვენი ქრისტიანი და–ძმების დასახმარებლად. მაგალითად, განვიხილოთ, რა მოხდა 2001 წლის დასაწყისში სალვადორში, დამანგრეველი მიწისძვრისა და მეწყერის ჩამოწოლის შემდეგ. ერთ შეტყობინებაში იუწყებოდნენ: „ძმები დამხმარე სამუშაოებში მთელი სალვადორის ტერიტორიაზე იღებდნენ მონაწილეობას. ძმები ჩამოვიდნენ გვატემალიდან, შეერთებული შტატებიდან და კანადიდან, რათა დახმარების ხელი გამოეწოდათ ჩვენთვის . . . ცოტა ხანში 500 სახლი და 3 მშვენიერი სამეფო დარბაზი წამომართეს. ამ თავგანწირული ძმების თავდაუზოგავი შრომა და თანამშრომლობის სული სხვებისთვის დიდი დამოწმება იყო“.

20 სამხრეთ აფრიკიდან იტყობინებოდნენ: „საშინელმა წყალდიდობამ, რომელიც მოზამბიკის უმეტეს ტერიტორიაზე მოხდა, მრავალი ჩვენი თანაქრისტიანი დააზარალა. მოზამბიკის ფილიალმა ორგანიზება გაუწია მათზე ზრუნვას. ამავე დროს, ძმებმა ფილიალიდან გვთხოვეს, რომ გაჭირვებაში მყოფი ძმებისთვის ტანსაცმელი გაგვეგზავნა. მოზამბიკელი ძმებისთვის მოგროვებული ტანსაცმლით 12 მეტრის სიგრძის კონტეინერი გავავსეთ“. დიახ, ჩვენ ამ მხრივაც გვჭირდება ერთმანეთი.

21. რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?

21 როგორც სტატიის დასაწყისშიც აღვნიშნეთ, ადამიანის სხეულის თითოეული ნაწილი მნიშვნელოვანია. უდავოა, იმავეს თქმა შეიძლება ქრისტიანულ კრებაზეც. ყველას, კრების თითოეულ წევრს, სჭირდება ერთმანეთი. ამასთანავე, ისინი გაერთიანებულად უნდა მსახურობდნენ. მომდევნო სტატიაში განხილული იქნება ზოგიერთი ის ფაქტორი, თუ როგორ შეიძლება ამის გაკეთება.

როგორ უპასუხებდით?

• რა მსგავსება არსებობს ადამიანის სხეულსა და ქრისტიანულ კრებას შორის?

• რა გააკეთეს პირველმა ქრისტიანებმა, როდესაც მათ თანამორწმუნეებს დახმარება დასჭირდათ?

• რომელი ბიბლიური მაგალითები ცხადყოფს, რომ ქრისტიანებს სჭირდებათ ერთმანეთი და რა მოწმობს, რომ ისინი ეხმარებიან კიდეც ერთმანეთს?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 10 გვერდზე]

აკვილა და პრისკილა ზრუნავდნენ სხვებზე.

[სურათები 12 გვერდზე]

იეჰოვს ხალხი გაჭირვების ჟამს ერთმანეთსაც ეხმარება და სხვებსაც.