არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გაიმაგრეთ ხელები

გაიმაგრეთ ხელები

გაიმაგრეთ ხელები

ბიბლიაში ხელი 1800-ზე მეტჯერ არის მოხსენიებული. სიტყვა „ხელი“ მრავალნაირად გამოიყენება იდიომატურ გამოთქმებში. მაგალითად, სუფთა ხელები უმწიკვლობაზე მიუთითებს (მეორე მეფეთა 22:21; ფსალმუნი 23:3, 4). ხელგაშლილობა სხვებისადმი გულუხვობის გამოვლენას ნიშნავს (მეორე რჯული 15:11; ფსალმუნი 144:16). მასზე, ვინც სიცოცხლეს საფრთხეში იგდებს, ნათქვამია, რომ თავის სიცოცხლეს სხვის ხელში აგდებს (იერემია 12:7). ხელების დაუძლურება კი ხალისის დაკარგვას ნიშნავს (მეორე ნეშტთა 15:7). ხოლო სხვისთვის ხელის გამაგრება, მის გამხნევებასა და გარკვეული მოქმედებისკენ წახალისებას ნიშნავს (ზაქარია 8:9).

დღეს განსაკუთრებით აუცილებელია, გავიმაგროთ ხელები, რადგან „საზარელ ჟამში“ ვცხოვრობთ (2 ტიმოთე 3:1). როდესაც იმედგაცრუება გვეუფლება, ადამიანური ბუნებიდან გამომდინარე, ადვილად ვნებდებით და ხელებს ჩამოვყრით ხოლმე. ჩვეულებრივი მოვლენა გახდა, როდესაც მოზარდები თავს ანებებენ სკოლას, ქმრები ტოვებენ ოჯახებს, დედები კი უპატრონოდ ყრიან შვილებს. ჩვენ, ქრისტიანებმა, კი ხელები უნდა გავიმაგროთ, რათა შევძლოთ ყველა იმ განსაცდელის გადატანა, რომლებსაც ღვთისადმი მსახურებისას ვაწყდებით (მათე 24:13). თუ ასე მოვიქცევით, გულს გავუხარებთ იეჰოვას (იგავნი 27:11).

როგორ გავიმაგროთ ხელები

ეზრას დღეებში მცხოვრებ იუდეველებს უნდა გაემაგრებინათ ხელები, რათა იერუსალიმში იეჰოვას ტაძრის აღდგენა დაესრულებინათ. როგორ გაიმაგრეს მათ ხელები? ბიბლიაში ნათქვამია: „ზეიმობდნენ უფუარობის დღესასწაულს შვიდ დღეს სიხარულით, რადგან გაახარა ისინი უფალმა და გული მოაბრუნებინა მათკენ აშურის მეფეს, რომ ხელი გაემაგრებინა მათთვის ღვთის სახლის, ისრაელის ღმერთის სახლის, შენებისას“ (პირველი ეზრა 6:22). ნათელი იყო, რომ იეჰოვამ თავისი მოქმედი ძალით აღძრა „აშურის მეფე“, ღვთის ხალხისთვის შინ დაბრუნების ნებართვა მიეცა. მანვე აუმაღლა ერს სულიერი განწყობა, რათა დაწყებული საქმე ბოლომდე მიეყვანათ.

მოგვიანებით, როდესაც იერუსალიმის კედლების შეკეთება გახდა საჭირო, ნეემიამ დავალების შესასრულებლად ხელები გაუმაგრა თანამოძმეებს. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ვუთხარი ჩემი ღმერთის ხელზე, სასიკეთო რომ იყო ჩემთვის, და მეფის სიტყვებზე, რომ მითხრა. თქვეს: ავდგეთ და ავაშენოთ! და ხელი გაამტკიცეს სასიკეთოდ“. ხელგამაგრებულმა ნეემიამ და მისმა თანამოძმე იუდეველებმა იერუსალიმის კედლების აღდგენა სულ რაღაც 52 დღეში შეძლეს! (ნეემია 2:18; 6:9, 15).

მსგავსადვე, იეჰოვა ჩვენც გვიმაგრებს ხელებს, რათა სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა ვიქადაგოთ (მათე 24:14). ის ‘აღგვჭურავს ყოველივე კარგით თავისი ნება–სურვილის შესასრულებლად’ (ებრაელთა 13:21, აქ). მან ხელთ საუკეთესო ხელსაწყოები მოგვცა. ჩვენ გვაქვს ბიბლია, მასზე დაფუძნებული წიგნები, ჟურნალები, ბროშურები, ტრაქტატები, აუდიო თუ ვიდეოკასეტები, რომლებიც მთელ მსოფლიოში ადამიანებისთვის ხმის მისაწვდენად შეგვიძლია გამოვიყენოთ. ჩვენი პუბლიკაციები ხომ 380–ზე მეტ ენაზეა ხელმისაწვდომი. გარდა ამისა, კრების შეხვედრებზე, დიდ თუ პატარა კონგრესებზე, იეჰოვა თეოკრატიულ განათლებას გვაძლევს და გვამზადებს მსახურებაში ამ შესანიშნავი ხელსაწყოების გამოსაყენებლად.

მართალია იეჰოვა მრავალი საშუალებით გვიმაგრებს ხელებს, მაგრამ მოელის, რომ ჩვენ გულხელდაკრეფილი არ ვიქნებით. გავიხსენოთ, რა უთხრა წინასწარმეტყველმა ელისემ მეფე იოაშს, როდესაც მან არამელი თავდამსხმელებისგან თავდასაცავად დახმარება სთხოვა. ელისემ უთხრა მეფეს, ისრები აეღო და მიწაზე დაეკრა. ბიბლიაში ნათქვამია: „სამგზის დაჰკრა მიწას და გაჩერდა. გაუბრაზდა ღვთისკაცი და უთხრა: ხუთგზის ან ექვსგზის რომ დაგეკრა, საბოლოოდ სძლევდი არამს, ახლა კი მხოლოდ სამგზის სძლევ არამს“ (მეოთხე მეფეთა 13:18, 19). რადგან იოაშს გულმოდგინედ არ უცდია მითითების შესრულება, არამთან ბრძოლაში მხოლოდ ნაწილობრივ მიაღწია წარმატებას.

თუ იეჰოვასგან მიღებული დავალების შესრულება გვსურს, ჩვენც იგივე პრინციპით უნდა ვიხელმძღვანელოთ. ნაცვლად იმისა, რომ დარდს მივეცეთ ჩვენს გზაზე არსებული დაბრკოლებების ან დავალების სირთულის გამო, გულმოდგინედ უნდა შევასრულოთ ჩვენი მოვალეობა. ხელები უნდა გავიმაგროთ და დახმარებისთვის იეჰოვას მივენდოთ (ესაია 35:3, 4).

იეჰოვა გაგვიმაგრებს ხელებს

იეჰოვას ვერაფერი შეუშლის ხელს იმაში, რომ დაგვეხმაროს და მისი ნების შესასრულებლად ხელები გაგვიმაგროს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის სასწაულს მოახდენს ან ყველაფერს გააკეთებს ჩვენთვის. ის მოელის, რომ ჩვენი მხრიდან არ დავაკლებთ მცდელობას — ყოველდღიურად წავიკითხავთ ბიბლიას, მოვემზადებით კრების შეხვედრებისთვის და რეგულარულად დავესწრებით მათ, შეძლებისდაგვარად, ხშირად მივიღებთ მონაწილეობას მსახურებაში და მუდამ მივმართავთ ღმერთს ლოცვაში. თუ პირნათლად და გულმოდგინებით გავაკეთებთ იმას, რაც ჩვენზეა დამოკიდებული, სანამ ამის შესაძლებლობა გვაქვს, იეჰოვა იმის შესრულების ძალას მოგვცემს, რასაც ჩვენგან მოელის (ფილიპელთა 4:13).

განვიხილოთ ერთი ქრისტიანის შემთხვევა, რომელსაც ერთ წელიწადში ცოლიც დაეღუპა და დედაც. ტკივილები ჯერ არც კი მოშუშებოდა, როდესაც რძალმა მისი ვაჟი მიატოვა და ქრისტიანობაზე უარი თქვა. „მივხვდი, რომ ჩვენს არჩევანზე არ არის დამოკიდებული, რა განსაცდელებს შევხვდებით, როდის ან რა სიხშირით“, — აღნიშნა ამ ძმამ. რამ მისცა მას ძალა, რომ არ დანებებულიყო? „ლოცვა და პირადი შესწავლა ჩემთვის მაშველი რგოლივითაა, რომელიც ჩაძირვის საშუალებას არ მაძლევს. ჩემი სულიერი და–ძმების მხარდაჭერაც დიდად მანუგეშებს. და რაც ყველაზე მთავარია, მივხვდი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია იეჰოვასთან კარგი ურთიერთობის განვითარება რთული სიტაუციის წამოჭრამდე“.

რის გადატანაც უნდა გიწევდეს ცხოვრებაში, მიიღე მტკიცე გადაწყვეტილება, რომ სრულად მიენდო იეჰოვას და საუკეთესოდ გამოიყენო ყველა ის საშუალება, რომლითაც იეჰოვა ხელებს გვიმაგრებს. ამგვარად შეძლებ, საუკეთესოდ ემსახურო იეჰოვას და ასეთი სახით განადიდო და პატივი მიაგო მის დიდებულ სახელს (ებრაელთა 13:15).

[სურათი 31 გვერდზე]

რადგან იოაშს გულმოდგინედ არ უცდია მითითების შესრულება, არამთან ბრძოლაში მხოლოდ ნაწილობრივ მიაღწია წარმატებას.