მისიონერული დანიშნულების ადგილი ჩვენი სახლი გახდა
ბიოგრაფია
მისიონერული დანიშნულების ადგილი ჩვენი სახლი გახდა
მოგვითხრო დიკ უოლდრონმა
ეს იყო 1953 წელს, სექტემბრის ერთ კვირა დღეს. ახალი ჩასული ვიყავით სამხრეთ-დასავლეთ აფრიკაში (ამჟამად ნამიბია). ჩასვლიდან სულ რაღაც ერთი კვირის შემდეგ, უინდჰუკში, დედაქალაქში, საჯარო შეხვედრის ჩატარებას ვაპირებდით. რამ გადაგვაწყვეტინა, რომ ავსტრალიიდან აფრიკის ამ ქვეყანაში წამოვსულიყავით? როგორც მისიონერები, მე და ჩემი მეუღლე სხვა სამ ახალგაზრდა ქალთან ერთად, ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის საქადაგებლად ჩამოვედით (მათე 24:14).
ჩემი სიცოცხლის პირველი წლები დედამიწის შორეულ კუთხეში, ავსტრალიაში, განსაკუთრებულ პერიოდში, 1914 წელს დაიწყო. ჩემი მოზარდობის წლები მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს დაემთხვა, ამიტომ მეც მიწევდა ოჯახის სარჩენად ჩემი წვლილის შეტანა. სამუშაო არ გვქონდა, მაგრამ მე ავსტრალიაში ფართოდ გავრცელებულ ველურ კურდღლებზე ნადირობის ხერხს მივმართე. ამგვარად ოჯახს კურდღლის ხორცს არ ვაკლებდი.
1939 წლისთვის, როდესაც მეორე მსოფლიო ომი გაჩაღდა, მელბურნში, ტრამვაი–ავტობუსის კომპანიაში მოვახერხე მუშაობის დაწყება. კომპანიაში დაახლოებით 700 კაცი მუშაობდა ცვლაში, და ყოველ ცვლაში ავტობუსის სხვადასხვა მძღოლთან და კონდუქტორთან მიწევდა შეხვედრა. ხშირად ვეკითხებოდი მათ: „რომელი რელიგიის მიმდევარი ხართ?“ და ვთხოვდი, აეხსნათ თავიანთი მრწამსი. ერთადერთი ადამიანი, რომელმაც ჩემს კითხვებზე დამაკმაყოფილებელი პასუხების გაცემა შეძლო, იეჰოვას მოწმე იყო. მან ბიბლიიდან ამიხსნა, რომ დედამიწა სამოთხედ გადაიქცეოდა, სადაც ღვთისმოშიში ადამიანები იცხოვრებდნენ მარადიულად (ფსალმუნი 36:29).
ამასობაში კი დედაჩემიც დაუკავშირდა იეჰოვას მოწმეებს. ხშირად, როდესაც ღამის ცვლიდან ვბრუნდებოდი, მაგიდაზე სადილთან ერთად ჟურნალი „ნუგეში“ (ამჟამად „გამოიღვიძეთ!“) მხვდებოდა ხოლმე. მომწონდა, რასაც ვკითხულობდი. დროთა განმავლობაში იმ დასკვნამდე მივედი, რომ ეს ჭეშმარიტი რელიგია იყო. ამიტომ აქტიურად ჩავები კრების საქმიანობაში და 1940 წლის მაისში მოვინათლე.
მელბურნში პიონერთა სახლი გვქონდა, სადაც დაახლოებით 25 სრული დროით მსახური იეჰოვას მოწმე ცხოვრობდა. მეც მათთან ერთად დავსახლდი. ყოველდღიურად მესმოდა, როგორ უზიარებდნენ პიონერები ერთმანეთს სამქადაგებლო მსახურების დროს მომხდარ გამამხნევებელ შემთხვევებს, ამიტომ მეც გამიჩნდა სურვილი, შევერთებოდი მათ რიგებს. საბოლოოდ, პიონერული მსახურებისთვის ბლანკი შევავსე. ჩემი განცხადება მოიწონეს და იეჰოვას მოწმეთა ავსტრალიის ფილიალში მიმიწვიეს. ასე გავხდი ბეთელის ოჯახის წევრი.
პატიმრობა და აკრძალვა
ბეთელში ჩემი ერთ–ერთი დანიშნულება სამხერხაოში მუშაობა იყო. ჩვენ ხე–ტყეს ვჭრიდით და ნახშირს ვამზადებდით საწვავად. მას ფილიალის ტრანსპორტისთვის ვიყენებდით, რადგან ომიანობის პერიოდი იყო და კომერციული ბენზინი არ იშოვებოდა. სამხერხაოში თორმეტნი ვმუშაობდით. აქედან ყველას სამხედრო ვალდებულება გვქონდა მოსახდელი. მალე ექვსთვიანი პატიმრობა მოგვისაჯეს, რადგან, ჩვენი ბიბლიური რწმენიდან გამომდინარე, უარი ვთქვით სამხედრო სამსახურზე (ესაია 2:4). ყველანი შრომა–გასწორების კოლონიაში გაგვამწესეს. რა უნდა გვეკეთებინა იქ? თქვენ წარმოიდგინეთ, აქაც ხეების ჭრა დაგვავალეს, რასაც უკვე კარგად ვართმევდით თავს ბეთელში!
იმდენად კარგად ვმუშაობდით, რომ ციხის უფროსმა ნება დაგვრთო, ბიბლია და ბიბლიური ლიტერატურა გვქონოდა მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის მსგავსი ნივთების მოცემა მკაცრად იკრძალებოდა. ამ პერიოდში ადამიანებთან ურთიერთობაში ერთი კარგი გაკვეთილი ვისწავლე. ბეთელში მსახურებისას მე და ერთი ძმა ერთმანეთს ვერ ვუგებდით, რადგან ბუნებით ძალიან განსხვავებულები ვიყავით. თუ მიხვდებით, ვისთან ერთად მომიწია საკანში ჯდომა? დიახ, სწორედ ამ ძმასთან. ახლა კი იმის საკმარისი დრო გვქონდა, უკეთ გაგვეცნო ერთმანეთი, რამაც კარგ და ხანგრძლივ მეგობრობას ჩაუყარა საფუძველი.
გარკვეული დროის შემდეგ ავსტრალიაში იეჰოვას მოწმეთა საქმიანობა აიკრძალა. საზოგადოების მთელი თანხების კონფისკაცია მოხდა, ამიტომ ბეთელელი ძმები ფინანსურ გაჭირვებაში ჩაცვივდნენ. ერთხელაც, ერთი ბეთელელი ძმა მოვიდა და მითხრა: „დიკ, ქალაქში საქადაგოდ მინდა წასვლა, მაგრამ მხოლოდ სამუშაო ფეხსაცმელი მაქვს“. გამიხარდა, რომ შემეძლო დავხმარებოდი და ჩემი ფეხსაცმელები ვათხოვე.
მოგვიანებით კი შევიტყვე, რომ ეს ძმა ქადაგებისთვის დაეკავებინათ და დაეპატიმრებინათ. ვერ მოვითმინე და ასეთი ბარათი გავუგზავნე: „ძალიან ვწუხვარ, რომ ასე მოხდა. მაგრამ მიხარია, რომ ის ფეხსაცმელები მე არ მეცვა“. თუმცა მალევე მეც დამაკავეს და ნეიტრალიტეტის გამო მეორედ მომისაჯეს პატიმრობა. გათავისუფლების შემდეგ, იმ ფერმის მეთვალყურეობა დამევალა, რომელიც ბეთელის ოჯახს ამარაგებდა საკვებით. იმ პერიოდისთვის ჩვენ სასამართლო პროცესი მოვიგეთ, რის შედეგადაც იეჰოვას მოწმეების საქმიანობის აკრძალვა მოიხსნა.
ვქორწინდები გულმოდგინე მქადაგებელზე
ფერმაში მუშაობისას, სერიოზულად დავიწყე ფიქრი ქორწინებაზე. მალე ჩემი ყურადღება ახალგაზრდა პიონერმა დამ, კორალი კლოგანმა, მიიქცია. მათ ოჯახში კორალის ბებიას მიეღო ბიბლიური ჭეშმარიტება პირველად. მან სიკვდილის წინ კორალის დედას, ვერას, სთხოვა: „ისე აღზარდე ბავშვები, რომ შეიყვარონ ღმერთი, ემსახურონ მას და ერთ მშვენიერ დღესაც დედამიწაზე სამოთხეში შევხვდებით ერთმანეთს“. მოგვიანებით, როდესაც ვერას კარზე ერთმა პიონერმა დაუკაკუნა და პუბლიკაცია „დღეს მცხოვრები მილიონები არასდროს მოკვდებიან“ აჩვენა, მაშინღა მიხვდა, რას გულისხმობდა დედამისი. ამ ბროშურამ დაარწმუნა, რომ ღმერთს კაცობრიობისთვის დედამიწაზე სამოთხეში ბედნიერი ცხოვრება ჰქონდა განზრახული (გამოცხადება 21:4). ვერა 30–იანი წლების დასაწყისში მოინათლა და, დედის რჩევის თანახმად, თავის სამ ქალიშვილს — ლუსის, ჯინსა და კორალის — ღვთის სიყვარული ჩაუნერგა. მაგრამ კორალის მამა სასტიკად ეწინააღმდეგებოდა ოჯახის წევრების რელიგიურ შეხედულებებს. ეს უცხო არ იყო მათთვის, რადგან იესოც აფრთხილებდა თავის მიმდევრებს ამის შესახებ (მათე 10:34—36).
კლოგანებს მუსიკალური ოჯახი ჰქონდათ. თითოეული ბავშვი რომელიმე ინსტრუმენტზე უკრავდა. კორალი ვიოლინოზე უკრავდა და 1939 წელს 15 წლის ასაკში დიპლომითაც კი დააჯილდოვეს. მეორე მსოფლიო ომის დაწყებამ კორალი სერიოზულად დააფიქრა მომავალზე. უკვე დრო იყო, გადაეწყვიტა, თუ როგორ წარმართავდა ცხოვრებას. ერთი მხრივ, შეეძლო მუსიკის განხრით შეექმნა კარიერა. მან მიწვევაც კი მიიღო მელბურნის სიმფონიურ ორკესტრში. მეორე მხრივ, შეეძლო სამეფოს შესახებ ცნობის ქადაგების მნიშვნელოვანი საქმისთვის მიეძღვნა დრო. სერიოზული ფიქრის შემდეგ, კორალი და მისი ორი და 1940 წელს მოინათლნენ და სრული დროით მსახურებისთვის მზადებას შეუდგნენ.
მალევე, მას შემდეგ, რაც კორალიმ სრული დროით მსახურების დაწყება განიზრახა, მას ავსტრალიის ბეთელის პასუხისმგებელი ძმა, ლოიდ ბერი, გაესაუბრა. მოგვიანებით ის იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელ საბჭოში მსახურობდა. მელბურნში, ერთ-ერთ შეხვედრაზე საჯარო მოხსენების წაკითხვის შემდეგ, იგი კორალისთან მივიდა და უთხრა: „ახლა ბეთელში ვბრუნდები. ჩემთან ერთად ხომ არ წამოხვიდოდი მატარებლით და შეუერთდებოდი ბეთელის ოჯახს?“. კორალიმ სიხარულით მიიღო მიწვევა.
კორალისა და სხვა ბეთელელ დებს დიდი წვლილი მიუძღოდათ ომის წლებში აკრძალვის დროს ავსტრალიელი და–ძმების ბიბლიური პუბლიკაციებით მომარაგებაში. უმეტესწილად, ლიტერატურას ისინი ბეჭდავდნენ. მათ ძმა მალკოლმ უეილი ზედამხედველობდა. დაიბეჭდა წიგნები: „ახალი ქვეყნიერება“ და „ბავშვები“. ჟურნალ „საგუშაგო კოშკის“ არც ერთი გამოშვება არ ჩავარდნილა აკრძალვის პერიოდში — ორ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში.
პოლიციას თვალში რომ არ მოხვედროდნენ, ტიპოგრაფიას დაახლოებით 15–ჯერ შეუცვალეს ადგილი. ერთხანს, ბიბლიური ლიტერატურა შენობის სარდაფში იბეჭდებოდა, სადაც შენიღბვის მიზნით სხვა სახის ლიტერატურასაც ბეჭდავდნენ. და, რომელიც მისაღებში იჯდა, საფრთხის შემთხვევაში ღილაკს აჭერდა თითს და ზარით აფრთხილებდა სარდაფში მყოფთ. ამგვარად, დებს შეეძლოთ გადაემალათ პუბლიკაციები მანამ, სანამ ვინმე დაიწყებდა შემოწმებას.
ერთ–ერთი ასეთი შემოწმების დროს დებს თავზარი დაეცათ, რადგან „საგუშაგო კოშკის“ ერთი ეგზემპლარი მაგიდაზე, კარგად დასანახ ადგილზე დარჩენოდათ. როდესაც პოლიციელი შემოვიდა, თავისი პორტფელი ზუსტად ამ „საგუშაგო კოშკს“ დაადო და ძებნას შეუდგა. რადგან ვერაფერი იპოვა, პორტფელს ხელი დაავლო და წავიდა!
აკრძალვის გაუქმების შემდეგ, ფილიალის ქონება კვლავ ძმებს დაუბრუნდათ და ბევრ მათგანს სპეციალური პიონერული მსახურების დაწყების საშუალება მიეცა. კორალიც მოხალისედ წავიდა გლენ–ინესში, სადაც 1948 წლის 1 იანვარს დაქორწინების შემდეგ მეც შევუერთდი. ჩვენი დანიშნულების ეს ადგილი რომ დავტოვეთ, აქ უკვე სწრაფად მზარდი კრება იყო ჩამოყალიბებული.
ჩვენი მომდევნო დანიშნულება როკჰემპტონი იყო. მაგრამ ბინა ვერსად ვიშოვეთ, ამიტომ ჩვენი კარავი ერთი დაინტერესებულის ფერმის ტერიტორიაზე გავშალეთ. მთელი ცხრა თვის განმავლობაში ეს კარავი სახლის მაგივრობას გვიწევდა. ის უფრო დიდხანსაც გაგვიძლებდა, მაგრამ წვიმების სეზონი დაიწყო და ტროპიკულმა შტორმმა ნაფლეთებად *.
აქცია, ხოლო კოკისპირული წვიმისას წყალმა წაიღოდანიშნულება უცხოეთში
როკჰემპტონში მსახურებისას „საგუშაგო კოშკის“ ბიბლიური სკოლა „გალაადის“ მე–19 კლასში მიგვიწვიეს. 1952 წელს სკოლის დამთავრების შემდეგ იყო, რომ გაგვგზავნეს ქვეყანაში, რომელიც მაშინ სამხრეთ–დასავლეთ აფრიკის სახელით იყო ცნობილი.
ქრისტიანულმა სამღვდელოებამ ჩვენი მისიონერული საქმიანობისადმი თავისი დამოკიდებულება მალევე გამოავლინა. ექვსი კვირის განმავლობაში, ყოველ კვირადღეს, ისინი კათედრიდან აფრთხილებდნენ სამწყსოს ჩვენ შესახებ. ხალხს ეუბნებოდნენ, რომ კარი არ გაეღოთ ჩვენთვის და არ მოესმინათ, თუ ბიბლიიდან რამის წაკითხვას შევეცდებოდით, რადგან ამით თურმე თავგზას ავუბნევდით. ერთ ტერიტორიაზე რამდენიმე პუბლიკაცია გავავრცელეთ, მაგრამ მღვდელი დაგვყვებოდა უკან და ამ პუბლიკაციებს აგროვებდა. ერთ მშვენიერ დღეს, ამ მღვდელთან მოგვიწია საუბარი მისივე კაბინეტში, სადაც ჩვენი წიგნების საკმაოდ დიდი მარაგი დავინახეთ.
მალე ადგილობრივი ხელისუფლებაც შეშფოთდა ჩვენი საქმიანობის გამო. უდავოა, სამღვდელოების წაქეზებით იყო, რომ კომუნისტებთან კავშირში ეჭვმიტანილ პირებად ჩაგვთვალეს. ამიტომ თითის ანაბეჭდები აგვიღეს, ხოლო ისინი, ვისთანაც მივდიოდით ხოლმე, დაკითხეს. წინააღმდეგობის მიუხედავად, კრების შეხვედრებზე დამსწრეთა რიცხვი სწრაფად იზრდებოდა.
ჩამოსვლისთანავე დიდი სურვილი გაგვიჩნდა იმისა, რომ ბიბლიის შესახებ გვესაუბრა ადგილობრივ მკვიდრთა შორის, ოვამბოს, ჰერეროსა და ნამას ტომებში. მაგრამ ეს იოლი არ იყო. იმ დროს, სამხრეთ–დასავლეთ აფრიკა სამხრეთ აფრიკას ექვემდებარებოდა, სადაც რასობრივი დისკრიმინაცია იყო გავრცელებული. თეთრკანიანებს მთავრობის ნებართვის გარეშე შავკანიანთა დასახლებებში ქადაგების უფლება არ გვქონდა. დროდადრო ნებართვას ვთხოულობდით, მაგრამ ჩინოსნები ყოველთვის უარით გვისტუმრებდნენ.
ჩვენი იქ ყოფნის ორი წლის თავზე სიურპრიზი გველოდა. კორალი დაფეხმძიმდა. 1955 წლის ოქტომბერში კი, ჩვენი ქალიშვილი, შარლოტა მოევლინა ქვეყანას. მართალია, მისიონერული მსახურების გაგრძელება აღარ შეგვეძლო, მაგრამ არასრული განაკვეთით დავიწყე მუშაობა და გარკვეული ხანი პიონერად ვმსახურობდი.
პასუხი ჩვენს ლოცვებზე
1960 წელს კიდევ ერთ სირთულეს შევხვდით. კორალის წერილობით აცნობეს, რომ დედამისი ძალიან ცუდად იყო და თუ მალევე არ ჩავიდოდა, შეიძლება ცოცხალი აღარ დახვედროდა. ამიტომ სამხრეთ–დასავლეთ აფრიკის დატოვება და ავსტრალიაში დაბრუნება გადავწყვიტეთ. მაგრამ საინტერესო რამ მოხდა. ზუსტად იმ კვირას, როდესაც ქვეყნის დატოვებას ვაპირებდით, ადგილობრივი
ხელისუფლებისგან შავკანიანთა დასახლებაში, კატუტურაში, შესვლის ნებართვა მივიღე. რა უნდა გვექნა? უკან დაგვებრუნებინა ნებართვა, რომლისთვისაც შვიდი წელი ვიღვწოდით? გამოსავლის პოვნა ადვილია, თუ იფიქრებ, რომ შენს დაწყებულ საქმეს ვინმე დაამთავრებს. მაგრამ განა ეს ჩვენს ლოცვებზე პასუხი და იეჰოვას კურთხევა არ იყო?მალევე მივიღე გადაწყვეტილება, რომ მე აღარ წავიდოდი, რადგან თუ ყველანი ავსტრალიაში გავემგზავრებოდით, არსებობდა იმის საშიშროება, რომ მუდიმივი საცხოვრებლის მოსაპოვებლად ჩვენი შრომა წყალში ჩაიყრებოდა. მეორე დღეს, გემის ბილეთის შეკვეთა გავაუქმე და კორალი და შარლოტა კარგა ხნით გავამგზავრე ავსტრალიაში.
მათი არყოფნის პერიოდში კი შავკანიანთა დასახლებაში ქადაგება დავიწყე. აქ ადამიანებმა უდიდესი ინტერესი გამოავლინეს. როდესაც კორალი და შარლოტა დაბრუნდნენ, ჩვენს შეხვედრებს უკვე რამდენიმე შავკანიანი ესწრებოდა.
იმ დროს ერთი ძველი მანქანა მყავდა, რომლითაც დაინტერესებულებს კრების შეხვედრებზე დავატარებდი. თითოეული შეხვედრისთვის ოთხხუთ გზას ვაკეთებდი და თითო გზაზე შვიდი, რვა ან ცხრა კაცი მაინც მიმყავდა. ერთხელ, როდესაც უკანასკნელი მგზავრიც გადავსვით, კორალიმ ხუმრობით მკითხა: „სკამის ქვეშ კიდევ რამდენი კაცი გყავს დამალული?“.
ჩვენი მსახურება უფრო ეფექტური რომ ყოფილიყო, ადგილობრივ მოსახლეობის ენაზე გვესაჭიროებოდა ლიტერატურა. წილად მხვდა პატივი, რომ ორგანიზება გამეწია ტრაქტატის „სიცოცხლე ახალ ქვეყნიერებაში“ ოთხ ადგილობრივ ენაზე თარგმნისთვის, კერძოდ ჰერერო, ნამა, ნდონგა და კვანიამა ენებზე. მთარგმნელები განათლებული ადამიანები იყვნენ, რომლებსაც ბიბლიას ვასწავლიდით, მაგრამ მე მათ გვერდით მიწევდა მუშაობა, რადგან ყველა წინადადების სისწორე უნდა შემემოწმებინა. ნამას ენას სიტყვების მწირი მარაგი აქვს. მაგალითად, მინდოდა ასეთი აზრი გადმომეცა: „თავდაპირველად ადამი სრულყოფილი იყო“. მთარგმნელმა კი თავი მოიფხანა და მითხრა, ნამას ენაზე არც ერთი სიტყვა არ მახსენდება, „სრულყოფილის“ აზრს რომ გადმოსცემდესო. „ახლა კი გამახსენდა! — წამოიძახა ბოლოს. — თავდაპირველად ადამი მწიფე ატამივით იყო“.
ჩვენი დანიშნულების ადგილით კმაყოფილნი
მას შემდეგ 49 წელი გავიდა, რაც პირველად ჩამოვედით ამჟამად ნამიბიად წოდებულ ქვეყანაში. დღესდღეობით შავკანიანთა დასახლებებში შესასვლელად ნებართვის მიღება აღარ არის საჭირო. ნამიბიას უკვე ახალი მთავრობა ჰყავს, რომელიც რასისტულ პოლიტიკას არ ატარებს. დღეისათვის უინდჰუკში ოთხი დიდი კრებაა, რომლებიც კეთილმოწყობილ სამეფო დარბაზებში ტარდება.
ხშირად გვახსენდება გალაადის სკოლაში მოსმენილი სიტყვები: „სახლივით გაიხადეთ თქვენი დანიშნულების ადგილი“. იქიდან გამომდინარე, თუ როგორ წარმართა იეჰოვამ მოვლენები, დარწმუნებული ვართ, მისი ნებით იყო, რომ უცხო ქვეყანა ჩვენთვის სახლად იქცა. ჩვენ შევიყვარეთ ძმები და მათი კულტურის მრავალფეროვნებაც. მათთან ერთად გვიჭირს და მათთან ერთად გვილხინს. ზოგიერთები, რომლებიც ჩვენს მანქანაში იყვნენ „ჩატენილი“ და შეხვედრებზე დავატარებდით, ამჟამად ბურჯებივით არიან თავიანთ კრებებში. 1953 წელს, როდესაც ამ დიდ ქვეყანაში ჩამოვედით, სასიხარულო ცნობის ათამდე მქადაგებელი იყო. ამჟამად კი ჩვენი რიცხვი 1 200 აჭარბებს. იეჰოვამ თავისი პირობა შეასრულა და ის, რაც ჩვენ თუ სხვებმა ‘დავრგეთ და მოვრწყეთ’, მან გაზარდა (1 კორინთელთა 3:6).
როდესაც თვალს გადავავლებთ ხოლმე მრავალი წლის მსახურებას ჯერ ავსტრალიაში, შემდეგ კი ნამიბიაში, მე და კორალი დიდ კმაყოფილებას ვგრძნობთ. ვიმედოვნებთ და ვლოცულობთ, რომ იეჰოვა კვლავაც მოგვცემს იმის ძალას, რომ ახლაც და მარადიულადაც შევასრულოთ მისი ნება.
[სქოლიოები]
^ აბზ. 22 ამაღელვებელი მოთხრობა, თუ როგორ გაუძლეს უოლდრონებმა (სტატიაში მათი სახელები მოხსენიებული არაა) სირთულეებს თავიანთი დანიშნულების ადგილზე, მოცემულია 1952 წლის 1 დეკემბრის „საგუშაგო კოშკში“ [ინგლ.], გვ. 707, 708.
[სურათი 26, 27 გვერდებზე]
მივემგზავრებით ჩვენი ახალი დანიშნულების ადგილისკენ, როკჰემპტონისკენ (ავსტრალია).
[სურათი 27 გვერდზე]
ნავსაყუდელთან, გალაადის სკოლისკენ მიმავალნი.
[სურათი 28 გვერდზე]
ნამიბიაში ქადაგებას დიდი სიხარული მოაქვს ჩვენთვის.