არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

შეგვიძლია დავასკვნათ გამოცხადების 20:8-ზე დაყრდნობით, რომ სატანა უკანასკნელი გამოცდისას უამრავ ხალხს შეაცდენს?

გამოცხადების 20:8-ში მესიანური სამეფოს ათასწლიანი მეფობის ბოლოს ადამიანებზე სატანის უკანასკნელი თავდასხმაა აღწერილი. სატანის შესახებ ამ მუხლში ნათქვამია: „გამოვა დედამიწის ოთხივე კუთხეში, რათა შეაცდინოს ერები, გოგი და მაგოგი, შეკრიბოს ისინი საბრძოლველად, რომელთა რიცხვი ზღვის ქვიშასავითაა“.

მეცნიერული მეთოდებისა და ინსტრუმენტების გაუმჯობესების მიუხედავად, ‘ზღვაში ქვიშის’ დათვლა შეუძლებელია. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ამ გამოთქმაში უცნობი ან დაუდგენელი რიცხვი იგულისხმება. მაგრამ მიუთითებს ის ასტრონომიულ რიცხვზე თუ იმაზე, რომ, უბრალოდ, ეს რიცხვი უცნობია და, ამავე დროს, დიდია?

ბიბლიაში გამოთქმა „ზღვის ქვიშასავით“ ბევრჯერ გვხვდება. მაგალითად, დაბადების 41:49-ში ვკითხულობთ: „დაახვავა იოსებმა ხორბალი ზღვის ქვიშასავით, ბევრზე ბევრი, ისე რომ შეწყვიტა თვლა, რადგან აღარ იყო სათვალავი“. აქ ხაზი ესმება იმას, რომ ხორბალს სათვალავი არ ჰქონდა. ასევე იეჰოვამ თქვა: „როგორც ცის მხედრობაა აღურაცხელი და ზღვის ქვიშაა განუზომელი, ასევე გავამრავლებ ჩემი მორჩილის — დავითის თესლს“. როგორც სარწმუნოა ის, რომ ზეცაში ვარსკვლავები და ზღვაში ქვიშა დაუთვლელია, ასევე სარწმუნოა ისიც, რომ იეჰოვა შეასრულებს დავითისთვის მიცემულ დაპირებას (იერემია 33:22).

ხშირად გამოთქმას „ზღვის ქვიშასავით“ რაიმეს შთამბეჭდავი რაოდენობის ან ზომის აღსაწერად იყენებენ. გილგალში მყოფ ისრაელებს ძალიან აღელვებდათ ის, რომ მიქმასთან შეკრებილი ფილისტიმელები „ზღვის ქვიშასავით ურიცხვი“ იყვნენ (პირველი მეფეთა 13:5, 6; მსაჯულნი 7:12). და კიდევ „მიჰმადლა ღმერთმა სოლომონს სიბრძნე, დიდი ჭკუა და ზღვის ქვიშასავით ვრცელი გონება“ (მესამე მეფეთა 4:29). თუმცა თითოეულ შემთხვევაში დიდ რიცხვზე იყო საუბარი, მათ თავის საზღვრები მაინც ჰქონდათ.

„ზღვის ქვიშასავით“ შეიძლება უცნობ რაოდენობაზე მიუთითებდეს, როდესაც რიცხობრივი სიდიდე არ არის ნაგულისხმები. იეჰოვამ აბრაამს უთხრა: „კურთხევით გაკურთხებ და გიმრავლებ შთამომავლობას ცის ვარსკვლავებივით და ზღვის ქვიშასავით“ (დაბადება 22:17). მაგრამ, როდესაც აბრაამის შვილიშვილს იაკობს გაუმეორა ეს დაპირება, იეჰოვამ სხვა გამოთქმა „ქვიშა მიწისა“ გამოიყენა. მოგვიანებით კი იაკობმა ეს გამოთქმა „ზღვის ქვიშად“ მოიხსენია (დაბადება 28:14, ბიბლიური საზოგადოების თარგმანი; 32:12). როგორც გაირკვა, აბრაამის „თესლს“ იესო ქრისტეს გარდა კიდევ 144000 პიროვნება შეადგენს, რომელთაც იესომ „მცირე სამწყსო“ უწოდა (ლუკა 12:32; გალატელთა 3:16, 29; გამოცხადება 7:4; 14:1, 3).

რას ვიგებთ ამ მაგალითებიდან? იმას, რომ გამოთქმა „ზღვის ქვიშასავით“ ყოველთვის არ აღნიშნავს უსასრულო, ასტრონომიულ ციფრს. ყოველთვის არც უშველებელი რამის აღსაწერად გამოიყენება. ხშირად ამაში უცნობი, მაგრამ დიდი რაოდენობა იგულისხმება. ამიტომ გონივრულია, გვჯეროდეს, რომ ღვთის ხალხზე უკანასკნელი თავდასხმისას სატანის მხარდამჭერი ხალხის რიცხვი არ იქნება უზომოდ დიდი, მაგრამ იმდენი კი იქნება, რომ საფრთხე შექმნას. დღეისათვის კი მათი რიცხვი უცნობია.