„მოგვები“ ვინ იყვნენ ისინი?
„მოგვები“ ვინ იყვნენ ისინი?
სურათებზე, რომლებზეც იესოს დაბადებაა გამოსახული, ყოველთვის ვხედავთ მოსასხამებში გახვეულ სამ მამაკაცს თავიანთი აქლემებით, რომლებიც იმ ბოსელთან დგანან, სადაც ჩვილი იესო წევს ბაგაში. მდიდრულ ტანსაცმელში გამოწყობილ ამ მამაკაცებს მოგვებს უწოდებენ. რას ამბობს ბიბლია მათ შესახებ?
ბიბლიის ცნობის თანახმად, ეს „მოგვები“ „აღმოსავლეთიდან“ იყვნენ და სწორედ იქ გაიგეს იესოს დაბადების ამბავი (მათე 2:1, 2, 9). ამ კაცებს კარგა ხანი უნდა ემგზავრათ, იუდეაში რომ ჩასულიყვნენ. როდესაც მათ, როგორც იქნა, იპოვეს იესო, ის ახალშობილი აღარ იყო. პირიქით, როდესაც ამ მამაკაცებმა მარიამი და „ყრმა“ იპოვეს, ისინი უკვე საკუთარ სახლში ცხოვრობდნენ (მათე 2:11).
ბიბლია ამ მამაკაცებს გრძნეულებს ანუ „ვარსკვლავთმრიცხველებს“ უწოდებს და არ აკონკრეტებს, თუ რამდენი იყვნენ ისინი. ერთ-ერთ ცნობარში ახსნილია, რომ „მისნობასა და ვარსკვლავთმრიცხველობას შორის კავშირს ისიც ადასტურებს, რომ ისინი ვარსკვლავს მიჰყვებოდნენ, რომელმაც ისინი ბეთლემში მიიყვანა“ (The Oxford Companion to the Bible). ბიბლია აშკარად კიცხავს ჯადოქრობის ყველა ფორმასა და ვარსკვლავებისგან რაღაც ინფორმაციის მიღების ბაბილონში გავრცელებულ ჩვეულებას (მეორე რჯული 18:10—12; ესაია 47:13).
ამ მამაკაცებისთვის მიწოდებულ ინფორმაციას კარგი არაფერი მოჰყოლია. პირიქით, მან ბოროტი მეფე ჰეროდე რისხვით აღავსო. ამას მოჰყვა ისიც, რომ იოსები, მარიამი და იესო ეგვიპტეში გაიქცნენ და ბეთლემში კი ყველა „ორი წლისა და იმაზე უმცროსი“ ყრმები დახოცეს. ჰეროდემ ვარსკვლავთმრიცხველების მეშვეობით დაადგინა იესოს დაბადების დრო (მათე 2:16). თუ მათი მონახულების ყველა დეტალს მივიღებთ მხედველობაში, გონივრული იქნება დავასკვნათ, რომ ის ვარსკვლავი, რომელიც მათ დაინახეს და ის ცნობა, რომელიც ‘ახალშობილ მეფეს’ ეხებოდა, ღვთის მტრისგან, სატანა ეშმაკისგან იყო, რომელსაც იესოს განადგურება სურდა (მათე 2:1, 2).