არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რას გვასწავლის ცნობები იესოს დაბადების შესახებ

რას გვასწავლის ცნობები იესოს დაბადების შესახებ

რას გვასწავლის ცნობები იესოს დაბადების შესახებ

მრავალს აინტერესებს მოვლენები, რომლებიც იესოს დაბადებას სდევდა თან. ეს კარგად ჩანს იქიდანაც, თუ რამდენი სცენა და პიესა იქმნება შობის დღესასწაულზე იესოს დაბადების შესახებ. მართალია იესოს დაბადებასთან დაკავშირებული მოვლენები ინტერესს იწვევს, მაგრამ ბიბლიაში ისინი ადამიანების გართობის მიზნით არ ყოფილა ჩაწერილი. ისინი იმ ღვთივსულიერი წერილების ნაწილია, რომელიც ღმერთმა ჩვენს სასწავლებლად და გამოსასწორებლად შექმნა (2 ტიმოთე 3:16).

თუ ღმერთი მოისურვებდა, რომ ქრისტიანებს იესოს დაბადება ეზეიმათ, იმაზეც იზრუნებდა, რომ ბიბლიაში მისი დაბადების ზუსტი თარიღი ყოფილიყო მოცემული. არის თუ არა ეს თარიღი მასში? მე-19 საუკუნეში მცხოვრებმა ბიბლეისტმა ალბერტ ბარნზმა იმის მოხსენიების შემდეგ, რომ იესოს დაბადების დროს მწყემსები თავიანთ ფარასთან ერთად ცის ქვეშ ათევდნენ ღამეს, დაასკვნა: „აქედან ნათლად ჩანს, რომ ჩვენი მხსნელი 25 დეკემბრამდე მოევლინა ქვეყანას... ამ დროისთვის ცივა, განსაკუთრებით კი ბეთლემის მახლობელ მთიან რეგიონებში. ღმერთმა არ გაგვიმხილა [იესოს] დაბადების თარიღი... ზუსტი დროის ცოდნა მნიშვნელოვანი არ იყო; ასე რომ არ ყოფილიყო, ღმერთი ზუსტ თარიღს შემოგვინახავდა“.

მეორე მხრივ, ოთხივე სახარების დამწერები ზუსტად გვამცნობენ იესოს სიკვდილის თარიღს. ეს პასექის დღესასწაულზე მოხდა, რომელსაც იუდაური კალენდრის მიხედვით გაზაფხულზე, 14 ნისანს, ზეიმობდნენ. გარდა ამისა, იესომ თავის მიმდევრებს მისცა კონკრეტული მითითება, რომ მისი გახსენება ზუსტად ამ დღეს აღენიშნათ (ლუკა 22:19). ბიბლიაში არანაირი მითითება არ არის მოცემული იესოს და თუნდაც საერთოდ ვინმეს დაბადების დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, იესოს დაბადების ზუსტი თარიღის თაობაზე კამათმა შეიძლება იმ დროს მომხდარი უფრო მნიშვნელოვანი მოვლენები დაჩრდილოს.

ღვთის მიერ არჩეული მშობლები

ისრაელში ათასობით ოჯახი იყო. მაგრამ როგორ მშობლებს ამოარჩევდა ღმერთი თავისი ძის აღსაზრდელად? ითამაშებდა გადამწყვეტ როლს ამაში მათი სახელი და სიმდიდრე? არა. იეჰოვამ ყურადღება მათ სულიერ თვისებებს მიაქცია. მოდი განვიხილოთ ლუკას 1:46—55-ში ჩაწერილი მარიამის მიერ შესრულებული საგალობელი. მან ეს საგალობელი მაშინ იმღერა, როდესაც გაიგო, რომ წილად ხვდა პატივი, მესიის დედა გამხდარიყო. მის სიმღერაში ასეთი სიტყვებიც ერია: „ადიდებს სული ჩემი უფალსა... ვინაიდან მოხედა თავისი მხევლის სიმდაბლეს“. მან თავმდაბლურად უწოდა საკუთარ თავს ‘მდაბალი’ და იეჰოვას მხევალი. და რაც მთავარია, მარიამის მიერ საგალობელში გამოყენებული უმშვენიერესი ფრაზები იმის მაჩვენებელია, რომ ის სულიერი პიროვნება იყო და საღვთო წერილი კარგად იცოდა. მართალია, ისიც ადამის ცოდვილი შთამომავალი იყო, მაგრამ ის იდეალურად შეესაბამებოდა ღვთის ძის მიწიერი დედის როლს.

რა შეიძლება ითქვას მარიამის მეუღლეზე, იესოს მამობილზე? ის დურგალი იყო. რადგან მზად იყო, საკუთარი შრომით მოეპოვებინა საზრდო, მას შეეძლო ეზრუნა ოჯახზე, რომელიც საბოლოოდ ხუთი ვაჟისა და, სულ მცირე, ორი ქალიშვილისგან შედგებოდა (მათე 13:55, 56). იოსები მდიდარი არ ყოფილა. როცა დრო მოვიდა, რომ მარიამს თავისი პირმშო ღვთის ტაძარში მიეყვანა, იოსები, ალბათ, თავს უხერხულად გრძნობდა, რადგან არ შეეძლო შესაწირავად ცხვარი მიეყვანა. ნაცვლად ამისა, მათ მოუწიათ ისეთი შესაწირავის მიტანა, რომელიც ღარიბებისთვის გამონაკლისის სახით დაიშვებოდა. ქალზე, რომელიც ვაჟს შობდა, ღვთის რჯულში ნათქვამი იყო: „თუ ბატკანზე არ მიუწვდება ხელი, მიიყვანოს ორი გვრიტი ან ორი ხუნდი; ერთი აღსავლენად, მეორე ცოდვის გამოსასყიდად; მღვდელი შენდობას გამოითხოვს მისთვის და გაწმიდავდება ქალი“ (ლევიანნი 12:8; ლუკა 2:22—24).

ბიბლიაში იოსებზე ნათქვამია, რომ ის „მართალი იყო“ (მათე 1:19). მაგალითად, მას მანამდე არ ჰქონია თავის ქალწულ ცოლთან სქესობრივი კავშირი, სანამ მარიამმა იესო არ შვა. ამგვარად თავიდან იქნა არიდებული ყოველგვარი გაუგებრობა იესოს მამის ნამდვილ ვინაობასთან დაკავშირებით. ერთ ჭერქვეშ მცხოვრები ახალდაქორწინებული წყვილისთვის ინტიმური ურთიერთობისგან თავის შეკავება ადვილი არ იქნებოდა, მაგრამ ამით მათ ცხადყვეს, რომ ორივენი აფასებდნენ ღვთის ძის მშობლობის პატივს, რომელიც მათ ხვდათ წილად (მათე 1:24, 25).

მარიამის მსგავსად, იოსებიც სულიერად მოაზროვნე პიროვნება იყო. ყოველწლიურად ის თავს ანებებდა სამუშაოს და ოჯახი, სამი დღის სავალზე, ნაზარეთიდან იერუსალიმში მიჰყავდა პასექის ყოველწლიური დღესასწაულის აღსანიშნავად (ლუკა 2:41). იოსებმა, ალბათ, პატარა იესოც მიაჩვია წესისამებრ ყოველკვირეულად ადგილობრივ სინაგოგაში სიარულს. აქ ღვთის სიტყვა იკითხებოდა და განიმარტებოდა (ლუკა 2:51; 4:16). ნათელია, რომ ღმერთმა სწორი არჩევანი გააკეთა, როდესაც თავისი ძის მიწიერ მშობლებად იოსები და მარიამი აირჩია.

დიდი კურთხევა, რომელიც უბრალო მწყემსებს ხვდათ წილად

მიუხედავად იმისა, რომ მარიამი ცხრა თვის ორსული იყო, იოსები ცოლთან ერთად, კეისრის ბრძანების თანახმად, თავის მშობლიურ ქალაქში გაემგზავრა ჩასაწერად. ბეთლემში მათ ღამის გასათევი ვერ იპოვეს, რადგან ქალაქი ხალხით იყო სავსე. ამიტომ იძულებული იყვნენ, ღამე საქონლის სადგომში გაეთიათ, სადაც დაიბადა იესო, რომელიც ბაგაში ჩააწვინეს. მათი რწმენა რომ განემტკიცებინა, იეჰოვამ ამ თავმდაბალ წყვილს იმის დამადასტურებელი ნიშანი მისცა, რომ იესოს დაბადება ნამდვილად ღვთის ნებით მოხდა. გაუგზავნა მათ ამ მიზნით ბეთლემის ცნობილ უხუცესთა დელეგაცია? არა. ნაცვლად ამისა, იეჰოვა ღმერთმა იესოს დაბადება გამრჯე მწყემსებს აცნობა, რომლებიც ღია ცის ქვეშ ათევდნენ ღამეს თავიანთ ფარასთან ერთად.

მათ ღვთის ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა, ბეთლემში წასულიყვნენ, სადაც ახალშობილ მესიას იპოვიდნენ „ბაგაზე მწოლარეს“. ხომ არ გააოცა ან შეაშფოთა ეს უბრალო მწყემსები იმის მოსმენამ, რომ ახალშობილი მესია საქონლის სადგომში იყო? სრულებითაც არა. მათ დაუყოვნებლივ დატოვეს თავიანთი ფარა და ბეთლემისკენ გაემართნენ. როდესაც იესო იპოვეს, იოსებსა და მარიამს მოუთხრეს იმის შესახებ, რაც ღვთის ანგელოზისგან მოისმინეს. ამან კი უდავოა იოსებსა და მარიამს იმის რწმენა განუმტკიცა, რომ ყველაფერი ღვთის განზრახვის თანახმად ხდებოდა. მწყემსები კი „დაბრუნდნენ... თან ადიდებდნენ და აქებდნენ ღმერთს ყოველივე იმის გამო, რაც ესმათ და იხილეს“ (ლუკა 2:8—20). დიახ, იეჰოვა სწორად მოიქცა, რომ ღვთისმოშიშ მწყემსებს გაუმხილა იესოს დაბადება.

ყოველივე ზემოთქმულიდან ვიგებთ იმას, თუ როგორი ადამიანები უნდა ვიყოთ, იეჰოვას მოწონება რომ დავიმსახუროთ. საჭირო არ არის, დიდებას ან სიმდიდრეს ვესწრაფოთ. ნაცვლად ამისა, იოსების, მარიამისა და მწყემსების მსგავსად, ღმერთს უნდა დავემორჩილოთ და მისადმი ჩვენი სიყვარული იმით დავამტკიცოთ, რომ მატერიალურ კეთილდღეობაზე წინ სულიერი ინტერესები დავაყენოთ. მართლაც ბევრი რამის სწავლა შეიძლება, თუ ვიფიქრებთ იესოს დაბადებასთან დაკავშირებულ მოვლენებზე.

[სურათი 7 გვერდზე]

რაზე მიუთითებს ის, რომ მარიამმა მსხვერპლად მტრედის ორი ხუნდი მიიყვანა?

[სურათი 7 გვერდზე]

ღმერთმა გადაწყვიტა, იესოს დაბადება უბრალო მწყემსებისთვის ეცნობებინა.