არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ყველაფერს ღვთის თვალსაზრისით უყურეთ

ყველაფერს ღვთის თვალსაზრისით უყურეთ

ყველაფერს ღვთის თვალსაზრისით უყურეთ

ნიუ-იორკში 2002 წლის 14 სექტემბერს მზიანი დღე იდგა. ამ დღეს სხვადასხვა ეროვნების 6 521 ადამიანი შეიკრიბა პატერსონის საგანმანათლებლო ცენტრსა და ამ რეგიონში მდებარე იეჰოვას მოწმეთა სხვა ორ კომპლექსში. ისინი „საგუშაგო კოშკის“ ბიბლიური სკოლა „გალაადის“ 113-ე კლასის გამოშვებაზე დასასწრებად იყვნენ მოსული. 14 ქვეყნიდან მოწვეულმა სტუდენტებმა ბოლო ხუთი თვე მისიონერული მსახურებისთვის მომზადებას მოანდომეს, რათა შემდგომ 19 ქვეყანაში მიეღოთ დანიშნულება.

პროგრამის თავმჯდომარე იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭოს წევრი, 98 წლის კერი ბარბერი იყო. მან მსმენელთა ყურადღება გაამახვილა სკოლა „გალაადის“ დაახლოებით 60-წლიან ისტორიაზე. ამ სკოლაში ხომ მისიონერული მსახურებისთვის ათასობით სტუდენტი მომზადდა. ძმა ბარბერმა აღნიშნა: „არ გავაზვიადებდით, თუ ვიტყოდით, რომ მისიონერთა მომზადებას დიდებული შედეგები მოჰყვა. პირდაპირი მნიშვნელობით მთელ მსოფლიოში ათასობით თვინიერმა ადამიანმა მიუძღვნა თავი იეჰოვას, მისადმი ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობასა და წმინდა მსახურებაში ჩაება, რაც გამოცდილი მისიონერების მიერ გაწეული დახმარების შედეგია“.

გალაადის სკოლაში მიწვევამდე, მრავალი სტუდენტი მოწადინებული იყო, გაეფართოებინა მსახურება. ერთი წყვილი ერთ წელზე მეტ ხანს ესწრებოდა კურსებს ჩინური ენის მანდარინული დიალექტის შესასწავლად, რათა თავიანთ სამშობლოში, კანადაში, ჩინელებით დასახლებულ ტერიტორიაზე ექადაგათ. ერთი წყვილი ალბანურს სწავლობდა და შემდეგ ალბანეთშიც კი გადავიდა საცხოვრებლად, რათა ბიბლიით დაინტერესებულ ადამიანებზე ეზრუნათ. ამ კლასის ზოგიერთი სტუდენტი უნგრეთიდან, გვატემალადან და დომინიკელთა რესპუბლიკიდან ჩამოვიდა, სადაც იმ მიზნით გადავიდნენ საცხოვრებლად, რომ ღვთის სიტყვის მასწავლებლებზე დიდი მოთხოვნილება იყო.

ახლა კი, სანამ თავიანთი დანიშნულების ადგილებისკენ გაეშურებიან აფრიკაში, აღმოსავლეთ ევროპაში, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკასა თუ შორეულ აღმოსავლეთში, სკოლის კურსდამთავრებულებს ყველა საკითხში ღვთის თვალსაზრისის გათვალისწინებისკენ მოუწოდეს.

ყველაფერს ღვთის თვალსაზრისით უყურეთ

შესავალი სიტყვების შემდეგ, ძმა ბარბერმა აუდიტორიას წარუდგინა მაქსველ ლოიდი, რომელიც შეერთებული შტატების ფილიალში კომიტეტის წევრად მსახურობს. ის გამოვიდა თემით „ყველაფერს ღვთის თვალსაზრისით უყურეთ“. ძმა ლოიდმა ყურადღება გაამახვილა დავითისა და ღვთის ძის, იესოს, მაგალითებზე (პირველი მეფეთა 24:7; 26:11; ლუკა 22:42). მან შეახსენა სტუდენტებს, რომ ბიბლიის სწავლების ხუთთვიანი კურსი მათ მოვლენების ღვთის თვალსაზრისით დანახვაში დაეხმარა. შემდეგ მომხსენებელმა დასვა კითხვა: „როდესაც თქვენი ახალი დანიშნულების ადგილზე ბიბლიის შესწავლების ჩატარებას დაიწყებთ, დაეხმარებით შემსწავლელებს, რომ საკითხებს ღვთის თვალსაზრისით უყურონ?“. სხვებისთვის რჩევის მიცემასთან დაკავშირებით კი მან ასეთი რამ ურჩია სტუდენტებს: «ნუ იტყვით: „ჩემი აზრით ან მე ვფიქრობ“ . . . ნაცვლად ამისა, მათ ღვთის თვალსაზრისის დანახვაში დაეხმარეთ. თუ ამგვარად მიუდგებით საკითხს, ნამდვილად კურთხევა აღმოჩნდებით მათთვის, ვისაც თქვენი დანიშნულების ადგილას შეხვდებით».

შემდეგ ძმა გერიტ ლოში, ხელმძღვანელი საბჭოს წევრი, გამოვიდა თემით „შენთანა ვარ“ და ყურადღება გაამახვილა იმ მრავალ შემთხვევაზე, როდესაც იეჰოვამ ზუსტად ეს სიტყვები უთხრა თავის ერთგულ მსახურებს (დაბადება 26:23, 24; 28:15; იესო ნავეს ძე 1:5; იერემია 1:7, 8). დღესაც შეგვიძლია იეჰოვას იმედი გვქონდეს, თუ მისადმი ერთგული ვრჩებით. ძმა ლოშმა აღნიშნა: «ხომ არ გადარდებთ იმაზე ფიქრი, შეძლებთ თუ არა ბიბლიის შემსწავლელების პოვნას? გახსოვდეთ იეჰოვას სიტყვები: „შენთანა ვარ“. გაფიქრებთ თქვენი ეკონომიკური მდგომარეობა? იეჰოვამ თქვა: „არ მიგატოვებ და არ დაგაგდებ“ » (ებრაელთა 13:5). დასკვნაში ძმა ლოშმა შეახსენა სტუდენტებს, რომ იესო, დაპირების თანახმად, თავისი ერთგული მიმდევრების გვერდით იქნება მოწაფეების მომზადების საქმეში (მათე 28:20).

„იპოვით თავშესაფარს ცეცხლოვანი განსაცდელების დროს?“ — ასეთი იყო სკოლა „გალაადის“ მასწავლებლის ლორენს ბოუენის მოხსენების თემა. მან აღნიშნა, რომ ედემის ბაღში წამოჭრილი საკამათო საკითხის გამო, ყველა, ვინც განსაკუთრებულ ერთგულებას ავლენს იეჰოვასადმი, სირთულეებს შეხვდება, დროდადრო — ცეცხლოვან განსაცდელებსაც კი. მან კურსდამთავრებულებს მოუწოდა, მიებაძათ იესოსთვის, რომელმაც ნამდვილი თავშესაფარი იეჰოვაზე სრული მინდობით ჰპოვა და გაუძლო იმ ცეცხლოვან განსაცდელებს, რომლებიც იეჰოვამ თავისი ძის მოთმინების სრულყოფისათვის დაუშვა (ებრაელთა 5:8, 9). იეჰოვა შეიძლება ოქროს გამომდნობელს შევადაროთ, რომელიც ოქროსთვის ზედმეტი მინარევების მოსაცილებლად სათანადო ტემპერატურამდე ახურებს მას. რა თქმა უნდა, ცეცხლოვან განსაცდელებში გამოწრთობილი რწმენა, გამოწრთობილ ოქროზე უფრო საიმედო და ძლიერია. რატომ? ძმა ბოუენმა დასძინა: «რადგან გამოწრთობილი რწმენა გვეხმარება ‘ბოლომდე’ გავუძლოთ ყველაფერს» (მათე 24:13).

სკოლა „გალაადის“ კიდევ ერთმა მასწავლებელმა მარკ ნიუმარმა კი ასეთი კითხვა დასვა: „შენც დამშვენდები?“. მისი მოხსენება დაფუძნებული იყო პირველი მეფეთა 2:26-ში მოცემულ სიტყვებზე, სადაც სამუელზე ნათქვამია, რომ „მშვენდებოდა უფლისა და ხალხის თვალში“. სამუელის მაგალითის განხილვის შემდეგ, ძმა ნიუმარმა, რომელმაც ათ წელიწადზე მეტი გაატარა აფრიკაში მისიონერულ მსახურებაში, აღნიშნა: „თქვენც შეგიძლიათ მშვენიერი გახდეთ ღვთის თვალში, თუ ერთგულად შეასრულებთ ღვთისგან მიღებულ დავალებას. მან მისიონერებად დაგნიშნათ, რაც ფასდაუდებელი დავალებაა“. შემდეგ კი ძმა ნიუმარმა მოუწოდა კურსდამთავრებულებს, რომ თავიანთ დანიშნულებას ისე მოკიდებოდნენ, როგორც განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას, რომელიც ღმერთმა მიანდოთ. აგრეთვე გაეთავისებინათ ღვთის თვალსაზრისი და ისე შეესრულებინათ თავიანთი დავალება.

სწავლის პერიოდში სტუდენტებს მრავალჯერ ჰქონდათ იმის საშუალება, რომ შაბათ-კვირას ახლომდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ ხალხთან ესაუბრათ „ღვთის დიად საქმეებზე“, რომლებიც ბიბლიაშია აღწერილი (საქმეები 2:11). მთლიანობაში მათ ათ ენაზე შეეძლოთ საუბარი. სკოლის კიდევ ერთმა მასწავლებელმა, უოლეს ლივერანსმა, ინტერვიუ აიღო რამდენიმე სტუდენტისგან, რომლებმაც წაკითხულ თემასთან — „ღვთის დიადი საქმეები ადამიანებს მოქმედებისკენ აღძრავს“ — დაკავშირებით თავიანთი შემთხვევები გაიხსენეს. შემდეგ კი აღნიშნა: «ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე ზემო ოთახში შეკრებილები სულმა აღძრა, რომ „ღვთის დიად საქმეებზე“ ესაუბრათ. ზუსტად ეს სული მოქმედებს ამჟამადაც ღვთის ყველა ერთგულ მსახურში». უფრო მეტი ადამიანისთვის რომ ექადაგათ, ზოგიერთს ახალი ენების შესწავლის სურვილიც კი გაუჩნდა.

პრაქტიკული რჩევა — როგორ ვუყუროთ მოვლენებს ღვთის თვალსაზრისით

შესავალი მოხსენებების შემდეგ, გარი ბრომ და უილიამ იანგმა, შეერთებული შტატების ბეთელის ოჯახის წევრებმა, ინტერვიუ აიღეს იმ ქვეყნების ფილიალების კომიტეტების წევრებისგან, სადაც ამჟამად მისიონერები მსახურობენ. აგრეთვე წყვილისგან, რომელმაც 41 წელი გაატარა მისიონერულ მსახურებაში. დაკვირვებამ ცხადყო, რომ „ის მისიონერები, რომლებიც მცირედით კმაყოფილდებიან, უფრო დიდხანს რჩებიან თავიანთი დანიშნულების ადგილზე. ისინი კონცენტრირებას მათი იქ ყოფნის მიზანზე ახდენენ. იციან, რომ მათი მიზანია, სასიხარულო ცნობა უქადაგონ ადამიანებს და იეჰოვას გაცნობაში დაეხმარონ მათ“.

დეივიდ სპლეინმა, ხელმძღვანელი საბჭოს კიდევ ერთმა წევრმა, პროგრამა დაასრულა მოხსენებით „თქვენ შორს არ მიდიხართ!“. რა იგულისხმა მან ამაში, თუ მხედველობაში მივიღებთ იმ ფაქტს, რომ 46 კურსდამთავრებული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გაემგზავრება? მან განმარტა: „მიუხედავად იმისა, თუ დედამიწის რომელ კუთხეში მოგიწევთ ყოფნა, ყოველთვის ღვთის სახლში იქნებით, სანამ ერთგულებას შეინარჩუნებთ“. დიახ, ყველა ერთგული ქრისტიანი მიუხედავად იმისა, თუ სად იმყოფება, მსახურობს ღვთის დიდებულ სულიერ ტაძარში, რომელიც პირველ საუკუნეში იესოს მონათვლის დროს ამოქმედდა (ებრაელთა 9:9). რაოდენ მანუგეშებელი იყო დამსწრეთათვის იმის მოსმენა, რომ იეჰოვა ახლოა დედამიწის ნებისმიერ კუთხეში მცხოვრებ თავის ყველა ერთგულ მსახურთან! იეჰოვა, როგორც იესოს დედამიწაზე ყოფნისას იყო მისით დაინტერესებული, ასევეა დაინტერესებული ყოველი ჩვენგანითა და ჩვენი მსახურებით მიუხედავად იმისა, თუ სად ვიმყოფებით. ამიტომ, რაც შეეხება თაყვანისმცემლობას, ჩვენ არასდროს ვართ შორს ერთმანეთისგან, იეჰოვასა და იესოსგან.

მსოფლიოს მრავალი კუთხიდან მიღებული მოკითხვების, მისიონერთა დანიშნულების შესახებ განცხადებისა და „გალაადში“ მიღებული დასწავლებისათვის კლასის სამადლობელი წერილის წაკითხვის შემდეგ თავმჯდომარემ აუდიტორიას პროგრამის დამთავრების შესახებ აუწყა. მან ახლად დანიშნულ მისიონერებს მოუწოდა, რომ კვლავაც აკეთონ კეთილი საქმეები და გაიხარონ იეჰოვასთვის მსახურებაში (ფილიპელთა 3:1).

[ჩარჩო 23 გვერდზე]

კლასის სტატისტიკური მონაცემები

წარმოდგენილი ქვეყნების რაოდენობა: 14

ქვეყნების რაოდენობა, სადაც მისიონერები დაინიშნენ: 19

სტუდენტების რაოდენობა: 46

საშუალო ასაკი: 35

ჭეშმარიტებაში გატარებული წლების საშუალო რაოდენობა: 17, 2

სრული დროით მსახურებაში გატარებული წლების საშუალო რაოდენობა: 13, 7

[სურათი 24 გვერდზე]

„საგუშაგო კოშკის“ ბიბლიური სკოლა „გალაადის“ 113-ე გამოსაშვები კლასი

რიგები დანომრილია ქვემოდან ზემოთ, გვარები კი მოცემულია მარცხნიდან მარჯვნივ.

1) ჯ. აოკი, კ. ლიმი, ა. ბერკტოლდი, ს. ჰოსოი, მ. ლიგჰარტი; 2) ფ. ესკობარი, ი. ესკობარი, ჯ. ოლტონი, ა. ბოსსი, ს. ბუკე, ი. ბაგიაში; 3) რ. ლებლანი, მ. კარლსონი, შ. ფრიმუსი, დ. სტოიკა, ა. სტოიკა; 4) ლ. ლებლანი, ს. პარიზი, ლ. იოსიფი, ლ. კამინსკი, ს. ბიანკი, რ. ბიანკი; 5) გ. სკიდმორი, ლ. ჰორტონი, ჯ. ჰორტონი, ბ. სკიდმორი, მ. პარიზი; 6) ჰ. აოკი, ზ. სტაინინგერი, მ. ლანგუა, ე. კვირისი, გ. ოლტონი, ბ. ლიმი; 7) კ. ჰოსოი, ე. ლიგჰარტი, ჯ. ბუკე, ჯ. კამინსკი, ფ. ბოსსი, მ. სტაინინგერი, ჯ. ლანგუა; 8) რ. იოსიფი; ვ. ბერკტოლდი, კ. ფრიმუსი, ლ. კარლსონი, მ. კვირისი, ი. ბაგიაში.