მკითხველთა შეკითხვები
მკითხველთა შეკითხვები
რა იგულისხმა პავლემ სიტყვებში „ყოველთვის, როცა ამ პურს ჭამთ და ამ სასმისს სვამთ“?
იესოს სიკვდილის გახსენების საღამოსთან დაკავშირებით პავლემ დაწერა: „ყოველთვის, როცა ამ პურს ჭამთ და ამ სასმისს სვამთ, აუწყეთ უფლის სიკვდილი, ვიდრე მოვიდოდეს“ (1 კორინთელთა 11:25, 26). ზოგიერთის აზრით, სიტყვა „ყოველთვის“ იმაზე მეტყველებს, რომ ქრისტეს სიკვდილი ხშირად უნდა აღინიშნოს. აქედან გამომდინარე, ისინი უფრო ხშირად აღნიშნავენ მას, ვიდრე წელიწადში ერთხელ. ჰქონდა ეს პავლეს მხედველობაში?
თითქმის 2 000 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც იესომ თავისი სიკვდილის გახსენების საღამო დააწესა. ამიტომ ამ დღის აღნიშვნა, თუნდაც წელიწადში ერთხელ, ნიშნავს, რომ ახ. წ. 33 წლის შემდეგ ის ხშირად აღინიშნა. მაგრამ 1 კორინთელთა 11:25, 26-ის კონტექსტის თანახმად, პავლე იმას კი არ განიხილავდა, რამდენად ხშირად უნდა ეზეიმათ, არამედ როგორ გაეკეთებინათ ეს. ბერძნულ ორიგინალში მოციქული არ იყენებს სიტყვა „პოლლაკისს“, რაც ნიშნავს „ბევრჯერ“ ან „ხშირად“, არამედ — „ოსაკისს“, რაც ნიშნავს „ყოველთვის“, „რამდენჯერაც“. ფაქტობრივად, პავლე ამბობდა: „ყოველთვის, როცა ამას აკეთებთ, აუწყეთ უფლის სიკვდილი“ *.
მაშ, რამდენად ხშირად უნდა აღინიშნოს იესოს სიკვდილის გახსენების საღამო? მართებული იქნებოდა ამის წელიწადში ერთხელ გაკეთება. სინამდვილეში, ნებისმიერი ღირშესანიშნავი მოვლენა ხომ წელიწადში ერთხელ აღინიშნება. ამასთანავე, იესო მოკვდა იუდეველთა პასექის დღეს, რომელიც წელიწადში ერთხელ იმართებოდა. ამიტომაც პავლემ იესო მოიხსენია, როგორც „ჩვენი პასექი, ქრისტე“. იესოს გამომსყიდველურმა მსხვერპლმა სიცოცხლის გზა გაუხსნა სულიერ ისრაელს ისევე, როგორც პირველმა საპასექო მსხვერპლთშესაწირავმა იხსნა ისრაელიანთა პირმშოები და გზა გაუხსნა ეგვიპტის მონობიდან თავდასაღწევად (1 კორინთელთა 5:7; გალატელთა 6:16). იუდეველთა პასექთან ასეთი კავშირი კიდევ ერთი მტკიცებაა იმისა, რომ იესოს სიკვდილის გახსენების საღამო წელიწადში ერთხელ უნდა აღინიშნებოდეს.
იესოს სიკვდილი პავლემ კიდევ ერთ იუდაურ დღესასწაულს, გამოსყიდვის დღეს, დაუკავშირა. ებრაელთა 9:25, 26-ში ვკითხულობთ: „არა იმისათვის, რომ მრავალგზის შეეწიროს, როგორც შედის მღვდელმთავარი ყოველწლიურად [გამოსყიდვის დღეს] წმიდაში სხვისი სისხლით... ის კი ერთხელ, საუკუნეთა დასასრულს, გამოჩნდა თავისი მსხვერპლით ცოდვის აღსაკვეთად“. ვინაიდან იესოს გამომსყიდველურმა მსხვერპლმა ყოველწლიური გამოსყიდვის დღეს შესაწირავი მსხვერპლი შეცვალა, გახსენების საღამოც წელიწადში ერთხელ უნდა აღინიშნოს. არანაირი ბიბლიური მიზეზი არ არსებობს ამ დღის უფრო ხშირად აღსანიშნავად.
ამასთან დაკავშირებით ისტორიკოსი ჯონ ლორენს ვონ მოშიმი აღნიშნავს, რომ მეორე საუკუნეში მცხოვრები მცირე აზიელი ქრისტიანები იესოს სიკვდილის გახსენების საღამოს „იუდეველთა კალენდრის მიხედვით პირველი თვის [ნისანის] მეთოთხმეტე დღეს“ აღნიშნავდნენ. ქრისტიანულ სამყაროში ამ დღის ხშირად აღნიშვნა მხოლოდ მოგვიანებით შემოიღეს.
[სქოლიოები]
^ აბზ. 4 შეადარეთ პირველი მეფეთა 1:3, 7. აქედან ჩანს, რომ ელკანა თავის ორ ცოლთან ერთად შილოში მდებარე კარავში თაყვანისსაცემად „ყოველწლიურად“ ანუ წელიწადში ერთხელ ადიოდა.