არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

პატარა ბარათმა ჩემი ცხოვრება შეცვალა

პატარა ბარათმა ჩემი ცხოვრება შეცვალა

ბიოგრაფია

პატარა ბარათმა ჩემი ცხოვრება შეცვალა

მოგვითხრო ირენ ჰოხსტენბახმა

ეს მოხდა 1972 წელს, ერთ სამშაბათ საღამოს. თექვსმეტი წლის ვიყავი და მშობლებთან ერთად ბრაბანტის პროვინციის ქალაქ ეინდჰოვენში (ნიდერლანდი) რელიგიურ შეხვედრას ვესწრებოდი. თავს უხერხულად ვგრძნობდი და მსურდა იქაურობას გავცლოდი. ამ ფიქრებში ვიყავი, რომ ორმა ახალგაზრდა ქალმა ხელში მოკლე ბარათი ჩამიდო: „ძვირფასო ირენ, გვინდა დაგეხმაროთ“. მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი, როგორ შეცვლიდა ეს პატარა ბარათი ჩემს ცხოვრებას. მაგრამ სანამ იმას მოგითხრობდეთ, რაც ამის შემდეგ მოხდა, ნება მიბოძეთ ჩემი ბავშვობა გავიხსენო.

დავიბადე ბელიტუნგის კუნძულზე (ინდონეზია). მახსოვს ამ ტროპიკულ კუნძულზე მოსმენილი ხმები — პალმების შრიალი, მდინარის შხუილი, ეზოში მოთამაშე ბავშვების სიცილი და ჩვენს სახლში აჟღერებული მუსიკა. 1960 წელს, როდესაც ოთხი წლის ვიყავი, ჩვენი ოჯახი ინდონეზიიდან ნიდერლანდებში გადასახლდა. გემით დიდხანს ვიმგზავრეთ; ყველაზე მეტად, ჩემი საყვარელი სათამაშოს, დოლიანი კლოუნის, ხმა დამამახსოვრდა. შვიდი წლის ვიყავი, როდესაც ავადმყოფობის გამო ყურთასმენა დავკარგე და მას შემდეგ ჩემს გარშემო მდუმარება სუფევს. მანამდე მოსმენილზე მხოლოდ მოგონებებიღა შემომრჩა.

მოზარდობის წლები

მშობლები სიყვარულით ზრუნავდნენ ჩემზე და თავდაპირველად მთელი სიცხადით ვერ შევიგრძენი, რა შედეგები მოჰყვებოდა ჩემს დაყრუებას. ბავშვობაში დიდი სასმენი აპარატი მომწონდა, თუმცა დიდად ვერაფერში მეხმარებოდა. მეზობლის ბავშვები ტროტუარზე ცარცით მიწერდნენ ხოლმე წინადადებებს და მე კი ვპასუხობდი, თუმცა ჩემი ხმა მე თვითონ არ მესმოდა.

როდესაც წამოვიზარდე, ვიგრძენი, როგორ განვსხვავდებოდი სხვებისგან. ვამჩნევდი, რომ ჩემი ნაკლის გამო ზოგი დამცინოდა, ზოგი კი საერთოდ არ მეკარებოდა. თავს გარიყულად ვგრძნობდი. რაც უფრო ვიზრდებოდი, მით უფრო ვხვდებოდი მთელი სიცხადით, რას ნიშნავდა ყურთასმენის დაკარგვა და ხალხის სულ უფრო და უფრო მეშინოდა.

ყრუთა სპეციალურ სკოლაში რომ მევლო, ჩემი მშობლები ლიმბურგის პროვინციის ერთ-ერთი სოფლიდან ეინდჰოვენში გადავიდნენ საცხოვრებლად. იქ მამაჩემმა სამუშაო იშოვა, ჩემი და-ძმები კი ახალ სკოლაში წავიდნენ. დიდად მადლობელი ვარ ჩემი მშობლებისა, რომ ჩემი გულისთვის ასეთი ცვლილებები მოახდინეს თავიანთ ცხოვრებაში. სკოლაში მასწავლიდნენ, როგორ დამერეგულირებინა ჩემი ხმა და უფრო მკაფიოდ გამომეთქვა სიტყვები. თუმცა მასწავლებლები ჟესტების ენას არ იყენებდნენ, თანაკლასელებმა მასწავლეს ის.

საკუთარ სამყაროში ჩაკეტილი

როდესაც გავიზარდე, მშობლები ცდილობდნენ, ჩემთან ესაუბრათ, მაგრამ ბევრ რამეს ვერ ვიგებდი. მაგალითად, ვერ ვიგებდი, რომ ისინი იეჰოვას მოწმეებთან სწავლობდნენ ბიბლიას. მაგრამ მახსოვს, ერთ დღეს მთელი ოჯახით წავედით ერთ ადგილას, სადაც უამრავი ხალხი ისხდა სკამებზე. ყველანი წინ იყურებოდნენ და ზოგჯერ ტაშსაც უკრავდნენ, დროდადრო კი დგებოდნენ, მაგრამ რატომ აკეთებდნენ ამას, ვერ ვიგებდი. კარგა ხნის შემდეგ გავიგე, რომ თურმე ეს იეჰოვას მოწმეთა კონგრესი იყო. ეინდჰოვენში მშობლებს ერთ პატარა დარბაზშიც დავყავდი ხოლმე. იქ თავს კარგად ვგრძნობდი, ყველა გულკეთილი იყო და, როგორც ჩანდა, ჩემი მშობლებიც ბედნიერები იყვნენ, მაგრამ რატომ დავდიოდით ყოველთვის იქ, ვერ ვხვდებოდი. ახლა კი ვიცი, რომ ეს დარბაზი იეჰოვას მოწმეთა სამეფო დარბაზი იყო.

სამწუხაროდ, ამ კრებაზე არავინ იყო ისეთი, ვისაც ჩემთვის პროგრამის გადათარგმნა შეეძლო. ახლა მახსენდება, რომ იქ დამსწრეთ უნდოდათ ხოლმე, დამხმარებოდნენ, მაგრამ რადგან არაფერი მესმოდა, არ იცოდნენ, როგორ მოეხერხებინათ ეს. ამ შეხვედრებზე თავს გარიყულად ვგრძნობდი და ვფიქრობდი, რომ უკეთესი იყო, სკოლაში ვყოფილიყავი და არა აქ. მაგრამ ის-ის იყო ეს გავიფიქრე, რომ ორმა ახალგაზრდამ ფურცელზე რაღაც დაწერა და გადმომცა. ეს იყო სწორედ ის მოკლე ბარათი, რომელიც დასაწყისში მოვიხსენიე. მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ეს წერილი ჩვენს მეგობრობას ჩაუყრიდა საფუძველს და საკუთარ თავში ჩაკეტვისგან გამათავისუფლებდა.

დამეგობრება

კოლეტი და ჰერმინა, რომლებმაც ეს ბარათი გადმომცეს, 20 წელს გადაცილებული იყვნენ. მოგვიანებით გავიგე, რომ ისინი ჩვენს კრებაში გადმოსულიყვნენ, რათა პიონერებად ემსახურათ. თუმცა კოლეტმა და ჰერმინამ ჟესტების ენა არ იცოდნენ, ტუჩების მოძრაობით ვხვდებოდი, რის თქმაც სურდათ და საკმაოდ კარგად ვაგებინებდით ერთმანეთს.

მშობლებს ძალიან გაუხარდათ, როდესაც კოლეტმა და ჰერმინამ ბიბლიის შესწავლა შემომთავაზეს, თუმცა მათ ამაზე მეტიც გააკეთეს. ისინი ცდილობდნენ, კრების პროგრამა ეთარგმნათ ჩემთვის და ასევე ურთიერთობა რომ მქონოდა სხვებთანაც. სამქადაგებლო მსახურებისთვის შეთავაზებებისა და თეოკრატიული სკოლის დავალებების მომზადებაშიც კი მეხმარებოდნენ. თქვენ წარმოიდგინეთ, ახლა ისიც კი შემეძლო, რომ მსმენელის წინაშე გამოვსულიყავი დავალებით.

კოლეტმა და ჰერმინამ ნდობა გამივითარეს. ისინი მოთმინებით მისმენდნენ ხოლმე. თუმცა ჩემს შეცდომებზე ხშირად ვიცინოდით, ისინი არასდროს დამცინოდნენ. არც ჩემთან ყოფნით გრძნობდნენ ხოლმე თავს უხერხულად. ყოველთვის ცდილობდნენ გაეგოთ ჩემთვის და თანატოლივით მექცეოდნენ. ამ კეთილმა გოგონებმა შესანიშნავი საჩუქარი გამიკეთეს — თავიანთი სიყვარული და მეგობრობა მაჩუქეს.

ყველაზე მთავარი, რაც კოლეტმა და ჰერმინამ მასწავლეს ის არის, რომ ჩვენი ღმერთი, იეჰოვა, სანდო მეგობარია. მათ ამიხსნეს, რომ იეჰოვა მხედავდა სამეფო დარბაზში მჯდომს და ხვდებოდა, რას ნიშნავდა ჩემთვის ის, რომ არაფერი მესმოდა. მადლიერი ვარ, რომ იეჰოვასადმი ჩვენმა სიყვარულმა ასე დაგვამეგობრა სამივე! იეჰოვას მზრუნველობამ და მისადმი სიყვარულმა აღმძრა, რომ 1975 წლის ივლისში მისადმი მიძღვნის ნიშნად მოვნათლულიყავი.

განსაკუთრებული მეგობარი

მომდევნო წლებში სულ უფრო მეტი ქრისტიანი და-ძმა გავიცანი. ერთ-ერთი ძმა განსაკუთრებით დამიახლოვდა და 1980 წელს ჩვენ დავქორწინდით. მალე პიონერად მსახურება დავიწყე, 1994 წელს კი ჩემი ქმარი, ჰარი, და მე ჰოლანდიური ჟესტების ენის კრების ტერიტორიაზე სპეციალურ პიონერებად დაგვნიშნეს. მომდევნო წელს კი ახალი დანიშნულება მივიღეთ. ჩემი ქმარი, რომელსაც კარგი ყურთასმენა აქვს, სარაიონო ზედამხედველის თანაშემწედ დანიშნეს და, რაღა თქმა უნდა, მეც მასთან ერთად უნდა მომენახულებინა კრებები.

გაინტერესებთ, როგორ გავუმკლავდი ამ სიძნელეს? როდესაც კრებებს პირველად ვინახულებთ, ვცდილობ, რაც შეიძლება მეტი და-ძმა გავიცნო. ვეუბნები, რომ ყურთასმენა დაკარგული მაქვს და ვთხოვ, საუბრისას მე მიყურონ და ნელა ილაპარაკონ. ვცდილობ, კრებაზე კომენტარებშიც მივიღო მონაწილეობა. თანაც კრებაში ვთხოვ ხოლმე, შეუძლია თუ არა ვინმეს კრებისა და სამქადაგებლო მსახურების შეხვედრების პროგრამები მითარგმნოს.

ეს მეთოდები ისე კარგად მოქმედებს, რომ ზოგჯერ და-ძმებს ავიწყდებათ კიდეც, რომ არ მესმის, რის გამოც სასაცილო სიტუაციები იქმნება ხოლმე. მაგალითად, მეუბნებიან, რომ ქუჩაში მოსალმების ნიშნად მისიგნალებენ, მაგრამ, რა თქმა უნდა, მე არ მესმის. ზოგჯერ მეც მავიწყდება ჩემი პრობლემა. მაგალითად, როდესაც მინდა რაღაც წავჩურჩულო ქმარს. მაგრამ როცა გაწითლებულს ვხედავ, ვხვდები, რომ ჩემი „ჩურჩული“ საკმაოდ ხმამაღალი იყო.

ბავშვებიც საოცრად მეხმარებიან. ერთ კრებაში, რომელსაც პირველად ვინახულებდით, ცხრა წლის ბიჭუნამ შეამჩნია, რომ სამეფო დარბაზში ზოგიერთებს ჩემთან საუბარი სურდათ, მაგრამ ყოყმანობდნენ და გადაწყვიტა, თვითონ ემოქმედა. მოვიდა ჩემთან, მომკიდა ხელი, დამაყენა შუა დარბაზში და რაც შეეძლო ხმამაღლა დაიძახა: „მინდა გაგაცნოთ ირენი. ის ყრუა!“. ისინი, ვისაც ჩემთან მოსვლა სურდა, მოვიდნენ და გამეცნენ.

რაც ჩემს ქმართან ერთად სარაიონო მსახურებაში ვარ, ჩემი მეგობრების წრე იზრდება. რამდენად განსხვავდება ჩემი ცხოვრება წლების წინანდელი დაკომპლექსებული და გარიყული ბავშვის ცხოვრებისგან! იმ საღამოს შემდეგ, როდესაც კოლეტმა და ჰერმინამ პატარა ბარათი გადმომცეს, მეგობრობის ძალა გავიგე და შევხვდი ისეთ ხალხს, რომელებიც ჩემთვის ძვირფასი გახდნენ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გავიცანი იეჰოვა, ყველაზე ძვირფასი მეგობარი (რომაელთა 8:38, 39). ასე შეცვალა პაწაწინა ბარათმა ჩემი ცხოვრება!

[სურათი 24 გვერდზე]

მახსოვს ჩემი საყვარელი სათამაშოს ხმა.

[სურათები 25 გვერდზე]

მსახურებაში და ჩემს მეუღლე ჰარისთან ერთად.