არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რატომ? „რატომ დაუშვი ეს ღმერთო?“

რატომ? „რატომ დაუშვი ეს ღმერთო?“

რატომ? „რატომ დაუშვი ეს ღმერთო?“

რიკარდოს ჯერ კიდევ კარგად ახსოვს, როგორ იჯდა თავის ცოლ მარიასთან ერთად ექიმის მისაღებში *. არც ერთს ჰყოფნიდა იმის გამბედაობა, რომ მარიას უკანასკნელი სამედიცინო გამოკვლევის შედეგი წაეკითხა. როგორც იქნა რიკარდომ გახსნა კონვერტი; ორივემ სწრაფად გადაავლო თვალი სამედიცინო ტერმინებით სავსე ტექსტს. კითხვისას სიტყვა „კიბოზე“ შეჩერდნენ და ორივენი ატირდნენ, რადგან კარგად ესმოდათ, რას ნიშნავდა ეს სიტყვა.

„ექიმი ძალიან ყურადღებიანი იყო, — იხსენებს რიკარდო. — მაგრამ აშკარად ეტყობოდა, რომ იცოდა მდგომარეობის სირთულე, რადგან გვეუბნებოდა, რომ მხოლოდ ღმერთის იმედიღა უნდა გვქონოდა“.

სანამ მარიას სხივური თერაპიით მკურნალობას დაუწყებდნენ, ექიმმა მისი მარჯვენა ფეხის უნებლიე მოძრაობები შენიშნა. დამატებითმა გამოკვლევებმა ცხადყო, რომ კიბო ტვინზეც გადასულიყო. ერთკვირიანი მკურნალობის შემდეგ, სხივური თერაპია შეაჩერეს. მარია კომაში ჩავარდა და ორი თვის შემდეგ დაიღუპა. «ერთი მხრივ, მიხაროდა, რომ მისი ტანჯვა დასრულდა, — ამბობს რიკარდო, — მაგრამ იმდენად დამაკლდა, რომ ხანდახან სიკვდილს ვნატრობდი. ხშირად ღმერთს შევტიროდი: „რატომ დაუშვი, რომ ეს მომხდარიყო?“ ».

კითხვები, რომლებიც ტრაგედიის დროს წამოიჭრება

რიკარდოს მსგავსად, მთელ მსოფლიოში უამრავ ადამიანს ხვდება ცხოვრებაში უბედურება. ხშირ შემთხვევაში კი უდანაშაულოები იტანჯებიან. დაფიქრდით, რამხელა დარდი მოაქვს დაუსრულებელ შეიარაღებულ კონფლიქტებს კაცობრიობისთვის. რამხელა ტკივილს გრძნობენ ისინი, ვინც გააუპატიურეს, ბავშვები, რომლებზეც ძალადობენ, ოჯახში არსებული სისასტიკისა და ადამიანის მიერ ჩადენილი სხვა ბოროტების მსხვერპლნი. როგორც ჩანს, ისტორიის განმავლობაში ადამიანთა მიერ გამოწვეულ უსამართლობასა და ტკივილს ბოლო არ უჩანს (ეკლესიასტე 4:1—3). როგორ იტანჯებიან სტიქიურ უბედურებათა მსხვერპლნი ან ისინი, ვინც ემოციური, ფსიქიკური თუ ფიზიკური დაავადებებით არიან დასნეულებული. გასაკვირი არაა, რომ მრავალს ებადება კითხვა: „რატომ უშვებს ღმერთი ამდენ უბედურებას?“.

უბედურებით მიყენებულ ტკივილთან გამკლავება მორწმუნე ადამიანებსაც კი უჭირთ. შეიძლება თქვენც გაინტერესებთ, რატომ უშვებს მოსიყვარულე, ყოვლისშემძლე ღმერთი ადამიანთა ტანჯვას. ამ დამაფიქრებელ კითხვაზე დამაკმაყოფილებელი და სარწმუნო პასუხის პოვნა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი სულის სიმშვიდე და ღმერთთან ურთიერთობა ამაზეა დამოკიდებული. ბიბლია გვპასუხობს ამ კითხვაზე. მომდევნო სტატიაში განხილული იქნება ის, თუ რა არის ნათქვამი ამის შესახებ ბიბლიაში.

[სქოლიოები]

^ აბზ. 2 სახელები შეცვლილია.

[სურათები 3 გვერდზე]

„ექიმი გვეუბნებოდა, რომ მხოლოდ ღმერთის იმედიღა უნდა გვქონოდა“.