ბიბლიის შესწავლამდე და მის შემდეგ ღვთის სიტყვა მოქმედია
„დაუახლოვდით ღმერთს და ისიც დაგიახლოვდებათ“
ბიბლიის შესწავლამდე და მის შემდეგ ღვთის სიტყვა მოქმედია
მოზარდობის წლებში რომ გენახათ ტონი, ხელში შეგრჩებოდათ უზრდელი და მოჩხუბარი ახალგაზრდა, რომელიც სიდნეის (ავსტრალია) საეჭვო უბნების ხშირი სტუმარი იყო. ის თავის მეგობრებთან ერთად ბანდაში იყო გაერთიანებული. ხშირად ძარცვავდნენ ბინებს, ჩხუბობდნენ და ცეცხლსასროლი იარაღით არჩევდნენ საქმეებს ქუჩაში.
სიგარეტის მოწევა ტონიმ ცხრა წლის ასაკში დაიწყო. 14 წლისა რეგულარულად ეწეოდა მარიხუანას და უზნეო ცხოვრების ჭაობში იყო ჩაფლული. 16 წლისა ჰეროინს მიეძალა, შემდეგ კი კოკაინსა და ლსდ-ზე, ძლიერმოქმედ ნარკოტიკზე, გადავიდა. „ჩემთვის სულ ერთი იყო, რას მივიღებდი, ოღონდაც გავბრუებულიყავი“, — ამბობს ტონი. რამდენიმე ხნის შემდეგ მან საქმე დაიჭირა ნარკობიზნესში კარგად ცნობილ კრიმინალურ სინდიკატებთან. მალე ტონი ავსტრალიის სამხრეთ სანაპიროზე ერთ-ერთი ყველაზე სანდო ნარკოტიკებით მოვაჭრე გახდა.
ტონის ჰეროინზე და მარიხუანაზე დღეში 160—320 ამერიკული დოლარი ეხარჯებოდა, მაგრამ მის ოჯახს ეს „გატაცება“ კიდევ უფრო ძვირად უჯდებოდა. „მე და ჩემს მეუღლეს, — ამბობს ტონი, — ხშირად დაგვდგომიან თავზე იარაღითა და დანებით ნარკოტიკებისა და ფულის წასაღებად“. ციხეში სამჯერ ყოფნის შემდეგ ტონი სერიოზულად დაფიქრდა იმაზე, თუ სადამდე მიიყვანდა ასეთი ცხოვრება.
მართალია ეკლესიაში დადიოდა, მაგრამ ვერა და ვერ უახლოვდებოდა იმ ღმერთს, რომელიც, როგორც ეუბნებოდნენ, ცოდვილებს ჯოჯოხეთის მარადიულ ცეცხლში წვავდა. როდესაც ტონი იეჰოვას ორმა მოწმემ მოინახულა, ის გაოცებული დარჩა იმის გაგებით, რომ ღმერთი სულაც არ არის ასეთი. ტონი ძალიან გაახარა იმის გაგებამ, რომ შეეძლო საკუთარი ცხოვრების მოწესრიგება და ღვთისგან კურთხევების მიღება. მასზე დიდი გავლენა მოახდინა იესო ქრისტეს სიტყვებმა: „ღვთისათვის ყოველივე შესაძლებელია“ (მარკოზი 10:27). ყველაზე მეტად კი შემდეგი გამამხნევებელი სიტყვები შეეხო მის გულს: „დაუახლოვდით ღმერთს და ისიც დაგიახლოვდებათ“ (იაკობი 4:8, აქ).
ახლა ტონი დიდი სიძნელის წინაშე დადგა — ცხოვრება ბიბლიური პრინციპებისთვის უნდა შეეთანხმებინა. ის იხსენებს: „პირველ რიგში, სიგარეტის წევას დავანებე თავი, რის გაკეთებაც მანამდე ვერ შევძელი, თუმცა ბევრჯერ ვცადე. იეჰოვას დახმარებით ჰეროინისა და მარიხუანას მიღებაც შევწყვიტე, რომელთა მონაც 15 წლის განმავლობაში ვიყავი. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ შევძლებდი ამის გაკეთებას“.
ტონისა და მის ცოლს ადრე თუ ეშინოდათ ღვთისა, რომელიც, არაბიბლიური სწავლების თანახმად, მარადიულად ტანჯავდა ცოდვილებს ჯოჯოხეთის ცეცხლში, ახლა უკვე დედამიწაზე სამოთხეში მარადიულად ცხოვრების იმედი გაუჩნდათ (ფსალმუნები 36:10, 11; იგავები 2:21). „ძალიან დიდი დრო და ენერგია დამჭირდა იმისათვის, რომ ცხოვრება ღვთის ნორმების შესაბამისად მომეწესრიგებინა, — აღიარებს ტონი, — მაგრამ იეჰოვას დახმარებით მიზანს მაინც მივაღწიე“.
დიახ, ყოფილი ნარკომანი ქრისტიანი გახდა. მან და მისმა მეუღლემ უკვე ათასობით საათი მიუძღვნეს სხვებისთვის ბიბლიის სწავლებას. ისინი აგრეთვე ორ ღვთისმოშიშ შვილს ზრდიან. ეს მკვეთრი ცვლილება ღვთის სიტყვის, ბიბლიის, შეუდარებელი ძალის გავლენით გახდა შესაძლებელი. მართლაც, როგორც მოციქულმა პავლემ თქვა, „ღვთის სიტყვა არის ცოცხალი, მოქმედი“ (მიუხედავად ასეთი მშვენიერი მაგალითებისა, ზოგიერთი უსამართლოდ ამტკიცებს, რომ იეჰოვას მოწმეთა ბიბლიაზე დაფუძნებული საგანმანათლებლო საქმიანობა ოჯახებს ანგრევს და ახალგაზრდებს აზროვნებას უწამლავს. რაღა თქმა უნდა, ტონის შემთხვევა ამ ბრალდებებს აბათილებს.
ტონის მსგავსად ბევრმა გაიგო, რომ მავნე ჩვევების დაძლევა შესაძლებელია. როგორ? ღვთისადმი რწმენითა და მისი სიტყვის ნდობით. ასევე, მოსიყვარულე და მზრუნველი ქრისტიანული საძმოს მხარდაჭერით. ტონი სიხარულით ამბობს: „საკუთარი თვალით ვხედავ, როგორ იცავს ბიბლიური პრინციპები ჩემს შვილებს. ბიბლიურმა სწავლებებმა ოჯახი დანგრევას გადამირჩინა. ახლა ჩემს მეზობლებსაც უფრო მშვიდად სძინავთ, რადგან მე მათთვის საშიშროებას აღარ წარმოვადგენ“.
[ჩანართი 9 გვერდზე]
იეჰოვას დახმარებით ჰეროინისა და მარიხუანას მიღება შევწყვიტე, რომელთა მონაც 15 წლის განმავლობაში ვიყავი.
[ჩარჩო 9 გვერდზე]
ბიბლიური პრინციპები მოქმედია
ბიბლიური პრინციპები ბევრს დაეხმარა, რომ ნარკოტიკების გამოყენების მავნე ჩვევისთვის დაენებებინა თავი. აი ზოგიერთი პრინციპიც:
„განვიწმიდოთ ხორცისა და სულის ყოველგვარი სიბილწისაგან, ღვთის მოშიშებით აღვასრულოთ სიწმიდე“ (2 კორინთელთა 7 : 1). ნარკოტიკების მიღება ღვთის კანონებს ეწინააღმდეგება.
„სიბრძნის დასაბამი უფლის შიშია და წმიდის შეცნობა — გონიერება“ (იგავები 9:10). იეჰოვასადმი ღრმა პატივისცემა, რაც მის შესახებ საფუძვლიან ცოდნაზეა დაფუძნებული, ბევრს დაეხმარა ნარკოტიკების ზეგავლენისგან გათავისუფლებაში.
„დაენდე უფალს მთელი შენი გულით და შენს გონებას ნუ დაეყრდნობი. ყველა შენს გზაზე შეიცანი იგი და ის გაასწორებს შენს ბილიკებს“ (იგავები 3:5, 6). ღვთისადმი მთელი გულითა და ბოლომდე მინდობით მავნე ჩვევების დაძლევა შესაძლებელია.