არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ნამდვილად გწამთ სასიხარულო ცნობა?

ნამდვილად გწამთ სასიხარულო ცნობა?

ნამდვილად გწამთ სასიხარულო ცნობა?

„მოახლოვდა ღვთის სამეფო. ხალხო, მოინანიეთ და ირწმუნეთ სასიხარულო ცნობა“ (მარკოზი 1:15, აქ).

1, 2. როგორ განმარტავდით მარკოზის 1:14, 15-ს?

ეს იყო ახ. წ. 30 წელი. იესო ქრისტემ გალილეაში თავისი მნიშვნელოვანი მსახურება დაიწყო. ის „სასიხარულო ცნობას“ ქადაგებდა. მრავალ გალილეველზე დიდად იმოქმედა მისმა სიტყვებმა: „დადგენილი დრო ამოიწურა და მოახლოვდა ღვთის სამეფო. ხალხო, მოინანიეთ და ირწმუნეთ სასიხარულო ცნობა“ (მარკოზი 1:14, 15, აქ).

2 „დადგენილი დრო“ იესოსთვის მსახურების დაწყებას ნიშნავდა, ხალხისთვის კი — დროს, როდესაც ღვთის კეთილგანწყობილების მოსაპოვებლად გადაწყვეტილება უნდა მიეღოთ (ლუკა 12:54—56). „ღვთის სამეფო“ მოახლოებული იყო იმ გაგებით, რომ მეფედ ცხებული იესო იმ დროს დედამიწაზე იმყოფებოდა. მისმა ქადაგებამ მრავალი გულმართალი ადამიანი აღძრა მონანიებისკენ. მაგრამ როგორ უნდა გამოევლინათ მათ სასიხარულო ცნობისადმი რწმენა და როგორ გავაკეთოთ ჩვენც იგივე?

3. რა საქმეები აჩვენებს სასიხარულო ცნობისადმი რწმენას?

3 იესოს მსგავსად, მოციქული პეტრეც მონანიებისკენ მოუწოდებდა ხალხს. იერუსალიმში ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე შეკრებილ იუდეველებს პეტრემ მიმართა: „მოინანიეთ და ყოველი თქვენგანი მოინათლოს იესო ქრისტეს სახელით ცოდვების მისატევებლად, და მიიღებთ სულიწმიდის ნიჭს“. ათასობით ადამიანმა მოინანია. ისინი მოინათლნენ და იესოს მიმდევრები გახდნენ (საქმეები 2:38, 41; 4:4). ახ. წ. 36 წელს არაიუდეველებიც ასევე მოიქცნენ (საქმეები 10:1—48). ჩვენს დროში სასიხარულო ცნობისადმი რწმენამ ათასობით ადამიანი აღძრა, რომ მოენანიებინათ ცოდვები, თავი მიეძღვნათ ღმერთისთვის და მონათლულიყვნენ. მათ მიიღეს სასიხარულო ცნობა ხსნის შესახებ; ისინი რწმენას ავლენენ იესოს გამომსყიდველური მსხვერპლისადმი. გარდა ამისა, სიკეთეს აკეთებენ და ღვთის სამეფოს მხარეზე დგანან.

4. რა არის რწმენა?

4 მაგრამ რა არის რწმენა? მოციქული პავლე წერდა: „რწმენა არის მტკიცე დარწმუნება იმაში, რასაც ვესავთ, დადასტურება იმისა, რასაც ვერ ვხედავთ“ (ებრაელთა 11:1). რწმენა ისეთ ნდობას გვინერგავს ღვთის აღთქმებისადმი, რომლებიც მისივე სიტყვაშია ჩაწერილი, თითქოს ისინი უკვე შესრულდა. თითქოს ჩვენ გვაქვს დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც გარკვეული საკუთრება გვეკუთვნის. რწმენა აგრეთვე არის უხილავის „დადასტურება“, ანუ აშკარა მტკიცება. გონებით და მადლიერებით აღსავსე გულით ისეთი რამის არსებობაში ვართ დარწმუნებული, რასაც ვერ ვხედავთ (2 კორინთელთა 5:7; ეფესელთა 1:18).

ჩვენ გვჭირდება რწმენა!

5. რატომ არის მნიშვნელოვანი რწმენა?

5 თუმცა სულიერი მოთხოვნილებები დაბადებიდან გვაქვს, რწმენა თან არ დაგვყოლია. სინამდვილეში, „ყველაში როდია რწმენა“ (2 თესალონიკელთა 3:2). ქრისტიანებს ღვთის ‘აღთქმების დასამკვიდრებლად’ რწმენა გვესაჭიროება (ებრაელთა 6:12). იმის შემდეგ, რაც რწმენის მრავალი მაგალითი მოიყვანა, პავლემ დასძინა: „როცა ირგვლივ მოწმეთა ღრუბელი გვაქვს, ჩამოვიცილოთ ყოველგვარი ტვირთი და დამაბრკოლებელი ცოდვა, და მოთმინებით გავირბინოთ ჩვენს წინ მდებარე სარბიელი. შევხედოთ რწმენის მიზეზსა და სრულმყოფელს — იესოს“ (ებრაელთა 12:1, 2). რა არის „დამაბრკოლებელი ცოდვა“? ეს რწმენის ნაკლებობაა ან იმ რწმენის დაკარგვაც კი, რომელიც ერთ დროს გვქონდა. მტკიცე რწმენის შესანარჩუნებლად უნდა ‘ვუყუროთ იესოს’ და მივბაძოთ მას. აგრეთვე უნდა გავექცეთ უზნეობას, ვებრძოლოთ ხორცის საქმეებს, მოვერიდოთ მატერიალურ საკითხებზე გადამეტებულ ზრუნვას, ქვეყნიურ ფილოსოფიასა და არაბიბლიურ ტრადიციებს (გალატელთა 5:19—21; კოლასელთა 2:8; 1 ტიმოთე 6:9, 10; იუდა 3, 4). გარდა ამისა, უნდა გვწამდეს, რომ ღმერთი ჩვენთანაა და მის სიტყვაში მოცემული რჩევები ნამდვილად ეფექტურია.

6, 7. რატომ არის სწორი რწმენის მისაღებად ლოცვა?

6 საკუთარი ძალით რწმენას ვერ განვივითარებთ. რწმენა ღვთის სულიწმიდის ანუ მოქმედი ძალის ერთ-ერთი ნაყოფია (გალატელთა 5:22, 23). რა უნდა გავაკეთოთ, თუ რწმენის განმტკიცება გვესაჭიროება? იესომ თქვა: „თუ თქვენ . . . იცით კეთილ მისაცემთა მიცემა თქვენი შვილებისათვის, მეტადრე ზეციერი მამა მისცემს სულიწმიდას იმათ, ვინც სთხოვს“ (ლუკა 11:13). ამიტომ, ლოცვით ვითხოვოთ სულიწმიდა, რადგან მას შეუძლია ჩვენში რწმენის განვითარება. რწმენა კი აუცილებელია, რომ ყოველთვის ღვთის ნება შევასრულოთ, თვით ურთულეს ვითარებებშიც კი (ეფესელთა 3:20).

7 სწორია, თუ ვლოცულობთ რწმენის განმტკიცებისთვის. როდესაც იესოს დემონი უნდა განედევნა ერთი ყმაწვილისგან, ბიჭის მამა შეევედრა მას: „მწამს! უშველე ჩემს ურწმუნოებას“ (მარკოზი 9:24). „მოგვიმატე რწმენა“, — სთხოვეს იესოს მოწაფეებმა (ლუკა 17:5). ამიტომ, მოდი ლოცვით ვითხოვოთ რწმენა და დარწმუნებული ვიყოთ, რომ ღმერთი გვიპასუხებს ასეთ ლოცვებზე (1 იოანე 5:14).

მნიშვნელოვანია ღვთის სიტყვისადმი რწმენა

8. როგორ გვეხმარება ღვთის სიტყვისადმი რწმენა?

8 სიცოცხლის მსხვერპლად გაღებამდე ცოტა ხნით ადრე იესომ თავის მიმდევრებს უთხრა: „ნუ შეკრთება თქვენი გული. იწამეთ ღმერთი და მიწამეთ მე“ (იოანე 14:1). როგორც ქრისტიანებს, ჩვენ გვწამს ღმერთი და მისი ძე. მაგრამ, რა შეიძლება ითქვას ღვთის სიტყვასთან დაკავშირებით? ის დიდ და სასარგებლო ზეგავლენას მოახდენს ჩვენს ცხოვრებაზე, თუ ვსწავლობთ მას, ვიყენებთ ნასწავლს და დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენთვის საუკეთესო რჩევები და ხელმძღვანელობაა მასში მოცემული (ებრაელთა 4:12).

9, 10. როგორ განმარტავდით, რას ამბობს რწმენის შესახებ იაკობის 1:5—8?

9 არასრულყოფილების გამო ჩვენი ცხოვრება პრობლემებით არის სავსე. მაგრამ ღვთის სიტყვისადმი რწმენა ნამდვილ დახმარებას გვიწევს (იობი 14:1). დავუშვათ, არ ვიცით, როგორ გავუმკლავდეთ რომელიმე განსაცდელს. ღვთის სიტყვა გვირჩევს: „თუ რომელიმე თქვენგანს აკლია სიბრძნე, სთხოვოს ღმერთს, ყველასათვის უხვად და დაუყვედრებლად გამცემს, და მიეცემა. ოღონდ რწმენით და ეჭვის გარეშე სთხოვოს, რადგან ეჭვიანი ჰგავს ზღვის ტალღას, ქარის აღძრულსა და მიმოტაცებულს. ნურც ჰგონია ასეთ კაცს, რომ ღვთისაგან მიიღებს რამეს. ორჭოფი კაცი არამდგრადია თავის ყველა გზაზე“ (იაკობი 1:5—8).

10 იეჰოვა ღმერთი არ გაგვირისხდება, თუ სიბრძნე გვაკლია და ლოცვაში ვითხოვთ მას. ნაცვლად ამისა, ღმერთი განსაცდელის სწორი კუთხით დანახვაში დაგვეხმარება. ამ დროს ჩვენთვის საჭირო ბიბლიურ მუხლებზე შეიძლება თანამორწმუნეებმა გაგვიმახვილონ ყურადღება ან ბიბლიის პირადი შესწავლის დროს წავაწყდეთ მათ. შეიძლება იეჰოვამ სულ სხვაგვარად გვიხელმძღვანელოს სულიწმიდით. ჩვენი ზეციერი მამა განსაცდელებთან გასამკლავებლად საჭირო სიბრძნეს მოგვცემს, თუ „რწმენით და ეჭვის გარეშე“ ვთხოვთ. ხოლო თუ ქარის მიერ ატაცებულ ზღვის ტალღასავით ვიქნებით, ღვთისგან რაიმეს მიღების იმედი არ უნდა გვქონდეს. რატომ? მიზეზი ის არის, რომ ეს ჩვენს მერყეობაზე და არამდგრადობაზე მიუთითებს, რაც არამარტო ლოცვაში ან სხვა მსგავს საკითხებში ვლინდება, არამედ რწმენაზეც ახდენს გავლენას. ამიტომ გვმართებს ღვთის სიტყვისა და მასში მოცემული ხელმძღვანელობისადმი მტკიცე რწმენის გამოვლენა. მოდი განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი, თუ როგორ გვეხმარება და გვხელმძღვანელობს ღვთის სიტყვა.

რწმენა და იეჰოვას მხარდაჭერა

11. რაში ვიქნებით დარწმუნებული ჩვენს ყოველდღიურ მოთხოვნილებებთან დაკავშირებით, თუ ღვთის სიტყვის რწმენა გვაქვს?

11 როგორ მოვიქცეთ, თუ ეკონომიკურად შეზღუდული ვართ ან სიღარიბეში გვიწევს ცხოვრება? ღვთის სიტყვის რწმენის საფუძველზე, მტკიცედ ვართ დარწმუნებული, რომ იეჰოვა იზრუნებს ჩვენს ყოველდღიურ მოთხოვნილებებზე, მომავალში კი თავის მოყვარულებს ყველაფრით უხვად უზრუნველყოფს (ფსალმუნები 71:16; ლუკა 11:2, 3). ასეთ სიტუაციაში გამამხნევებელი იქნება იმის განხილვა, თუ როგორ უზრუნველყო შიმშილობის დროს იეჰოვამ საკვებით თავისი წინასწარმეტყველი ელია. მოგვიანებით ღმერთმა, სასწაულის შედეგად, ქვრივ ქალს, მის ვაჟსა და ელიას არ მოაკლო ფქვილი და ზეთი, რითაც მათ სიცოცხლე შეუნარჩუნა (მესამე მეფეთა 17:2—16). ბაბილონელების მიერ იერუსალიმის ალყაში მოქცევის დროს იეჰოვამ მსგავსად იზრუნა წინასწარმეტყველ იერემიაზე (იერემია 37:21). მართალია იერემიასა და ელიას საკვები თავზე საყრელი არ ჰქონდათ, მაგრამ იეჰოვა ზრუნავდა მათზე. ის იგივეს გააკეთებს მათთვის, ვინც დღესდღეობით მისადმი რწმენას ავლენს (მათე 6:11, 25—34).

12. როგორ დაგვეხმარება რწმენა, რომ გვქონდეს ის, რაც აუცილებელია?

12 თუ რწმენა გვაქვს და ბიბლიურ პრინციპებსაც ვიყენებთ, მდიდრები არ ვიქნებით, მაგრამ გვექნება ის, რაც აუცილებელია. მაგალითად, ბიბლია გვირჩევს, ვიყოთ პატიოსნები, ჩვენი საქმის მცოდნენი და გამრჯენი (იგავები 22:29, სსგ; ეკლესიასტე 5:18, 19; 2 კორინთელთა 8:21). არასდროს დაგვავიწყდეს, რამდენად მნიშვნელოვანია მშრომელი ადამიანის რეპუტაციის დამკვიდრება. ისეთ ადგილებშიც კი, სადაც მაღალანაზღაურებადი სამუშაო ძნელი საშოვნელია, პატიოსან, თავისი საქმის მცოდნე და შრომისმოყვარე ადამიანს სამუშაოს შოვნის უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს, ვიდრე სხვებს. შეიძლება ასეთ ადამიანს დიდი შემოსავალი არა აქვს, მაგრამ ის, ჩვეულებრივ, უზრუნველყოფილია ყოველივე აუცილებლით და საზრდოს საკუთარი შრომით მოპოვება ახარებს (2 თესალონიკელთა 3:11, 12).

რწმენა მწუხარების დაძლევაში გვეხმარება

13, 14. როგორ გვეხმარება რწმენა მწუხარების დაძლევაში?

13 როგორც ღვთის სიტყვიდანაც ჩანს, სავსებით ბუნებრივია, როდესაც ვინმე საყვარელი ადამიანის დაღუპვის გამო დამწუხრებულია. ერთგული პატრიარქი აბრაამი გლოვობდა საყვარელ ცოლს, სარას (დაბადება 23:2). დავითი გულმოკლული იყო თავისი ძის, აბესალომის, სიკვდილის გამო (მეორე მეფეთა 18:33). თვით იესო, სრულყოფილი ადამიანი, ატირდა, როდესაც მისი მეგობარი ლაზარე მოკვდა (იოანე 11:35, 36). საყვარელი ადამიანის სიკვდილი ძალიან გვამწუხრებს, მაგრამ ღვთის სიტყვაში მოცემული აღთქმებისადმი რწმენა გვეხმარება მის დაძლევაში.

14 „მაქვს ღვთის იმედი, რომ იქნება მკვდრეთით აღდგომა როგორც მართალთა, ისე უკეთურთა“, — თქვა პავლემ (საქმეები 24:15). ჩვენ უნდა გვწამდეს, რომ ღმერთი იზრუნებს უამრავ ადამიანზე და მკვდრეთით აღადგენს მათ (იოანე 5:28, 29). მათ შორის იქნებიან აბრაამი და სარა, ისაკი და რებეკა, იაკობი და ლეა — ყველა, ვინც სიკვდილის ძილით არის მიძინებული და ვისაც ღვთის ახალ ქვეყნიერებაში აღდგომა ელის (დაბადება 49:29—32). რამხელა სიხარული იქნება, როდესაც ჩვენს საყვარელ ახლობლებს სიცოცხლე დაუბრუნდებათ, რათა სამოთხედ ქცეულ დედამიწაზე იცხოვრონ! (გამოცხადება 20:11—15). მანამდე კი, მართალია რწმენა მწუხარებისგან სრულიად ვერ გაგვათავისუფლებს, მაგრამ დაგვაახლოებს იეჰოვასთან, რომელიც, თავის მხრივ, მძიმე დანაკლისის გრძნობას დაგვაძლევინებს (ფსალმუნები 120:1—3; 2 კორინთელთა 1:3).

რწმენა განამტკიცებს გულდამძიმებულებს

15, 16. ა) რატომ შეიძლება ითქვას, რომ, თუ მორწმუნე გულდამძიმებულია, ის გამონაკლისი არ არის? ბ) როგორ გავუმკლავდეთ ასეთ გრძნობას?

15 ღვთის სიტყვა იმასაც გვიჩვენებს, რომ მორწმუნე ადამიანიც შეიძლება იყოს გულდამძიმებული. მძიმე განსაცდელის დროს იობმა თავი ღვთისგან მიტოვებულად იგრძნო (იობი 29:2—5). ნეემია იერუსალიმისა და მისი კედლების განადგურებამ დააღონა (ნეემია 2:1—3). იესოს უარყოფის შემდეგ პეტრე იმდენად იყო დამწუხრებული, რომ „მწარედ ატირდა“ (ლუკა 22:62). პავლე კი თესალონიკელ თანამორწმუნეებს მოუწოდებდა, რომ ‘ენუგეშებინათ გულდამძიმებულები’ (1 თესალონიკელთა 5:14, აქ). ამგვარად, თუ დღეს მორწმუნე ადამიანი გულდამძიმებულია, ის გამონაკლისი არ არის. მაგრამ რა შეგვიძლია გავაკეთოთ ასეთ გრძნობასთან გასამკლავებლად?

16 შეიძლება თავს გარკვეული სერიოზული პრობლემების გამო ვგრძნობთ ასე. ნაცვლად იმისა, რომ ეს პრობლემები ერთ მთლიან დიდ პრობლემად აღვიქვათ, ბიბლიური პრინციპების გამოყენებით შეგვეძლო მათი ეტაპობრივად გადაჭრა. ეს შეგვიმსუბუქებდა მდგომარეობას. ზომიერი აქტივობა და სათანადო დასვენებაც დამხმარეა. დიახ, ერთი რამ ცხადია: ღვთისა და მისი სიტყვის რწმენა ჩვენს სულიერ კეთილდღეობას უწყობს ხელს, რადგან ასეთ შემთხვევაში უფრო მტკიცედ ვართ დარწმუნებული, რომ ღმერთი ნამდვილად ზრუნავს ჩვენზე.

17. საიდან ვიცით, რომ იეჰოვა ზრუნავს ჩვენზე?

17 პეტრე შემდეგი სიტყვებით გვამხნევებს: „დამდაბლდით ღვთის ძლიერი ხელის ქვეშ, რათა აგამაღლოთ მან თავის დროზე. თქვენი ყველა საზრუნავი მას მიანდეთ, რადგან ის ზრუნავს თქვენზე“ (1 პეტრე 5:6, 7). ფსალმუნმომღერალი მღეროდა: „უფალი შემწეა ყველა დაცემულისა და გამმართავი ყველა წელში მოხრილისა“ (ფსალმუნები 144:14). ჩვენ უნდა გვწამდეს ამის, ვინაიდან ეს სიტყვები ღვთის სიტყვაშია ჩაწერილი. შეიძლება გულდამძიმებულობა არ გვშორდება, მაგრამ რამდენად გვიმტკიცებს რწმენას იმის ცოდნა, რომ შეგვიძლია მთელი ჩვენი საზრუნავი მოსიყვარულე ზეციერ მამას მივანდოთ!

რწმენა და სხვა განსაცდელები

18, 19. როგორ გვეხმარება რწმენა ავადმყოფობასთან გამკლავებაში და იმ თანამორწმუნეების გამხნევებაში, რომლებიც ავადმყოფობენ?

18 ჩვენი რწმენა შეიძლება დიდი გამოცდის წინაშე დადგეს, თუ რაიმე ავადმყოფობასთან გვიწევს ბრძოლა. არანაკლები განსაცდელია, როდესაც რომელიმე ახლობელია ასეთ მდგომარეობაში. მართალია ბიბლიაში არ არის ნათქვამი, რომ ისეთი ქრისტიანები, როგორებიც იყვნენ ეპაფროდიტესი, ტიმოთე და ტროფიმოსი, სასწაულებრივად განიკურნენ, მაგრამ უეჭველია, იეჰოვა მათ ყოველივეს ატანაში დაეხმარა (ფილიპელთა 2:25—30; 1 ტიმოთე 5:23; 2 ტიმოთე 4:20). გარდა ამისა, მასზე, „ვინც ფიქრობს ღატაკზე“, ფსალმუნმომღერალი ამბობს: „უფალი გაამაგრებს მას მისი სნეულების სარეცელზე; მთელ მის სარეცელს შენ შეცვლი მისი ავადმყოფობის ჟამს“ (ფსალმუნები 40:2—4). როგორ გავამხნევოთ ფსალმუნმომღერლის სიტყვებით თანამორწმუნეები, რომლებიც ავადმყოფობენ?

19 სულიერი დახმარების აღმოჩენის ერთ-ერთი საშუალება მათთვის და მათთან ერთად ლოცვაა. მართალია დღეს სასწაულებრივ განკურნებას არ ვთხოვთ ღმერთს, მაგრამ შეგვიძლია ვთხოვოთ, რომ მისცეს მოთმინება და სულიერი ძალები ავადმყოფობის ასატანად. იეჰოვა მხარში ამოუდგება ასეთებს და განუმტკიცებს რწმენას, რათა დაელოდონ დროს, როდესაც «არ იტყვის მკვიდრი: „ავადა ვარ“» (ესაია 33:24). რა მანუგეშებელია იმის ცოდნა, რომ, მკვდრეთით აღმდგარი იესო ქრისტეს და ღვთის სამეფოს მეშვეობით, მორჩილი ადამიანები სამუდამოდ გათავისუფლდებიან ცოდვისგან, ავადმყოფობისა და სიკვდილისგან! ამ შესანიშნავი იმედის გამო ვმადლობთ იეჰოვას, ‘ყველა ჩვენი სნეულების მკურნალს’ (ფსალმუნები 102:1—3; გამოცხადება 21:1—5).

20. რატომ შეიძლება ითქვას, რომ რწმენა სიბერის დროსაც დაგვეხმარება?

20 რწმენა დაგვეხმარება სიბერის, „ავი დღეების“, დროსაც, როდესაც ჯანმრთელობა დაგვისუსტდება და ძალა მოგვაკლდება (ეკლესიასტე 12:1—7). ასაკოვნებს შეუძლიათ ხანშიშესული ფსალმუნმომღერლის მსგავსად ილოცონ: „შენა ხარ ჩემი იმედი, უფალო, უფალო, ღმერთო ჩემო . . . ნუ უკუმაგდებ სიბერის ჟამს, უძლურების დროს ნუ მიმატოვებ“ (ფსალმუნები 70:5, 9). ფსალმუნმომღერალს იეჰოვას მხარდაჭერა სჭირდებოდა, ისევე როგორც ჩვენს მრავალ თანაქრისტიანს, რომლებიც ღვთის მსახურებაში მოხუცდნენ. ისინი დარწმუნებული უნდა იყვნენ, რომ მათი რწმენის გამო იეჰოვა ყოველთვის გაამაგრებს მათ თავისი მარადიული მკლავით (მეორე რჯული 33:27).

შევინარჩუნოთ რწმენა ღვთის სიტყვისადმი

21, 22. როგორ იმოქმედებს რწმენა ღმერთთან ჩვენს ურთიერთობაზე?

21 სასიხარულო ცნობისა და ღვთის სიტყვის რწმენა იეჰოვასთან დაახლოებაში გვეხმარება (იაკობი 4:8). მართალია ის ჩვენი უზენაესი უფალია, მაგრამ, ამავე დროს, ჩვენი შემოქმედი და მამაა (ესაია 64:8; მათე 6:9; საქმეები 4:24). „მამაჩემი ხარ, ჩემი ღმერთი და ბურჯი ჩემის ხსნისა“, — მღეროდა ფსალმუნმომღერალი (ფსალმუნები 88:27). თუ გვაქვს რწმენა იეჰოვასადმი და მისი შთაგონებით დაწერილი სიტყვისადმი, შეგვიძლია მას ‘ჩვენი ხსნის ბურჯი’ ვუწოდოთ. რამხელა პატივია ეს ჩვენთვის!

22 იეჰოვა სულითცხებულ ქრისტიანთა და მიწიერი იმედის მქონე მათ თანამსახურთა მამაა (რომაელთა 8:15). ჩვენი ზეციერი მამისადმი რწმენა არასოდეს მიგვიყვანს იმედგაცრუებამდე. „დამაგდო ჩემმა დედ-მამამ; ხოლო უფალი მიმიღებს მე“, — თქვა დავითმა (ფსალმუნები 26:10). გარდა ამისა, დარწმუნებული ვართ, რომ „უფალი არ მიატოვებს თავის ერს თავისი დიდებული სახელის გამო“ (პირველი მეფეთა 12:22).

23. რა მოგვეთხოვება იმისათვის, რომ ღმერთთან ხანგრძლივი ურთიერთობით გავიხაროთ?

23 ღმერთთან ხანგრძლივი ურთიერთობით რომ გავიხაროთ, რა თქმა უნდა, უნდა ვიწამოთ სასიხარულო ცნობა და წმინდა წერილები, რაც ნამდვილად ღვთის სიტყვაა (1 თესალონიკელთა 2:13). ბოლომდე უნდა გვწამდეს იეჰოვასი; მის სიტყვას კი საშუალება უნდა მივცეთ, სავალი ბილიკები გაგვინათოს (ფსალმუნები 118:105; იგავები 3:5, 6). ჩვენი რწმენა გაიზრდება, თუ ვლოცულობთ ღვთის თანაგრძნობაში, გულმოწყალებასა და დახმარებაში დარწმუნებულები.

24. რა მანუგეშებელი აზრია მოცემული რომაელთა 14:8-ში?

24 რწმენამ აღგვძრა, რომ ღმერთისთვის სამარადისოდ მიგვეძღვნა თავი. თუ ძლიერი რწმენა გვაქვს, თუნდაც მოვკვდეთ, მაინც მისი მიძღვნილი მსახურები დავრჩებით, რომლებსაც ის აღადგენს. დიახ, „თუ ვცოცხლობთ, უფლისათვის ვცოცხლობთ და, თუ ვკვდებით, უფლისათვის ვკვდებით“ (რომაელთა 14:8). არასოდეს დავივიწყოთ ეს მანუგეშებელი აზრი, დარწმუნებული ვიყოთ ღვთის სიტყვაში და გვწამდეს სასიხარულო ცნობა.

როგორ უპასუხებთ?

• რა არის რწმენა და რატომ გვჭირდება ის?

• რატომ არის მნიშვნელოვანი, გვწამდეს სასიხარულო ცნობა და ღვთის სიტყვა?

• როგორ გვეხმარება რწმენა სხვადასხვა განსაცდელის გადატანაში?

• რა დაგვეხმარება რწმენის შენარჩუნებაში?

[სასწავლო კითხვები]

[სურათები 12 გვერდზე]

იეჰოვა მხარს უჭერდა იერემიასა და ელიას, რადგან მათ რწმენა ჰქონდათ.

[სურათები 13 გვერდზე]

იობს, პეტრესა და ნეემიას მტკიცე რწმენა ჰქონდათ.

[სურათები 15 გვერდზე]

იეჰოვასთან ხანგრძლივი ურთიერთობით რომ გავიხაროთ, უნდა გვწამდეს სასიხარულო ცნობა.