რამდენად მტკიცეა თქვენი რწმენა?
რამდენად მტკიცეა თქვენი რწმენა?
„ვინაიდან რწმენაში მტკიცენი ხართ“ (2 კორინთელთა 1:24).
1, 2. რატომ უნდა გვქონდეს რწმენა და როგორ შეიძლება მისი განმტკიცება?
იეჰოვას მსახურებმა იციან, რომ მათ რწმენა სჭირდებათ. სინამდვილეში, „რწმენის გარეშე შეუძლებელია ღვთისთვის მოსაწონად ყოფნა“ (ებრაელთა 11:6). ამიტომ, გონივრულია, თუ ვლოცულობთ სულიწმიდისა და რწმენისთვის, რომელიც სულიწმიდის ერთ-ერთი სასურველი ნაყოფია (ლუკა 11:13; გალატელთა 5:22, 23). თანამორწმუნეების რწმენის მიბაძვაც განგვიმტკიცებს ამ თვისებას (2 ტიმოთე 1:5; ებრაელთა 13:7).
2 რწმენა განგვიმტკიცდება, თუ განუხრელად მივყვებით გზას, რომელსაც ღვთის სიტყვა უჩვენებს ყველა ქრისტიანს; თუ ყოველდღიურად ვკითხულობთ ბიბლიას და გულმოდგინედ ვიკვლევთ მას „ერთგული განმგებლის“ მიერ მოწოდებული პუბლიკაციების მეშვეობით (ლუკა 12:42—44; იესო ნავეს ძე 1:7, 8). გარდა ამისა, ქრისტიანულ კრებებზე და კონგრესებზე რეგულარულად დასწრებისას ერთმანეთის რწმენით ვმხნევდებით (რომაელთა 1:11, 12; ებრაელთა 10:24, 25). და კიდევ, ჩვენი რწმენა მაშინაც მტკიცდება, როდესაც სხვებს მსახურებისას ვესაუბრებით (ფსალმუნები 144:10—13; რომაელთა 10:11—15).
3. რაში გვეხმარებიან მოსიყვარულე უხუცესები?
3 ბიბლიური რჩევების მოცემით და გამხნევებით 2 კორინთელთა 1:23, 24). მართლები რწმენით ცხოვრობენ. რა თქმა უნდა, სხვა ჩვენ მაგივრად ვერც რწმენას გამოავლენს და ვერც ერთგულებას შეინარჩუნებს. „ყველამ თავისი სატარებელი [უნდა] ატაროს“ (გალატელთა 3:11; 6:5).
მოსიყვარულე უხუცესები გვეხმარებიან, რომ გავიზარდოთ რწმენაში. მათ ისეთივე სული აქვთ, როგორიც მოციქულ პავლეს ჰქონდა. მან კორინთელებს მისწერა: „[ჩვენ] ხელს ვუწყობთ თქვენს სიხარულს, ვინაიდან რწმენაში მტკიცენი ხართ“ (4. როგორ გვიმტკიცებს რწმენას ღვთის ერთგული მსახურების შემთხვევები, რომლებიც ბიბლიაშია ჩაწერილი?
4 ბიბლია მოგვითხრობს მრავალ ადამიანზე, რომელთაც ჰქონდათ რწმენა. შეიძლება ბევრი გვსმენია მათს არაჩვეულებრივ საქმეებზე, მაგრამ გვიფიქრია მათს რწმენაზე, რომელსაც ყოველდღიურად ავლენდნენ? იმაზე ფიქრი, თუ როგორ ავლენდნენ ისინი რწმენას ისეთ პირობებში, როგორშიც ჩვენ გვიწევს ცხოვრება, დაგვეხმარება რწმენის განმტკიცებაში.
რწმენა გაბედულებას გვმატებს
5. როგორ გვიჩვენებს ბიბლია, რომ რწმენა ღვთის სიტყვის გაბედულად გაცხადების ძალას გვაძლევს?
5 რწმენა გვამტკიცებს, რომ გაბედულად ვიქადაგოთ ღვთის სიტყვა. ენოქი უშიშრად წინასწარმეტყველებდა ღვთის განაჩენს. „აჰა, — ამბობდა ის, — მოდის უფალი თავის ათეულ ათასობით წმიდასთან ერთად. რათა ყველა განიკითხოს და ამხილოს უღვთოთა ყოველგვარი საქმე, რაც მათ უღვთობით ჩაუდენიათ, და ყველა სასტიკი სიტყვა, მის მიმართ რომ უთქვამთ იმ უღვთო ცოდვილთ“ (იუდა 14, 15). უდავოდ, ასეთი სიტყვების გამო ენოქის უღვთო მტრები მის მოკვლას მოინდომებდნენ. მიუხედავად ამისა, ის გაბედულად ლაპარაკობდა რწმენით და ღმერთმაც „აიყვანა“ ანუ სიკვდილის ძილი მოჰგვარა ენოქს, რომ მშვიდად დაესრულებინა სიცოცხლე (დაბადება 5:24; ებრაელთა 11:5). მართალია ჩვენს შემთხვევაში ასეთი სასწაულები არ ხდება, მაგრამ იეჰოვა ისმენს ჩვენს ლოცვებს, და ჩვენც შეგვიძლია გავაცხადოთ მისი სიტყვა რწმენითა და გაბედულებით (საქმეები 4:24—31).
6. როგორ ეხმარებოდა ღვთის მიერ ბოძებული რწმენა და გამბედაობა ნოეს?
6 ნოემ რწმენით „გაამზადა კიდობანი თავისი სახლის გადასარჩენად“ (ებრაელთა 11:7; დაბადება 6:13—22). ნოე ასევე „სიმართლის მქადაგებელი“ იყო და უშიშრად უცხადებდა თანამედროვეებს ღვთის გაფრთხილებას (2 პეტრე 2:5). როგორც ჩანს, მათ სიცილად არ ჰყოფნიდათ, რასაც ნოე ქადაგებდა მოსალოდნელი წარღვნის შესახებ, ისევე როგორც ზოგიერთი დღეს სერიოზულად არ ეკიდება უტყუარ ბიბლიურ მტკიცებებს, რომ ამ სისტემის აღსასრული მოახლოებულია (2 პეტრე 3:3—12). ამიტომ, ენოქისა და ნოეს მსგავსად, ჩვენც შეგვიძლია გადავცეთ ეს ცნობა, ვინაიდან ღმერთი გვაძლევს რწმენასაც და გამბედაობასაც.
რწმენა მოთმინებას გვასწავლის
7. როგორ ავლენდნენ აბრაამი და სხვები რწმენასა და მოთმინებას?
7 ჩვენ გვჭირდება რწმენა და მოთმინება, განსაკუთრებით კი ახლა, როდესაც ამ ბოროტი სისტემის აღსასრულს ველოდებით. ღვთისმოშიში აბრაამი ერთ-ერთი მათგანია, ვინც ‘რწმენითა და მოთმინებით დაიმკვიდრებს ყველა დანაპირებს’ (ებრაელთა 6:11, 12, აქ). მან რწმენით დატოვა აყვავებული ქალაქი ური და გახდა ღვთის მიერ აღთქმული უცხო ქვეყნის მკვიდრი. ისაკი და იაკობიც იმავე აღთქმის მემკვიდრენი გახდნენ. მაგრამ „რწმენაში დაიხოცნენ ესენი ყველანი და ვერ მიიღეს აღთქმულნი“. მათ რწმენით „სურდათ უკეთესი, ესე იგი, ზეციური“ და ღმერთმაც „მოუმზადა მათ ქალაქი“ (ებრაელთა 11:8—16). დიახ, აბრაამი, ისაკი, იაკობი და მათი ღვთისმოშიში ცოლები მოთმინებით ელოდნენ ღვთის ზეციერ სამეფოს, რომლის მმართველობის დროსაც მკვდრეთით აღდგებიან დედამიწაზე საცხოვრებლად.
8. რის მიუხედავად ავლენდნენ აბრაამი, ისაკი და იაკობი მოთმინებასა და რწმენას?
8 აბრაამს, ისაკსა და იაკობს არ დაუკარგავთ რწმენა. მათ ვერ იხილეს აღთქმული მიწა და ის, თუ როგორ იკურთხებოდნენ აბრაამის მეშვეობით ხალხები (დაბადება 15:5—7; 22:15—18). თუმცა ‘ღვთის მიერ აგებული ქალაქი’ მხოლოდ საუკუნეების შემდეგ უნდა ყოფილიყო, ეს მამაკაცები მთელი ცხოვრების განმავლობაში ავლენდნენ რწმენასა და მოთმინებას. რა თქმა უნდა, ჩვენგანაც იგივე მოითხოვება, მით უმეტეს ახლა, როდესაც მესიანური სამეფო უკვე დამყარებულია ზეცაში (ფსალმუნები 41:6, 12; 42:5).
რწმენა საუკეთესო მიზნების დასახვაში გვეხმარება
9. როგორ მოქმედებს რწმენა ჩვენს მიზნებსა და მისწრაფებებზე?
9 ერთგულ პატრიარქებს არასოდეს გადაუღიათ ქანაანელთა გახრწნილი ცხოვრების წესი, რადგან ისინი მაღალი მიზნებისკენ ილტვოდნენ. რწმენა ჩვენც გვეხმარება სულიერი მიზნების დასახვაში, რაც საიმისო ძალებს გვაძლევს, რომ არ შევერწყათ ბოროტის, სატანა ეშმაკის, ძალაუფლების ქვეშ მყოფ წუთისოფელს (1 იოანე 2:15—17; 5:19).
10. საიდან ჩანს, რომ იოსებს ამ წუთისოფელში გარკვეული მდგომარეობის მოპოვებაზე ბევრად უფრო აღმატებული მიზნები ჰქონდა?
10 ღვთის ხელმძღვანელობით, იაკობის ძე იოსები ეგვიპტეში საკვების განაწილებას ზედამხედველობდა, მაგრამ მას მიზნად არ ჰქონია, გამხდარიყო გავლენიანი პიროვნება. იეჰოვას აღთქმების შესრულებაში დარწმუნებულმა 110 წლის იოსებმა თავის ძმებს უთხრა: „მე ვკვდები, მაგრამ ღმერთი მოგხედავთ, და წაგიყვანთ ამ ქვეყნიდან იმ ქვეყანაში, რომელსაც შეჰპირდა იგი აბრაამს, ისაკს და იაკობს“. იოსებმა სთხოვა ისრაელებს, რომ აღთქმულ მიწაზე დაეკრძალათ. როდესაც მოკვდა, ბალზამირების შემდეგ ის ეგვიპტეში დაკრძალეს, მაგრამ როდესაც ისრაელები გათავისუფლდნენ ეგვიპტის მონობიდან, წინასწარმეტყველმა მოსემ იზრუნა, რომ იოსების ძვლები აღთქმულ მიწაზე გადაესვენებინათ (დაბადება 50:22—26, სსგ; გამოსვლა 13:19). იოსების რწმენამ, მისმა მაგალითმა, უნდა აღგვძრას, დავისახოთ ქვეყნიურ კარიერაზე უფრო აღმატებული მიზნები (1 კორინთელთა 7:29—31).
11. როგორ დაამტკიცა მოსემ, რომ მას სულიერი მიზნები ჰქონდა?
11 მოსე ეგვიპტის სამეფო ოჯახის წევრი იყო, მაგრამ მან „ღვთის ხალხთან ტანჯვა ამჯობინა წარმავალ, ცოდვიან განცხრომას“ (ებრაელთა 11:23—26; საქმეები 7:20—22). ამისათვის მან უარი თქვა გამოჩენილ მდგომარეობაზე და, შესაძლოა, მდიდრულ დაკრძალვაზე ეგვიპტის რომელიმე განსაკუთრებულ აკლდამაში. მოსე იყო „ღვთისკაცი“, რჯულის შეთანხმების შუამავალი, იეჰოვას წინასწარმეტყველი და ბიბლიის ერთ-ერთი დამწერი. განა ამ პატივს შეედრებოდა ის, რაზეც მან უარი თქვა? (ეზრა 3:2). ისწრაფვი გამოჩენილი მდგომარეობისკენ, თუ რწმენა გეხმარება უფრო აღმატებული, სულიერი მიზნების დასახვაში?
რწმენა ჩვენს სიცოცხლეს აზრით აღსავსეს ხდის
12. როგორი გავლენა იქონია რწმენამ რახაბის ცხოვრებაზე?
12 რწმენა არა მარტო აღმატებული მიზნების დასახვაში გვეხმარება, არამედ ჩვენს სიცოცხლეს აზრით აღსავსეს ხდის. იერიხონში მცხოვრები რახაბი მეძავი იყო და, ალბათ, ცხოვრების აზრი დაკარგული ჰქონდა. მაგრამ, როგორ შეიცვალა ყველაფერი, როცა მან რწმენა გამოავლინა! რახაბი „[რწმენის] საქმეებით. . . გამართლდა, როცა [ისრაელი] მზვერავები მიიღო შინ და სხვა გზით გაისტუმრა“, რის შედეგადაც ისინი ქანაანელ მტრებს დაუსხლტნენ ხელიდან (იაკობი 2:24—26). რახაბმა იეჰოვა ჭეშმარიტ ღმერთად აღიარა. მან რწმენა იმითაც გამოავლინა, რომ მიატოვა მეძაობა (იესო ნავეს ძე 2:9—11; ებრაელთა 11:30, 31). ის ცოლად გაჰყვა იეჰოვას მსახურს და არა ურწმუნო ქანაანელს (მეორე რჯული 7:3, 4; 1 კორინთელთა 7:39). რახაბს უდიდესი პატივი ხვდა წილად და მესიის წინაპარი გახდა (პირველი ნეშტთა 2:3—15; რუთი 4:20—22; მათე 1:5, 6). სხვების მსგავსად, რომლებმაც მიატოვეს უზნეო ცხოვრება, მომავალში რახაბი კიდევ ერთ კურთხევას მიიღებს — ის მკვდრეთით აღდგება სამოთხეში დედამიწაზე.
13. როგორ შესცოდა დავითმა ბათშებაყთან, მაგრამ როგორ ავლენდა ის რწმენას?
13 ძველი ცხოვრების მიტოვების შემდეგ, რახაბი, როგორც ჩანს, წესიერ ცხოვრებას ეწეოდა. ამის საპირისპიროდ, ზოგი, ვინც ღვთისადმი უკვე დიდი ხნის მიძღვნილი იყო, მძიმედ სცოდავდა. მეფე დავითმა იმრუშა ბათშებაყთან, შემდეგ მოაკვლევინა მისი ქმარი და თავად შეირთო ცოლად (მეორე მეფეთა 11:1—27). მოგვიანებით ის მწარედ ინანიებდა და იეჰოვას სთხოვდა: «ნუ წამართმევ შენი სიწმიდის სულს [„შენს წმინდა სულს“, აქ]». დავითს არ წართმევია ღვთის სულიწმიდა. მას სწამდა, რომ იეჰოვა, გულმოწყალებიდან გამომდინარე, არ დაამცირებდა მოდრეკილისა და მორჩილის გულს (ფსალმუნები 50:13, 19; 102:10—14). დავითისა და ბათშებაყის რწმენა დაჯილდოვდა; მათი სახელები მესიის საგვარეულო ნუსხის ნაწილი გახდა (პირველი ნეშტთა 3:5; მათე 1:6, 16; ლუკა 3:23, 31).
ღვთის დახმარების იმედით განმტკიცებული რწმენა
14. რაში დარწმუნდა გედეონი და როგორ მოქმედებს ეს ჩვენს რწმენაზე?
14 თუმცა რწმენით დავდივართ, შესაძლოა, დროდადრო იმაში დარწმუნება გვჭირდება, რომ ღმერთი დაგვეხმარება. ასეთ განმტკიცებას საჭიროებდა მსაჯული გედეონი, რომელიც „რწმენით ამარცხებდა სამეფოებს“ (ებრაელთა 11:32, 33). როდესაც მიდიელები მოკავშირეებთან ერთად თავს დაესხნენ ისრაელს, ღვთის სულმა მოიცვა გედეონი. იეჰოვას მხარდაჭერაში რომ დარწმუნებულიყო, გედეონმა ღმერთს ნიშანი სთხოვა კალოზე გაშლილ საწმისზე. პირველ შემთხვევაში ცვარი მხოლოდ საწმისზე იდო, ხოლო მიწა მშრალი იყო. მეორე შემთხვევაში კი პირიქით მოხდა. ასეთი მხარდაჭერით გამხნევებულმა, წინდახედულმა გედეონმა რწმენით იმოქმედა და დაამარცხა ისრაელის მტრები (მსაჯულთა 6:33—40; 7:19—25). თუ გადაწყვეტილებების მიღებისას მხარდაჭერას ვეძებთ, ეს რწმენის ნაკლებობაზე არ მიუთითებს. სინამდვილეში, რწმენას ვავლენთ, როდესაც გადაწყვეტილების მიღებისას ბიბლიასა და ქრისტიანულ პუბლიკაციებს მივმართავთ და ვლოცულობთ, რომ სულიწმიდამ გვიხელმძღვანელოს (რომაელთა 8:26, 27).
15. როგორ დაგვეხმარება ბარაკის რწმენაზე ფიქრი?
15 მსაჯული ბარაკი სხვისმა გამხნევებამ განამტკიცა. წინასწარმეტყველმა დებორამ ბარაკი აღძრა, ეთავა და ისრაელები ქანაანის მეფის, იაბინის, ჩაგვრისგან გაეთავისუფლებინა. ღვთის მხარდაჭერაში დარწმუნებული ბარაკი რწმენით წაუძღვა არც თუ ისე კარგად შეიარაღებულ 10 000 მეომარს და დაამარცხა იაბინის გაცილებით მრავალრიცხოვანი და ძლიერი ჯარი, რომელსაც სისარა ხელმძღვანელობდა. დებორამ და ბარაკმა ამ გამარჯვებას აღმაფრთოვანებელი სიმღერა მიუძღვნეს (მსაჯულთა 4:1—5:31). დებორას მიერ აღძრული ბარაკი ისრაელებს ღვთისგან დანიშნულ წინამძღოლად მოევლინა. ბარაკიც იმ ღვთის მსახურთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც რწმენით „დევნიდნენ უცხოთა ჯარებს“ (ებრაელთა 11:34). იმაზე ფიქრმა, თუ როგორ აკურთხა ღმერთმა ბარაკი რწმენით მოქმედებისთვის, შეიძლება ჩვენც აღგვძრას მოქმედებისკენ, როდესაც იეჰოვასგან მიღებული რთული დავალების შესასრულებლად გამბედაობა არ გვყოფნის.
რწმენა ხელს უწყობს მშვიდობას
16. რა ბრწყინვალე მაგალითი მოგვცა აბრაამმა ლოტთან პრობლემის მშვიდობიანად მოგვარებით?
16 გარდა იმისა, რომ რწმენა ღვთის მსახურებაში რთული დავალებების შესრულებაში გვეხმარება, ის ასევე ხელს გვიწყობს სხვებთან მშვიდობისა და კარგი ურთიერთობის შენარჩუნებაში. ხანში შესულმა აბრაამმა საშუალება მისცა თავის ახალგაზრდა ძმისშვილს, ლოტს, უკეთესი საძოვრები აერჩია, როდესაც მათს მწყემსებს შორის მომხდარი უთანხმოების გამო გაყრა მოუწიათ (დაბადება 13:7—12). აბრაამი, ალბათ, რწმენით ლოცულობდა და ამ პრობლემის გადასაჭრელად დახმარებას ღმერთს სთხოვდა. პირადი ინტერესების პირველ ადგილზე დაყენების ნაცვლად, მან მშვიდობიანად მოაგვარა ყველაფერი. თუ ჩვენც უთანხმოება მოგვივიდა თანაქრისტიანთან, გავიხსენოთ აბრაამის მაგალითი, ვილოცოთ რწმენით და ვეძებოთ მშვიდობა (1 პეტრე 3:10—12).
17. საიდან ვასკვნით, რომ პავლეს, ბარნაბასა და მარკოზს შორის მომხდარი უთანხმოება მშვიდობიანად მოგვარდა?
17 ვნახოთ, როგორ შეგვიძლია მშვიდობისთვის ხელის შეწყობა ქრისტიანული პრინციპების რწმენით გამოყენებით. როდესაც პავლე მეორე მისიონერული მოგზაურობისთვის ემზადებოდა, ბარნაბამ მიიღო მისი მოწვევა, რომ კვლავ ერთად მოენახულებინათ კრებები კვიპროსზე და მცირე აზიაში. მაგრამ ბარნაბას თან თავისი ბიძაშვილის, მარკოზის, წაყვანა სურდა. პავლე წინააღმდეგი იყო, ვინაიდან მარკოზმა ისინი ადრე პამფილიაში მიატოვა. მათ შორის „ჩამოვარდა უთანხმოება“ და ისინი ერთმანეთს დასცილდნენ. ბარნაბამ თან წაიყვანა მარკოზი და გაემართა კვიპროსისკენ. პავლემ კი სილა აირჩია და „დადიოდა სირიასა და კილიკიაში და განამტკიცებდა“ კრებებს (საქმეები 15:36—41). დროთა განმავლობაში ეს უთანხმოება მოგვარდა, რაც იქიდან ჩანს, რომ მარკოზი პავლესთან ერთად იყო რომში და მოციქული მას დადებითად ახასიათებდა (კოლასელთა 4:10; ფილიმონი 23, 24). დაახლოებით ახ. წ. 65 წელს კი, როდესაც პავლე პატიმრობაში იმყოფებოდა რომში, ტიმოთეს მისწერა: „აიყვანე მარკოზი და თან წამოიყვანე, ვინაიდან მჭირდება მსახურებისათვის“ (2 ტიმოთე 4:11). როგორც ჩანს, პავლე რწმენით ლოცულობდა ბარნაბასა და მარკოზთან ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის და მიაღწია კიდეც მათთან მშვიდობიან ურთიერთობას, რაც „ღვთის მშვიდობასთანაც“ არის დაკავშირებული (ფილიპელთა 4:6, 7).
18. როგორც ჩანს, როგორ მოიქცნენ ევოდია და სვინტიქე?
18 რა თქმა უნდა, არასრულყოფილების გამო ყველანი ბევრს ვცოდავთ“ (იაკობი 3:2). ერთხელ უთანხმოება ჩამოვარდა ორ ქრისტიან ქალს შორის, რომელთა შესახებაც პავლე წერდა: „ევოდიას შევახსენებ და სვინტიქეს შევაგონებ, თანამოაზრენი იყვნენ უფალში . . . შენც გთხოვ დაეხმარო მათ, რომელნიც იღწვოდნენ ჩემთან ერთად სახარებაში“ (ფილიპელთა 4:1—3). როგორც ჩანს, ამ ღვთისმოშიშმა ქალებმა მშვიდობიანად მოაგვარეს ეს პრობლემა მათეს 5:23, 24-ში მოცემული რჩევის თანახმად. ბიბლიური პრინციპების რწმენით გათვალისწინებით, ჩვენც შევძლებთ მშვიდობის შენარჩუნებას.
რწმენა გაჭირვების ატანაში გვეხმარება
19. რამ ვერ შეძლო ისაკისა და რებეკას რწმენის შერყევა?
19 რწმენა გაჭირვებასაც აგვატანინებს. შესაძლოა, მწუხარების მიზეზი ის იყოს, რომ თქვენი ოჯახის მონათლული წევრი არ დაემორჩილა ღმერთს და ურწმუნოზე დაქორწინდა (1 კორინთელთა 7:39). ისაკი და რებეკა ძალიან განიცდიდნენ მსგავს მდგომარეობას, ვინაიდან ესავმა წარმართი ცოლები მოიყვანა. ესავის ხეთელმა ცოლებმა იმდენად „გაუმწარეს მათ სული“, რომ რებეკამ თქვა: „მომბეზრდა სიცოცხლე ხეთელ ასულთა გამო. თუ იაკობი ხეთელ ასულს მოიყვანს ცოლად, როგორც ესენი არიან, რაღად მინდა მე სიცოცხლე?“ (დაბადება 26:34, 35; 27:46). მაგრამ ამან ვერ შეარყია ისაკისა და რებეკას რწმენა. მოდი რთულ სიტუაციებთან გამკლავებისას ჩვენც შევინარჩუნოთ მტკიცე რწმენა.
20. რწმენის როგორი მაგალითი მოგვცეს ნაყომიმ და რუთმა?
20 ასაკოვანმა ქვრივმა ნაყომიმ, რომელიც იუდეველი იყო, იცოდა, რომ ზოგიერთი იუდეველი ქალი მესიის წინაპარი გახდებოდა. მისი ვაჟები ისე მოკვდნენ, შვილები არ ჰყოლიათ და თვითონაც საკმაოდ ხანდაზმული იყო საიმისოდ, რომ შვილები ჰყოლოდა. ამიტომ საეჭვო იყო, მისი ოჯახი მესიის საგვარეულო ხაზში შესულიყო. მიუხედავად ამისა, მისი დაქვრივებული რძალი, რუთი, ცოლად ითხოვა ხნიერმა ბოყაზმა. მათ შეეძინათ ვაჟი და ასეთი სახით გახდნენ იესოს, მესიის წინაპრები! (დაბადება 49:10, 33; რუთი 1:3—5; 4:13—22; მათე 1:1, 5). ნაყომისა და რუთის რწმენამ ყველანაირ გაჭირვებას გაუძლო და სიხარული მოუტანა მათ. ჩვენც დიდი სიხარული გველის, თუ პრობლემების მიუხედავად რწმენას ვინარჩუნებთ.
21. რაში გვეხმარება რწმენა და რისკენ უნდა ვისწრაფოთ?
21 თუმცა არ ვიცით, რას მოგვიტანს ხვალინდელი დღე, რწმენით ნებისმიერ პრობლემას დავძლევთ. რწმენა გაბედულებასა და მოთმინებას გვმატებს. ის აღმატებული მიზნების დასახვაში გვეხმარება და სიცოცხლეს აზრიანს ხდის. რწმენა დადებითად მოქმედებს სხვებთან ჩვენს ურთიერთობაზე და გაჭირვებას გვატანინებს. ამიტომ, მოდი ვიყოთ „მორწმუნენი სულის სახსნელად“ (ებრაელთა 10:39). დაე ჩვენი მოსიყვარულე ღმერთის, იეჰოვას მიერ ბოძებული ძალით კვლავაც გამოვავლინოთ მტკიცე რწმენა მის განსადიდებლად.
როგორ უპასუხებდით?
• როგორ გვიჩვენებს ბიბლია, რომ რწმენა გაბედულებას გვმატებს?
• რატომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ რწმენა სიცოცხლის აზრს გვანიჭებს?
• როგორ უწყობს ხელს რწმენა მშვიდობას?
• რა ამტკიცებს, რომ რწმენით ყველანაირი გასაჭირის გაძლება შეგვიძლია?
[სასწავლო კითხვები]
[სურათები 16 გვერდზე]
ნოესა და ენოქს რწმენა აძლევდა იეჰოვას ცნობის გაცხადების გაბედულებას.
[სურათები 17 გვერდზე]
მოსეს რწმენის მსგავსი რწმენა სულიერი მიზნების დასახვისკენ აღგვძრავს.
[სურათები 18 გვერდზე]
ბარაკს, დებორასა და გედეონს რწმენა იმან განუმტკიცა, რომ იეჰოვას მხარდაჭერაში იყვნენ დარწმუნებული.