არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გახურებული ღუმლის მსგავსი განსაცდელების გავლა

გახურებული ღუმლის მსგავსი განსაცდელების გავლა

ბიოგრაფია

გახურებული ღუმლის მსგავსი განსაცდელების გავლა

მოგვითხრო პერიკლე იანორისმა

აშმორებული, ნესტიანი საკნის სიცივე ძვალსა და რბილში მატანდა. ვიჯექი მარტო, ერთი თხელი საბნის ანაბარა და თვალწინ მედგა ორი დღის წინანდელი შემთხვევა. მილიციელებმა სახლიდან გამომათრიეს და უკან დამრჩა ახალგაზრდა მეუღლე, რომელიც გაყინული მზერით მომაცილებდა და ორი, ავად მყოფი პატარა. ცოტა ხნის შემდეგ, მეუღლემ, რომელიც ჩემს რწმენას არ იზიარებდა, გამომიგზავნა ამანათი, რომელსაც თან პატარა ბარათი მოაყოლა: „გიგზავნი ამ პურებს და ვიმედოვნებ, რომ შენც ისევე გახდები ავად, როგორც შენი შვილები“. დავბრუნდებოდი კი ოდესმე სახლში და მეღირსებოდა ოჯახის კვლავ ნახვა?

ეს მხოლოდ ერთი ეპიზოდი იყო ქრისტიანული რწმენისთვის ჩემი ხანგრძლივი და მძიმე ბრძოლიდან, რომელშიც ოჯახის მხრიდან წინააღმდეგობა, საზოგადოებისგან გარიყვა, სასამართლოებზე ბრძოლა და სასტიკი დევნა შედიოდა. მაგრამ როგორ და რატომ მოვხვდი, წყნარი და ღვთისმოშიში ადამიანი, ასეთ საშინელ ადგილას? ნება მიბოძეთ, მოგითხროთ ამის შესახებ.

ერთი საწყალი ბიჭუნა, რომელიც დიდი მიზნისკენ ილტვოდა

დავიბადე 1909 წელს სავრომენოში (კრეტა). ამ დროს ქვეყანაში ომი მძვინვარებდა და ყველგან სიღარიბე და შიმშილობა სუფევდა. მოგვიანებით მე და ჩემი უმცროსი და-ძმები ძლივს გადავურჩით ესპანური გრიპის ეპიდემიას. მახსოვს, როგორ გამოგვამწყვდიეს მშობლებმა სახლში რამდენიმე კვირით, რათა ეს დაავადება არ გადაგვდებოდა.

მამაჩემი, ღარიბი მიწათმოქმედი, ძალიან მორწმუნე კაცი იყო, მაგრამ ფანატიკოსი არასოდეს ყოფილა და საღად აზროვნებდა. ადრე საფრანგეთსა და მადაგასკარში ნაცხოვრები, მოწინავე რელიგიურ იდეებშიც გათვითცნობიერებული იყო. მიუხედავად ამისა, ჩვენი ოჯახი ბერძნული მართლმადიდებელი ეკლესიის ერთგული დარჩა და ყოველ კვირა დღეს წირვას ესწრებოდა. თუ ადგილობრივი ეპისკოპოსი ყოველწლიური მონახულებისას ჩვენთან დარჩენას ისურვებდა, მისთვის ჩვენი სახლის კარი ყოველთვის ღია იყო. მე კი საეკლესიო გუნდში ვმღეროდი და მღვდლობაზე ვოცნებობდი.

გავიდა წლები. 1929 წელს მილიციაში დავიწყე მუშაობა. მამა რომ გარდამეცვალა, თესალონიკეში (ჩრდილოეთი საბერძნეთი) ვიყავი მორიგეობაზე. მოგვიანებით ნუგეშისა და სულიერი განათლების მიღების მიზნით ათონის მთაზე მომსახურე პოლიციელთა ჯგუფს შევუერთდი. მსურდა, ახლოს ვყოფილიყავი მთასთან, სადაც მონასტერში ბერები და განდეგილები მსახურობდნენ და რომელსაც მართლმადიდებელი ეკლესია „წმინდა მთას“ უწოდებდა, და მისდამი მოწიწებით იყო გამსჭვალული *. იქ დაახლოებით ოთხი წელი ვიმსახურე და გულდასმით ვაკვირდებოდი სამონასტრო ცხოვრებას. ყოველივე ამან ღმერთთან სულაც არ დამაახლოვა. ბერთა აშკარა უზნეობამ და გახრწნილებამ შემაძრწუნა. საშინელი ზიზღის გრძნობა დამეუფლა, როდესაც არქიმანდრიტმა, რომელსაც დიდ პატივს ვცემდი, სქესობრივი ურთიერთობის დამყარება შემომთავაზა. მიუხედავად ასეთი იმედგაცრუებისა, მაინც გულწრფელად მსურდა, ღვთისთვის მემსახურა და მღვდელი გავმხდარიყავი. ერთხელ მღვდლის ანაფორაც ჩავიცვი და სამახსოვროდ სურათი გადავიღე. ბოლოს კი კრეტაში დავბრუნდი.

„კაცი კი არა, სატანაა!“

1942 წელს ცოლად შევირთე საყვარელი გოგონა, ფროსინე. ის კარგი ოჯახის შვილი იყო. ოჯახის შექმნამ კიდევ უფრო განმიმტკიცა გადაწყვეტილება, მღვდელი გავმხდარიყავი, რადგან ფროსინეს ოჯახის წევრები თავგამოდებული მორწმუნეები იყვნენ *. გადაწყვეტილი მქონდა, ათენში წავსულიყავი და სემინარიაში მესწავლა. 1943 წლის მიწურულს ირაკლიონის (კრეტა) ნავსადგურში ჩავედი, მაგრამ ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ათენში ვერ წავედი. შესაძლოა, ყოველივე იმიტომაც მოხდა, რომ გარკვეული დროის შემდეგ სულიერი წყურვილის დასაკმაყოფილებლად სხვა წყაროს ვიპოვიდი. ვნახოთ, როგორ განვითარდა მოვლენები.

ემანუელ ლიონუდაკისი, ენერგიული ახალგაზრდა მქადაგებელი, რომელიც იეჰოვას მოწმე იყო, წლების განმავლობაში კრეტაზე სულიერად ბრმებისთვის თვალების ამხელ ბიბლიურ ჭეშმარიტებას ასწავლიდა *. ზოგიერთი მიიზიდა ღვთის სიტყვის ნათელმა ახსნამ და მათ დატოვეს ცრუ რელიგია. ქალაქ სიტეას მახლობლად გულმოდგინე მოწმეთა ჯგუფი ჩამოყალიბდა. ამან ჩვენი ეპისკოპოსი ძალიან შეაშფოთა, რადგან შეერთებულ შტატებში იყო ნაცხოვრები და კარგად იცოდა, რა ეფექტურად ქადაგებდნენ იეჰოვას მოწმეები. ეპისკოპოსმა გადაწყვიტა, თავისი „სამფლობელოდან“ აღმოეფხვრა ეს „მწვალებლობა“. მისი წაქეზებით პოლიცია რეგულარულად იჭერდა მოწმეებს, აპატიმრებდა და სხვადასხვა ცრუ ბრალდებას უყენებდა, რის გამოც მოწმეები იძულებული ხდებოდნენ, სასამართლოს წინაშე წარმდგარიყვნენ.

ერთ-ერთი იეჰოვას მოწმე შეეცადა, ჩემთვისაც აეხსნა ბიბლიური ჭეშმარიტება, მაგრამ მას ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, რომ არ მაინტერესებდა. შემდეგ მან ჩემთან უფრო გამოცდილი მქადაგებელი გამოგზავნა. ჩემგან მკვახე პასუხის მიღების შემდეგ მან მოწმეთა პატარა ჯგუფს უთხრა: „შეუძლებელია პერიკლე მოწმე გახდეს. ის კაცი კი არა, სატანაა!“.

პირველი წინააღმდეგობა

კიდევ კარგი, რომ ღმერთი ამგვარად არ მიყურებდა. 1945 წლის თებერვალში ჩემმა ძმამ, დემოსთენემ, რომელიც დარწმუნებული იყო იეჰოვას მოწმეების სწავლების ჭეშმარიტებაში, მომცა ბროშურა „ნუგეში ყველა მგლოვიარისთვის“ *. ბროშურის შინაარსმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მაშინვე შევწყვიტეთ მართლმადიდებელ ეკლესიაში სიარული. შევუერთდით სიტეას პატარა ჯგუფს და ჩვენს ღვიძლ და-ძმებს ახალშეძენილი რწმენის შესახებ ვუქადაგეთ. ყველამ მიიღო ბიბლიური ჭეშმარიტება. ჩემმა მეუღლემ და მისმა ოჯახმა კი ცრუ რელიგიის მიტოვებისთვის გულიდან ამომირეცხეს და მომიძულეს, რაც მოსალოდნელი იყო კიდეც. გარკვეული დროის განმავლობაში სიმამრი არც კი მელაპარაკებოდა. სახლში გამუდმებით უთანხმოება და დაძაბული ურთიერთობა გვქონდა. მიუხედავად ამისა, 1945 წლის 21 მაისს მე და დემოსთენე ძმა მინოს კოკინაკისმა მოგვნათლა *.

როგორც იქნა, ოცნება ავისრულე და ღვთის ნამდვილი მსახური გავხდი! დღემდე კარგად მახსოვს კარდაკარ ჩემი პირველი მსახურება. ჩანთაში ჩავიწყე 35 ბროშურა და ერთ სოფელში ავტობუსით მარტო გავემგზავრე. თავიდან გაუბედავად დავიწყე ქადაგება, მაგრამ თანდათანობით გამბედაობა შემემატა. ამასობაში განრისხებული მღვდელიც მოვარდა, მაგრამ უკვე შემეძლო, გაბედულად მეპასუხა და არად ჩამეგდო მისი დაჟინებული მოთხოვნა, პოლიციის განყოფილებაში გავყოლოდი. ვუთხარი, რომ არსადაც არ წავიდოდი, სანამ მთელ სოფელს არ მოვივლიდი და მართლაც ასე მოვიქეცი. ქადაგების დასრულების შემდეგ იმდენად ბედნიერი ვიყავი, რომ ავტობუსს არც კი დაველოდე და სახლამდე 15 კილომეტრი ფეხით გამოვიარე.

პირსისხლიანი ჯალათების ხელში

1945 წლის სექტემბერში სიტეას ახლად ჩამოყალიბებულ კრებაში დამატებითი პასუხისმგებლობები დამაკისრეს. მალე საბერძნეთში სამოქალაქო ომი დაიწყო. პარტიზანული ჯგუფები ერთმანეთს მხეცური გააფთრებით ესხმოდნენ თავს. ეპისკოპოსმა ისარგებლა შექმნილი მდგომარეობით და პარტიზანთა ადგილობრივ ჯგუფს უთხრა, რომ მოწმეების მოსაცილებლად ნებისმიერი საშუალება გამოეყენებინათ (იოანე 16:2). ერთხელაც ჩვენს სოფელს ავტობუსით ამ პარტიზანთა ჯგუფი მოადგა, მაგრამ უკვე გაფრთხილებული ვიყავით ჩვენდამი მეგობრულად განწყობილი ქალბატონის მიერ. ამ ქალმა ავტობუსით მგზავრობისას ყური მოჰკრა, თუ რის გაკეთებას აპირებდნენ ეს „ღვთის დავალებით“ მოსული მებრძოლები. ასე რომ, დამალვა მოვასწარით. დახმარების ხელი ერთმა ჩვენმა ნათესავმა გამოგვიწოდა. ასე გადავურჩით სიკვდილს.

ეს შემთხვევა სხვა უსიამოვნებების წინამორბედი იყო. ცემა და დაშინება ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდა. მოწინააღმდეგენი ცდილობდნენ, იძულებული გავეხადეთ, ეკლესიას დავბრუნებოდით, მოგვენათლა შვილები და პირჯვარი გადაგვეწერა. ერთხელ საშინლად სცემეს ჩემი ძმა და თავი მხოლოდ მაშინ დაანებეს, როდესაც უკვე მკვდარი ეგონათ. საშინელი ტკივილი მომაყენა იმის დანახვამაც, რომ ჩემს ორ დას ჯერ ტანსაცმელი შემოაგლიჯეს, შემდეგ კი სცემეს. იმ პერიოდში ეკლესიამ იძულებით მონათლა იეჰოვას მოწმეთა რვა ბავშვი.

1949 წელს დედა გარდამეცვალა. მღვდელი კვლავ მოგვადგა და ბრალს გვდებდა, რომ არ გვქონდა აღებული დაკრძალვის კანონიერი უფლება. მომიწია სასამართლოს წინაშე წარდგომა, მაგრამ საბედნიეროდ გამამართლეს. ეს კარგი შესაძლებლობა იყო ყველას წინაშე დასამოწმებლად, რადგან პროცესის დასაწყისში იეჰოვას სახელი ხშირად გაისმოდა. „აზრზე რომ მოვეყვანეთ“, ამისათვის ჩვენს მტრებს ისღა დარჩენოდათ, რომ დავეპატიმრებინეთ და გადავესახლებინეთ. 1949 წლის აპრილში ისინი ასეც მოიქცნენ.

„გახურებულ ღუმელში“

სამი ძმა დაგვაპატიმრეს. ჩემი ცოლი ჩემს სანახავად ადგილობრივი მილიციის განყოფილებაში არც კი მოსულა. თავიდან ირაკლიონის ციხეში მიგვიყვანეს. როგორც სტატიის დასაწყისში მოვიხსენიე, საკანში მარტო ვიჯექი და თავს საშინლად ვგრძნობდი. სახლში დავტოვე ახალგაზრდა მეუღლე, რომელიც ჩემს რწმენას არ იზიარებდა, და ორი მცირეწლოვანი შვილი. მხურვალედ ვლოცულობდი და იეჰოვას დახმარებას ვთხოვდი. უცებ ღვთის სიტყვიდან ებრაელთა 13:5-ში ჩაწერილი სიტყვები მომაგონდა: „არ მიგატოვებ და არ დაგაგდებ“ (ებრაელთა 13:5). მივხვდი, რომ გონივრული იქნებოდა, მთლიანად იეჰოვას მივნდობოდი (იგავები 3:5).

გავიგეთ, რომ მალე უდაბურ კუნძულ მაკრონისოსზე (საბერძნეთი) უნდა გავეგზავნეთ. ეს კუნძული ატიკის ნაპირთან მდებარეობდა. მხოლოდ მაკრონისოსის ხსენებაც კი ადამიანს შიშის ზარს სცემდა, რადგან იქ არსებულ ბანაკში პატიმრებს აწამებდნენ და მონურად ამუშავებდნენ. გზად პირეოსში შევჩერდით. იქ გემთან ჩვენი თანამორწმუნეები მოვიდნენ და გადაგვეხვივნენ. მიუხედავად იმისა, რომ ხელებზე ბორკილები გვქონდა დადებული, ამ შეხვედრამ მაინც გაგვამხნევა (საქმეები 28:14, 15).

მაკრონისოსზე ცხოვრება კოშმარი იყო. დილიდან დაღამებამდე ჯარისკაცები პატიმრებს საშინლად ეპყრობოდნენ. იმ პატიმრებიდან, რომლებიც მოწმეები არ იყვნენ, ბევრი გაგიჟდა, ბევრიც მოკვდა და მრავალი დაინვალიდდა. მთელი ღამის განმავლობაში გვესმოდა იმ ტყვეთა ყვირილი და კვნესა, რომლებსაც აწამებდნენ. მდგომარეობას ისიც მიმძიმებდა, რომ ცივ ღამეებში ჩემი თხელი საბანი აღარ მათბობდა.

თანდათანობით ბანაკში იეჰოვას მოწმეები ყველამ გაიცნო, რადგან ყოველ დილას, სიის ამოკითხვისას, აღნიშნავდნენ, ვინ იყვნენ ისინი. ამგვარად არაერთხელ გვეძლეოდა სხვებისთვის ქადაგების შესაძლებლობა. ერთხელაც, წილად მხვდა პატივი, მომენათლა პოლიტპატიმარი, რომელმაც სულიერად იმდენად წაიწია წინ, რომ სიცოცხლე იეჰოვას მიუძღვნა.

გადასახლებაში ყოფნისას ყოველთვის ვწერდი წერილებს ჩემს ძვირფას მეუღლეს, თუმცა მისგან პასუხი არასოდეს მიმიღია. მიუხედავად ამისა, წერილებში ყოველთვის დიდ სითბოს ვდებდი; მეუღლეს ვანუგეშებდი და ვარწმუნებდი, რომ ეს უსიამოვნო შემთხვევა მხოლოდ დროებითი იყო და ჩვენ კვლავ ბედნიერები ვიქნებოდით.

დროთა განმავლობაში ძმები კიდევ ჩამოიყვანეს და ბანაკში მოწმეთა რაოდენობა გაიზარდა. მე კანტორაში ვმუშაობდი, რამაც ბანაკის სამხედრო ზედამხედველის გაცნობის საშუალება მომცა. ის მოწმეების მიმართ პატივისცემით იყო განწყობილი. ამიტომაც გამბედაობა მოვიკრიბე და ვკითხე, შეიძლებოდა თუ არა ათენის ოფისიდან ჩვენი ლიტერატურის მიღება.

— შეუძლებელია, — თქვა მან, — მაგრამ რას იტყოდი იმაზე, რომ თქვენს თანამორწმუნეებს შეეკრათ თქვენთვის ამანათი და ჩემს სახელზე გამოეგზავნათ?

გაოცებისგან ენა ჩამივარდა. რამდენიმე დღის შემდეგ ჩამოვტვირთეთ შემოსული გემი. პოლიციელი ბანაკის სამხედრო ზედამხედველს მიესალმა და უთხრა:

— უფროსო, თქვენს სახელზე ამანათია.

— რა ამანათი? — იკითხა მან.

სწორედ ამ დროს საუბარს მეც შევესწარი და ბანაკის სამხედრო ზედამხედველს გადავულაპარაკე:

— ეს, ალბათ, ის ამანათია, თქვენი ბრძანებით თქვენს სახელზე ჩვენთვის რომ გამოგზავნეს.

აი, ასეთი საშუალება გამოიყენა იეჰოვამ, ჩვენთვის სულიერი საზრდოს მოსაწოდებლად.

მოულოდნელი კურთხევა და კვლავ გაჭირვება

1950 წლის მიწურულს გამათავისუფლეს. სახლში დაუძლურებული, ფერმიხდილი, გაძვალტყავებული ვბრუნდებოდი და არ ვიცოდი, მიმიღებდნენ თუ არა ოჯახში. ცოლ-შვილთან შეხვედრამ უზომოდ გამახარა. და რაც მთავარია, გამაოცა იმ ფაქტმა, რომ ფროსინეს მტრული განწყობა განელებოდა. ციხიდან გამოგზავნილ წერილებს თავისი საქმე გაეკეთებინათ: ფროსინეზე დადებითი გავლენა იქონია ჩემმა მოთმინებამ; მის გულს ძალიან შეეხო ის, რომ ფარ-ხმალს არ ვყრიდი და სულ ვწერდი. ცოტა ხნის შემდეგ, შემორიგების მიზნით, დიდხანს და თბილად ვესაუბრე მას. შედეგად, ფროსინემ ბიბლიის შესწავლა დაიწყო და თანდათანობით იეჰოვასა და მისი დანაპირებისადმი რწმენაც გაუჩნდა. 1952 წლის ერთ-ერთი დღე ჩემთვის უბედნიერესი იყო, რადგან მაშინ მოვნათლე ჩემი საყვარელი მეუღლე, როგორც იეჰოვას მიძღვნილი მსახური!

1955 წელს წამოვიწყეთ კამპანია, რომლის მიზანი იყო, თითოეული მღვდლისთვის მიგვეცა ბროშურა «ქრისტიანული სამყარო თუ ქრისტიანობა, რომელია „ქვეყნიერების სინათლე“?». შედეგად დამაპატიმრეს და სასამართლოს გადამცეს. ასევე მოექცნენ სხვა რამდენიმე მოწმესაც. იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ იმდენად ბევრი საქმე აღიძრა, რომ სპეციალურად ერთი დღე დანიშნეს ყველა ამ საქმის მოსასმენად. ამ დღეს სასამართლო პროცესს პროვინციის საკანონმდებლო ორგანოების ყველა პასუხისმგებელი პირი ესწრებოდა. იმ დღეს დარბაზში მღვდლებიც საკმაოდ იყვნენ. ეპისკოპოსი გასასვლელებს შორის ბოლთას სცემდა და ნერვიულობისგან ადგილს ვერ პოულობდა. ერთ-ერთი მღვდელი პირადად მე პროზელიტიზმში მდებდა ბრალს. მოსამართლემ ჰკითხა მას: „ნუთუ თქვენი რწმენა იმდენად სუსტია, რომ ერთი ბროშურის წაკითხვით შეიცვლით მას?“. ამ კითხვამ მღვდელი გააჩუმა. მე უდანაშაულოდ მცნეს და გამათავისუფლეს, მაგრამ ზოგ ძმას ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯეს.

მომდევნო წლებში არაერთხელ დაგვაპატიმრეს და შედეგად სასამართლო პროცესების რიცხვმაც იმატა. იმდენი პროცესი იყო, რომ ჩვენი ადვოკატები საქმეს ძლივს აუდიოდნენ. პირადად მე სასამართლოს წინაშე სულ 17-ჯერ წარვდექი. წინააღმდეგობის მიუხედავად, რეგულარულად ვქადაგებდით. სირთულეებს სიხარულით ვუმკლავდებოდით, ხოლო ცეცხლივით მწველი გამოცდები რწმენას გვიხვეწდა (იაკობი 1:2, 3).

ახალი შესაძლებლობები და სირთულეები

1957 წელს საცხოვრებლად ათენში გადავედით. მალე ახლად ჩამოყალიბებულ კრებაში დამნიშნეს. მეუღლე მთელი გულით ამომიდგა მხარში, რის წყალობითაც ცხოვრება გავიმარტივეთ — აუცილებლით ვკმაყოფილდებოდით და პირველ ადგილზე სულიერ საქმეებს ვაყენებდით. ამგვარად, გვქონდა შესაძლებლობა, დროის უმეტესი ნაწილი ქადაგებისთვის დაგვეთმო. წლების განმავლობაში გვთხოვდნენ ისეთ კრებებში გადასვლას, სადაც მქადაგებლებზე მეტი მოთხოვნილება იყო.

1963 წელს ჩემს ვაჟს 21 წელი შეუსრულდა და ჯარში გასაწვევი უწყება მოუვიდა. თავისი ნეიტრალური პოზიციის გამო იეჰოვას ყველა წვევამდელი მოწმე ცემის, დაცინვისა და დამცირების მსხვერპლი ხდებოდა. გამონაკლისი არც ჩემი შვილი ყოფილა. ამიტომ მივეცი მაკრონისოსიდან ჩამოტანილი საბანი და ამგვარად წავახალისე, მიჰყოლოდა იმ ადრინდელი მოწმეების მაგალითს, რომლებმაც ერთგულება შეინარჩუნეს. წვევამდელები სამხედრო სასამართლომ გაასამართლა და 2-დან 4 წლამდე პატიმრობა მიუსაჯა. გათავისუფლების შემდეგ ისინი ისევ დაიჭირეს და კვლავ დააპატიმრეს. რელიგიური მსახურის სტატუსით რამდენიმე ციხე მოვინახულე, რამაც ჩემს შვილსა და სხვა ერთგულ მოწმეებთან მცირე ხნით ურთიერთობის შესაძლებლობაც მომცა. ჩემი ვაჟი ციხეში ექვს წელზე მეტი იჯდა.

იეჰოვას ფრთებქვეშ შეფარებულნი

საბერძნეთში რელიგიური თავისუფლების აღდგენის შემდეგ კუნძულ როდოსზე დროებით სპეციალურ პიონერად დავიწყე მსახურება. 1986 წელს კი დამნიშნეს სიტეაში (კრეტა), სადაც მქადაგებლებზე დიდი მოთხოვნილება იყო და საიდანაც დაიწყო ჩემი ქრისტიანული მოღვაწეობა. ამ დანიშნულებას დიდი სიამოვნებით შევხვდი; გულს სიხარულით მივსებდა იმაზე ფიქრი, რომ კვლავ იმ საყვარელ თანამორწმუნეებთან ვიმსახურებდი, რომლებსაც ახლაგაზრდობიდან ვიცნობდი.

ბედნიერი ვარ იმით, რომ ჩვენი ახლო ნათესავებიდან თითქმის 70 ადამიანი ემსახურება იეჰოვას ერთგულად. ეს რიცხვი კვლავ იზრდება. მათ შორის არიან უხუცესები, თანაშემწეები, პიონერები, ბეთელელები და მიმომსვლელი ზედამხედველები. 58 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ჩემი რწმენა გახურებული ღუმლის მსგავსი განსაცდელებით იცდებოდა. ახლა 93 წლის ვარ. როდესაც წარსულს ვიხსენებ, ერთი წუთითაც არ ვნანობ, რომ ცხოვრება იეჰოვას მსახურებას მივუძღვენი. ღმერთმა იმის ძალა მომცა, რომ გამოვხმაურებოდი სიყვარულით ნათქვამ მის სიტყვებს: „მე მომეცი, შვილო, შენი გული და შენმა თვალებმა დაიცვან ჩემი გზა“ (იგავები 23:26).

[სქოლიოები]

^ აბზ. 9 იხილეთ 1999 წლის 1 დეკემბრის „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 30—31.

^ აბზ. 11 ბერძნულ მართლმადიდებელ ეკლესიაში მღვდლებს აქვთ დაქორწინების უფლება.

^ აბზ. 12 ემანუელ ლიონუდაკისის ბიოგრაფია შეგიძლიათ იხილოთ 1999 წლის 1 სექტემბრის „საგუშაგო კოშკში“, გვერდები 25—29.

^ აბზ. 15 გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ; ამჟამად აღარ გამოიცემა.

^ აბზ. 15 ძმა მინოს კოკინაკისის საქმის მოგების შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ 1993 წლის 1 სექტემბრის „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 27—31 (რუს.).

[ჩარჩო 27 გვერდზე]

მაკრონისოსი — კუნძული, რომელიც ყველას შიშის ზარს სცემდა

ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, 1947—1957 წლებში, მაკრონისოსის ხრიოკ და უდაბურ კუნძულზე 100 000-ზე მეტმა პატიმარმა მოიხადა სასჯელი. ამ პატიმართა შორის იყო იეჰოვას მრავალი ერთგული მოწმე, რომლებიც ქრისტიანული რწმენიდან გამომდინარე ნეიტრალური პოზიციის გამო მოხვდნენ იქ. ჩვეულებრივ, მათი გადასახლება ბერძნული მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელოების წაქეზებით ხდებოდა ხოლმე. ეს სასულიერო პირები იეჰოვას მოწმეებს კომუნისტობაში სდებდნენ ბრალს, რაც, რა თქმა უნდა, სიცრუე იყო.

მაკრონისოსის კუნძულზე გატარებული გამოსასწორებელი ზომების შესახებ ერთ-ერთი ბერძნული ენციკლოპედია წერს: „[იქ არსებული] საშინელი წამების მეთოდები . . . ცივილიზებული ერისთვის ყოვლად მიუღებელი საცხოვრებელი პირობები და პატიმრებისადმი საოცრად დამამცირებელი დამოკიდებულება . . . სამარცხვინო ლაქად ატყვია საბერძნეთის ისტორიას“ (Papyros Larousse Britannica).

ზოგ მოწმეს ემუქრებოდნენ, რომ თუ თავის მრწამსზე უარს არ იტყოდა, თავისუფლებას ვერ ეღირსებოდა. მიუხედავად ამისა, იეჰოვას მოწმეები ღვთის ერთგულები დარჩნენ. გარდა ამისა, იეჰოვას მოწმეებთან ურთიერთობის წყალობით ზოგმა პოლიტპატიმარმაც მიიღო ბიბლიური ჭეშმარიტება.

[სურათი 27 გვერდზე]

მინოს კოკინაკისი (მარჯვნიდან მესამე) და მე (მარცხნიდან მეოთხე) გადასახლებაში, კუნძულ მაკრონისოსზე.

[სურათი 29 გვერდზე]

ვქადაგებ თანამორწმუნესთან ერთად სიტეაში (კრეტა), ქალაქში, სადაც ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში ვმსახურობდი.