არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გიყვარდეთ ერთმანეთი

გიყვარდეთ ერთმანეთი

გიყვარდეთ ერთმანეთი

„ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ ყველანი, თუ სიყვარული გექნებათ ურთიერთს შორის“ (იოანე 13:35).

1. რა თვისებაზე მიაქცევინა იესომ მოციქულებს ყურადღება სიკვდილის წინა საღამოს?

„შვილებო“, — ასე თბილად მიმართა იესომ თავის მოციქულებს სიკვდილის წინა საღამოს (იოანე 13:33). სახარებები არ გვამცნობს, აქამდე თუ მიუმართავს იესოს მათთვის ასე. ამ განსაკუთრებულ დღეს კი მას სურდა, გამოეხატა ღრმა სიყვარული, რომელიც თავისი მიმდევრებისადმი ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ იმ საღამოს იესო დაახლოებით 30-ჯერ შეეხო სიყვარულს. რატომ გაამახვილა მან ამ თვისებაზე ამხელა ყურადღება?

2. რატომ არის სიყვარული ძალიან მნიშვნელოვანი ქრისტიანებისთვის?

2 იესომ განმარტა, რატომ არის სიყვარული ამდენად მნიშვნელოვანი. „ჩემი მოწაფეები რომ ხართ, — თქვა მან, — იმით გაიგებენ ყველანი, თუ სიყვარული გექნებათ ურთიერთს შორის“ (იოანე 13:35; 15:12, 17). შეუძლებელია იყო ქრისტეს მიმდევარი და არ გიყვარდეს ძმები. ჭეშმარიტი ქრისტიანები სხვებისგან განსაკუთრებული ჩაცმულობით ან უჩვეულო ტრადიციებით კი არ უნდა გამოირჩეოდნენ, არამედ თბილი და სათუთი გრძნობით — ერთმანეთის სიყვარულით. ეს განსაკუთრებული სიყვარული მეორეა ქრისტეს მიმდევრებისთვის მიცემული იმ სამი ძირითადი მოთხოვნიდან, რომლებიც წინა სტატიის დასაწყისში იყო მოხსენიებული. რა დაგვეხმარება ამ მოთხოვნის თანახმად ცხოვრებაში?

‘უფრო სრულად აკეთეთ’

3. რისკენ მოუწოდა პავლემ თანაქრისტიანებს, როდესაც მათ სიყვარულზე მისწერა?

3 პირველი საუკუნის ქრისტიანებს შორის არსებობდა ასეთი სიყვარული და იმავეს თქმა შეიძლება ქრისტეს დღევანდელ ჭეშმარიტ მიმდევრებზეც. პირველი საუკუნის ქრისტიანებს პავლე სწერდა: „ძმათმოყვარეობაზე საჭირო არ არის თქვენთვის მოწერა, თქვენ ღვთივგანსწავლულნი ხართ ერთიმეორის სიყვარულში“. მიუხედავად ამისა, პავლემ მათ მიმართა: „შეგაგონებთ . . . ეს უფრო სრულად აკეთოთ“ (1 თესალონიკელთა 3:12; 4:9, 10, აქ). ჩვენც გვმართებს, გულთან ახლოს მივიტანოთ პავლეს შეგონება და ყველაფერი ვიღონოთ, რომ „უფრო სრულად“ გვიყვარდეს ერთმანეთი.

4. პავლესა და იესოს სიტყვების თანახმად, ვის უნდა მოვეკიდოთ განსაკუთრებული ყურადღებით?

4 ღვთის შთაგონებით დაწერილ იმავე წერილში პავლე მოუწოდებდა თანამორწმუნეებს: „ანუგეშეთ დამწუხრებული სულები, მხარი დაუჭირეთ სუსტებს“ (1 თესალონიკელთა 5:14, აქ). სხვა წერილში კი ის შეახსენებდა ქრისტიანებს: „ჩვენ, ძლიერთ, გვმართებს ვზიდოთ უსუსურთა უძლურება“ (რომაელთა 15:1). სუსტების დახმარებაზე იესოც ამახვილებდა ყურადღებას. იმის შემდეგ, რაც იწინასწარმეტყველა, რომ პეტრე უარყოფდა მას, იესომ ასეთი სიტყვებით მიმართა თავის მოციქულს: „როცა კვლავ მოიქცევი, გაამხნევე შენი ძმები“. რატომ იქნებოდა საჭირო მათი გამხნევება? ისინიც მიატოვებდნენ იესოს და ამიტომ მათ დახმარება დასჭირდებოდათ (ლუკა 22:32; იოანე 21:15—17). აქედან გამომდინარე, ღვთის სიტყვა მოგვიწოდებს, სიყვარულით მოვექცეთ სულიერად დასუსტებულებს და მათ, ვისაც ურთიერთობა აღარ აქვს ქრისტიანულ კრებასთან (ებრაელთა 12:12). რატომ გვმართებს ასე მოქცევა? ამ კითხვაზე იესოს მიერ მოყვანილი ორი თვალსაჩინო მაგალითი გვპასუხობს.

დაკარგული ცხვარი და დაკარგული დრაქმა

5, 6. ა) რომელი ორი მოკლე მაგალითი მოიყვანა იესომ? ბ) რას ვიგებთ ამ მაგალითებიდან იეჰოვას შესახებ?

5 მსმენელებისთვის გზასაცდენილებზე იეჰოვას თვალსაზრისი რომ დაენახვებინა, იესომ ორი მოკლე მაგალითი მოიყვანა. ერთში ის მწყემსზე საუბრობდა: „რომელიმე თქვენგანს რომ ასი ცხვარი ჰყავდეს და ერთი დაეკარგოს, განა არ დატოვებს ოთხმოცდაცხრამეტს უდაბნოში და არ წავა დაკარგულის საძებრად, ვიდრე არ იპოვის? რომ იპოვის, სიხარულით მხრებზე შეისვამს. შინ რომ დაბრუნდება, დაუძახებს მეგობრებს, მეზობლებს და ეტყვის: თქვენც იხარეთ ჩემთან ერთად, დაკარგული ცხვარი ვიპოვეო. თქვენ გეუბნებით: რომ ასევე უფრო მეტი სიხარული იქნება ზეცაში ერთი ცოდვილის გამო, რომელმაც მოინანია, ვიდრე იმ ოთხმოცდაცხრამეტი მართლის გამო, რომელთაც მონანიება არ სჭირდებათ“ (ლუკა 15:4—7).

6 მეორე მაგალითი ქალზე იყო. იესომ მოყვა: „ანდა დედაკაცი, რომელსაც ათი დრაქმა აქვს, ერთი დრაქმა რომ დაეკარგოს, განა არ აანთებს სანთელს და არ გამოგვის სახლს და გულმოდგინედ არ დაუწყებს ძებნას, ვიდრე არ იპოვის? როცა იპოვის, დაუძახებს დობილებს და მეზობლებს და ეტყვის: ჩემთან ერთად იხარეთ, ვინაიდან ვიპოვე დაკარგული დრაქმაო. თქვენ გეუბნებით: ასევე იქნება სიხარული ღვთის ანგელოზებთან ერთი მონანიე ცოდვილის გამო“ (ლუკა 15:8—10).

7. რას ვსწავლობთ დაკარგული ცხვრისა და დაკარგული დრაქმის მაგალითებიდან?

7 რას გვასწავლის ეს მაგალითები? იმას, თუ 1) რას უნდა ვგრძნობდეთ დასუსტებულთა მიმართ და 2) რა უნდა გავაკეთოთ მათ დასახმარებლად. მოდი ახლა ამ ორ საკითხზე ვისაუბროთ.

დაკარგული, და მაინც ძვირფასი

8. ა) რა გააკეთა მწყემსმა ცხვრის დაკარგვის შემდეგ და როგორ მოიქცა ქალი, როცა დრაქმა დაკარგა? ბ) რას გვეუბნება მათი მოქმედება დანაკარგთან დაკავშირებით მათს თვალსაზრისზე?

8 ორივე მაგალითში რაღაც დაიკარგა, მაგრამ დაუკვირდით პატრონების რეაქციას. მწყემსს არ უთქვამს: „ერთი ცხვარი რა დიდი საქმეა, 99 ხომ კიდევ მყავს. მაგ ცხვრის გარეშეც გავალ იოლას“. არც ქალს უთქვამს: „რატომ უნდა ვიდარდო იმ ერთი დრაქმის გულისთვის? ცხრაც კარგად მეყოფა“. ამის ნაცვლად მწყემსი საძებრად წავიდა და ისე გულმოდგინედ დაუწყო ძებნა დაკარგულ ცხვარს, თითქოს მეტი არ ჰყოლოდა. ქალიც ისეთი მონდომებით ეძებდა დრაქმას, თითქოს უკანასკნელი დაჰკარგვოდა. ორივე შემთხვევაში დაკარგული კვლავაც ძვირფასი იყო მფლობელისთვის. რის საჩვენებლად მოიყვანა იესომ ეს მაგალითები?

9. რა არის ნაჩვენები მწყემსისა და ქალის გრძნობებით?

9 დაუკვირდით, რა სიტყვებით ამთავრებს იესო ამ მაგალითებს: „ასევე უფრო მეტი სიხარული იქნება ზეცაში ერთი ცოდვილის გამო, რომელმაც მოინანია“ და „გეუბნებით: ასევე იქნება სიხარული ღვთის ანგელოზებთან ერთი მონანიე ცოდვილის გამო“. მწყემსისა დ ქალის გრძნობები დაახლოებით წარმოდგენას გვიქმნის იეჰოვასა და ზეციერი ქმნილებების გრძნობებზე. როგორც მწყემსისა და ქალისთვის იყო ძვირფასი, რაც დაკარგეს, ასევე იეჰოვასთვისაც კვლავაც ძვირფასები არიან ისინი, ვინც გზას ასცდა ან ურთიერთობა აღარ აქვს ღვთის ხალხთან (იერემია 31:3). ასეთები შეიძლება სულიერად სუსტები იყვნენ, მაგრამ არა მაინცდამაინც ურჩები და მოწინააღმდეგეები. სულიერი სისუსტის მიუხედავად, ისინი შეიძლება, გარკვეულწილად, კვლავაც იცავდნენ იეჰოვას მოთხოვნებს (ფსალმუნები 118:176; საქმეები 15:29). ამიტომ, ისევე როგორც წარსულში, იეჰოვა დღესაც არ ჩქარობს მათ ‘მოშორებას’ (მეოთხე მეფეთა 13:23).

10, 11. ა) რა თვალსაზრისი უნდა გვქონდეს მათზე, ვინც კრებას ჩამოშორდა? ბ) იესოს მაგალითებიდან გამომდინარე, როგორ შეგვიძლია გამოვხატოთ, რომ განვიცდით მათ მდგომარეობას?

10 იეჰოვასა და იესოს მსგავსად, ჩვენც განვიცდით მათ მდგომარეობას, ვინც დასუსტდა და ურთიერთობა აღარ აქვს ქრისტიანულ კრებასთან (ეზეკიელი 34:16; ლუკა 19:10). სულიერად დასუსტებულ ადამიანს დაკარგულ ცხვრად მივიჩნევთ და არა დაღუპულ ადამიანად. ჩვენ არ ვფიქრობთ ასე: „რატომ უნდა ვინაღვლოთ დასუსტებულზე? კრება უმაგისოდაც კარგადაა“. ამის ნაცვლად, იეჰოვას ვბაძავთ და გზასაცდენილები, რომელთაც დაბრუნების სურვილი აქვთ, ჩვენთვისაც ძვირფასები არიან.

11 როგორ ვაჩვენოთ, რომ განვიცდით ასეთი ადამიანების მდგომარეობას? იესოს მიერ ზემოთ მოყვანილი მაგალითებიდან ვხედავთ, რომ საჭიროა 1) ინიციატივის გამოვლენა, 2) თბილად მოპყრობა და 3) გულმოდგინება. მოდი სათითაოდ განვიხილოთ ეს საკითხები.

გამოავლინეთ ინიციატივა

12. რას ვიგებთ მწყემსის თვალსაზრისზე სიტყვებიდან „წავა დაკარგულის საძებრად“?

12 პირველ მაგალითში იესომ თქვა, რომ მწყემსი „წავა დაკარგულის საძებრად“. მწყემსი ინიციატივას ავლენს და ცდილობს, იპოვოს დაკარგული ცხვარი. სირთულეები, საფრთხე და მანძილი ვერ აჩერებს მას. პირიქით, ის მანამ ეძებს, „ვიდრე არ იპოვის“ (ლუკა 15:4).

13. როგორ ეხმარებოდნენ დასუსტებულებს ღვთის ერთგული მსახურები წარსულში და როგორ შეგვიძლია მივბაძოთ ასეთ ბიბლიურ მაგალითებს?

13 მსგავსადვე, ხშირად სულიერად ძლიერმა პიროვნებამ ინიციატივა უნდა გამოავლინოს, როდესაც ვინმეს გამხნევება ესაჭიროება. ძველ დროში ღვთის ერთგულ მსახურებს ეს კარგად ესმოდათ. მაგალითად, როცა იონათანმა, მეფე საულის ძემ, შენიშნა, რომ მის ახლო მეგობარ დავითს გამხნევება სჭირდებოდა, „ადგა . . . და მივიდა დავითთან ტყეში, და გაამხნევა ღვთის სახელით“ (პირველი მეფეთა 23:15, 16). საუკუნეების შემდეგ, როდესაც გამგებელმა ნეემიამ დაინახა, რომ მისი ძმები, იუდეველები, დასუსტებულიყვნენ, ისიც ‘ადგა’ და გაამხნევა ისინი, რათა არ დაევიწყებინათ იეჰოვა (ნეემია 4:14). დღეს ჩვენც გვსურს „ავდგეთ“, ანუ გამოვავლინოთ ინიციატივა და გავამხნევოთ დასუსტებულები. ვის ავალია კრებაში მათი დახმარება?

14. ვის ავალია კრებაში დასუსტებულების დახმარება?

14 განსაკუთრებით, ქრისტიანი უხუცესების პასუხისმგებლობაა სხვების გამხნევება და, ესაიას სიტყვებით რომ ვთქვათ, „ღონემიხდილი ხელების“ გაძლიერება და „მოკვეთილი მუხლების“ გამაგრება; აგრეთვე, რომ უთხრან „გულშემდრკალთ: გამაგრდით, ნუ გეშინიათ!“ (ესაია 35:3, 4, სსგ; 1 პეტრე 5:1, 2). თუმცა იმასაც მიაქციეთ ყურადღება, რომ პავლემ არა მარტო უხუცესებს მოუწოდა, ენუგეშებინათ „დამწუხრებული სულები“, არამედ „თესალონიკელთა [მთელ] კრებას“ (1 თესალონიკელთა 1:1, აქ; 5:14, აქ). ამიტომ ყველა ქრისტიანს ავალია დასუსტებულების დახმარება. მაგალითში მოხსენიებული მწყემსის მსგავსად, ყველა ქრისტიანს უნდა უბიძგოს გულმა, ‘წავიდეს დაკარგულის საძებრად’. რასაკვირველია, თუ გვსურს საუკეთესოდ დავეხმაროთ მათ, უხუცესებთან უნდა ვითანამშრომლოთ. შეგიძლიათ პირადად რამის გაკეთება თქვენს კრებაში დასუსტებულების დასახმარებლად?

თბილად მოექეცით

15. როგორც ჩანს, რატომ მოიქცა მწყემსი ისე, როგორც ეს მაგალითშია აღწერილი?

15 რას აკეთებს მწყემსი, როდესაც დაკარგულ ცხვარს პოულობს? „მხრებზე შეისვამს“ (ლუკა 15:5). რა გულში ჩამწვდომი და მრავლისმთქმელი მოქმედებაა! ცხვარი, ალბათ, არაერთი დღე და ღამე დაეხეტებოდა უცხო ადგილებში; შესაძლოა ლომის ნადავლიც კი გამხდარიყო (იობი 38:39, 40). თავისთავად ცხადია, ცხვარი შიმშილისგან დასუსტებულია; იმდენად დასუსტებულია, რომ დამოუკიდებლად გაუჭირდებოდა მშობლიურ ფარამდე მისვლა. ამიტომ მწყემსი იხრება, ნაზად იყვანს ხელში, საფრთხისგან იცავს და ფარამდე მშვიდობით მიჰყავს. როგორ შეგვიძლია მივბაძოთ მწყემსს ასეთი მზრუნველობის გამოვლენაში?

16. როგორ შეგვიძლია მივბაძოთ დაკარგული ცხვრის მიმართ მწყემსის თბილად მოპყრობას?

16 ის, ვისაც კრებასთან არა აქვს ურთიერთობა, შეიძლება სულიერად გათანგული იყოს. ფარას ჩამორჩენილი ცხვრის მსგავსად, შეიძლება უმიზნოდ „დაეხეტება“ ამ ქვეყნიერების საშიშ „ადგილებში“. უსაფრთხო ფარის — ქრისტიანული კრების — გარეშე ის უწინდელზე უფრო ადვილად შეიძლება გახდეს ეშმაკის ნადავლი, რომელიც „დაძრწის როგორც მბრდღვინავი ლომი და ეძებს, ვინ ჩაყლაპოს“ (1 პეტრე 5:8). ამას გარდა, სულიერი საზრდოს გარეშე ის დასუსტებულია. იმდენად სუსტია, რომ დამოუკიდებლად, როგორც ჩანს, გაუჭირდება სირთულეების გადალახვა და კრებაში დაბრუნება. ამიტომ ჩვენ, ასე ვთქვათ, უნდა დავიხაროთ, ნაზად ავიყვანოთ ხელში და კრებაში მოვიყვანოთ (გალატელთა 6:2). კონკრეტულად, რის გაკეთება შეგვიძლია?

17. რაში უნდა მივბაძოთ მოციქულ პავლეს, როცა დასუსტებულს ვინახულებთ?

17 მოციქულმა პავლემ თქვა: „ვინმე დაუძლურდა და მე არ დავუძლურდი?“ (2 კორინთელთა 11:29; 1 კორინთელთა 9:22). ამ სიტყვებიდან ჩანს, რომ პავლე თანაუგრძნობდა სხვებს, მათ შორის სუსტებსაც. ჩვენც მსგავსად უნდა მოვექცეთ დასუსტებულებს. როდესაც სულიერად დასუსტებულ ქრისტიანს ინახულებთ, დაარწმუნეთ, რომ იეჰოვა აფასებს მას და თანაქრისტიანებსაც ძალიან ენატრებათ (1 თესალონიკელთა 2:17). დაანახვეთ, რომ ისინი სიხარულით დაეხმარებიან და სურთ იყვნენ მისთვის ისეთი ძმები, რომლებიც გაჭირვებისთვის იბადებიან (იგავები 17:17; ფსალმუნები 33:19). ჩვენმა გულწრფელმა სიტყვებმა ისინი შეიძლება თანდათანობით ფეხზე წამოაყენოს და დაეხმაროს ფარაში დაბრუნებაში. შემდეგ რა უნდა გავაკეთოთ? ამ კითხვაზე პასუხს ქალსა და დაკარგულ დრაქმაზე მაგალითიდან ვიგებთ.

იყავით გულმოდგინეები

18. ა) რატომ არ ჩაიქნია ქალმა ხელი დრაქმის პოვნაზე? ბ) რამდენად გულმოდგინედ ეძებდა ქალი და რას მიაღწია ამით?

18 ქალმა, რომელმაც დრაქმა დაკარგა, იცის, რომ თუმცა ადვილი არ არის დაკარგულის პოვნა, ეს შესაძლებელია. მონეტა დიდ, ბუჩქნარით დაფარულ ველზე რომ დაეკარგა ან ღრმა, მღვრიე ტბაში ჩავარდნოდა, ის, ალბათ, ხელს ჩაიქნევდა და ძებნას აღარ დაუწყებდა. მან კი იცის, რომ დრაქმა სადღაც სახლში დაკარგა და მისი პოვნა შესაძლებელია. ამიტომ გულდასმით და გულმოდგინედ იწყებს ძებნას (ლუკა 15:8). ჯერ ლამპარს ანთებს სახლის გასანათებლად; შემდეგ სახლის დაგვას იწყებს, იქნებ დრაქმის ხმა გავიგონოო; ბოლოს კი ყურადღებით ათვალიერებს ყველა კუთხე-კუნჭულს, სანამ ლამპრის შუქზე მბზინვარე ვერცხლის მონეტას არ მოჰკრავს თვალს. ქალის გულმოდგინებამ ფუჭად არ ჩაიარა!

19. რას ვსწავლობთ დასუსტებულთა დახმარების საკითხში ქალის მოქმედებიდან?

19 მაგალითის ეს მონაკვეთი შეგვახსენებს, რომ დასუსტებული ქრისტიანის დახმარება ჩვენთვის შესაძლებელია. ამავე დროს, ვხედავთ, რომ საჭიროა ძალისხმევა. პავლე მოციქულმაც ხომ უთხრა ეფესელ ქრისტიანებს: „ასეთი შრომით უნდა შეეწეოდეთ უძლურებს“ (საქმეები 20:35ა). გახსოვდეთ, რომ ქალს, უბრალოდ, ოთახში ზერელედ თვალის მოვლებით არ უპოვია მონეტა. მან დრაქმა იმის წყალობით იპოვა, რომ საგულდაგულოდ ეძება, ‘ვიდრე არ იპოვა’. ჩვენც, როცა სულიერად დასუსტებულის დახმარებას ვცდილობთ, გულმოდგინედ და მიზანმიმართულად უნდა ვიმოქმედოთ. როგორ შეიძლება ამის გაკეთება?

20. როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ დასუსტებულებს?

20 როგორ დავეხმაროთ დასუსტებულს რწმენისა და მადლიერების გაზრდაში? ალბათ, კარგი იქნება, თუ მასთან ერთად შესაბამის ქრისტიანულ პუბლიკაციას შეისწავლით. მართლაც, დასუსტებულისთვის ბიბლიის შესწავლის ჩატარება საშუალებას გვაძლევს, რეგულარულად და საფუძვლიანად დავეხმაროთ მას. ალბათ, უკეთესი იქნება, თუკი სამსახურებრივი ზედამხედველი განსაზღვრავს, ვის შეუძლია ასეთი დახმარების გაწევა. მან შეიძლება გირჩიოთ, რომელი თემები შეისწავლოთ და რომელი პუბლიკაცია გამოიყენოთ. ისევე როგორც მაგალითში მოხსენიებული ქალი იყენებდა სხვადასხვა ნივთს მიზნის მისაღწევად, ჩვენც გვაქვს ხელსაწყოები, რომლებიც გვეხმარება ღვთის მიერ დაკისრებული ვალდებულების შესრულებაში, კერძოდ კი დასუსტებულების დახმარებაში. ამ მხრივ განსაკუთრებით დამხმარეა ორი ახალი წიგნი: „თაყვანი ეცი ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს“ და „დაუახლოვდი იეჰოვას“ *.

21. როგორ მოაქვს დასუსტებულების დახმარებას კურთხევები ყველასთვის?

21 დასუსტებულების დახმარებას ყველასთვის მოაქვს კურთხევები. ვისაც ეხმარებიან, ის ნამდვილ მეგობრებთან დაბრუნებით ხარობს. ჩვენც ვხარობთ, ვინც ვეხმარებით, რადგან გაცემას ბედნიერება მოაქვს (ლუკა 15:6, 9; საქმეები 20:35ბ). კრებაც უფრო თბილი ხდება, რადგან მისი თითოეული წევრი სიყვარულით ეხმარება ერთმანეთს. და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენი მზრუნველი მწყემსებისთვის, იეჰოვასა და იესოსთვის, დიდება მოაქვს, როდესაც მათი მიწიერი მსახურები ირეკლავენ მათ სურვილს, დაეხმარონ დასუსტებულებს (ფსალმუნები 71:12—14; მათე 11:28—30; 1 კორინთელთა 11:1; ეფესელთა 5:1). რამდენი დიდებული მიზეზი გვქონია, რომ კვლავაც ‘გვიყვარდეს ერთმანეთი’!

[სქოლიოები]

^ აბზ. 20 გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

შეგიძლიათ განმარტოთ?

• რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ თითოეულმა ჩვენგანმა გამოვავლინოთ სიყვარული?

• რატომ უნდა გვიყვარდეს დასუსტებულებიც?

• რას ვსწავლობთ დაკარგული ცხვრისა და დაკარგული დრაქმის შესახებ მაგალითებიდან?

• რა პრაქტიკული ნაბიჯები უნდა გადაიდგას დასუსტებულის დასახმარებლად?

[სასწავლო კითხვები]

[სურათები 16, 17 გვერდებზე]

დასუსტებულების დასახმარებლად უნდა გამოვავლინოთ ინიციატივა, თბილაუნდა მივუდგეთ მათ და ვიყოთ გულმოდგინეები.

[სურათი 16, 17 გვერდებზე]

დასუსტებულების დახმარებას ყველასთვის მოაქვს კურთხევები.