არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

რატომ ამბობს ბიბლია, რომ თუ ვინმეს აუპატიურებენ, უნდა იკივლოს?

ადამიანი, რომელსაც საკუთარ თავზე არ გამოუცდია გაუპატიურების მიზნით თავდასხმის საშინელება, ბოლომდე ვერასოდეს გაიგებს, რამდენად გამანადგურებელია ეს. იგი შეიძლება იმდენად თავზარდამცემი იყოს, რომ მტანჯველი გრძნობები ქალს მთელი ცხოვრების განმავლობაში გაჰყვეს *. ერთი ახალგაზრდა ქრისტიანი, რომელიც რამდენიმე წლის წინათ გაუპატიურების მსხვერპლი გახდა, ყვება: „შეუძლებელია, სიტყვებით გამოხატო ის აუტანელი შიშის გრძნობა, რომელიც იმ ღამეს დამეუფლა; დღემდე ვერც მაშინ მოყენებული ემოციური ტრავმა მომშუშებია“. ცხადია, მრავალს ამ საშინელებაზე ფიქრიც კი არ უნდა, მაგრამ ამ ბოროტ წუთისოფელში გაუპატიურების საშიშროება რეალურად არსებობს.

ბიბლიაში დაუფარავად არის მოყოლილი წარსულში მომხდარი გაუპატიურებისა და გაუპატიურების მცდელობის რამდენიმე შემთხვევა (დაბადება 19:4—11; 34:1—7; მეორე მეფეთა 13:1—14). აგრეთვე მოცემულია რჩევა, თუ რა უნდა გააკეთოს გაუპატიურების მიზნით თავდასხმის დროს მსხვერპლმა. ამ საკითხთან დაკავშირებით რჩევა მოცემულია მეორე რჯულის 22:23—27-ში. აქ ირჩევა ორი შემთხვევა. პირველი, როდესაც მამაკაცი ქალს ქალაქში შეხვდა და დაწვა მასთან. ქალს არ უკივლია და დასახმარებლად არავისთვის მოუხმია. რჯულის თანახმად, ის დამნაშავე იყო, რადგან „არ იყვირა ქალაქში“. თუ ის იკივლებდა, იქვე მყოფი ხალხი შეიძლება დახმარებოდა. მეორე შემთხვევის დროს მამაკაცი ქალს მინდორში შეხვდა, ‘ძალით დაიჭირა და დაწვა მასთან’. თავის დასაცავად „იკივლა . . . ყმაწვილმა ქალმა, და არავინ იყო მისი მშველელი“. პირველი შემთხვევისგან განსხვავებით აქ მსხვერპლი აშკარა წინააღმდეგობას უწევდა თავდამსხმელს; მთელი ძალით იბრძოდა თავის დასახსნელად, საშველად უხმობდა სხვებს, მაგრამ სძლიეს. კივილით მან ცხადყო, რომ ძალადობის მსხვერპლი იყო და დანაშაულში ბრალი არ მიუძღოდა.

დღეს ქრისტიანებს არ ევალებათ მოსეს რჯულის დაცვა, მაგრამ შეუძლიათ იქ მოცემული პრინციპებით იხელმძღვანელონ. ზემოთ მოყვანილი შემთხვევა ხაზს უსვამს, რამდენად მნიშვნელოვანია გაუპატიურების საშიშროების წინაშე ყოფნისას წინააღმდეგობის გაწევა და საშველად სხვებისთვის მოხმობა. ასეთ შემთხვევაში კივილი დღესაც გონივრულია. ერთმა სპეციალისტმა, რომელიც დამნაშავეობის არიდების სფეროში მსახურობდა, აღნიშნა: „როდესაც ქალს თავს ესხმიან, დღესაც მისი საუკეთესო იარაღი კივილია“. კივილით შეიძლება ქალმა ისეთი ადამიანის ყურადღება მიიპყროს, რომელიც შეძლებს მის დახმარებას; ან შეაშინოს თავდამსხმელი და გააქციოს. ახალგაზრდა ქრისტიანმა ქალმა, რომელსაც გაუპატიურების მიზნით თავს დაესხნენ, თქვა: „რაც შემეძლო, ხმამაღლა შევკივლე და მან უკან დაიხია. შემდეგ ისევ გამოიწია, მაგრამ კვლავ ვიკივლე და გავიქეცი. მანამდე ხშირად მიფიქრია: კივილი რას მიშველის, თუ ხელს ჩამავლებს ძლიერი მამაკაცი, რომელსაც მხოლოდ ერთი რამ უტრიალებს გონებაში? მაგრამ გამოცდილებამ მასწავლა, რომ კივილი ასეთ შემთხვევაში კარგად ჭრის“.

იმ სამწუხარო შემთხვევაშიც კი, თუ ქალს სძლიეს და გააუპატიურეს, ბრძოლა და საშველად სხვებისთვის მოხმობა ამაო არ არის. პირიქით, ამით ის ცხადყოფს, რომ ყველაფერი გააკეთა თავდამსხმელის მოსაგერიებლად (მეორე რჯული 22:26). ამ საშინელების განცდის მიუხედავად, ქალს შეუძლია შეუბღალავი სინდისი ჰქონდეს, საკუთარი თავისადმი პატივისცემა არ დაკარგოს და დარწმუნებული იყოს, რომ ღვთის თვალში სუფთაა. ამ შემზარავმა შემთხვევამ შეიძლება მას ემოციური ჭრილობა დაუტოვოს, მაგრამ იმის შეგნებამ, რომ ძალ-ღონე არ დაუშურებია წინააღმდეგობის გასაწევად, დაეხმარება მის თანდათანობით მოშუშებაში.

მეორე რჯულის 22:23—27-ის პრაქტიკული ღირებულების დანახვისას მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ, რომ ამ მოკლე ცნობაში შეუძლებელია ყველა შესაძლო სიტუაციის გათვალისწინება. მაგალითად, იქ არაფერია ნათქვამი ისეთ სიტუაციებზე, როდესაც ქალს არ შეუძლია კივილი იმის გამო, რომ მუნჯია, უგრძნობ მდგომარეობაშია, შიშისგან ენა ჩაუვარდა, თავდამსხმელმა პირზე ხელი ააფარა ან პირი აუკრა. მაგრამ იეჰოვას შეუძლია აწონ-დაწონოს ყველაფერი და დაინახოს, რა ხდება ადამიანის გულში. ამიტომაც მას ესმის მსხვერპლის და სამართლიანად უდგება დაზარალებულს, რადგან „სამართლიანია ყოველი მისი გზა“ (მეორე რჯული 32:4). მან იცის, რა მოხდა სინამდვილეში და რამდენად ეცადა მსხვერპლი მდგომარეობიდან თავის დაღწევას. ამიტომ ქალს, რომელმაც ვერ იკივლა, მაგრამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ არ გაეუპატიურებინათ, შეუძლია ეს საქმე იეჰოვას მიანდოს (ფსალმუნები 54:23; 1 პეტრე 5:7).

და მაინც, ზოგ ქრისტიან ქალს, რომელზეც ძალა იხმარეს, გამუდმებით აწუხებს დანაშაულის გრძნობა. როდესაც მომხდარს იხსენებენ, ისეთი გრძნობა ეუფლებათ, რომ უფრო მეტის გაკეთება შეეძლოთ ამ საშინელი შემთხვევის თავიდან ასაცილებლად. იმის ნაცვლად, რომ საკუთარი თავი ადანაშაულონ, მათ იეჰოვას უნდა მიმართონ ლოცვით და დახმარება სთხოვონ მას. ამასთანავე, დარწმუნებული უნდა იყვნენ, რომ იეჰოვა ძალიან გულმოწყალეა (გამოსვლა 34:6; ფსალმუნები 85:5).

ამგვარად, ქრისტიან ქალებს, რომლებსაც გაუპატიურების მიზნით თავდასხმის შედეგად მიღებული ემოციური ჭრილობა აწუხებთ, შეუძლიათ დარწმუნებული იყვნენ, რომ იეჰოვას ბოლომდე ესმის, რამხელა ტკივილს გრძნობენ ისინი. ღმერთი არწმუნებს მათ, რომ „თანაუდგება . . . გულმკვდართ და ყველა მორჩილს უშველის“ (ფსალმუნები 33:19, ჯ. აჯიაშვილის თარგმანი). ემოციურად ტრავმირებულ ქრისტიან ქალებს ქრისტიანული კრების წევრების გულისხმიერება და მხარდაჭერაც დაეხმარება (იობი 29:12; 1 თესალონიკელთა 5:14, აქ). გარდა ამისა, მდგომარეობიდან გამოსასვლელად მათთვის კარგი იქნება, ეცადონ, რომ დადებითზე იფიქრონ. ეს მათში განავითარებს „ღვთის მშვიდობას, რომელიც ყოველგვარ გონებას აღემატება“ (ფილიპელთა 4:6—9).

[სქოლიოები]

^ აბზ. 3 ამ სტატიაში ლაპარაკია იმ შემთხვევებზე, როდესაც გაუპატიურების მსხვერპლი მდედრობითი სქესის წარმომადგენელია, მაგრამ იგივე პრინციპები მამრობითი სქესის ადამიანებზეც ვრცელდება.