არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ განვივითაროთ გაწონასწორებული თვალსაზრისი სამუშაოზე?

როგორ განვივითაროთ გაწონასწორებული თვალსაზრისი სამუშაოზე?

როგორ განვივითაროთ გაწონასწორებული თვალსაზრისი სამუშაოზე?

დღეს მრავალს სამუშაოსკენ გული აღარ მიუწევს. მსოფლიო ბაზარი, მასობრივი წარმოება და დაუნდობელი კონკურენცია დიდ ზეწოლას ახდენს ხალხზე. თუმცა კი სამუშაო სიამოვნებას უნდა გვგვრიდეს. რატომ? ჩვენ ღვთის მსგავსებად ვართ შექმნილი, ღმერთს კი თავისი სამუშაო სიხარულს ანიჭებს. მაგალითად, როდესაც ღმერთმა თვალი გადაავლო ყოველივეს, რაც ექვსი შემოქმედებითი „დღის“ ანუ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შექმნა, დაბადების 1:31-ის თანახმად, „იხილა . . . ყოველივე, რაც შექმნა, და ძალზე კარგი იყო“.

უეჭველია, ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ ეწოდება იეჰოვას „ბედნიერი ღმერთი“, ის არის, რომ მას უყვარს შრომა (1 ტიმოთე 1:11, აქ). აქედან გამომდინარე, განა არ შეგვიძლია ლოგიკურად დავასკვნათ, რომ რაც უფრო მეტად მივბაძავთ მას, მით უფრო ბედნიერები ვიქნებით? ამასთან დაკავშირებით ძველი ისრაელის მეფემ, სოლომონმა — დიდებულმა მშენებელმა და ორგანიზატორმა — დაწერა: „თუ რომელიმე ადამიანი ჭამს და სვამს და ხედავს სიკეთეს მთელ თავის ნაშრომში, ეს ღვთის საჩუქარია“ (ეკლესიასტე 3:13).

დღევანდელ სწრაფად ცვალებად გარემოში სამუშაოსადმი გაწონასწორებული, საღი თვალსაზრისის განვითარება იოლი როდია. მაგრამ იეჰოვა ღმერთი აკურთხებს მათ, ვინც მისგან სიყვარულით მიცემული რჩევებით ხელმძღვანელობს (ფსალმუნები 118:99, 100). ასეთ ადამიანებს აფასებენ და ენდობიან სამსახურში და ამიტომ მათთვის სამსახურის დაკარგვის ალბათობაც ნაკლებია. აგრეთვე ისინი სწავლობენ, რომ ცხოვრებასა და სამუშაოს მხოლოდ მატერიალური კეთილდღეობის თვალსაზრისით კი არ უნდა უყურონ, არამედ სულიერზეც უნდა იფიქრონ. ისინი გააზრებულ გადაწყვეტილებებს იღებენ ცხოვრებაში და ხედავენ, რომ მათი ბედნიერება და სტაბილურობა არ არის დამოკიდებული სამსახურსა და ცვალებად შრომის ბაზარზე (მათე 6:31—33; 1 კორინთელთა 2:14, 15). ეს ეხმარება მათ, რომ გაწონასწორებული თვალსაზრისი ჰქონდეთ სამუშაოზე.

სამუშაოზე ღვთიური თვალსაზრისის განვითარება

ზოგიერთი თავგადაკლულად მუშაობს და სამუშაოს პირველ ადგილზე აყენებს. მრავალი კი მოუთმენლად ელის სამუშაო დღის დამთავრებას, რომ მაშინვე სახლში გაიქცეს. მაგრამ როგორია გაწონასწორებული თვალსაზრისი სამუშაოზე? ბიბლია გვპასუხობს: «სჯობს სიმშვიდით სავსე ერთი მუჭა ტანჯვით სავსე პეშვებს [„მთელ კალთა გარჯას“, სსგ] და ქარის დევნას» (ეკლესიასტე 4:6). გაუწონასწორებელ და გადამეტებულ შრომას ზიანი უფრო მოაქვს, ვიდრე სარგებელი და მართლაც „ქარის დევნა“ გამოდის. რატომ? იმიტომ, რომ ამით შეიძლება ის დავაზიანოთ, რაზეც ჩვენი ბედნიერება ყველაზე მეტად არის დამოკიდებული. კერძოდ, ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ურთიერთობა, ჩვენი სულიერობა და ჯანმრთელობა. ასე მოქმედებით შეიძლება სიცოცხლეც კი მოვისწრაფოთ (1 ტიმოთე 6:9, 10). ამის საპირისპიროდ, გაწონასწორებული თვალსაზრისი იმას გვკარნახობს, რომ უმჯობესია გვქონდეს მცირე შემოსავალი და, ამავე დროს, სიმშვიდე, ვიდრე ბევრს ვმუშაობდეთ და გვქონდეს კონფლიქტები და აწეწილი ცხოვრება.

ბიბლია სიზარმაცისკენ არ მოგვიწოდებს, როდესაც ასეთი გაწონასწორებული თვალსაზრისის შენარჩუნებას გვირჩევს (იგავები 20:4). სიზარმაცე საკუთარი ღირსების გრძნობას გვიქვეითებს, სხვების პატივისცემას გვიკარგავს და, უფრო უარესი, ღმერთთან ურთიერთობას გვიფუჭებს. ბიბლიაში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ ვისაც მუშაობა არ სურს, არც უნდა ჭამოს სხვის ხარჯზე (2 თესალონიკელთა 3:10). ასეთმა ადამიანმა უნდა შეიცვალოს აზროვნება და იმუშაოს, რათა თავისი შრომით არჩინოს საკუთარი თავი და ყველა, ვინც მასზეა დამოკიდებული. ამგვარად მან შეიძლება გაჭირვებულთა დახმარებაც შეძლოს, რისკენაც ღვთის სიტყვა მოგვიწოდებს (იგავები 21:25, 26; ეფესელთა 4:28).

შრომის სიყვარულის ბავშვობიდანვე ჩანერგვა

შრომის სიყვარული თავისთავად არ ვითარდება. საჭიროა მისი ჩანერგვა ბავშვობიდანვე. ამიტომაც მოუწოდებს ბიბლია მშობლებს: „აღზარდე ყმაწვილი მისი გზის მიხედვით, კიდევაც რომ მოხუცდეს, არ გადაუხვევს მისგან“ (იგავები 22:6). გონიერი მშობლები, გარდა იმისა, რომ თავად მისცემენ კარგად მუშაობის მაგალითს, თავიანთ პატარებს, მათი ასაკის გათვალისწინებით, სახლში საქმეების შესრულებასაც დაავალებენ. შეიძლება ბავშვებს ზოგიერთი დავალების შესრულება არ ეხალისებათ, მაგრამ ისინი იგრძნობენ, რომ ოჯახში საჭირონი არიან, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ დედ-მამა საქმის კარგად შესრულებისთვის აქებს. სამწუხაროდ, ზოგიერთი მშობელი თითს თითზე არ აკარებინებს შვილებს, რითაც მათ დათვურ სამსახურს უწევენ. ამ შემთხვევაში მშობლებისთვის კარგი იქნება, დაფიქრდნენ იგავების 29:21-ში ჩაწერილ სიტყვებზე: «ვინც თავის მონას [ან შვილს] ანებივრებს სიყმაწვილიდან, საბოლოოდ ის მონა პატრონად [„უმადურად“, აქ] იქცევა».

შეგნებული მშობლები შვილების განათლებითაც არიან დაინტერესებული; ახალისებენ მათ, რომ იბეჯითონ სკოლაში. ეს ახალგაზრდებს მომავალში გამოადგებათ, როცა მუშაობის დაწყება მოუწევთ.

სამუშაოს გონივრულად შერჩევა

მართალია ბიბლიაში ნათქვამი არ არის, რა სახის სამუშაო უნდა ავირჩიოთ, მაგრამ მასში მოცემულია რჩევები, რომელთა გათვალისწინებითაც ჩვენი სულიერი წარმატებები, ღვთისადმი მსახურება და სხვა მნიშვნელოვანი მოვალეობები არ იზარალებს. მაგალითად, მოციქული პავლე წერდა: „ჟამი იწურება, ამიტომ . . . წუთისოფლით მოსარგებლენი [იყავით], როგორც არამოსარგებლენი. ვინაიდან წარმავალია წუთისოფლის სახე“ (1 კორინთელთა 7:29—31). ამ წუთისოფელში არაფერია მარადიული და ნამდვილად სტაბილური. მთელი ჩვენი დროისა და ენერგიის წუთისოფლისთვის შეწირვა იმის ტოლფასია, რომ მთელი ცხოვრების დანაზოგი დავახარჯოთ სახლს, რომელიც წყალდიდობებით ცნობილ ზონაშია აგებული. რა უგუნურება იქნებოდა ასე მოქმედება!

ბიბლიის სხვა თარგმანებში გამოთქმა „როგორც არამოსარგებლენი“ შემდეგნაირად არის ნათარგმნი: „ნუ ჩაეფლობით მასში“ და „ნუ იქნებით მთლიანად მისით დაკავებული“ („იერუსალიმის ბიბლია“; „თანამედროვე ინგლისური თარგმანი“). გონიერ ადამიანებს არასდროს ავიწყდებათ, რომ ამ წუთისოფლის „ჟამი იწურება“ და თუ მის საქმეებში ჩავეფლობით და მთლიანად მათით ვიქნებით დაკავებული, ეს უეჭველად იმედგაცრუებამდე და სინანულამდე მიგვიყვანს (1 იოანე 2:15—17).

ღმერთი არ მიგატოვებთ

იეჰოვამ ჩვენზე უკეთესად იცის ჩვენი მოთხოვნილებები. ისიც იცის, თუ რა დროში ვცხოვრობთ და როდის შესრულდება მისი განზრახვა. ამიტომ, ის შეგვახსენებს: «თქვენი გზა იყოს ვერცხლის სიყვარულის გარეშე და იმას დასჯერდით, რაცა გაქვთ, ვინაიდან [ღმერთმა] თქვა: „არ მიგატოვებ და არ დაგაგდებ“» (ებრაელთა 13:5). რა მანუგეშებელი სიტყვებია! ხალხზე ზრუნვაში იესო ღმერთს ჰბაძავდა; ამიტომაც არის რომ, მთაზე წარმოთქმული ცნობილი ქადაგებისას საკმაო დრო დაუთმო მოწაფეებისთვის იმის სწავლებას, თუ როგორი თვალსაზრისი უნდა ჰქონოდათ სამუშაოზე და მატერიალურ საკითხებზე (მათე 6:19—33).

იეჰოვას მოწმეები ცდილობენ, ყურად იღონ ეს სწავლება. მაგალითად, როდესაც ელექტრიკოსად მომუშავე ერთ მოწმეს უფროსმა სთხოვა, რეგულარულად სამუშაო საათების შემდეგ ემუშავა, მან უარი განაცხადა. რატომ? მას არ სურდა, რომ სამუშაოს მისთვის წაერთმია დრო, რომელსაც ის რეგულარულად უთმობდა ოჯახსა და სულიერ საქმიანობას. რადგან ის კარგი და სანდო თანამშრომელი იყო, უფროსი მის სურვილს პატივისცემით მოეკიდა. რა თქმა უნდა, ყოველთვის ასე არ ხდება და გაწონასწორებული ცხოვრების წესის შესანარჩუნებლად ზოგს შეიძლება სხვა სამუშაოს ძებნა მოუწიოს. მიუხედავად ამისა, ისინი, ვინც მთელი გულით ენდობა იეჰოვას, ჩვეულებრივ, კარგი ყოფაქცევისა და კარგად მუშაობისთვის უფროსის ნდობას იმსახურებენ (იგავები 3:5, 6).

როდესაც ყველანაირი სამუშაო დაფასდება

ამ არასრულყოფილ წუთისოფელში სამუშაოს და მასთან დაკავშირებულ იმედებს ყოველთვის თან სდევს პრობლემები და არასტაბილურობა. სინამდვილეში, მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს კიდეც, რადგან მსოფლიო უფრო ცვალებადი, ეკონომიკა კი უფრო არასაიმედო და სუსტი ხდება. მაგრამ ეს მდგომარეობა დროებითია. მალე არავინ იქნება უმუშევარი. გარდა ამისა, ყველანაირი სამუშაო საინტერესო იქნება და დაფასდება. როგორ მოხდება ეს? რას შეუძლია ასეთი ცვლილებების მოხდენა?

წინასწარმეტყველ ესაიას მეშვეობით იეჰოვამ ამ დროზე მიუთითა, როდესაც თქვა: „შევქმნი ახალ ცას და ახალ მიწას, აღარ გაიხსენება წინანდელნი და ფიქრადაც არავის მოუვა“ (ესაია 65:17, სსგ). ის საუბრობდა მის მიერ შექმნილ ახალ მთავრობაზე, რომლის ქვეშევრდომობითაც დედამიწაზე სრულიად ახალი და განსხვავებული საზოგადოება იარსებებს (დანიელი 2:44).

წინასწარმეტყველებაში შემდეგ აღწერილია, როგორ იცხოვრებს და იმუშავებს ხალხი: „ააშენებენ სახლებს და იცხოვრებენ, დარგავენ ვენახებს და შეჭამენ მათ ნაყოფს. არ ააშენებენ სხვის საცხოვრებლად, და არ დარგავენ სხვის შესაჭმელად, რადგან ხის დღეებივით იქნება ჩემი ერის დღეები და თავიანთი ხელის ნაკეთებს გაცვეთენ ჩემი რჩეულნი. არ დაიქანცებიან ამაოდ და არ შობენ შფოთისათვის, რადგან უფლის კურთხეული თესლია ისინი და მათი შთამომავლობა მათთან ერთად“ (ესაია 65:21—23).

რამდენად განსხვავებული იქნება ღვთის მიერ შექმნილი ახალი ქვეყნიერება! განა არ გსურთ ისეთ მსოფლიოში ცხოვრება, სადაც ‘ამაოდ არ დაიქანცებით’, არამედ თქვენი შრომის „ნაყოფით“ დატკბებით? მაგრამ ყურადღება მიაქციეთ, ვინ იქნება კურთხეული: „უფლის კურთხეული თესლია ისინი“. ამ კურთხეულთა შორის თქვენც შეგიძლიათ აღმოჩნდეთ, თუ გაეცნობით იეჰოვას და შეასრულებთ მის მოთხოვნებს. იესომ თქვა: „ესაა საუკუნო სიცოცხლე, რომ გიცნობდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას ვინც მოავლინე — იესო ქრისტეს“ (იოანე 17:3). იეჰოვას მოწმეები სიხარულით დაგეხმარებიან, რომ ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ცოდნა ღვთის სიტყვის, ბიბლიის, რეგულარული შესწავლით მიიღოთ.

[ჩარჩო 6 გვერდზე]

„მათზე დიდი მოთხოვნილებაა“

„ყოველივე, რასაც აკეთებთ, გააკეთეთ სულით. როგორც ღვთისათვის და არა კაცთათვის“, — ნათქვამია ბიბლიაში (კოლასელთა 3:23). ნათელია, რომ ის, ვინც მუშაობის დროს ამ კარგი პრინციპით ხელმძღვანელობს, სასურველი თანამშრომელია. თავის წიგნში (How to Be Invisible) ჯ. ლუნა ამიტომაც ურჩევს დამსაქმებლებს, რომ თანამშრომლები ზოგიერთი რელიგიური ჯგუფის აქტიურ წევრებში ეძებონ. თუმცაღა ის დასძენს: „სინამდვილე ის არის, რომ, ჩვეულებრივ, არჩევანს [იეჰოვას] მოწმეებზე ვაჩერებთ ხოლმე“. ამის მიზეზებს შორის მან ისიც მოიხსენია, რომ ისინი თავიანთი პატიოსნებით არიან ცნობილი, რის გამოც „მათზე დიდი მოთხოვნილებაა“ გარკვეული სამუშაოების შესასრულებლად.

[სურათები 5 გვერდზე]

გაწონასწორებული მუშაობა, სულიერ საქმიანობასა და დასვენებასთან ერთად, კმაყოფილების მომგვრელია.