არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რას ნიშნავს უფლის გახსენების საღამო პირადად თქვენთვის?

რას ნიშნავს უფლის გახსენების საღამო პირადად თქვენთვის?

რას ნიშნავს უფლის გახსენების საღამო პირადად თქვენთვის?

„ვინც შეჭამს ამ პურს ან შესვამს უფლის სასმისს უღირსად, დამნაშავე იქნება უფლის სხეულისა და სისხლის წინაშე“ (1 კორინთელთა 11:27).

1. რომელია 2003 წლის უმნიშვნელოვანესი მოვლენა და საიდან იღებს ის სათავეს?

მიმდინარე 2003 წლის უმნიშვნელოვანესი მოვლენა 16 აპრილს, მზის ჩასვლის შემდეგ აღინიშნება. ამ დღეს იეჰოვას მოწმეები იესო ქრისტეს სიკვდილის გასახსენებლად შეიკრიბებიან. როგორც წინა სტატიიდან დავინახეთ, ახ. წ. 33 წლის 14 ნისანს, როდესაც მოწაფეებთან ერთად პასექის დღესასწაულის აღნიშვნა დაასრულა, იესომ დააფუძნა უფლის გახსენების საღამო. ამ საღამოზე უფუარი პური და წითელი ღვინო ქრისტეს უცოდველი სხეულისა და მის მიერ დაღვრილი სისხლის სიმბოლოებია. მხოლოდ ასეთი მსხვერპლის საშუალებით შეიძლებოდა კაცობრიობის გათავისუფლება მემკვიდრეობით მიღებული ცოდვისა და სიკვდილისაგან (რომაელთა 5:12; 6:23).

2. რა გაფრთხილებაა მოცემული 1 კორინთელთა 11:27-ში?

2 მათ, ვინც გახსენების საღამოზე სიმბოლოებს მიიღებს, ეს ღირსეულად უნდა გააკეთონ. ამ საკითხს კარგად მოჰფინა ნათელი მოციქულმა პავლემ თავის წერილში, რომელიც ძველ კორინთში მცხოვრებ ქრისტიანებს მისწერა. ამ ქალაქში უფლის გახსენების საღამოს სათანადოდ არ აღნიშნავდნენ (1 კორინთელთა 11:20—22). პავლე წერდა: „ვინც შეჭამს ამ პურს ან შესვამს უფლის სასმისს უღირსად, დამნაშავე იქნება უფლის სხეულისა და სისხლის წინაშე“ (1 კორინთელთა 11:27). რას ნიშნავს ეს სიტყვები?

ზოგიერთი უღირსად იღებდა სიმბოლოებს

3. როგორ იქცეოდა მრავალი კორინთელი ქრისტიანი უფლის გახსენების საღამოზე?

3 მრავალი კორინთელი ქრისტიანი უღირსად მონაწილეობდა გახსენების საღამოში. მათ შორის განხეთქილება იყო, და, სულ მცირე, გარკვეული პერიოდის განმავლობაში მაინც, ზოგს ვახშამი თან მიჰქონდა და საღამოს დაწყების ან მიმდინარეობის დროს ვახშმობდა, ხშირად კი მეტისმეტს ჭამდნენ და სვამდნენ. ისინი არ ფხიზლობდნენ, არც გონებით და არც სულიერად. ამან გახადა ეს ქრისტიანები „დამნაშავე . . . უფლის სხეულისა და სისხლის წინაშე“. ისინი კი, რომლებსაც არ ევახშმათ, მშივრები იყვნენ, რაც მათ ხელს უშლიდა ღონისძიების დროს ყურადღებით ყოფნაში. დიახ, მრავალი უღირსად იღებდა მონაწილეობას და ბოლომდე არ ესმოდა ამ შემთხვევის მთელი სერიოზულობა. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ თავს მსჯავრი დაიტეხეს (1 კორინთელთა 11:27—34).

4, 5. რატომ არის საკუთარი თავის გამოკვლევა მნიშვნელოვანი მათთვის, ვინც, ჩვეულებრივ, გახსენების საღამოზე სიმბოლოებს იღებს?

4 ყოველი გახსენების საღამოს მოახლოებისას, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა, ვინც სიმბოლოებს იღებს, საკუთარი თავი გამოიკვლიოს. საერთო სუფრის ღირსეული მოზიარეები რომ იყვნენ, ამ სუფრასთან მყოფნი სულიერად ჯანმრთელები უნდა იყვნენ. ნებისმიერი, ვინც იესოს მიერ გაღებული მსხვერპლისადმი უპატივცემულობას ან არასერიოზულ დამოკიდებულებას ავლენს, ‘თავისი ხალხიდან მოკვეთის’ (სსგ) საფრთხეში იგდებს თავს, სწორედ ისე, როგორც ეს ისრაელში სამშვიდობო მსხვერპლის უწმინდურ მდგომარეობაში შემწირველის შემთხვევაში იყო (ლევიანები 7:20; ებრაელთა 10:28—31).

5 პავლემ გახსენების საღამო ძველ ისრაელში არსებულ საერთო სუფრის მოზიარეობას შეადარა. მან აღნიშნა, რომ სიმბოლოების მიმღებნი ქრისტეს მოზიარეები არიან, შემდეგ კი თქვა: «შეუძლებელია იეჰოვას სასმისსაც სვამდეთ და დემონების სასმისსაც. შეუძლებელია „იეჰოვას სუფრიდანაც“ ჭამოთ და დემონების სუფრიდანაც» (1 კორინთელთა 10:16—21, აქ). თუ ადამიანმა, რომელიც, ჩვეულებრივ, სიმბოლოებს იღებს, სერიოზული ცოდვა ჩაიდინა, მან უნდა აღიაროს ეს იეჰოვას წინაშე და სულიერი დახმარების მისაღებად კრების უხუცესებსაც მიმართოს (იგავები 28:13; იაკობი 5:13—16). ნამდვილი მონანიებისა და ამ მონანიების ღირსი ნაყოფის გამოღების შემდეგ ის უღირსად აღარ მიიღებს სიმბოლოებს (ლუკა 3:8).

დასწრება ღირსეულ დამკვირვებლებად

6. ვის მისცა ღმერთმა უფლის გახსენების საღამოზე სიმბოლოების მიღების უნიკალური შესაძლებლობა?

6 უნდა მიიღონ თუ არა უფლის გახსენების საღამოზე სიმბოლოები იმ ადამიანებმა, რომლებიც სიკეთეს უკეთებენ ქრისტეს 144 000 ძმას? (მათე 25:31—40; გამოცხადება 14:1, სსგ). არა. ღმერთმა ეს უნიკალური შესაძლებლობა მხოლოდ სულიწმიდით ცხებულ „ქრისტეს თანამემკვიდრეებს“ მისცა (რომაელთა 8:14—18; 1 იოანე 2:20). მაშ, რა მიზნით ესწრებიან გახსენების საღამოს ისინი, რომლებსაც სამეფოს ქვეშევრდომობით დედამიწაზე მარადიულად ცხოვრების იმედი აქვთ? (გამოცხადება 21:3, 4). ისინი არ არიან ქრისტეს თანამემკვიდრეები, რომელთაც ზეციერი იმედი აქვთ; ამიტომაც გახსენების საღამოს ესწრებიან, როგორც ღირსეული დამკვირვებლები (რომაელთა 6:3—5).

7. საიდან იცოდნენ პირველი საუკუნის ქრისტიანებმა, რომ გახსენების საღამოზე სიმბოლოები უნდა მიეღოთ?

7 პირველ საუკუნეში ჭეშმარიტი ქრისტიანები სულით ცხებულები იყვნენ. ბევრ მათგანს ჰქონდა სულის ერთი ან რამდენიმე სასწაულებრივი ძღვენი, მაგალითად, უცხო ენებზე ლაპარაკობდნენ. ამიტომ ასეთი ადამიანებისთვის რთული არ იქნებოდა, განესაზღვრათ, რომ სულით ცხებულები იყვნენ და გახსენების საღამოზე სიმბოლოები უნდა მიეღოთ. მაგრამ ჩვენს დღეებში ამის განსაზღვრა შესაძლებელია ღვთის შთაგონებით დაწერილი სიტყვების საშუალებით. მაგალითად, შემდეგი მუხლების დახმარებით: «ისინი, ვინც ღვთის სულით წარიმართებიან, ღვთის შვილები არიან. ვინაიდან არ მიგიღიათ მონობის სული, რათა კვლავ შიშით იყოთ, არამედ მიღებული გაქვთ შვილობის სული, რომლითაც ვღაღადებთ: „აბბა, მამაო!“» (რომაელთა 8:14, 15).

8. ვინ არიან წარმოდგენილი მათეს მე-13 თავში მოხსენიებული „ხორბლითა“ და „ღვარძლით“?

8 საუკუნეების განმავლობაში ჭეშმარიტი ცხებული ქრისტიანები „იზრდებოდნენ“, როგორც „ხორბალი“ მინდორში, სადაც ასევე ჩათესილი იყო „ღვარძლი“ ანუ ცრუქრისტიანები (მათე 13:24—30, 36—43). XIX საუკუნის 70-იანი წლებიდან „ხორბალი“ სულ უფრო და უფრო გამოიკვეთა, რის გამოც მოგვიანებით ცხებულ ქრისტიან ზედამხედველებს მიეცათ მითითება: „უხუცესებმა . . . [გახსენების საღამოზე] შეკრებილებს უნდა წაუყენონ შემდეგი მოთხოვნები: 1) სწამდეთ [ქრისტეს] სისხლის და 2) თავი მიძღვნილი ჰქონდეთ უფლისა და მისადმი მსახურებისთვის ისე, რომ თვით სიკვდილამდე აკეთონ ეს. ამის შემდეგ ყველა, ვინც ასეა განწყობილი და ამგვარად მზად არის, შეუერთდება უფლის გახსენების საღამოს აღნიშვნას“ („საღვთო წერილის გამოკვლევა“, ტომი VI, „ახალი ქმნილება“, გვერდი 473 *).

„სხვა ცხვრების“ შეკრება

9. როგორ მოეფინა ნათელი 1935 წლიდან იმას, თუ ვინ იყო „უამრავი ხალხი“ და რა გავლენა იქონია ამ ფაქტმა იმ ქრისტიანთაგან ზოგზე, რომლებიც გახსენების საღამოზე სიმბოლოებს იღებდნენ?

9 დროთა განმავლობაში იეჰოვას ორგანიზაციამ ქრისტეს ცხებული მიმდევრების გარდა სხვა ჯგუფსაც მიაპყრო ყურადღება. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ძვრები 30-იანი წლებიდან დაიწყო. მანამდე ღვთის ხალხი გამოცხადების 7:9-ში მოხსენიებულ „უამრავ ხალხს“ მეორეხარისხოვან სულიერ კლასად მიიჩნევდა, რომელიც 144 000 ცხებულთან ერთად იქნებოდა ზეცაში, როგორც ქრისტეს პატარძლის ხელისმომკიდე (ფსალმუნები 44:15, 16; გამოცხადება 7:4; 21:2, 9). მაგრამ 1935 წლის 31 მაისს ვაშინგტონში ჩატარებულ იეჰოვას მოწმეთა კონგრესზე საღვთო წერილის საფუძველზე აიხსნა, რომ „უამრავი ხალხი“ უკანასკნელ დღეებში მცხოვრები „სხვა ცხვრები“ არიან (იოანე 10:16). ამ კონგრესის შემდეგ ზოგმა შეწყვიტა გახსენების საღამოზე სიმბოლოების მიღება, რადგან მიხვდა, რომ დედამიწაზე ცხოვრების იმედი ჰქონდა და არა ზეცაში ცხოვრებისა.

10. როგორ აღწერდით თანამედროვე „სხვა ცხვრების“ იმედსა და ვალდებულებებს?

10 „სხვა ცხვრების“ შეკრება განსაკუთრებით 1935 წლიდან დაიწყო. მათ სწამთ გამოსყიდვის, საკუთარი თავი მიუძღვნეს ღმერთს და სამეფოს შესახებ ქადაგებაში მხარში უდგანან სულით ცხებულ „მცირე სამწყსოს“ (ლუკა 12:32). „სხვა ცხვრებს“ დედამიწაზე მარადიულად ცხოვრების იმედი აქვთ, მაგრამ სხვა დანარჩენ საკითხებში ისინი არაფრით განსხვავდებიან სამეფოს მემკვიდრეთა დარჩენილი ნაწილისგან. ძველ ისრაელში მცხოვრებ უცხოტომელთა მსგავსად, რომლებიც იეჰოვას სცემდნენ თაყვანს და რჯულს იცავდნენ, დღეს სხვა ცხვრები საკუთარ თავზე იღებენ ქრისტიანულ პასუხისმგებლობებს და სულიერ ისრაელთან ერთად სასიხარულო ცნობას ქადაგებენ (გალატელთა 6:16). მაგრამ, როგორც ძველ ისრაელში ვერც ერთი უცხოტომელი ვერ გახდებოდა მღვდელი ან მეფე, ამის მსგავსად, „სხვა ცხვრებიც“ ვერ იქნებიან ზეციერი სამეფოს მმართველები და მღვდლები (მეორე რჯული 17:15).

11. რატომ შეიძლება, მონათვლის თარიღს მნიშვნელობა ჰქონდეს იმისთვის, თუ რა იმედი აქვს ქრისტიანს?

11 ოცდაათიან წლებში თანდათანობით ნათელი გახდა, რომ, მთლიანობაში, ზეციერი კლასი უკვე არჩეული იყო. მას შემდეგ ათეული წლებია, რაც დედამიწაზე ცხოვრების იმედის მქონე „სხვა ცხვრების“ შეკრება მიმდინარეობს. თუ რომელიმე ცხებული ორგული აღმოჩნდება, მის ადგილს „სხვა ცხვრებიდან“ რომელიმე ქრისტიანი შეავსებს და სავარაუდოა, რომ იეჰოვა ისეთ ადამიანს აირჩევს, რომელიც უკვე დიდი ხნის განმავლობაში ერთგულად ემსახურება ღმერთს.

რატომ ასკვნის ზოგიერთი შეცდომით, რომ ზეციერი მოწოდება აქვს

12. რა შემთხვევაში უნდა შეწყვიტოს ქრისტიანმა გახსენების საღამოზე სიმბოლოების მიღება და რატომ?

12 ცხებული ქრისტიანები აბსოლუტურად არიან დარწმუნებული იმაში, რომ ზეციერი მოწოდება აქვთ. მაგრამ რა შეიძლება ითქვას იმ შემთხვევასთან დაკავშირებით, როდესაც ადამიანს არა აქვს ზეციერი მოწოდება და გახსენების საღამოზე სიმბოლოებს იღებს? როდესაც ასეთი ქრისტიანი ხვდება, რომ ზეციერი იმედი არ აქვს, სინდისმა უნდა უკარნახოს, რომ შეწყვიტოს სიმბოლოების მიღება. ღმერთი არ მოიწონებს არავის, ვინც საკუთარ თავს ზეციერი მეფისა და მღვდლის მოწოდების მქონედ წარმოადგენს, მაშინ როდესაც ამ ადამიანმა იცის, რომ სინამდვილეში ასეთი მოწოდება არა აქვს (რომაელთა 9:16; გამოცხადება 20:6). იეჰოვამ დასაჯა ლევიანი კორახი იმისათვის, რომ კადნიერება გამოავლინა და მღვდლობა მოინდომა, რაც აარონის ძეებს ეკუთვნოდათ (გამოსვლა 28:1; რიცხვნი 16:4—11, 31—35). თუ რომელიმე ქრისტიანი მიხვდება, რომ გახსენების საღამოზე სიმბოლოების მიღება არ მართებს, მაშინვე უნდა შეწყვიტოს ამის კეთება და ღმერთს ლოცვაში თავმდაბლად პატიება სთხოვოს (ფსალმუნები 18:14).

13, 14. რატომ შეიძლება ზოგმა შეცდომით დაასკვნას, რომ ზეციერი მოწოდება აქვს?

13 რატომ შეიძლება ზოგმა შეცდომით დაასკვნას, რომ ზეციერი მოწოდება აქვს? მეუღლის სიკვდილმა ან სხვა ტრაგედიამ, შესაძლებელია, ზოგს დედამიწაზე ცხოვრების ინტერესი დააკარგვინოს. ზოგს კი, შესაძლოა, ზეციერი ჯილდოს მიღების იმედი იმან ჩაუსახოს, რომ მისი ახლო მეგობარია ცხებული ქრისტიანი. ცხადია, ღმერთს არავინ დაუნიშნავს იმისათვის, რომ სხვები ზეცაში საცხოვრებლად მიიწვიოს. არც სასწაულებრივი სახით ატყობინებს ქრისტიანებს, რომ სამეფოს ცხებულ მემკვიდრეებად აირჩია.

14 ცრუ რელიგიურმა სწავლებამ იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა კარგი ადამიანი ზეცაში მიდის, შესაძლოა, ზოგს აფიქრებინა, რომ ზეციერი მოწოდება აქვს. ამიტომ, ფხიზლად უნდა ვიყოთ, რათა წარსულმა არასწორმა შეხედულებებმა თუ სხვა ფაქტორებმა ჩვენზე გავლენა არ იქონიოს. მაგალითად, ზოგმა შეიძლება საკუთარ თავს დაუსვას კითხვა: ხომ არ ვიღებ ისეთ წამლებს, რომლებიც გავლენას ახდენს ჩემს ემოციურ მდგომარეობაზე? ხომ არა ვარ იმდენად ემოციური, რომ მოზღვავებული გრძნობები სწორი დასკვნის გაკეთებაში მიშლის ხელს?

15, 16. რატომ შეიძლება ზოგმა არასწორად დაასკვნას, რომ ცხებულია?

15 ზოგმა შეიძლება ჰკითხოს საკუთარ თავს: გამოჩენის სურვილი ხომ არ მამოძრავებს? ძალაუფლების მისაღებად ხომ არ მინდა ქრისტეს თანამემკვიდრეობა? პირველ საუკუნეში, როდესაც ღმერთმა ქრისტიანები სამეფოს მემკვიდრეებად აირჩია, ყველას როდი ჰქონდა კრებაში განსაკუთრებული პასუხისმგებლობები. ზეციერი მოწოდების მქონე ქრისტიანები არ ცდილობდნენ, გამორჩეულები ყოფილიყვნენ ან იმით ეტრაბახათ, რომ ცხებულები იყვნენ. ისინი თავმდაბლობას ავლენდნენ, რაც მოსალოდნელი იყო კიდეც მათგან, ვისაც „ქრისტეს გონება“ ჰქონდა (1 კორინთელთა 2:16).

16 ზოგიერთი შეიძლება ღრმა ბიბლიურმა ცოდნამ მიიყვანა იმ დასკვნამდე, რომ ზეციერი მოწოდება აქვს. მაგრამ სულით ცხების შედეგად ადამიანი უჩვეულო ცოდნას არ იღებს; პავლეს ხომ არაერთხელ მოუწია რჩევის მიცემა ზოგი ცხებული ქრისტიანისთვის (1 კორინთელთა 3:1—3; ებრაელთა 5:11—14). ღმერთმა ერთი კონკრეტული არხი აირჩია თავისი ხალხისთვის სულიერი საზრდოს მისაცემად (მათე 24:45—47). ამიტომ არავინ უნდა იფიქროს, რომ თუ ცხებულია, მას სხვებზე მეტი სიბრძნე აქვს. ბიბლიურ კითხვებზე პასუხების გაცემის, ქადაგების ან ბიბლიაზე დაფუძნებული მოხსენებების წარმოთქმის კარგი უნარი სულაც არ განსაზღვრავს იმას, სულით ცხებულია ადამიანი თუ არა. დედამიწაზე ცხოვრების იმედის მქონე ქრისტიანებიც შესანიშნავად არიან დახელოვნებული ამ სფეროებში.

17. რაზე და ვისზეა დამოკიდებული, ცხებულია თუ არა ქრისტიანი?

17 თუ ქრისტიანს ზეციერი მოწოდების შესახებ კითხვა ებადება და უხუცესს ან სხვა მოწიფულ ქრისტიანს მიმართავს, მათ შეუძლიათ ესაუბრონ, მაგრამ გადაწყვეტილებას მის მაგივრად სხვა ვერ მიიღებს. ადამიანს, რომელსაც ნამდვილად აქვს ზეციერი მოწოდება, არ სჭირდება სხვას ჰკითხოს, მართლა აქვს თუ არა ეს იმედი. სულით ცხებულები „ხელახლად შობილნი [არიან] არა ხრწნადი თესლისაგან, არამედ უხრწნადისაგან, ღვთის ცოცხალი და მარადარსებული სიტყვის მიერ“ (1 პეტრე 1:23). ღმერთი თავისი სულიწმიდითა და სიტყვით ნერგავს „თესლს“, რომელიც მათ ზეციერი იმედის მქონე „ახალ ქმნილებად“ აქცევს (2 კორინთელთა 5:17). აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არჩევანს იეჰოვა აკეთებს. ცხებული იქნება ქრისტიანი თუ არა, „დამოკიდებულია არა მსურველზე და არა მცდელზე, არამედ შემწყალე ღმერთზე“ (რომაელთა 9:16). მაშ, როგორ შეუძლია ქრისტიანს დანამდვილებით იცოდეს, რომ ზეციერი მოწოდება აქვს?

რატომ არიან ისინი დარწმუნებული

18. როგორ ემოწმება ღვთის სული ცხებული ქრისტიანების სულს?

18 ცხებულ ქრისტიანებს ღვთის სული უმოწმებს, რომ ზეციერი მოწოდება აქვთ. «მიღებული გაქვთ შვილობის სული, — წერდა მოციქული პავლე, — რომლითაც ვღაღადებთ: „აბბა, მამაო!“ სწორედ ეს სული ემოწმება ჩვენს სულს, რომ ღვთის შვილები ვართ. ხოლო თუ შვილები — მემკვიდრენიც, ღვთის მემკვიდრენი და ქრისტეს თანამემკვიდრენი, თუ სინამდვილეში მასთან ერთად ვიტანჯებით, რათა მასთან ერთად ვიდიდოთ კიდეც» (რომაელთა 8:15—17). სულიწმიდის გავლენით სული, ანუ მოქმედების განმსაზღვრელი შინაგანი განწყობილება, ცხებულებს უბიძგებს, საკუთარ თავზე მიიღონ საღვთო წერილის ის სიტყვები, რომლებითაც იეჰოვა თავის სულიერ შვილებს მიმართავს (1 იოანე 3:2). ღვთის სული მათ შვილობის გრძნობას უჩენს და უნიკალურ იმედს უნერგავს (გალატელთა 4:6, 7). დიახ, დედამიწაზე ოჯახის წევრებსა და მეგობრებთან ერთად სრულყოფილ ადამიანად ცხოვრება შესანიშნავი იქნება, მაგრამ სულით ცხებულებისთვის ღმერთს ეს იმედი არ მიუცია. სულიწმიდის გავლენით მათში იმდენად ძლიერი ზეციერი იმედი ინერგება, რომ მზად არიან, დათმონ დედამიწაზე ცხოვრების ყველა სიკეთე (2 კორინთელთა 5:1—5, 8; 2 პეტრე 1:13, 14).

19. რა როლს ასრულებს ახალი შეთანხმება ცხებული ქრისტიანების ცხოვრებაში?

19 ცხებული ქრისტიანები დარწმუნებული არიან, რომ ზეციერი იმედი აქვთ და რომ მათთან ახალი შეთანხმება დაიდო. იესომ ეს გახსენების საღამოს დაფუძნებისას მოიხსენია: „ეს სასმისი ნიშნავს ახალ შეთანხმებას ჩემი სისხლის საფუძველზე, რომელიც თქვენთვის უნდა დაიღვაროს“ (ლუკა 22:20, აქ). ეს ახალი შეთანხმება ღმერთსა და ცხებულ ქრისტიანებს შორის იდება (იერემია 31:31—34; ებრაელთა 12:22—24). იესო კი შუამავალია. აღნიშნული შეთანხმება ქრისტეს დაღვრილი სისხლის საფუძველზე შევიდა ძალაში და მისი მონაწილეები არა მარტო იუდეველები არიან, არამედ სხვა ხალხებიც, რომლებიც ღმერთმა თავისი სახელისთვის ამოარჩია და აბრაამის „თესლის“ ნაწილი გახადა (გალატელთა 3:26—29; საქმეები 15:14). ეს „მარადიული შეთანხმება“ სულიერი ისრაელის ყველა წევრს აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ზეცაში უკვდავ ქმნილებად იქნეს აღდგენილი (ებრაელთა 13:20, აქ).

20. რა შეთანხმება დაიდო ქრისტესა და ცხებულებს შორის?

20 ცხებულები დარწმუნებული არიან თავიანთ იმედში. მათთან დადებულია არა მარტო ახალი შეთანხმება, არამედ შეთანხმება სამეფოზე. ქრისტესთან ერთად მათი მეფობის შესახებ ბიბლიაში თავად იესოს სიტყვებს ვკითხულობთ: „თქვენ ჩემთან ერთად დარჩით განსაცდელში და შეთანხმებას გიდებთ, როგორც მე დამიდო მამაჩემმა შეთანხმება სამეფოსთვის“ (ლუკა 22:28—30, აქ). ქრისტესა და მის თანამეფეებს შორის დადებული ეს შეთანხმება მარადიულად იმოქმედებს (გამოცხადება 22:5).

გახსენების საღამოს წინა პერიოდი

21. როგორ შეიძლება, გახსენების საღამოს წინა პერიოდმა დიდი სარგებლობა მოგვიტანოს?

21 გახსენების საღამოს წინა პერიოდში მრავალი სასარგებლო რამ შეიძლება გავაკეთოთ. კარგია, ვიკითხოთ ამ პერიოდისთვის დაგეგმილი ბიბლიური მონაკვეთები. აგრეთვე, ეს განსაკუთრებით შესანიშნავი პერიოდია ლოცვისთვის, დედამიწაზე იესოს ცხოვრებასა და სიკვდილზე ფიქრისთვის და სამეფოს შესახებ ქადაგებაში მონაწილეობისთვის (ფსალმუნები 76:13; ფილიპელთა 4:6, 7). თვითონ გახსენების საღამოს აღნიშვნა კი შეგვახსენებს იმ სიყვარულის შესახებ, რომელიც გამომსყიდველური მსხვერპლის გაღებით ღმერთმა და ქრისტემ გამოავლინეს (მათე 20:28; იოანე 3:16). აღნიშნული ღონისძიება იმედს გვაძლევს, გვანუგეშებს და განგვიმტკიცებს გადაწყვეტილებას, მივყვეთ ქრისტეს ნაკვალევს (გამოსვლა 34:6; ებრაელთა 12:3). გახსენების საღამო საიმისოდაც გვაძლიერებს, რომ ვიცხოვროთ, როგორც ღვთის მიძღვნილმა მსახურებმა და ვიყოთ მისი ძვირფასი ძის ერთგული მიმდევრები.

22. რა უდიდესი ძღვენი მისცა ღმერთმა ადამიანებს და რომელი ერთ-ერთი საშუალებით შეიძლება ამისათვის მადლიერების გამოვლენა?

22 მართლაც, რა დიდებულად გვასაჩუქრებს იეჰოვა! (იაკობი 1:17). ჩვენ შეგვიძლია ვიხელმძღვანელოთ მისი სიტყვით; ღმერთი გვეხმარება სულიწმიდით და გვაძლევს მარადიული სიცოცხლის იმედს. ღვთისგან მიღებული უდიდესი ძღვენი კი იესოს მიერ გაღებული მსხვერპლია, რომელიც გამოისყიდის როგორც ცხებულების, ისე რწმენის გამომვლენი ყველა სხვა ადამიანის ცოდვებს (1 იოანე 2:1, 2). მაშ, რამდენად მნიშვნელოვანია პირადად თქვენთვის იესოს სიკვდილი? თქვენც იქნებით მათ შორის, რომლებიც მადლიერებას გამოავლენენ და 2003 წლის 16 აპრილს, მზის ჩასვლის შემდეგ უფლის გახსენების საღამოს აღსანიშნავად შეიკრიბებიან?

[სქოლიოები]

^ აბზ. 8 გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ, მაგრამ აღარ გამოიცემა.

როგორ უპასუხებდით?

• ვინ უნდა მიიღოს გახსენების საღამოზე სიმბოლოები?

• რატომ ესწრებიან უფლის გახსენების საღამოს „სხვა ცხვრები“, როგორც ღირსეული დამკვირვებლები?

• საიდან იციან ცხებულმა ქრისტიანებმა, რომ ქრისტეს გახსენების საღამოზე სიმბოლოები უნდა მიიღონ?

• რისთვის არის გახსენების საღამოს წინა პერიოდი კარგი დრო?

[სასწავლო კითხვები]

[სქემა⁄სურათები 18 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

გახსენების საღამოზე დამსწრეთა რაოდენობა

მილიონებში

15 597 746

15

14

13 147 201

13

12

11

10

 9

 8

 7

 6

 5

4 925 643

 4

 3

 2

 1

878 303

63 146

1935 1955 1975 1995 2002

[სურათი 18 გვერდზე]

დაესწრებით წელს უფლის გახსენების საღამოს?

[სურათები 21 გვერდზე]

გახსენების საღამოს წინა პერიოდი შესანიშნავი დროა ბიბლიის უფრო მეტად კითხვისთვის და სამეფოს შესახებ ქადაგებაში უფრო მეტად მონაწილეობისთვის.