არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„გამაგრდით და განმტკიცდით“

„გამაგრდით და განმტკიცდით“

„გამაგრდით და განმტკიცდით“

„გამაგრდით. მე ვძლიე წუთისოფელს“ (იოანე 16:33).

1. იმის გამო, რომ ძლიერ მტრებთან მოუწევდათ შებრძოლება, ვინ და როგორ გაამხნევა ისრაელები ქანაანში შესვლამდე?

როდესაც ისრაელებს მდინარე იორდანე უნდა გადაელახათ და აღთქმული მიწა დაემკვიდრებინათ, მოსემ გაამხნევა ისინი: „გამაგრდით და განმტკიცდით, ნუ შეგეშინდებათ და ნუ შეძრწუნდებით მათ წინაშე, რადგან თავად უფალი, შენი ღმერთი, მოდის შენთან ერთად“. შემდეგ მან მოუხმო იესო ნავეს ძეს, რომელსაც ისრაელები ქანაანში უნდა შეეყვანა და პირადად მასაც იგივე უთხრა (მეორე რჯული 31:6, 7). მოგვიანებით იესო ნავეს ძე თვითონ იეჰოვამ გაამხნევა: „გამაგრდი და განმტკიცდი. . . ოღონდ გამაგრდი და ძალზე განმტკიცდი“ (იესო ნავეს ძე 1:6, 7, 9). ასეთი გამხნევება, მართლაც რომ, დროული იყო. მალე ისრაელებს სიმტკიცე და გაბედულება დასჭირდებოდათ, რადგან მდინარე იორდანეს გაღმა ძლიერ მტრებთან მოუწევდათ შებრძოლება.

2. რა ვითარებაში ვართ დღეს და რა გვჭირდება აქედან გამომდინარე?

2 მალე ჭეშმარიტმა ქრისტიანებმა ღვთის მიერ აღთქმული ახალი ქვეყნიერება უნდა დაიმკვიდრონ. ამიტომაც, იესო ნავეს ძის მსგავსად, მათაც სჭირდებათ გაბედულება (2 პეტრე 3:13; გამოცხადება 7:14). მაგრამ დღეს მცხოვრები ქრისტიანების მდგომარეობა განსხვავდება იესო ნავეს ძის მდგომარეობისგან. იესო ნავეს ძე ხმლითა და შუბით იბრძოდა, ჩვენ კი სულიერად ვიბრძვით და იარაღს არ ვიღებთ ხელში (ესაია 2:2—4; ეფესელთა 6:11—17). გარდა ამისა, იესო ნავეს ძეს მძიმე ბრძოლების გადატანა აღთქმულ მიწაზე შესვლის შემდეგაც მოუწია. ჩვენ კი ახალ ქვეყნიერებამდე გვაქვს გადასატანი უსასტიკესი ბრძოლები. განვიხილოთ რამდენიმე შემთხვევა, როდესაც გაბედულება გვჭირდება.

რატომ გვიწევს ბრძოლა?

3. რა არის ნათქვამი ბიბლიაში ჩვენს მთავარ მოწინააღმდეგეზე?

3 იოანე მოციქულმა დაწერა: „ვიცით, რომ ღვთისგან ვართ და მთელი ქვეყნიერება ბოროტის ძალაუფლებაშია“ (1 იოანე 5:19, აქ). ამ სიტყვებში მოცემულია იმის ძირითადი მიზეზი, თუ რატომ უწევთ ქრისტიანებს რწმენის შესანარჩუნებლად ბრძოლა. ქრისტიანი თუ ინარჩუნებს ღვთისადმი ერთგულებას, სატანა ეშმაკისთვის ეს, გარკვეულწილად, დამარცხებას ნიშნავს. ამიტომაც სატანა დადის, როგორც „მბრდღვინავი ლომი“ და ცდილობს, დააშინოს და „ჩაყლაპოს“ ღვთის ერთგული ქრისტიანები (1 პეტრე 5:8). ის ებრძვის ცხებულ ქრისტიანებს და მათ თანამსახურებს (გამოცხადება 12:17). ამ ბრძოლაში ის იმ ადამიანებსაც იყენებს, რომლებიც ნებით თუ უნებლიედ მის მიზნებს ემსახურებიან. ამიტომ, გაბედულებაა საჭირო სატანისა და მისი მსახურებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად.

4. რა გაფრთხილება მისცა იესომ თავის მიმდევრებს, მაგრამ ასეთ შემთხვევაშიც კი რა თვისებას ავლენენ ჭეშმარიტი ქრისტიანები?

4 იესომ იცოდა, რომ სატანა თავის მსახურებთან ერთად ყოველმხრივ შეეცდებოდა, ხელი შეეშალა სასიხარულო ცნობის გავრცელებისთვის. ამიტომ მან თავისი მიმდევრები გააფრთხილა: „გადაგცემენ თქვენ სატანჯველად და დაგხოცავენ, და მოგიძულებთ ყველა ერი ჩემი სახელის გამო“ (მათე 24:9). მისი სიტყვები პირველ საუკუნეშიც შესრულდა და დღესაც სრულდება. ზოგჯერ იეჰოვას მოწმეები ისევე სასტიკად იდევნებიან, როგორც წარსულში იდევნებოდნენ ღვთის მსახურები. მაგრამ ჭეშმარიტი ქრისტიანები დევნისას მხნეობას არ კარგავენ. მათ იციან, რომ „ადამიანთა მოშიშარს მახე დაეგება“ და არ სურთ ამ მახეში გაბმა (იგავები 29:25).

5, 6. ა) რა შემთხვევებში გვჭირდება გაბედულება? ბ) როგორ რეაგირებენ ღვთის ერთგული ქრისტიანები, როდესაც მათი გაბედულება იცდება?

5 გაბედულება სხვა შემთხვევებშიც გვჭირდება. ზოგისთვის რთულია უცხოსთან ქადაგება. სკოლის მოსწავლეებს გაბედულება სჭირდებათ, როდესაც მათგან სამშობლოსა და დროშისადმი ერთგულების ნიშნად ფიცის წარმოთქმას მოითხოვენ. ასეთი ფიცის წარმოთქმა, ფაქტობრივად, დროშისა და სამშობლოს თაყვანისცემის ტოლფასია. ამიტომაც ქრისტიან ბავშვებს მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, ისე მოიქცნენ, როგორც ღმერთს მოეწონება, რაც ნამდვილად სასიხარულოა.

6 გაბედულება იმ შემთხვევაშიც გვჭირდება, როდესაც მოწინააღმდეგეები საინფორმაციო საშუალებებით უარყოფით ინფორმაციას ავრცელებენ ღვთის მსახურებზე ან როდესაც ცდილობენ, კანონების ბოროტად გამოყენებით ხელი შეუშალონ ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას (ფსალმუნები 94:20, აქ [93:20]). მაგალითად, როგორ უნდა ვრეაგირებდეთ, როდესაც გაზეთების, რადიოსა თუ ტელევიზიის მეშვეობით დამახინჯებული ინფორმაცია ან აშკარა სიცრუე ვრცელდება იეჰოვას მოწმეებზე? უნდა გაგვაოცოს ამან? არა. ეს ჩვენთვის მოულოდნელი არ არის (ფსალმუნები 108:2). არც ის გვიკვირს, თუ ვინმე იჯერებს ამ სიცრუესა და ცილისმწამებლურ ინფორმაციას, რადგან „გულუბრყვილოს სწამს ყოველი სიტყვა“ (იგავები 14:15). ღვთის ერთგული ქრისტიანები კი არ იჯერებენ ნებისმიერ სიცრუეს, რასაც ხალხი მათი ძმების შესახებ ლაპარაკობს. უარყოფითი ინფორმაცია მათთვის არ ხდება ქრისტიანული შეხვედრების გაცდენის, ნაკლებად ქადაგების ან რწმენის შერყევის მიზეზი. პირიქით, ისინი ცდილობენ, ყოველთვის მოიქცნენ „როგორც ღვთის მსახურნი . . . დიდებასა და სირცხვილში, გმობით და ქებით, [მოწინააღმდეგეთა აზრით] ვითომც მაცდურნი, [სინამდვილეში] მაინც ჭეშმარიტნი“ (2 კორინთელთა 6:4, 8).

7. რა კითხვები უნდა დავუსვათ საკუთარ თავს?

7 მოციქულმა პავლემ ტიმოთეს მისწერა: „ღმერთმა ჩვენ მოგვცა არა სიმხდალის სული, არამედ ძალის. . . მაშ, ნუ შეგრცხვება ჩვენი უფლის დამოწმებისა“ (2 ტიმოთე 1:7, 8; მარკოზი 8:38). ამ სიტყვების წაკითხვის შემდეგ შევეკითხოთ საკუთარ თავს: სირცხვილის გრძნობა ხომ არ მიჩნდება ჩემი რწმენის გამო? თუ გამბედავი ვარ? იციან თანამშრომლებმა (ან თანაკლასელებმა), რომ იეჰოვას მოწმე ვარ? თუ ვცდილობ, არავინ გაიგოს ეს? ხომ არ მრცხვენია, სხვებისგან რომ გამოვირჩევი? თუ მეამაყება, რომ იეჰოვასთან ურთიერთობის გამო სხვებისგან განსხვავებული ვარ? ვისაც არასასიამოვნო გრძნობები ეუფლება სასიხარულო ცნობის ქადაგების პასუხისმგებლობისა და იმის გამო, რომ ბევრი არ იწონებს მის მრწამსს, კარგი იქნება, გაიხსენოს, რისკენ მოუწოდა იეჰოვამ იესო ნავეს ძეს: „გამაგრდი და განმტკიცდი“. არასდროს დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ შესახებ თანამშრომლებისა და თანაკლასელების აზრი კი არ არის მნიშვნელოვანი, არამედ ის, თუ იეჰოვა და იესო ქრისტე რას ფიქრობენ ჩვენზე (გალატელთა 1:10).

როგორ გავხდეთ უფრო გაბედულები

8, 9. ა) როგორ გამოიცადა ერთხელ პირველი ქრისტიანების გაბედულება? ბ) რა რეაქცია ჰქონდათ პეტრესა და იოანეს მუქარაზე და რა მოუტანა ამან შედეგად როგორც მათ, ისე თანამორწმუნეებს?

8 რა დაგვეხმარება მეტი გაბედულების შეძენაში, რათა ამ მძიმე დროში ღვთისადმი ერთგულების შენარჩუნება შევძლოთ? რა ეხმარებოდა პირველ ქრისტიანებს? გავიხსენოთ შემთხვევა, როდესაც იერუსალიმში მღვდელმთავრებმა და უხუცესებმა პეტრესა და იოანეს იესოს სახელით ქადაგება აუკრძალეს. მოწაფეებმა უკან არ დაიხიეს, რის გამოც მათ დაემუქრნენ და ისე გაუშვეს. პეტრე და იოანე კვლავ ძმებს შეუერთდნენ და მათთან ერთად სთხოვეს ღმერთს ლოცვაში: „დაინახე უფალო, მათი მუქარა და მიეცი შენს მონებს ძალა მთელი გაბედულებით ილაპარაკონ შენი სიტყვა“ (საქმეები 4:13—29). იეჰოვამ უპასუხა მოწაფეების ლოცვას და სულიწმიდით განამტკიცა ისინი. როგორც მოგვიანებით იუდეველთა წინამძღოლებმა აღნიშნეს, მოწაფეებმა თავიანთი სწავლებით ‘აავსეს იერუსალიმი’ (საქმეები 5:28).

9 ახლა გავაანალიზოთ, რა მოხდა ამ შემთხვევაში. მოწაფეები არ შეუშინდნენ იუდეველი წინამძღოლების მუქარას. თავიდან მათ ქადაგების გასაგრძელებლად გაბედულება სთხოვეს ღმერთს ლოცვაში; შემდეგ მოწაფეები ლოცვის შესაბამისად მოქმედებას შეეცადნენ; იეჰოვამ კი, თავის მხრივ, სულიწმიდით განამტკიცა ისინი. აქედან ვხედავთ, რომ ის, რაც პავლემ წლების შემდეგ სხვა კონტექსტში თქვა, ქრისტიანების დევნის შემთხვევაშიც ჭეშმარიტია. მან დაწერა: „ყოველივე ძალმიძს ჩემს განმამტკიცებელში, ქრისტეში“ (ფილიპელთა 4:13).

10. როგორ ეხმარება იერემიას მაგალითი ბუნებით გაუბედავ ქრისტიანებს?

10 დავუშვათ, ქრისტიანი ბუნებით გაუბედავია. შესაძლებელია თუ არა, რომ ის, წინააღმდეგობის მიუხედავად, გაბედულად ემსახუროს იეჰოვას? რა თქმა უნდა! გავიხსენოთ, რა რეაქცია ჰქონდა იერემიას, როდესაც იეჰოვამ წინასწარმეტყველად დანიშნა. „მე . . . ყმაწვილი ვარ“, — თქვა მან. როგორც ჩანს, მას საკუთარი თავი ამ მისიისთვის შეუფერებლად მიაჩნდა. მაგრამ იეჰოვამ გაამხნევა: „ნუ იტყვი: ‘ყმაწვილი ვარ’, რადგან ყველგან, სადაც კი მიგავლენ, წახვალ და ყოველივეს, რასაც გიბრძანებ, ილაპარაკებ. ნუ შეგეშინდება მათი, რადგან შენთანა ვარ შენს გადასარჩენად!“ (იერემია 1:6—10). იერემია იეჰოვას მიენდო. მისი დახმარებით შიში დაძლია და გაბედულად დაიწყო ისრაელში ქადაგება.

11. რა ეხმარება ქრისტიანებს იერემიას მსგავსად მოქცევაში?

11 დღეს ცხებული ქრისტიანები ისეთივე დავალებას ასრულებენ, როგორსაც იერემია ასრულებდა. ხალხის გულგრილობის, მათი მხრიდან დაცინვისა და დევნის მიუხედავად, ისინი „უამრავ ხალხთან“ ერთად განაგრძობენ იეჰოვას განზრახვის შესახებ ქადაგებას (გამოცხადება 7:9; იოანე 10:16). იერემიას მსგავსად, მათაც ამხნევებს იეჰოვას სიტყვები: „ნუ შეგეშინდება“. ისინი არასოდეს ივიწყებენ, რომ დავალება ღვთისგან აქვთ მიღებული და მის ცნობას ქადაგებენ (2 კორინთელთა 2:17).

გაბედულების მაგალითები

12. გაბედულების რა მაგალითი მოგვცა იესომ და როგორ გაამხნევა მან თავისი მიმდევრები?

12 უფრო გაბედულები გავხდებით, თუ ვიფიქრებთ ღვთის იმ მსახურთა მაგალითებზე, რომლებიც, იერემიას მსგავსად, გაბედულებას ავლენდნენ (ფსალმუნები 76:13). მაგალითად, როდესაც დედამიწაზე იესოს მსახურების შესახებ ვკითხულობთ, ჩვენზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მისი გამბედაობა — იესო გაბედულად შეეწინააღმდეგა სატანას, რომელიც მის შეცდენას ცდილობდა, ხოლო მოგვიანებით მტკიცედ შეხვდა იუდეველ წინამძღოლთა წინააღმდეგობას (ლუკა 4:1—13; 20:19—47). იესოს იეჰოვა აძლიერებდა, ამიტომაც ის ნებისმიერ სიტუაციაში ინარჩუნებდა სიმტკიცეს. სიკვდილამდე მცირე ხნით ადრე, მან თავის მოწაფეებს უთხრა: „წუთისოფელში ჭირი გექნებათ, მაგრამ გამაგრდით. მე ვძლიე წუთისოფელს“ (იოანე 16:33; 17:16). იესოს სიტყვების თანახმად, მისი მოწაფეებიც შეძლებდნენ წუთისოფლის ძლევას, თუ მას მიჰბაძავდნენ (1 იოანე 2:6; გამოცხადება 2:7, 11, 17, 26). მაგრამ მათი მხრივ, საჭირო იქნებოდა, ‘გამაგრებულიყვნენ’.

13. როგორ გაამხნევა პავლემ ფილიპელები?

13 იესოს სიკვდილიდან რამდენიმე წლის შემდეგ პავლე და სილა ქალაქ ფილიპეში დააპატიმრეს. მოგვიანებით, პავლე ამხნევებდა ფილიპეს კრების წევრებს, რომ მტკიცედ ‘მდგარიყვნენ ერთი სულით და ერთსულოვნად ეღვაწათ სახარების რწმენისათვის’ და ‘არ შეშინებოდათ მოწინააღმდეგეებისა’. პავლემ ასეთი სიტყვები მისწერა მათ განსამტკიცებლად: „ეს [ქრისტიანების დევნა] მათთვის [მდევნელთათვის] დაღუპვის ნიშანია, თქვენთვის კი — ხსნისა. ეს ღვთისაგან არის. ვინაიდან ქრისტეს გულისათვის მოგეცათ თქვენ არა მარტო რწმენა, არამედ მისთვის ტანჯვაც“ (ფილიპელთა 1:27—29).

14. რა შედეგი გამოიღო პავლეს გაბედულებამ რომში?

14 პავლე ციხიდან სწერდა ფილიპელთა კრებას. ამჯერად ის რომში იყო დაპატიმრებული. პატიმრობის მიუხედავად, პავლე გაბედულად განაგრძობდა ქადაგებას. რა იყო ამის შედეგი? მან დაწერა: „ჩემი ბორკილები ქრისტეში ცნობილი გახდა მთელი პრეტორიისათვის და ყველა დანარჩენისათვის. უფალში ძმათა უმრავლესობა გამხნევდა ჩემი ბორკილებით და გაბედა, რომ უფრო მეტად და უშიშრად ელაპარაკა ღვთის სიტყვა“ (ფილიპელთა 1:13, 14).

15. ვისი მაგალითები გვამხნევებს და აღგვძრავს სიმტკიცის შესანარჩუნებლად?

15 პავლეს მაგალითი გამამხნევებელია ჩვენთვის. გამამხნევებელია იმ თანამედროვე ქრისტიანთა მაგალითებიც, რომლებიც წარსულში იდევნებოდნენ ან დღეს იდევნებიან დიქტატორულ ქვეყნებში თუ იქ, სადაც სამღვდელოებას დიდი გავლენა აქვს. ბევრი მათგანის შესახებ მოთხრობილია „საგუშაგო კოშკისა“ და „გამოიღვიძეთ!“-ის ნომრებსა და იეჰოვას მოწმეთა წელიწდეულებში. ასეთი შემთხვევების კითხვისას გახსოვდეთ, რომ ის, რაც აღწერილია, ჩვენსავით არასრულყოფილ ადამიანებს გადახდათ; მაგრამ მძიმე მდგომარეობაში იეჰოვამ მათ აღმატებული ძლიერება მისცა. შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ის ჩვენც გაგვაძლიერებს, თუ საჭირო იქნება.

ჩვენი გაბედულება გულს უხარებს და განადიდებს იეჰოვას

16, 17. რა შემთხვევაში იქნება ქრისტიანი გაბედული?

16 ქრისტიანი გაბედულებას ავლენს, თუ მტკიცედ დგას ჭეშმარიტებისა და სიმართლის მხარეს. მისი მხრიდან კიდევ უფრო დიდი გაბედულებაა, როდესაც შიშის მიუხედავადაც კი არ კარგავს სიმტკიცეს. ნებისმიერი ქრისტიანი შეძლებს, გაბედული იყოს, თუ ნამდვილად სურს იეჰოვას ნების შესრულება, თუ გადაწყვეტილი აქვს ღვთისადმი ერთგულების შენარჩუნება, თუ ყოველთვის ღმერთზეა მინდობილი და არასოდეს ივიწყებს, რომ იეჰოვას მისი მსგავსი ბევრი მსახური განუმტკიცებია. გარდა ამისა, როდესაც ვუფიქრდებით იმას, რომ ჩვენი გაბედულება გულს უხარებს და განადიდებს იეჰოვას, უფრო მეტად ვცდილობთ, არასოდეს დავსუსტდეთ. ჩვენ მზად ვართ, დაცინვა და უარესი მოპყრობაც კი ავიტანოთ, რადგან ძალიან გვიყვარს ღმერთი (1 იოანე 2:5; 4:18).

17 არასოდეს დაგვავიწყდეს, რატომ ვხვდებით პრობლემებს რწმენის გამო; მიზეზი ის არ არის, რომ რაღაცაში ვართ დამნაშავე (1 პეტრე 3:17). სირთულეები იმიტომ გვექმნება, რომ იეჰოვას უზენაეს ხელისუფლებას ვუჭერთ მხარს, სწორად ვიქცევით და ამ წუთისოფლის ნაწილი არა ვართ. ამის შესახებ პეტრე მოციქულმა დაწერა: „თუ კეთილისმოქმედნი იტანჯებით და ითმენთ, ეს მადლია ღვთის წინაშე“. მან აგრეთვე თქვა: „ტანჯულებმაც ღვთის ნებისამებრ, თავიანთი სულები მიანდონ ჭეშმარიტ გამჩენს სიკეთის ქმნაში“ (1 პეტრე 2:20; 4:19). დიახ, ჩვენი რწმენა გულს უხარებს და განადიდებს ჩვენს მოსიყვარულე ღმერთ იეჰოვას. ნამდვილად საფუძვლიანი მიზეზი გვაქვს გაბედულებისთვის!

ხელისუფლების წარმომადგენლების წინაშე

18, 19. რა ცნობას გადავცემთ მოსამართლეებს, როდესაც გაბედულად წარვდგებით მათ წინაშე?

18 იესომ გააფრთხილა თავისი მიმდევრები, რომ დევნილი იქნებოდნენ და, ამასთანავე, უთხრა: „გადაგცემენ სამსჯავროებში და თავიანთ სინაგოგებში გაგშოლტავენ თქვენ. წაგიყვანენ განმგებლებთან და მეფეებთან ჩემს გამო, მათთვის და წარმართთათვის დასამოწმებლად“ (მათე 10:17, 18). ცრუ ბრალდებების გამო მოსამართლის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის წინაშე ლაპარაკი გამბედაობას მოითხოვს. თუ გამბედაობას ვავლენთ და ასეთ შემთხვევებს მათთან საქადაგებლად ვიყენებთ, გამოდის, რომ რთულ სიტუაციაშიც კი ვახერხებთ მნიშვნელოვანი მიზნის მიღწევას. ფაქტობრივად, მოსამართლეებს გადავცემთ იეჰოვას სიტყვებს, რომლებიც მე-2 ფსალმუნშია ჩაწერილი: „ახლა კი გონს მოდით, მეფენო! განისწავლენით, ქვეყნის მსაჯულნო! ემსახურეთ უფალს შიშით და შეჰღაღადეთ თრთოლვით“ (ფსალმუნები 2:10, 11). ხშირად, როდესაც იეჰოვას მოწმეებს ცრუ ბრალდებების გამო უწევთ სასამართლოში წარდგომა, მოსამართლეები რწმენის თავისუფლებას იცავენ, რასაც ნამდვილად ვაფასებთ. მაგრამ ზოგი მოსამართლე ჩვენს მოწინააღმდეგეთა გავლენის ქვეშ ექცევა. მათ შესახებ ბიბლიაში ნათქვამია: „განისწავლენით, ქვეყნის მსაჯულნო!“.

19 ასეთ მსაჯულებს ანუ მოსამართლეებს უნდა ესმოდეთ, რომ იეჰოვაა უზენაესი კანონმდებელი; უნდა ახსოვდეთ, რომ ყველა ადამიანი, მათ შორის ყველა მოსამართლე, პასუხს აგებს იეჰოვა ღმერთისა და იესო ქრისტეს წინაშე (რომაელთა 14:10). ჩვენ კი, იმისდა მიუხედავად, სამართლიანად გვეპყრობიან მოსამართლეები თუ უსამართლოდ, გაბედულება უნდა გამოვავლინოთ, რადგან თვითონ იეჰოვა გვიჭერს მხარს. ბიბლიაში ნათქვამია: „ნეტარ არს ყველა, ვინც მასზეა მინდობილი“ (ფსალმუნები 2:12).

20. რატომ უნდა გვიხაროდეს, თუ გვდევნიან და ცილს გვწამებენ?

20 მთაზე ქადაგებისას იესომ თქვა: „ნეტარ ხართ თქვენ, როცა გაგლანძღავენ, გაგდევნიან და ყოველნაირად ბოროტს იტყვიან თქვენზე ჩემს გამო. იხარეთ და იმხიარულეთ, ვინაიდან დიდია თქვენი საზღაური ცაში. ასევე დევნიდნენ წინასწარმეტყველთ, რომლებიც თქვენზე უწინ იყვნენ“ (მათე 5:11, 12). ცხადია, დევნა არავის უხარია, მაგრამ სასიხარულო ის არის, რომ დევნისა და საინფორმაციო საშუალებების მიერ ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელების მიუხედავად, სიმტკიცეს ვინარჩუნებთ. ამით იეჰოვას ვახარებთ, რისთვისაც ის უეჭველად გვაკურთხებს. ჩვენი გაბედულება ცხადყოფს, რომ ნამდვილად გვწამს ღმერთი და რომ ის კმაყოფილია ჩვენით. ჩვენი გაბედულება ამტკიცებს, რომ მთლიანად იეჰოვაზე ვართ მინდობილი. ღმერთზე ამგვარად მინდობა კი ქრისტიანისთვის აუცილებელია. ამის შესახებ მომდევნო სტატიაში ვილაპარაკებთ.

რა ისწავლეთ?

• რა შემთხვევებში გვჭირდება დღეს გაბედულება?

• რა დაგვეხმარება იმაში, რომ გაბედულები ვიყოთ?

• ვინ გვაძლევს გაბედულების მაგალითებს?

• რატომ გვსურს გაბედულად ვიმოქმედოთ?

[სასწავლო კითხვები]

[სურათები 9 გვერდზე]

სიმონ არნოლდმა (ახლა ლიბსტერი) გერმანიაში, ვიდას მადონამ მალავიში და ლიდია და ალექსეი კურდასებმა უკრაინაში გაბედულება გამოავლინეს და წინ აღუდგნენ ბოროტს.

[სურათები 10 გვერდზე]

ჩვენ არ გვრცხვენია სასიხარულო ცნობისა.

[სურათი 11 გვერდზე]

პატიმრობაში პავლეს გაბედულებამ სასიხარულო ცნობის გავრცელებას შეუწყო ხელი.

[სურათი 12 გვერდზე]

თუ გაბედულად ვუხსნით მოსამართლეებს ბიბლიაზე დაფუძნებულ ჩვენს პოზიციას, ამით მათ მნიშვნელოვან ინფორმაციას გადავცემთ.