არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

დევნამ ვერ შეარყია მათი რწმენა

დევნამ ვერ შეარყია მათი რწმენა

დევნამ ვერ შეარყია მათი რწმენა

ფრიდა ჯესი 1911 წელს დანიაში დაიბადა. მოგვიანებით ის მშობლებთან ერთად ჰიუზუმში (ჩრდილოეთი გერმანია) გადავიდა. წლების შემდეგ მან მაგდებურგში დაიწყო მუშაობა, 1930 წელს კი ბიბლიის მკვლევარი (ასე იცნობდნენ მაშინ იეჰოვას მოწმეებს) გახდა. 1933 წელს ძალაუფლება ჰიტლერმა ჩაიგდო ხელში, რაც ფრიდასთვის 23-წლიანი დევნის დასაწყისი იყო. ფრიდა არა მარტო ერთი, არამედ ორი ტოტალიტარული რეჟიმის მსხვერპლი გახდა.

1933 წლის მარტში გერმანიის მთავრობამ საყოველთაო არჩევნები მოაწყო. ჰამბურგის მახლობლად მდებარე ნეინგამის საკონცენტრაციო ბანაკის მემორიალური მუზეუმის დირექტორი, დ-რ დეტლეფ გარბე, აღნიშნავს: „ნაციონალ-სოციალისტების მიზანი იყო, იძულებული გაეხადა უმრავლესობა, რომ კანცლერისა და ფიურერისთვის, ადოლფ ჰიტლერისთვის, მიეცათ ხმა“. იეჰოვას მოწმეები იესოს მითითებისამებრ მოიქცნენ და პოლიტიკაში არ ჩარეულან. დიახ, ისინი არ გამხდარან „ქვეყნიერების ნაწილი“ და ხმა არავისთვის მიუციათ. რა მოჰყვა ამას შედეგად? იეჰოვას მოწმეთა საქმიანობა აიკრძალა (იოანე 17:16, აქ).

ფრიდა იატაკქვეშ განაგრძობდა ქრისტიანულ მსახურებას. ის „საგუშაგო კოშკის“ ბეჭდვაშიც კი ეხმარებოდა ძმებს. „ზოგჯერ ჟურნალები მალულად შედიოდა საკონცენტრაციო ბანაკებში ჩვენი თანამორწმუნეებისთვის“, — ყვება ის. 1940 წელს ფრიდა დააპატიმრეს. გესტაპომ ის დაკითხა და რამდენიმე თვით ცალკე საკანში ჩასვა. როგორ გაუძლო ამას ფრიდამ? ის ამბობს: „ჩემი ნუგეშის წყარო ლოცვა იყო. იეჰოვას დილიდანვე მივმართავდი ლოცვით და დღეში რამდენჯერმე ვლოცულობდი, რაც ძალას მაძლევდა და მეხმარებოდა, მეტისმეტად არ მენერვიულა“ (ფილიპელთა 4:6, 7).

ფრიდა გაათავისუფლეს, მაგრამ 1944 წელს გესტაპომ კვლავ დააპატიმრა. ამჯერად მას შვიდი წლით პატიმრობა მიუსაჯეს. სასჯელი ვალტჰაიმის ციხეში უნდა მოეხადა. ეს ერთგული ქრისტიანი გვიყვება: „ციხის პერსონალმა სხვა ქალებთან ერთად საპირფარეშოებში სამუშაოდ გამამწესა. ერთ ჩეხოსლოვაკიელ პატიმარ ქალთან ხშირად მიწევდა ურთიერთობა. მას ბევრს ველაპარაკებოდი ჩემს რწმენასა და იეჰოვაზე. ამ საუბრებმა სიმტკიცე შემანარჩუნებინა“.

გათავისუფლება, მაგრამ მცირე ხნით

1945 წლის მაისში საბჭოთა ჯარებმა ვალტჰაიმის ციხე აიღეს და პატიმრების ევაკუირება მოახდინეს. ასე რომ, ფრიდასაც მიეცა მაგდებურგში დაბრუნებისა და იქ ქადაგების გაგრძელების შესაძლებლობა, მაგრამ არცთუ ისე დიდი ხნით. მოწმეები კვლავ დისკრიმინაციის მსხვერპლი გახდნენ. ამჯერად დისკრიმინაცია საბჭოთა ოკუპანტების მხრიდან მოდიოდა. ჯერალდ ჰაკე, ტოტალიტარიზმის შემსწავლელი ჰანა არენდტის სახელობის ინსტიტუტის თანამშრომელი, წერს: „იეჰოვას მოწმეები საზოგადოების იმ მცირერიცხოვან ჯგუფს ეკუთვნოდნენ, რომელსაც თითქმის ყოველთვის დევნიდნენ გერმანიაში გაბატონებული ორივე დიქტატორული რეჟიმის გამტარებლები“.

რატომ განახლდა დისკრიმინაცია? ძირითადი მიზეზი კვლავაც ქრისტიანული ნეიტრალიტეტის დაცვა იყო. 1948 წელს აღმოსავლეთ გერმანიაში (გდრ) ჩატარდა პლებისციტი, საერთო-სახალხო კენჭისყრა; ჰაკეს სიტყვების თანახმად, „[იეჰოვას მოწმეთა დევნის] ძირითადი მიზეზი პლებისციტში მონაწილეობაზე უარის თქმა იყო“. 1950 წლის აგვისტოში აღმოსავლეთ გერმანიაში იეჰოვას მოწმეთა საქმიანობა აიკრძალა. ასობით მოწმე დააპატიმრეს. მათ შორის იყო ფრიდაც.

ფრიდას კვლავ მოუწია სასამართლოს წინაშე წარდგომა. მას ექვსი წლით პატიმრობა მიუსაჯეს. „ამჯერად თანამორწმუნეებთან ერთად ვიყავი და მათთან ურთიერთობა ძალიან მეხმარებოდა“, — გვიამბობს ის. 1956 წელს, გათავისუფლების შემდეგ, ფრიდა დასავლეთ გერმანიაში გადავიდა. ახლა ეს ერთგული და 90 წლისაა, ცხოვრობს ჰიუზუმში და დღემდე ემსახურება ჭეშმარიტ ღმერთს, იეჰოვას.

23 წლის განმავლობაში ფრიდა ორი დიქტატორული რეჟიმის დროს იდევნებოდა. „ნაცისტები ჩემს ფიზიკურად განადგურებას ცდილობდნენ, ხოლო კომუნისტები — სულიერად. სად ვპოულობდი ამის ასატანად ძალას? ეს შემაძლებინა თავისუფლებაში ყოფნის დროს ბიბლიის რეგულარულმა შესწავლამ, ცალკე საკანში გამუდმებულმა ლოცვამ, ნებისმიერი შესაძლებლობისას თანამორწმუნეებთან ურთიერთობამ და სხვებისთვის ჩემი მრწამსის გაზიარებამ“.

ფაშიზმი უნგრეთში

უნგრეთი კიდევ ერთი ქვეყანაა, სადაც იეჰოვას მოწმეები ათეულობით წლების განმავლობაში დისკრიმინაციას განიცდიდნენ. ზოგს დევნის ატანა არათუ ორი, არამედ სამი ტოტალიტარული რეჟიმის მხრიდანაც მოუწია. ერთ-ერთი ამგვარად დევნილთაგანი არის ადამ ზინგერი. ის 1922 წელს პაკსში (უნგრეთი) დაიბადა და პროტესტანტად აღიზარდა. 1937 წელს ადამს მოწმეებმა მიაკითხეს. მან მაშინვე გამოავლინა მათ მიერ გადმოცემული ცნობისადმი ინტერესი. ბიბლიაზე დაფუძნებულმა ინფორმაციამ იგი დაარწმუნა, რომ თავისი ეკლესიის სწავლება არ იყო ბიბლიური. ასე რომ, მან დატოვა პროტესტანტული ეკლესია და ბიბლიის მკვლევარებთან ერთად ქადაგება დაიწყო.

ფაშიზმი სულ უფრო და უფრო იკიდებდა ფეხს უნგრეთში. რამდენიმეჯერ ჟანდარმებმა შენიშნეს, რომ ადამი კარდაკარ ქადაგებდა. მათ დააკავეს ის და დაკითხეს. იეჰოვას მოწმეებზე ზეწოლა უფრო და უფრო ძლიერდებოდა და 1939 წელს მათი საქმიანობა აიკრძალა. 1942 წელს ადამი დააპატიმრეს, ციხეში მიიყვანეს და სასტიკად სცემეს. რამ შეაძლებინა ამ 19 წლის ახალგაზრდას რამდენიმე თვის განმავლობაში ციხეში ტანჯვის ატანა? „დაპატიმრებამდე გულმოდგინედ ვსწავლობდი ბიბლიას და იეჰოვას განზრახვის შესახებ საფუძვლიანი ცოდნა მქონდა“, — თქვა მან. ადამმა მხოლოდ ციხიდან გათავისუფლების შემდეგ შეძლო მონათვლა და იეჰოვას მოწმედ გახდომა. ის 1942 წლის აგვისტოს, უკუნეთ ღამეში, თავის სახლთან ახლოს მდინარეში მოინათლა.

უნგრეთის ციხესა და სერბიის შრომა-გასწორების კოლონიაში

მეორე მსოფლიო ომი გრძელდებოდა. უნგრეთმა გერმანიის მხარე დაიკავა და საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაება. ასე რომ, 1942 წლის შემოდგომაზე ადამი ჯარში გაიწვიეს. ის გვიყვება: „განვაცხადე, რომ ბიბლიიდან მიღებული სწავლების საფუძველზე ჯარში არ ვიმსახურებდი. აგრეთვე ავუხსენი, რომ პოლიტიკაში ნეიტრალურ პოზიციას ვიკავებდი“. ადამს 11 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, მაგრამ ის უნგრეთში დიდხანს არ დარჩენილა.

1943 წელს დაახლოებით 160 მოწმეს თავი მოუყარეს, მდინარე დუნაის ნაპირზე გემებში ჩასხეს და სერბიაში ჩაიყვანეს. მათ შორის იყო ადამიც. სერბიაში ეს პატიმრები უკვე ჰიტლერის მესამე რაიხის კონტროლის ქვეშ იყვნენ. ისინი ქალაქ ბორის შრომა-გასწორების კოლონიაში მიიყვანეს სპილენძის საბადოში სამუშაოდ. დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, მოწმეები უნგრეთში დააბრუნეს. იქ კი 1945 წლის გაზაფხულზე ადამი საბჭოთა ჯარებმა გაათავისუფლეს.

კომუნისტების მმართველობა უნგრეთში

სამწუხაროდ, ადამის თავისუფლებამ დიდხანს არ გასტანა. 40-იანი წლების დასასრულს უნგრეთში კომუნისტებმა იეჰოვას მოწმეთა საქმიანობა აკრძალეს. მათაც ზუსტად იგივე გააკეთეს, რაც ომის დაწყებამდე ფაშისტებმა. 1952 წელს 29 წლის ადამი, რომელსაც უკვე ცოლი და ორი შვილი ჰყავდა, ჯარში მსახურებაზე უარის თქმის გამო კვლავ დააპატიმრეს და დამნაშავედ სცნეს. ადამმა სასამართლოს წინაშე განაცხადა: „ახლა პირველად არ ვამბობ ჯარში მსახურებაზე უარს. ამავე მიზეზის გამო ომის დროს დამაპატიმრეს და სერბიაში გადამაგზავნეს. სინდისი არ მრთავს ჯარში მსახურების ნებას. მე იეჰოვას მოწმე ვარ და პოლიტიკაში არ ვერევი“. ადამს რვა წლით პატიმრობა მიუსაჯეს, რაც მოგვიანებით ოთხ წლამდე შეუმცირეს.

ადამის დისკრიმინაცია 70-იანი წლების შუა პერიოდამდე გაგრძელდა. ამ დროისთვის უკვე 35 წელი იყო გასული მას შემდეგ, რაც ბიბლიის მკვლევარებმა პირველად მოინახულეს მისი მშობლები. ამ ხნის მანძილზე მას მთლიანობაში 23 წელი ჰქონდა მისჯილი, ექვსჯერ იყო გასამართლებული და, სულ მცირე, ათ ციხესა და ბანაკში ჰქონდა სასჯელი მოხდილი. მან დევნის რამდენიმე ტალღა აიტანა: ფაშისტური რეჟიმი ომამდელ უნგრეთში, გერმანული ნაციონალ-სოციალისტური რეჟიმი სერბიაში და კომუნისტური რეჟიმი ცივი ომის პერიოდში უნგრეთში.

ადამი დღემდე მშობლიურ ქალაქ პაკსში ცხოვრობს და ღმერთს ერთგულად ემსახურება. ჰქონდა მას რაიმე უჩვეულო უნარი, რამაც ასეთი სირთულეები აატანინა და რწმენისათვის ბრძოლაში გაამარჯვებინა? სულაც არა. ის გვიყვება:

«ძალიან დამეხმარა ბიბლიის შესწავლა, ლოცვა და თანამორწმუნეებთან ურთიერთობა. აქვე მინდა აღვნიშნო კიდევ ორი ფაქტორი. პირველი: იეჰოვაა ძალის წყარო. მასთან ახლო ურთიერთობა ჩემთვის ყოველთვის მაშველი რგოლის მსგავსი იყო. მეორე: ყოველთვის მახსოვდა რომაელთა მე-12 თავი, სადაც ნათქვამია: „შურს ნუ იძიებთ თქვენთვის“. ასე რომ, წყენა გულში არასოდეს ჩამიდია. რამდენჯერმე მქონდა იმის შესაძლებლობა, რომ ჩემი მდევნელებისთვის სამაგიერო მიმეზღო, მაგრამ ასეთი შესაძლებლობებით არასოდეს მისარგებლია. იეჰოვას მიერ მოცემული ძალა არასოდეს უნდა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ ბოროტებაზე ბოროტებით ვუპასუხოთ».

ყოველგვარი დევნის დასასრული

ფრიდასა და ადამს ახლა იეჰოვას მსახურებაში ხელს არაფერი უშლით. მაგრამ რას გვასწავლის მათი შემთხვევები რწმენის გამო დევნასთან დაკავშირებით? იმას, რომ ასეთი დევნა ამაოა ჭეშმარიტი ქრისტიანების შემთხვევაში. მიუხედავად იმისა, რომ იეჰოვას მოწმეთა დევნაზე სოლიდური თანხები დაიხარჯა და სასტიკი მოპყრობის გამო ისინი საშინლად იტანჯებოდნენ, მოწინააღმდეგეებმა მიზანს მაინც ვერ მიაღწიეს. დღეს ევროპაში, რომელმაც ორი დიდი დიქტატურის ეპოქა გამოიარა, იეჰოვას მოწმეთა საქმიანობა სულ უფრო და უფრო წინ მიიწევს.

როგორ რეაგირებდნენ მოწმეები დევნაზე? როგორც ფრიდასა და ადამის შემთხვევებიდან ჩანს, ისინი მიჰყვებოდნენ ბიბლიურ რჩევას: „არ დაგძლიოს ბოროტმა, არამედ სძლიე ბოროტს კეთილით“ (რომაელთა 12:21). შეიძლება ნამდვილად სძლიოს სიკეთემ ბოროტებას? დიახ, თუ ის ღვთისადმი მტკიცე რწმენიდან მომდინარეობს. ევროპაში დევნის დროს იეჰოვას მოწმეთა გამარჯვება ღვთის სულის გამარჯვება იყო. ეს იყო იმის აშკარა გამოხატულება, თუ რა დადებითი შედეგები მოაქვს რწმენას, რომელსაც სულიწმიდა წარმოშობს თავმდაბალ ქრისტიანებში (გალატელთა 5:22, 23). ძალმომრეობით სავსე დღევანდელ წუთისოფელში ეს ყველასთვის კარგი გაკვეთილია.

[სურათები 5 გვერდზე]

ფრიდა ჯესი (ამჟამად ტიელი) დაპატიმრებისას და დღეს.

[სურათები 7 გვერდზე]

ადამ ზინგერი პატიმრობისას და დღეს.