საუკეთესოდ გამოიყენეთ ახალი მდგომარეობა
საუკეთესოდ გამოიყენეთ ახალი მდგომარეობა
ნიდერლანდებში მცხოვრებ ოთხ ქრისტიან უხუცესს — პემს, იანს, დრესსა და ოტოს — ბევრი რამ აქვთ საერთო. ოთხივე დაქორწინებულია და ჰყავთ შვილები. გარდა ამისა, რამდენიმე წლის წინათ ისინი სრული განაკვეთით მუშაობდნენ და კომფორტულ სახლებში ცხოვრობდნენ. მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ მათ მიატოვეს ქვეყნიური სამუშაო და თავიანთი დრო და ძალები სრულად მიუძღვნეს სამეფო ინტერესების წინ წაწევას. როგორ შეძლეს მათ ასეთი ცვლილების მოხდენა? ოთხივემ საუკეთესოდ გამოიყენა ახალი მდგომარეობა.
ადრე თუ გვიან, უმეტესობა ჩვენგანის ცხოვრებაში უსათუოდ მოხდება რაიმე ცვლილება. მაგალითად ისეთი, როგორიცაა დაქორწინება, ბავშვების ყოლა ან ხანდაზმულ მშობლებზე ზრუნვა, რაც დამატებითი პასუხისმგებლობების წინაშე გვაყენებს. მაგრამ ზოგჯერ ჩვენს ცხოვრებაში ისეთი ცვლილებაც ხდება, რომლის შედეგადაც უფრო მეტი თავისუფლება გვეძლევა ქრისტიანული მსახურების გასაფართოებლად (მათე 9:37, 38). მაგალითად, ასე ხდება მაშინ, როდესაც სრულწლოვანი შვილები სხვაგან გადადიან საცხოვრებლად ან როცა პენსიაზე გავდივართ.
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მდგომარეობა შეიძლება ჩვენი სურვილისდა მიუხედავად შეიცვალოს. თუმცაღა ზოგი ქრისტიანი ისე ერგება ამ ცვლილებებს, რომ მსახურებას აფართოებს. სწორედ ასე მოიქცნენ პემი, იანი, დრესი და ოტო. როგორ შეძლეს მათ ამის გაკეთება?
როდესაც შვილები სხვაგან გადადიან
პემი ბუღალტრად მუშაობდა ფარმაცევტულ ფირმაში. ის და მისი ცოლი, ენი, თავიანთ ორ ქალიშვილთან ერთად ხშირად მსახურობდნენ დამხმარე პიონერებად. ამავე დროს, პემი და ენი შვილებთან ერთად თავისუფალ დროს პიონერ და–ძმებთან ერთად ატარებდნენ. „ეს გვიცავდა პრობლემებისგან, რომლებიც შესაძლოა ურწმუნოებთან ურთიერთობას გამოეწვია“, — გვიყვებიან ისინი. მშობლების შესანიშნავმა მაგალითმა ორივე ქალიშვილი აღძრა, რომ საშუალო სკოლის დამთავრებისთანავე სრული დროით მსახურება დაეწყოთ.
როდესაც შვილები სხვაგან გადავიდნენ საცხოვრებლად, პემმა და ენიმ დაინახეს, რომ ამ ცვლილების შედეგად მათ უფრო მეტი თავისუფლება და სახსრები ჰქონდათ. მათ შეეძლოთ ესარგებლათ ამით და საინტერესო ადგილებში ემოგზაურათ ან თავისუფალ დროს სხვა რამით ესიამოვნათ. მაგრამ ამ წყვილმა გადაწყვიტა, თავიანთი ახალი მდგომარეობა ქრისტიანული მსახურების გასაფართოებლად გამოეყენებინათ. ამიტომ პემმა ნებართვა აიღო თავისი დამსაქმებლისგან, რომ კვირაში ერთი დღით ნაკლები ემუშავა. მოგვიანებით კი მან უფროსი დაითანხმა, რომ მუშაობა დილის 7 საათზე დაეწყო და 14 საათზე დაემთავრებინა. უდავოა, სამუშაოსთვის უფრო ნაკლები დროის დათმობა შედარებით ნაკლები შემოსავლით დაკმაყოფილებას ნიშნავდა. მაგრამ პემი და ენი მცირედზეც თანახმა იყვნენ, რის შედეგადაც 1991 წელს პემი მეუღლეს სრული დროით მსახურებაში შეუერთდა.
გარკვეული დროის გასვლის შემდეგ პემს სთხოვეს, რომ იეჰოვას მოწმეთა საკონგრესო დარბაზის მეთვალყურეს დახმარებოდა. ამისათვის წყვილს უნდა დაეტოვებინა საკუთარი სახლი, სადაც 30 წელი იცხოვრეს, და გადასულიყვნენ საკონგრესო დაბადება 19:26; ლუკა 17:32).
დარბაზის შენობაში განთავსებულ ბინაში. ისინი ასეც მოიქცნენ. რთული იყო ამის გაკეთება? ენი ამბობს, რომ როგორც კი სახლი მოენატრებოდა, საკუთარ თავს ეკითხებოდა: „ნუთუ ლოტის ცოლის მსგავსი თვალსაზრისი მაქვს?“ — და უარს ამბობდა ‘უკან მიხედვაზე’ (პემი და ენი ხედავენ, რომ თავიანთი გადაწყვეტილების შედეგად უხვად მიიღეს კურთხევები. ბევრ სხვა დავალებასთან ერთად ისინი სიამოვნებით ასრულებენ თავიანთ დანიშნულებას საკონგრესო დარბაზში — საოლქო კონგრესების მომზადებაში ეხმარებიან ძმებს და უკავშირდებიან სარაიონო ზედამხედველებს (მიმომსვლელ მსახურებს), რომლებიც მოხსენებებით გამოდიან კონგრესებზე. დროდადრო, როდესაც ეს მიმომსვლელი ძმები სხვადასხვა კრებას ინახულებენ, პემი სარაიონო ზედამხედველის დამხმარედ მსახურობს.
როგორ შეძლეს მათ მსახურების გაფართოება? პემი გვიხსნის: „როდესაც შენს ცხოვრებაში დიდი ცვლილება ხდება, მტკიცედ უნდა გადაწყვიტო, რომ საუკეთესოდ გამოიყენო ახალი მდგომარეობა“.
ცხოვრების გაუბრალოება
იანსა და მის მეუღლეს, უოუთს, სამი შვილი ჰყავთ. პემისა და მისი ოჯახის მსგავსად, იანმაც საუკეთესოდ გამოიყენა ახალი მდგომარეობა. წლების მანძილზე იანი ბანკში მუშაობდა და კარგი შემოსავალი ჰქონდა; ასე რომ, ოჯახს ფუფუნებაში აცხოვრებდა. მაგრამ მას ძალიან უნდოდა მსახურების გაფართოება. ის ამბობს: „რაც დრო გადიოდა, უფრო მიღრმავდებოდა ჭეშმარიტებისადმი მადლიერება და იეჰოვას სიყვარული“. ამიტომ 1986 წელს იანმა ცვლილება მოახდინა საკუთარ ცხოვრებაში. ის იხსენებს: „ვისარგებლე ჩვენს დაწესებულებაში მომხდარი რეორგანიზებით და სამსახურს შედარებით ნაკლები დრო დავუთმე. ჩემი შემოსავალი 40 პროცენტით შემცირდა. ამიტომ გავყიდე სახლი და მის ნაცვლად საცხოვრებელი იახტა ვიყიდე, რათა გვემსახურა იქ, სადაც სამეფოს მაუწყებლების დიდი საჭიროება იყო. მოგვიანებით კი საპენსიო ასაკამდე დავტოვე სამსახური. ჩემი შემოსავალი კიდევ 20 პროცენტით შემცირდა, სამაგიეროდ 1993 წელს სრული დროით მსახურების დაწყება შევძელი“.
დღესდღეობით იანი საავადმყოფოებთან ურთიერთობის კომიტეტის წევრია და რეგულარულად მსახურობს კონგრესის ზედამხედველად. სუსტი ჯანმრთელობის მიუხედავად, უოუთი დროდადრო დამხმარე პიონერად მსახურობს. ამჟამად მათი სამივე შვილი დაქორწინებულია და მეუღლეებთან ერთად სამეფოს გულმოდგინე მსახურები არიან.
როგორ შეძლო იანმა და უოუთმა მცირედით დაკმაყოფილება? იანი გვპასუხობს: „როდესაც ფუფუნებაში ვცხოვრობდით, ყოველთვის იმას ვცდილობდით, რომ დიდი მნიშვნელობა არ მიგვენიჭებინა
ფულისა და ქონებისთვის. ჩვენს დროში შეიძლება ადვილი არ იყოს, გარკვეული დროის განმავლობაში ელოდო რაღაცის შოვნას, მაგრამ სულიერი საქმიანობის შედეგად მიღებულ კურთხევებსა და მსახურებაში მონაწილეობის შესაძლებლობას ამ დანაკლისის ათმაგად ანაზღაურება შეუძლია“.იანისა და უოუთის მსგავსად, დრესმა და მისმა მეუღლემ, იენიმაც, გადაწყვიტეს, უბრალოდ ეცხოვრათ და უფრო მეტი დრო სამეფოს ინტერესებისთვის დაეთმოთ. ისინი შვილის შეძენამდე პიონერებად მსახურობდნენ. დრესი, ოჯახზე რომ ეზრუნა, ერთ დიდ ფირმაში მდივნად მუშაობდა. ადმინისტრაცია ძალიან კმაყოფილი იყო მისი მუშაობით და უფრო მაღალი თანამდებობა შესთავაზეს. მაგრამ მან უარი თქვა ამ წინადადებაზე, რადგან ნაკლები დრო დარჩებოდა ქრისტიანული საქმიანობისთვის.
მათი ოჯახი იზრდებოდა; ამასთანავე, იენის ავადმყოფ დედაზე ზრუნვა ბევრ დროსა და ენერგიას მოითხოვდა. მიუხედავად ამისა, ისინი კვლავაც პიონერულ სულს ავლენდნენ. რა დაეხმარა მათ ამაში? იენი ყვება: „ჩვენთან ზოგჯერ პიონერები ცხოვრობდნენ; მათ ხშირად ვეპატიჟებოდით სტუმრად და სარაიონო ზედამხედველებსაც ვთავაზობდით ბინას“. დრესი კი დასძენს: „ჩვენ უბრალოდ ვცხოვრობდით და თავს ვარიდებდით ვალების აღებას. გადავწყვიტეთ, არასდროს ჩავბმულიყავით დიდ ბიზნესში და არ გვეყიდა სახლი, რათა მომავალში მსახურებაში ხელი არ შეგვშლოდა“.
დრესისა და იენის გადაწყვეტილება, რომ ცხოვრებაში ცვლილებები მოეხდინათ და ამგვარად უფრო მეტი დრო დაეთმოთ სამეფოს ინტერესებისთვის, მართლაც შესანიშნავი შედეგების მომტანი აღმოჩნდა. დღეს მათი ორივე ვაჟი უხუცესია და ერთ–ერთი მათგანი ცოლთან ერთად პიონერად მსახურობს. ერთ დროს, დრესი და იენი სპეციალური პიონერები იყვნენ, მოგვიანებით კი მათ ახალი დანიშნულება მიიღეს — დრესი მიმომსვლელ ზედამხედველად დაინიშნა. ამჟამად ისინი მოხალისეებად მსახურობენ ბეთელში, სადაც დრესი ფილიალის კომიტეტის წევრია.
საპენსიო ასაკამდე სამუშაოს დატოვება
დრესისა და იენის მსგავსად, ოტო და მისი მეუღლე ჯუდიც ორი ქალიშვილის შეძენამდე პიონერებად მსახურობდნენ. როდესაც ჯუდი პირველ ბავშვზე იყო ფეხმძიმედ, ოტომ სკოლაში მასწავლებლად დაიწყო მუშაობა.
სანამ მათი შვილები იზრდებოდნენ, ოტო და ჯუდი ხშირად ეპატიჟებოდნენ პიონერებს სახლში, რათა მათ ქალიშვილებს დაენახათ, რამხელა ბედნიერება იყო სრული დროით მსახურება. გარკვეული დროის შემდეგ მათმა უფროსმა ქალიშვილმა პიონერული მსახურება დაიწყო. მოგვიანებით გალაადის სკოლა დაამთავრა და ამჟამად მეუღლესთან ერთად მისიონერად მსახურობს აფრიკის ერთ ქვეყანაში. მათმა უმცროსმა ქალიშვილმა კი 1987 წელს დაიწყო პიონერად მსახურება და მას ჯუდიც შეუერთდა.
როდესაც მომხდარი ცვლილების გამო ოტოს სკოლაში საათები შეუმცირდა, მან ეს დამატებითი დრო პიონერული მსახურების დასაწყებად
გამოიყენა, ბოლოს კი საერთოდ მიატოვა სამსახური. დღეს ოტო მიმომსვლელ ზედამხედველად მსახურობს და თავის მასწავლებლურ ნიჭს კრებების სულიერად გასაძლიერებლად იყენებს.რას ურჩევს ოტო მათ, რომლებიც საპენსიო ასაკამდე ტოვებენ ქვეყნიურ სამუშაოს? „როდესაც სამუშოს დატოვებთ, ნუ მოეშვებით და ნუ იფიქრებთ, რომ ერთი წლის ან უფრო მეტი ხნის განმავლობაში შედარებით ნაკლებ დროს დაუთმობთ მსახურებას, რადგან დიდია იმის ალბათობა, რომ მოდუნდეთ და მალე დაივიწყოთ პიონერული მსახურების შესახებ. ნაცვლად ამისა, დაუყოვნებლივ შეუდექით აქტიურ მსახურებას“.
ცხოვრებისეული გამოცდილების გონივრულად გამოყენება
რასაკვირველია, პემის, იანის, დრესისა და ოტოს მსგავსად, დღესდღეობით ბევრს აღარ აქვთ ახალგაზრდული ძალა და ფიზიკური ამტანობა. სამაგიეროდ, უფრო მოწიფული, გამოცდილი და დაბრძენებული ადამიანები არიან (იგავები 20:29). ცოლ-ქმრული ცხოვრების გამოცდილებამ მათ დაანახვა, რამხელა პასუხისმგებლობა აკისრია მამას ოჯახში და რა მნიშვნელოვან როლს ასრულებს დედა. ეს წყვილები ერთად გაუმკლავდნენ ოჯახურ პრობლემებს და შვილებს სულიერი მიზნების დასახვაში დაეხმარნენ. ოტო ამბობს: „როდესაც, როგორც სარაიონო ზედამხედველი, რჩევას ვიძლევი ოჯახურ ცხოვრებასთან დაკავშირებით, ბავშვების აღზრდის დროს მიღებული პირადი გამოცდილების შედეგად, ვცდილობ, რომ სხვებს უფრო პრაქტიკული რჩევები მივცე. მსგავსადვე, დრესის, როგორც მამის, გამოცდილება ძვირფასი შენაძენია ბეთელის ოჯახისთვის, სადაც ბევრი ახალგაზრდა მსახურობს.
დიახ, პირადი გამოცდილება ეხმარება ასეთ ძმებს, რომ მრავალმხრივ იზრუნონ კრების საჭიროებებზე. ისინი თავიანთი გამოცდილებით, ასე ვთქვათ, ლესავენ იმ ინსტრუმენტებს, რომლებსაც ფლობენ, რათა რაც შეიძლება საუკეთესოდ გამოიყენონ თავიანთი ძალა და შესაძლებლობები (ეკლესიასტე 10:10). ხშირად ეს ძმები უფრო მეტს აკეთებენ, ვიდრე ისინი, რომლებიც ფიზიკურად უფრო ძლიერები არიან, მაგრამ ნაკლებად გამოცდილები.
ასეთი ძმები თავიანთ მეუღლეებთან ერთად შესანიშნავ მაგალითს აძლევენ იეჰოვას ახალგაზრდა მოწმეებს. ეს უკანასკნელები ხედავენ, რომ ასეთი წყვილები პირადად წააწყდნენ ბევრ სირთულეს, მაგრამ კურთხევებიც უხვად მიიღეს. ამ ერთგული წყვილების ისტორიები ჩვენს ქრისტიანულ პუბლიკაციებშია მოთხრობილი. გამამხნევებელია იმ ძმებისა და დების გვერდში ყოფნა, რომლებიც ქალებ იეფუნეს ძის მსგავსად ავლენენ თავგანწირულ სულისკვეთებას; ხანდაზმულობის მიუხედავად, იგი მზად იყო რთული დავალების შესასრულებლად (იესო ნავეს ძე 14:10—12).
მიჰბაძეთ მათ რწმენას
შეგიძლიათ ამ სტატიაში მოხსენიებულ წყვილებს მიჰბაძოთ რწმენასა და სამაგალითო მოქმედებაში? გახსოვდეთ, რომ მათ ჭეშმარიტება ცხოვრებაში პირველ ადგილზე დააყენეს და შვილებს პიონერული მსახურების სურვილი გაუღვივეს. იანი გვიამბობს: „ამის მიღწევა იმის წყალობით შევძელით, რომ ვცდილობდით, სამაგალითონი ვყოფილიყავით იეჰოვასა და მისი ორგანიზაციისადმი სიყვარულის გამოვლენაში, ყოველთვის კარგ საზოგადოებასთან გვქონოდა ურთიერთობა და შვილებისთვის დამოუკიდებლად ცხოვრება გვესწავლებინა“. გარდა ამისა, ისინი ერთად მუშაობდნენ და ისვენებდნენ. „არდადეგების დროს მთელი ოჯახი, ჩვეულებისამებრ, დილაობით სამქადაგებლო მსახურებაში მივდიოდით, შუადღისით კი ერთად ვისვენებდით“, — იხსენებს პემი.
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ ქრისტიანებმა ყველაფერი წინასწარ დაგეგმეს, რის შედეგადაც ცვალებადი ვითარებების დროს საუკეთესოდ გამოიყენეს ახალი მდგომარეობა. მათ დაისახეს მიზნები და, ამასთან ერთად, შესაბამისი გადაწყვეტილებებიც მიიღეს, რაც დაეხმარათ ამ მიზნების უფრო სწრაფად განხორციელებაში. ისინი ყველანაირად შეეცადნენ, შედარებით ნაკლები დრო დაეთმოთ ქვეყნიური სამუშაოსთვის და მცირე შემოსავლით დაკმაყოფილებულიყვნენ (ფილიპელთა 1:10). სტატიაში მოხსენიებულ ქრისტიან მამაკაცებს ცოლები ყოველთვის მხარში ედგნენ. ამ წყვილებს დიდი სურვილი ჰქონდათ, ერთად შესულიყვნენ ‘ღვაწლის ფართე კარში’ და შედეგად იეჰოვასგან უხვად მიეღოთ კურთხევები (1 კორინთელთა 16:9; იგავები 10:22).
თქვენც გაქვთ მსახურების გაფართოების დიდი სურვილი? თუ დიახ, დაამტკიცეთ, რომ შეგიძლიათ ამის მიღწევა ახალი მდგომარეობის საუკეთესოდ გამოყენებით!
[სურათი 20 გვერდზე]
პემი და ენი საკონგრესო დარბაზს უვლიან.
[სურათი 20 გვერდზე]
იანი და უოუთი ქადაგებისას.
[სურათი 21 გვერდზე]
დრესი და იენი ბეთელში მსახურობენ.
[სურათი 21 გვერდზე]
ოტო და ჯუდი კრების მოსანახულებლად ემზადებიან.