არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

უპირველესად სამეფოს ძიება — მშვიდი და ბედნიერი ცხოვრება

უპირველესად სამეფოს ძიება — მშვიდი და ბედნიერი ცხოვრება

ბიოგრაფია

უპირველესად სამეფოს ძიება — მშვიდი და ბედნიერი ცხოვრება

მოგვითხრო ჯეთა სიუნელმა

საუზმის შემდეგ რადიოთი ასეთი განცხადება მოვისმინეთ: „იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაცია არაკანონიერია და მათი საქმიანობა აკრძალულია“.

ეს მოხდა 1950 წელს, როდესაც ოთხი მისიონერი და ერთი წლის ჩასულები ვიყავით დომინიკელთა რესპუბლიკაში. მაშინ 20 წელს გადაცილებული თუ ვიქნებოდით.

მისიონერული მსახურება ყოველთვის არ ყოფილა ჩემი ცხოვრების მიზანი. მშობლებს პატარაობიდანვე დავყავდი ეკლესიაში, თუმცა მამამ პირველი მსოფლიო ომის დროს შეწყვიტა იქ სიარული. 1933 წელს, როდესაც საეპისკოპოსო ეკლესიაში მირონი მცხეს, ეპისკოპოსმა მხოლოდ ერთი მუხლი ამოიკითხა ბიბლიიდან და შემდეგ პოლიტიკაზე გადავიდა. დედა ამან იმდენად გააღიზიანა, რომ მას შემდეგ ეკლესიაში აღარ წასულა.

ჩვენი ცხოვრების წესი იცვლება

ჩემს მშობლებს, უილიამ კარლსა და მარია ადამსს, ხუთი შვილი, სამი ვაჟი და ორი ქალიშვილი, ჰყავდათ. ჩემს ძმებს ერქვათ დონი, ჯოელი და კარლი, ხოლო დას — ჯოი. მათ შორის მე ყველაზე უფროსი ვიყავი, ჩემი და კი — ყველაზე უმცროსი. ერთ დღეს, 13 წლის ასაკში, როდესაც სკოლიდან დავბრუნდი, დედა კითხულობდა იეჰოვას მოწმეების მიერ გამოცემულ ბროშურას, სათაურით „სამეფო — კაცობრიობის იმედი“. „ეს ჭეშმარიტებაა“, — მითხრა მან.

დედამ ყველას მოგვითხრო იმის შესახებ, რაც ბიბლიიდან გაიგო. მან სიტყვითა და საქმით ნათლად დაგვანახვა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო იესოს რჩევა: «უწინარეს ეძიეთ ღვთის სასუფეველი [„სამეფო“, აქ] და მისი სიმართლე» (მათე 6:33).

ყოველთვის არ ვიყავი მის მოსასმენად განწყობილი. ერთხელ ასეთი რამ ვუთხარი: „დედი, აღარ მიქადაგო, თორემ თეფშების გამშრალებაში არ მოგეხმარები“. თუმცა ის ტაქტიანად მაინც განაგრძობდა ჩვენთან საუბარს. დედას სისტემატურად დავყავდით ბიბლიის შესწავლებზე, რომლებიც კლარა რაიენის სახლში ტარდებოდა; ეს და ჩვენს სახლთან ახლოს ცხოვრობდა და მასთან ფეხით მივდიოდით ხოლმე. მაშინ ელმხერსტში (ილინოისის შტატი) ვცხოვრობდით.

კლარა მუსიკას ასწავლიდა. როდესაც მისი მოსწავლეები ყოველი წლის ბოლოს თავიანთი მიღწევების საჩვენებლად აუდიტორიის წინაშე გამოდიოდნენ, ის სარგებლობდა ამ შესაძლებლობით და ღვთის სამეფოსა და აღდგომის იმედის შესახებ საუბრობდა. რადგან ძალიან მიყვარდა მუსიკა, რაც იმან განაპირობა, რომ ვიოლინოზე დაკვრას შვიდი წლიდან ვსწავლობდი, მეც მიწევდა კლარას მოსმენა.

დედასთან ერთად მალე ყველამ დავიწყეთ სიარული კრების შეხვედრებზე, რომლებიც ჩიკაგოს დასავლეთ ნაწილში ტარდებოდა. იქ მისასვლელად დიდი მანძილის გავლა გვიწევდა ჯერ ავტობუსით და შემდეგ ტრამვაით. ნაწილობრივ ამანაც განაპირობა ის, რომ ადრეული ასაკიდანვე უპირველესად სამეფოს ძიების სურვილი გაგვივითარდა. 1938 წელს, დედაჩემის მონათვლიდან სამი წლის შემდეგ, მასთან ერთად იეჰოვას მოწმეთა კონგრესზე წავედი ჩაკაგოში. ის ერთ–ერთი იყო 50 ქალაქიდან, რომლებსაც ამ ღონისძიების დროს ერთმანეთთან რადიოტელეფონი აკავშირებდა. ამ კონგრესზე მოსმენილი შეეხო ჩემს გულს.

მაგრამ გული უფრო მუსიკისკენ მიმიწევდა. 1938 წელს საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მამამ ხელი შემიწყო, რომ ჩიკაგოში არსებულ კონსერვატორიაში ჩამებარებინა. ასე რომ, მომდევნო ორი წლის განმავლობაში მუსიკას ვსწავლობდი, ორ ორკესტრში ვუკრავდი და მიზნად მქონდა დასახული, პროფესიონალი მუსიკოსი გავმხდარიყავი.

ვიოლინოზე დაკვრას მასწავლიდა ევროპიდან ემიგრირებული ჰერბერტ ბატლერი, რომელსაც ბროშურა „ემიგრანტები“ მივეცი, რადგან ვფიქრობდი, რომ დააინტერესებდა *. მასწავლებელმა გამომართვა ეს ბროშურა და ერთ კვირაში, გაკვეთილის შემდეგ, მითხრა: „ჯეთა, შენ კარგად უკრავ და, თუ სწავლას გააგრძელებ, რადიოს ორკესტრში ან მუსიკის მასწავლებლად შეძლებ მუშაობას, მაგრამ. . . — შეყოვნდა, ბროშურაზე მიმანიშნა და დასძინა: — ვფიქრობ, გული ამისკენ უფრო მიგიწევს. რატომ არ დაუთმობდი ამ საქმეს მთავარ ადგილს შენს ცხოვრებაში?“.

მისმა სიტყვებმა სერიოზულად დამაფიქრა. სულ მალე კონსერვატორიაში სწავლა მივატოვე. 1940 წლის ივლისში დედამ დეტროიტში (მიჩიგანის შტატი) იეჰოვას მოწმეთა კონგრესზე წასვლა შემომთავაზა და მეც დავთანხმდი. იქ კარვებისა და მანქანაზე მისაბმელი ვაგონებისთვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე დავბინავდით. რასაკვირველია, ჩემი ვიოლინოც თან მქონდა და კონგრესის ორკესტრში ვუკრავდი. იქ, სადაც დაბინავებული ვიყავით, ბევრი სრული დროით მსახური გავიცანი. ისინი ყველანი ძალიან ბედნიერები იყვნენ. გადავწყვიტე, მოვნათლულიყავი და პიონერად მსახურების დასაწყებად განცხადება შემევსო. იეჰოვას ლოცვით მივმართავდი, რომ დამხმარებოდა, მთელი ცხოვრება სრული დროით მემსახურა.

პიონერად მსახურება ჩემს მშობლიურ ქალაქში დავიწყე, მოგვიანებით კი ჩიკაგოში ვმსახურობდი. 1943 წელს კენტუკში გადავედი. იმავე წლის ზაფხულში, ზუსტად საოლქო კონგრესამდე, გალაადის სკოლის მეორე კლასში მიმიწვიეს, სადაც მისიონერული მომზადება უნდა გამევლო. სწავლა 1943 წლის სექტემბერში იწყებოდა.

ამ კონგრესის დროს ერთ მოწმესთან დავრჩი. მან შემომთავაზა, ამეღო ყველაფერი, რაც მისი ქალიშვილის ტანსაცმლიდან მომეწონებოდა. ის სამხედრო მომსახურე გახდა და დედამისს უთხრა, რომ მისი ყველა ნივთი გაეჩუქებინა. ამ აუცილებელი ტანსაცმლის მიღებით ჩემზე იესოს დანაპირები შესრულდა: «თქვენ კი უწინარეს ეძიეთ ღვთის სასუფეველი [„სამეფო“, აქ] და მისი სიმართლე, და ეს ყოველივე შეგემატებათ» (მათე 6:33). გალაადში ხუთმა თვემ სწრაფად გაიფრინა და 1944 წლის 31 იანვარს გამოშვების შემდეგ მოუთმენლად ველოდი მისიონერული საქმიანობის დაწყებას.

ისინიც სრული დროით მსახურებას ირჩევენ

დედამ 1942 წელს დაიწყო პიონერად მსახურება. იმ დროს ჩემი და–ძმები ჯერ კიდევ სკოლაში დადიოდნენ. დედა ხშირად ხვდებოდა მათ გაკვეთილების შემდეგ და საქადაგებლად მიჰყავდა. ის საოჯახო საქმეების კეთებასაც ასწავლიდა მათ. დედა გვიანობამდე ფუსფუსებდა, აუთოებდა ან სხვა აუცილებელი საქმეებით იყო დაკავებული, რომ დღისით საქადაგებლად გასულიყო.

1943 წლის იანვარში, როდესაც კენტუკში პიონერად ვმსახურობდი, ჩემმა ძმამ, დონმა, პიონერობა დაიწყო. ამან დაამწუხრა მამაჩემი, რომელიც იმედოვნებდა, რომ შვილებიც, მშობლების მსგავსად, უმაღლეს სასწავლებელს დაამთავრებდნენ. დაახლოებით ორი წლის განმავლობაში პიონერად მსახურების შემდეგ, დონი ბრუკლინში არსებულ იეჰოვას მოწმეთა მთავარ სამმართველოში მიიწვიეს, რათა იქ გაეგრძელებინა სრული დროით მსახურება.

ჯოელმა 1943 წლის ივნისში დაიწყო სრული დროით მსახურება. სანამ მშობლებთან ცხოვრობდა, ის არაერთხელ ეცადა, როგორმე მამა კონგრესზე წაეყვანა, მაგრამ უშედეგოდ. მიუხედავად ამისა, მას შემდეგ, რაც ჯოელმა ახლომახლო ტერიტორიაზე ვერავისთან მოახერხა ბიბლიის შესწავლის დაწყება, მამა მას შესწავლაზე დასთანხმდა. მათ ბიბლია უნდა შეესწავლათ წიგნით „ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ“. მამა ადვილად პასუხობდა კითხვებზე, მაგრამ დაჟინებით მოითხოვდა, რომ ჯოელს ბიბლიიდან დაემტკიცებინა ამ წიგნში ჩაწერილი სიტყვების უტყურობა. ეს დაეხმარა ჯოელს ბიბლიური სწავლებების გათავისებაში.

ჯოელი იმედოვნებდა, რომ სამხედრო კომისია მას, როგორც რელიგიურ მსახურს, დონის მსგავსად გაათავისუფლებდა სამხედრო ვალდებულებისგან. მაგრამ, როდესაც კომისიამ დაინახა, რომ ჯოელი ძალიან ახალგაზრდა იყო, არ ცნო რელიგიურ მსახურად და სამხედრო სამსახურში გასაწვევი უწყება გაუზგავნეს. როდესაც ჯოელმა უარი თქვა ჯარში წასვლაზე, მისი დაპატიმრების ორდერი გასცეს. აშშ–ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ მის ადგილსამყოფელს მიაგნო და ჯოელმა სამი დღე დაჰყო კუკის ოლქში არსებულ ციხეში.

მამამ ჩვენი სახლი გამოსასყიდის სახით გამოიყენა და ჯოელი თავდებით გამოაშვებინა. მას შემდეგ ის მსგავს მდგომარეობაში მყოფ სხვა ახალგაზრდა მოწმეებსაც ასეთივე სახით დაეხმარა. მამა იმდენად აღშფოთებული იყო უსამართლო გადაწყვეტილების გამო, რომ ჯოელთან ერთად ვაშინგტონში (კოლუმბიის ფედერალური ოლქი) წავიდა, რათა გაეგო, შეეძლო თუ არა ამ საქმის გასაჩივრება. საბოლოოდ, ჯოელი აღიარეს რელიგიურ მსახურად და სასამართლო საქმეც დაიხურა. ერთხელ, უკვე მისიონერად მსახურების დროს, მამამ მომწერა: „მივხვდი, რომ იეჰოვას უნდა ვუმადლოდეთ ამ გამარჯვებისთვის!“. 1946 წლის აგვისტოს მიწურულს ჯოელი ბრუკლინში არსებულ მთავარ სამმართველოში მიიწვიეს.

კარლი, სანამ 1947 წლის დასაწყისში საშუალო სკოლას დაამთავრებდა, არდადეგების დროს მსახურობდა ხოლმე პიონერად, ხოლო შემდეგ რეგულარულად დაიწყო პიონერული მსახურება. იმ პერიოდში მამას ჯანმრთელობა შეერყა, ამიტომ კარლი გარკვეული ხნის განმავლობაში, სანამ სხვაგან დაინიშნებოდა სრული დროით მსახურად, მამას ეხმარებოდა სამუშაოს შესრულებაში. 1947 წლის მიწურულს კი კარლი, დონთან და ჯოელთან ერთად, ბრუკლინის ბეთელის ოჯახის წევრი გახდა.

საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ჯოიმაც პიონერად დაიწყო მსახურება. 1951 წელს კი თავის ძმებს შეუერთდა ბეთელში. ის მუშაობდა დამლაგებლად და, აგრეთვე, ჟურნალების გამოწერის განყოფილებაში. 1955 წელს ბეთელის ოჯახის წევრზე, როჯერ მორგანზე, გათხოვდა. დაახლოებით შვიდ წელიწადში მათ დატოვეს ბეთელი, რადგან გადაწყვიტეს, რომ შვილები ჰყოლოდათ. მათ ორი შვილი აღზარდეს, რომლებიც, მათ მსგავსად, იეჰოვას ემსახურებიან.

მას შემდეგ, რაც ყველანი სრული დროით მსახურებაში ჩავებით, დედის წახალისების შედეგად, მამა 1952 წელს იეჰოვასადმი მიძღვნის ნიშნად მოინათლა. მიუხედავად შეზღუდული შესაძლებლობისა, ის სიკვდილამდე, 15 წლის განმავლობაში, სხვებისთვის ღვთის სამეფოს შესახებ ჭეშმარიტების გასაზიარებლად მოხერხებულ გზებს პოულობდა.

დედამ მამის ავადმყოფობის გამო ცოტა ხნით შეწყვიტა სრული დროით მსახურება, შემდეგ კი კვლავ გააგრძელა და სიკვდილამდე პიონერად მსახურობდა. მას არასდროს ჰყოლია ავტომანქანა და არც ველოსიპედით სარგებლობდა. დედა, რომელიც პატარა ტანის ქალი იყო, ყველგან ფეხით დადიოდა; ხშირად ქალაქგარეთ მდებარე, საკმაოდ დაშორებულ ტერიტორიებზეც მიდიოდა ბიბლიის შესწავლების ჩასატარებლად.

მისიონერული მსახურება

გალაადის სკოლის დამთავრების შემდეგ, სანამ გამგზავრებისთვის საჭირო ოფიციალურ საბუთებს მივიღებდით, ერთი წლის განმავლობაში პიონერებად ვმსახურობდით ნიუ–იორკის ჩრდილოეთ ნაწილში. საბოლოოდ, 1945 წელს ჩვენი ახალი დანიშნულების ადგილზე, კუბაში, გავემგზავრეთ, სადაც თანდათანობით მოვერგეთ ცხოვრების ახალ წესს. იქაური ხალხი ინტერესით გვისმენდა და მალე თითოეულმა ბევრთან დავიწყეთ ბიბლიის შესწავლა. კუბაში დაახლოებით ოთხი წელი ვიმსახურეთ. შემდეგ კი დომინიკელთა რესპუბლიკაში დაგვნიშნეს. ერთხელ შევხვდი ერთ ქალს, რომელმაც ძალიან მთხოვა, მომენახულებინა მისი კლიენტი, ფრანგი ქალი, სახელად სიუზან ენფრუა, რომელსაც ბიბლიის შესწავლა სურდა.

სიუზანი წარმოშობით ებრაელი იყო და როდესაც ჰიტლერის ჯარი საფრანგეთში შევიდა, მისმა ქმარმა თავისი მეუღლე ორ შვილთან ერთად დომინიკელთა რესპუბლიკაში გადაიყვანა. როდესაც სიუზანთან ბიბლიის შესწავლა დავიწყეთ, მან მალე ნასწავლის სხვებისთვის გაზიარება დაიწყო. პირველად ის იმ ქალს ესაუბრა, რომელმაც მასთან მიმაგზავნა. შემდეგ თავის ფრანგ მეგობარს, ბლანშს, გაუზიარა სასიხარულო ცნობა. შედეგად, ორივენი მოინათლნენ.

„ჩემს შვილებს როგორ დავეხმარო?“ — მკითხა ერთხელ სიუზანმა. მისი ვაჟი სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლობდა, ხოლო ქალიშვილი ბალეტს ეუფლებოდა იმ იმედით, რომ ნიუ–იორკის საკონცერტო დარბაზში, „რეიდიო სიტი მიუზიკ–ჰოლში“, იცეკვებდა. სიუზანმა თავისი შვილებისთვის ჟურნალები „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“–ი გამოიწერა. შედეგად, მისი ვაჟი თავის მეუღლესთან და ამ უკანასკნელის ტყუპისცალთან ერთად, მოწმეები გახდნენ. სიუზანის ქმარი, ლუი, ძალიან ნერვიულობდა იმის გამო, რომ მის ცოლს იეჰოვას მოწმეებთან ჰქონდა ურთიერთობა, რადგან იმ დროისთვის დომინიკელთა რესპუბლიკაში აკრძალული იყო ჩვენი საქმიანობა. მაგრამ მას შემდეგ, რაც მთელი მათი ოჯახი ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად, საბოლოოდ, სიუზანის მეუღლეც მოწმე გახდა.

აკრძალვის მიუხედავად, განვაგრძობთ მსახურებას

ჩვენ 1949 წელს დავინიშნეთ მისიონერებად დომინიკელთა რესპუბლიკაში. დანიშნულების მიღებიდან არც ისე დიდი ხნის შემდეგ იქ იეჰოვას მოწმეთა საქმიანობა აიკრძალა. მტკიცედ გვქონდა გადაწყვეტილი, რომ უფრო მეტად დავმორჩილებოდით ღმერთს, როგორც მმართველს, ვიდრე ადამიანებს (საქმეები 5:29). ჩვენ, პირველ რიგში, ღვთის სამეფოს ვეძებდით, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ, იესოს მითითების თანახმად, სასიხარულო ცნობას ვაცხადებდით (მათე 24:14, აქ). თუმცა ისიც ვისწავლეთ, რომ ქადაგების დროს „გველივით ფრთხილნი და მტრედივით უწყინარნი“ ვყოფილიყავით (მათე 10:16, აქ). მაგალითად, ჩემმა ვიოლინომ ძალიან დიდი დახმარება გამიწია. ის ყოველთვის თან დამქონდა, როცა ბიბლიის შესწავლებს ვატარებდი. მართალია, ვისაც ვასწავლიდი, მევიოლინეები არ გამხდარან, მაგრამ რამდენიმე ოჯახი იეჰოვას მსახურებაში ჩაება.

როდესაც აკრძალვა გაუქმდა, ჩვენ, ოთხი და — მარია ანიოლი, სოფია სოვიაკი, ედიტ მორგანი და მე — სან–ფრანსისკო–დე–მაკორისის მისიონერული სახლიდან გადაგვიყვანეს დედაქალაქში, სანტო–დომინგოს მისიონერულ სახლში, რომელიც ფილიალის ტერიტორიაზე მდებარეობდა. მაგრამ მუსიკის გაკვეთილების ჩასატარებლად ყოველთვიურად მივემგზავრებოდი თავდაპირველი დანიშნულების ტერიტორიაზე. ამის წყალობით, შესაძლებლობა მეძლეოდა, რომ ვიოლინოს ჩასადებით სულიერი საზრდო წამეღო ჩვენი ქრისტიანი ძმებისთვის და უკან მათი სამქადაგებლო მსახურების ანგარიშები წამომეღო.

როდესაც სან–ფრანსისკო–დე–მაკორისში მცხოვრები რამდენიმე ძმა ქრისტიანული ნეიტრალიტეტის მტკიცედ შენარჩუნების გამო სანტიაგოში დააპატიმრეს, მთხოვეს, რომ მათთვის ფული და, თუ მოვახერხებდი, ბიბლიები წამეღო. ამავე დროს, მათი ოჯახის წევრებისთვის უკან დაბრუნებისას მათი ამბავი უნდა შემეტყობინებინა. როდესაც სანტიაგოს ციხის მცველებმა მკლავქვეშ ამოდებულ ვიოლინოს ჩასადებს მოჰკრეს თვალი, მკითხეს: „ეს რისთვის გინდა?“. „მათ გასამხიარულებლად“, — მივუგე.

რამდენიმე საგალობელი დავუკარი, მათ შორის იყო სიმღერა, რომელიც ერთმა მოწმემ ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკში დაწერა. ამჟამად ეს სიმღერა იეჰოვას მოწმეთა სიმღერების წიგნში 29–ე ნომერია. მე მას ისე ვუკრავდი, რომ პატიმარ ძმებს ესწავლათ.

იქ შევიტყვე, რომ იეჰოვას ბევრი მოწმე გადაეყვანათ ფერმაში, რომელიც ტრუხილიო მოლინას, სახელმწიფოს მეთაურს, ეკუთვნოდა. როგორც მითხრეს, ამ ფერმასთან ყველაზე ახლოს ავტობუსის სამარშრუტო გზა გადიოდა. ასე რომ, ნაშუადღევს ავტობუსში ჩავჯექი და მგზავრებს ვთხოვე, ფერმის ადგილმდებარეობა აეხსნათ ჩემთვის. ერთმა პატარა მაღაზიის მფლობელმა გორაკებისკენ გამახედა; მან ცხენი შემომთავაზა და მითხრა, რომ მეგზურად ბიჭს გამომაყოლებდა, თუ ცხენის დაბრუნებამდე ვიოლინოს დავუტოვებდი.

იმ გორაკების გადაღმა მდინარე უნდა გადაგვეცურა; ორივენი ცხენზე ვისხედით და მას მივყავდით ცურვა–ცურვით. იმ მხარეში შევნიშნეთ თუთიყუშების გუნდი, რომელთა მწვანედ და ლურჯად შეფერილი ბუმბული საუცხოოდ ბზინავდა მზეზე. ეს ისეთი თვალწარმტაცი სანახაობა იყო, რომ იეჰოვას ლოცვით მივმართე: „მადლობა იეჰოვა ასეთი ლამაზი არსებების შექმნისთვის!“. როგორც იქნა, ნაშუადღევს, ოთხი საათისთვის ფერმამდე მივაღწიეთ. ჯარისკაცმა თავაზიანად მიმიღო, ძმებთან დალაპარაკების საშუალება მომცა და ნება დამრთო, ყველაფერი გადამეცა მათთთვის, მათ შორის, მცირე მოცულობის ბიბლიაც.

უკან დაბრუნებისას მთელი გზა ვლოცულობდი, რადგან უკვე გვიანი იყო და ბნელდებოდა. წვიმისგან გალუმპულებმა, როგორც იქნა, მაღაზიამდე მივაღწიეთ. რადგან ბოლო ავტობუსი უკვე წასული იყო, მაღაზიის მეპატრონეს ვთხოვე, რომ გზად მიმავალი სატვირთო მანქანა გაეჩერებინა ჩემთვის. მაგრამ გავბედავდი კი ორ მამაკაცთან ერთად მანქანაში ჩაჯდომას? ერთ–ერთმა მკითხა: „იცნობ სოფიას? ის ჩემს დას ბიბლიას ასწავლიდა“. ჩავთვალე, რომ ეს იეჰოვას პასუხი იყო ჩემს ლოცვაზე. მათთან ერთად მშვიდობიანად ჩავედი სანტო–დომინგოში.

1953 წელს ნიუ–იორკში იანკის სტადიონზე ჩატარებულ საერთაშორისო კონგრესზე დომინიკელთა რესპუბლიკიდან მიწვეულ დელეგატებს შორის მეც ვიყავი. მთელი ჩემი ოჯახიც, მამაჩემის ჩათვლით, ამ კონგრესს ესწრებოდა. მას შემდეგ, რაც მოიხსენიეს, თუ დომინიკელთა რესპუბლიკაში როგორ მიიწევდა წინ სამქადაგებლო საქმიანობა, მე და ჩემმა მისიონერმა თანამსახურმა, მარია ანიოლმა, პროგრამაში მივიღეთ მონაწილეობა, რათა გვეჩვენებინა, აკრძალვის მიუხედავად, როგორ ვქადაგებდით.

მიმოსვლითი საქმიანობის შედეგად მიღებული უდიდესი სიხარული

იმავე ზაფხულში რუდოლფ სუნალი გავიცანი, რომელიც მომდევნო წელს ჩემი მეუღლე გახდა. მისი ოჯახის წევრები პირველი მსოფლიო ომის დამთავრებისთანავე მოწმეები გახდნენ ალეგანში (პენსილვანია). მეორე მსოფლიო ომის დროს რუდოლფი ქრისტიანული ნეიტრალიტეტის გამო გარკვეული ხნით დააპატიმრეს. გათავისუფლების შემდეგ მან ბრუკლინში არსებულ ბეთელში დაიწყო მსახურება. ჩვენი დაქორწინებიდან ცოტა ხანში ის დაინიშნა მიმომსვლელ ზედამხედველად, რომლის მოვალეობაშიც კრებების მონახულება შედიოდა. მომდევნო 18 წლის განმავლობაში ყოველთვის თან ვახლდი მას.

ჩვენი ტერიტორია მოიცავდა პენსილვანიას, დასავლეთ ვირჯინიას, ნიუ–ჰემფშირს, მასაჩუსეტსსა და კიდევ სხვა ტერიტორიებს. ჩვენ, ჩვეულებისამებრ, თანაქრისტიანების სახლებში ვრჩებოდით. განსაკუთრებით სასიხარულო იყო ამ ძმების ახლოს გაცნობა და მათთან ერთად იეჰოვას მსახურებაში მონაწილეობა. ისინი ყოველთვის სიყვარულსა და სტუმართმოყვარეობას ავლენდნენ ჩვენ მიმართ და სითბოთი და მთელი გულით გვღებულობდნენ. მას შემდეგ, რაც ჯოელი ჩემს ყოფილ თანამსახურზე, მარია ანიოლზე დაქორწინდა, სამი წელი ისინიც მიმოსვლით საქმიანობაში მონაწილეობდნენ და პენსილვანიისა და მიჩიგანის კრებებს ინახულებდნენ. მოგვიანებით, 1958 წელს ჯოელი ისევ ბეთელში მიიწვიეს, ამჯერად უკვე მარიასთან ერთად.

კარლი, დაახლოებით შვიდი წლის განმავლობაში ბეთელში მსახურების შემდეგ, უფრო მეტი გამოცდილების მისაღებად რამდენიმე თვით მომომსვლელ ზედამხედველად დანიშნეს. მოგვიანებით ის გალაადის სკოლის ინსტრუქტორი გახდა. 1963 წელს კი დაქორწინდა ბობზე, რომელმაც სიკვდილამდე, 2002 წლის ოქტომბრამდე, ერთგულად იმსახურა ბეთელში.

დონი, რომელიც წლების განმავლობაში ბეთელში მსახურობს, დროდადრო, როგორც სამხარეო ზედამხედველი, სხვადასხვა ქვეყნებს ინახულებს, რათა დახმარება გაუწიოს მისიონერებსა და სხვადასხვა ფილიალში მომსახურე ძმებს. მას უწევს აღმოსავლეთის ქვეყნების, აფრიკის, ევროპისა და ამერიკის სხვადასხვა ნაწილის მონახულება. მისი ერთგული მეუღლე, დოლორესი, ხშირად თან ახლავს მას.

მდგომარეობა იცვლება

კარგა ხნის ავადმყოფობის შემდეგ მამა გარდაიცვალა. მაგრამ, როგორც სიკვდილამდე მითხრა, ის ძალიან ბედნიერი იყო, რომ იეჰოვას მსახურება ავირჩიეთ და ამ არჩევანმა უდიდესი სიხარული და კმაყოფილება მოგვიტანა. ეს არ მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ მისი სურვილისამებრ განათლების მისაღებად უმაღლეს სასწავლებელს დავამთავრებდით. მისი გარდაცვალების შემდეგ დედას დავეხმარე, რომ ჩემს დასთან, ჯოისთან, ახლოს გადასულიყო საცხოვრებლად. ცოტა ხანში მე და ჩემმა მეუღლემ გადავწყვიტეთ, ახალ ინგლისში გვემსახურა პიონერებად, რათა მის დედასთან ახლოს გვეცხოვრა, რომელსაც ჩვენი დახმარება ესაჭიროებოდა. რუდოლფის დედის სიკვდილის შემდეგ დედაჩემმა 13 წელი იცხოვრა ჩვენთან. 1987 წლის 18 იანვარს კი, 93 წლის ასაკში, მან დაასრულა თავისი მიწიერი მსახურება.

ხშირად, როცა დედას აქებდნენ იმის გამო, რომ ყველა შვილს პატარაობიდანვე შეგვაყვარა იეჰოვა და მისთვის მსახურების სურვილი ჩაგვინერგა, ის მოკრძალებულად პასუხობდა: «ისინი, უბრალოდ, „პოხიერ მიწაზე დათესილნი“ აღმოჩნდნენ» (მათე 13:23). რამხელა კურთხევაა ასეთი ღვთისმოშიში მშობლების ყოლა, რომლებმაც გულმოდგინებისა და თავმდაბლობის საუკეთესო მაგალითი დაგვიტოვეს!

დღემდე პირველ ადგილზე ვაყენებთ სამეფოს

ჩვენ კვლავაც პირველ ადგილზე ვაყენებთ სამეფოს და, იესოს რჩევის თანახმად, სხვებს სასიხარულო ცნობას ვუზიარებთ (ლუკა 6:38; 14:12—14). იეჰოვაც, თავის მხრივ, ყოველივე აუცილებლით უზრუნველგვყოფს. ჩვენ მშვიდი და ბედნიერი ცხოვრება გვაქვს.

მე და რუდოლფს დღესაც ძალიან გვიყვარს მუსიკა. როდესაც დროის სასიამოვნოდ გატარების მიზნით ვახშამზე ვეპატიჟებით სტუმრებს, რომლებსაც ჩვენ მსგავსად უყვართ მუსიკა, ერთად ვუკრავთ ჩვენ-ჩვენს ინსტრუმენტებზე. მაგრამ მუსიკას ჩემს ცხოვრებაში მთავარი ადგილი არ უკავია; ის, უბრალოდ, სიამოვნებას მანიჭებს. ამჟამად მე და ჩემი მეუღლე ვხარობთ პიონერული მსახურების ნაყოფით, ანუ იმ ადამიანების ხილვით, რომლებსაც წლების მანძილზე ვეხმარებოდით.

დღესდღეობით, ჯანმრთელობის გაუარესების მიუხედავად, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ აგერ უკვე 60 წელზე მეტია, რაც სრულით დროით ვმსახურობთ და ძალიან ბედნიერად და მშვიდად ვცხოვრობთ. ყოველ დილით მადლობას ვუხდი იეჰოვას, რომ უპასუხა მრავალი წლის წინათ, სრული დროით მსახურების დაწყებისას, ჩემ მიერ წარმოთქმულ ლოცვას. დღესაც იმაზე ვფიქრობ, როგორ დავაყენო სამეფო პირველ ადგილზე.

[სქოლიოები]

^ აბზ. 14 გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ. ამჟამად აღარ გამოიცემა.

[სურათი 24 გვერდზე]

1948 წელს გადაღებული ჩვენი ოჯახის ფოტოსურათი (მარცხნიდან მარჯვნივ): ჯოი, დონი, დედა, ჯოელი, კარლი, მე და მამა.

[სურათი 25 გვერდზე]

დედამ გულმოდგინედ მსახურების შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვა.

[სურათი 26 გვერდზე]

კარლი, დონი, ჯოელი, ჯოი და მე თითქმის 50 წლის შემდეგ.

[სურათი 27 გვერდზე]

მარცხნიდან მარჯვნივ: მე, მარია ანიოლი, სოფია სოვიაკი და ედიტ მორგანი დომინიკელთა რესპუბლიკაში მისიონერული მსახურებისას.

[სურათი 28 გვერდზე]

1953 წელს მარიასთან (მარცხნივ) ერთად იანკის სტადიონზე.

[სურათი 29 გვერდზე]

ჩემს მეუღლესთან ერთად მიმოსვლით მსახურებაში.