არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ბიბლიის შესწავლამდე და მის შემდეგ მისი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა

ბიბლიის შესწავლამდე და მის შემდეგ მისი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა

„დაუახლოვდით ღმერთს და ისიც დაგიახლოვდებათ“

ბიბლიის შესწავლამდე და მის შემდეგ მისი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა

როგორი არასასიამოვნო და აზრს მოკლებული გახდა ცხოვრება მეტსეფანგისთვის! ეს გოგონა სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთ ქვეყანაში, ლესოთოში, ცხოვრობდა. მეტსეფანგი კათოლიკედ აღზარდეს. ნაცვლად იმისა, რომ მონაზვნები მას ღმერთთან დაახლოებაში დახმარებოდნენ, წლების მანძილზე რყვნიდნენ და ფულით ითრევდნენ უზნეობაში.

შედეგად მეტსეფანგს გული აუცრუვდა რელიგიაზე. ის ვერ იჯერებდა მოსიყვარულე შემოქმედის არსებობას, რომელიც ნამდვილად ზრუნავდა მისივე შექმნილ ადამიანებზე. უგულებელყოფამ და შეურაცხმყოფელმა მოპყრობამ მეტსეფანგს ღრმა ემოციური ჭრილობები მიაყენა და საკუთარი ღირსების გრძნობა დაუკარგა. ის მოძალადე და აგრესიულ პიროვნებად ჩამოყალიბდა, რის შედეგადაც ბოროტმოქმედებას მიჰყო ხელი.

საბოლოოდ, მეტსეფანგი შეუერთდა ბანდას, რომლის წევრებიც მატარებლებში ხალხს ძარცვავდნენ. მალე ის დაიჭირეს და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ერთ–ერთ ციხეში მიუსაჯეს პატიმრობა. მოგვიანებით სამშობლოში, ლესოთოში, დააბრუნეს, სადაც კვლავ კრიმინალურ ცხოვრებას, სმას, ძალადობასა და უზნეობას მიჰყო ხელი.

უკიდურეს სასოწარკვეთილებამდე მისულმა მეტსეფანგმა ღმერთს მიმართა დახმარებისთვის. მან პირობა მისცა მას: „ღმერთო, თუ ახლა გადავრჩი, ყველაფერს ვიღონებ, რომ გემსახურო“.

მალე ის იეჰოვას მოწმე მისიონერებმა მოინახულეს და ბიბლიის შესწავლა შესთავაზეს. შესწავლის პროცესში მეტსეფანგი მიხვდა, რომ ღმერთი უყურადღებოდ და გულგრილად არ ეკიდებოდა ადამიანებს. მან დაინახა, რომ თურმე სატანა, „სიცრუის მამა“, უღვივებს ადამიანებს უღირსობის გრძნობას ცბიერული და მაცდუნებელი ხერხებით; ის ცდილობს მათ დარწმუნებას იმაში, რომ ვერასოდეს მოიპოვებენ იეჰოვას კეთილგანწყობას (იოანე 8:44; ეფესელთა 6:11).

ამის საპირისპიროდ, რა მანუგეშებელი იყო მეტსეფანგისთვის იმის გაგება, რომ საკუთარი ღირსების გრძნობის ქონა შესაძლებელია, თუ წარსულში ჩადენილ ცოდვებს ვინანიებთ, ღმერთს მივმართავთ პატიებისთვის და სწორად მოქცევით ვცდილობთ მისი გულის გახარებას. მას აუხსნეს, რომ „ღმერთი . . . ჩვენს გულზე დიდია“ და, ჩვენგან განსხვავებით, შეიძლება ძალიან გვაფასებდეს (1 იოანე 3:19, 20).

მეტსეფანგზე ძალიან იმოქმედა ფსალმუნმომღერალი დავითის სიტყვებმა: „თანაუდგება უფალი გულმკვდართ და ყველა მორჩილს უშველის“ (ფსალმუნები 34:19, ჯ. აჯიაშვილის თარგმანი [33:19]). როგორც ერთ–ერთი „გულმკვდარი“, მეტსეფანგი მიხვდა, რომ იეჰოვა არ ივიწყებს თავის მსახურებს მაშინაც კი, თუ ისინი სასოწარკვეთილნი არიან და არარაობად მიიჩნევენ საკუთარ თავს. მას გული გაუთბო იმის გაგებამ, რომ ღმერთი თავის ყველა „ცხვარზე“ ზრუნავს და გაჭირვების დროს მხარში უდგას მათ (ფსალმუნები 54:23; 1 პეტრე 5:6, 7). განსაკუთრებით კი შემდეგი სიტყვები შეეხო მის გულს: „დაუახლოვდით ღმერთს და ისიც დაგიახლოვდებათ“ (იაკობი 4:8, აქ).

ღვთის სიტყვამ, ბიბლიამ, მალე მოახდინა დიდი გავლენა მეტსეფანგის ცხოვრებაზე. მან ქრისტიანულ შეხვედრებზე დაიწყო რეგულარულად სიარული და მიატოვა ბიბლიურად გაუმართლებელი ქმედებები. რა შედეგი მოიტანა ამან? ის მეტად აღარ ფიქრობს, რომ ღვთის სიყვარულისა და მოწონების ღირსი არ არის. მას შემდეგ, რაც მოინათლა და იეჰოვას მოწმე გახდა, მან, როგორც სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის მაუწყებელმა, ათასობით საათი დაუთმო ქრისტიანულ მსახურებას. წარსულში მიყენებული ემოციური ჭრილობების მიუხედავად, მას ამჟამად ბედნიერი და აზრით აღსავსე ცხოვრება აქვს. რა შესანიშნავად ადასტურებს ეს შემთხვევა იმას, რომ ბიბლია რადიკალურად აუმჯობესებს ადამიანის ცხოვრებას! (ებრაელთა 4:12).

[ჩანართი 9 გვერდზე]

„ღმერთო, თუ ახლა გადავრჩი, ყველაფერს ვიღონებ, რომ გემსახურო“.

[ჩარჩო 9 გვერდზე]

ბიბლიური პრინციპები მოქმედია

მათ, ვინც ცუდად მოპყრობის მსხვეპლი გახდა, ქვემოთ მოცემული ბიბლიური პრინციპების გამოყენების შედეგად ნამდვილი შვება იგრძნეს.

„როცა ფიქრები მომიმრავლდება გულში, შენი ნუგეში აამებს ჩემს სულს“ (ფსალმუნები 93:19, სსგ). იეჰოვას მანუგეშებელი სიტყვები, რომლებსაც საღვთო წერილში ვკითხულობთ, უდიდესი სიმშვიდის წყაროა. ამ სიტყვებზე ღრმად დაფიქრებისა და ლოცვის შედეგად ნაკლებად მოგვეძალება ამაღელვებელი ფიქრები და ღმერთზე, როგორც თანამგრძნობ მეგობარზე, მინდობას ვისწავლით.

„[იეჰოვა] განკურნავს გულგატეხილებს და ჭრილობებს შეუხვევს მათ“ (ფსალმუნები 146:3). თუ მადლიერებას ვავლენთ იეჰოვას გულმოწყალებისა და მზრუნველობისთვის — კერძოდ, იესოს გამომსყიდველური მსხვერპლით ჩვენი ცოდვებისგან განწმენდისთვის, თავისუფლად შეგვიძლია დავუახლოვდეთ ღმერთს საკუთარი თავისთვის მსჯავრის დადების გარეშე. ეს საოცარი ნუგეშისა და შინაგანი სიმშვიდის მომტანია.

„არავის შეუძლია ჩემთან [იესო ქრისტესთან] მოსვლა, თუ იგი მამამ, ჩემმა მომავლინებელმა, არ მოიყვანა. მე მას აღვადგენ უკანასკნელ დღეს“ (იოანე 6:44). იეჰოვა სულიწმიდითა და სამეფოს შესახებ სამქადაგებლო საქმიანობით პირადად გვაახლოებს თავის ძესთან და მარადიული ცხოვრების იმედს გვაძლევს.