ახალგაზრდებო, მიიწევთ სულიერად წინ?
ახალგაზრდებო, მიიწევთ სულიერად წინ?
„ქრისტიანულ შეხვედრებს კი ვესწრებოდი, მაგრამ იეჰოვას მსახურების სურვილით არ ვიწვოდი, — ამბობს ჰიდეო, როდესაც სკოლაში მე–7—9 კლასებში სწავლის პერიოდს იხსენებს. — ხშირად წარმოვიდგენდი ხოლმე, რომ ვითომ თანაკლასელებში აღიარებული ვიყავი და ქუჩაში მეგობარ გოგოსთან ერთად ამაყად მოვაბიჯებდი. რაიმე კონკრეტული მიზანი არ მქონია დასახული და არც სულიერი წინსვლისკენ ვისწრაფოდი“. ჰიდეოს მსგავსად, მრავალი ახალგაზრდა დინებას მიჰყვება და ღირებული მიზნის დასახვის ან წინსვლის არავითარი სურვილი არა აქვს.
თინეიჯერობის ასაკს თუ ჯერ არ გადასცილებიხარ, ალბათ, ძალიან მოგწონს სპორტის რომელიმე სახეობაში მონაწილეობა ან შეიძლება რაიმე ჰობით ხარ გატაცებული. მაგრამ, შესაძლოა, სრულიად სხვაგვარი გრძნობები გეუფლება, როდესაც საქმე სულიერ საქმეებზე მიდგება. როგორ ფიქრობ, შეიძლება თუ არა სულიერი მიზნების დასახვასა და მიღწევაში ნახო სიამოვნება? მოვუსმინოთ ფსალმუნმომღერლის სიტყვებს: „მცნება უფლისა ჭეშმარიტია, გააბრძნობს გულუბრყვილოებს. . . მცნება უფლისა სპეტაკია, შუქს აძლევს თვალებს“ (ფსალმუნები 18:8, 9, სსგ). ღვთის სიტყვას შეუძლია „გულუბრყვილოებს“, ანუ ნაკლები გამოცდილების მქონეებს, ხელმძღვანელობა გაუწიოს, რათა მათ გონიერება და სიბრძნე შეიძინონ; ამგვარად მოქმედება კი „შუქს აძლევს თვალებს“. დიახ, სულიერი საქმეებით დაკავებამ შეიძლება დიდი სიხარული მოგანიჭოს. რა უნდა გააკეთო ამისათვის? რით უნდა დაიწყო?
უნდა გქონდეს ღვთის მსახურების სურვილი
პირველ რიგში, ღვთის მსახურების სურვილი უნდა გქონდეს. განვიხილოთ იუდას ახალგაზრდა მეფის, იოშიაჰუს, შემთხვევა. როდესაც ტაძარში იეჰოვას რჯულის წიგნი იპოვეს, მეფემ მაშინვე წაიკითხა ის. წაკითხულმა ძალიან იმოქმედა მის გულზე. შედეგად, „განაგდო იოშიაჰუმ ყოველი სიბილწე ისრაელიანთა ყველა ქვეყნიდან“ (2 ნეშტთა 34:14–21, 33). ღვთის სიტყვის წაკითხვამ იოშიაჰუ აღძრა, უფრო მეტად ეზრუნა წმინდა თაყვანისმცემლობის წინ წაწევაზე.
ბიბლიის კითხვითა და წაკითხულზე დაფიქრებით შენც შეგიძლია იეჰოვას მსახურების სურვილის განვითარება. ამან აღძრა ჰიდეო დამეგობრებოდა ერთ მასზე ასაკით უფროს პიონერს, იეჰოვას სრული დროით მსახურ მოწმეს. პიონერის მაგალითით დიდად გამხნევებულმა ჰიდეომაც მას მიბაძა და ღვთისა და ხალხის მსახურების ძლიერი სურვილი განივითარა. სულიერმა წინსვლამ კი მის ცხოვრებას აზრი შესძინა.
ბიბლიის ყოველდღიურმა კითხვამ შეიძლება ახალგაზრდები ღვთის მსახურებისკენ აღძრას. ტაკაჰირო ამბობს: „თუ შემთხვევით ისე დავწვებოდი, რომ იმ დღისთვის დაგეგმილი ბიბლიური მონაკვეთი არ მქონდა წაკითხული, როგორც კი გამახსენდებოდა,
მაშინვე ვდგებოდი და ვკითხულობდი. ამის შედეგად იეჰოვას ხელმძღვანელობას ვგრძნობდი. ბიბლიის ყოველდღიურმა კითხვამ ძალიან შეუწყო ხელი ჩემს სულიერ წინსვლას. გადავწყვიტე, უფრო მეტად მემსახურა იეჰოვასთვის. ამიტომაც სკოლის დამთავრების შემდეგ მალევე დავიწყე პიონერად მსახურება. ეს მსახურება მე ძალიან მომწონს“.ბიბლიის კითხვასთან ერთად, კიდევ რა გაგიძლიერებდა იეჰოვას განდიდების სურვილს? ტომოჰიროს ბიბლიური ჭეშმარიტება დედამ ასწავლა. ის ყვება: «მთელი გულით იეჰოვას სიყვარული და იესოს გამომსყიდველური მსხვერპლის ძალა მხოლოდ 19 წლის ასაკში შეგვიგრძენი, მას შემდეგ, რაც შევისწავლე წიგნი „ცხოვრებას აქვს აზრი“. ღვთის სიყვარულისთვის მადლიერებამ მიბიძგა, იეჰოვას მსახურებაში მეტი მეკეთებინა» (2 კორინთელთა 5:14, 15). ტომოჰიროს მსგავსად, ბიბლიის გულმოდგინედ პირადმა შესწავლამ მრავალ მოზარდს გაუჩინა სულიერი წინსვლის სურვილი.
რა შეიძლება ითქვას იმ შემთხვევასთან დაკავშირებით, როდესაც ყოველივე ამას აკეთებ, მაგრამ მაინც ვერ გრძნობ, რომ მთელი გულით გწადია იეჰოვას მსახურება? გეგულება ვინმე, ვისაც დახმარებისთვის მიმართავდი? მოციქული პავლე წერდა: „ღმერთი იქმს თქვენში სურვილსაც და მოქმედებასაც“ (ფილიპელთა 2:13). თუ დახმარებისთვის იეჰოვას მიმართავ ლოცვით, ის სიამოვნებით მოგცემს თავის სულიწმიდას, რომელიც არა მარტო „მოქმედების“ ძალას მოგცემს, არამედ „სურვილსაც“. ეს იმას ნიშნავს, რომ ღვთის სულიწმიდა გაგიძლიერებს სურვილს, ყველაფერი გააკეთო იეჰოვას მსახურებაში და სულიერ ზრდაშიც დაგეხმარება. მთელი გულით მიენდე იეჰოვას ძალას და გაიმაგრე გული!
დაისახე პირადი მიზნები
იეჰოვას მსახურების გაფართოების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, სულიერი წინსვლისთვის პირადი მიზნების დასახვაა საჭირო. მენემ, ახალგაზრდა ქრისტიანმა გოგონამ, თქვა: „მიზნების დასახვა ძალიან დამეხმარა. უკან–უკან კი არ მივდიოდი, არამედ გაბედულად წინ მივიწევდი. თავში სულ ჩემი მიზნები მიტრიალებდა და მხურვალედ ვთხოვდი ლოცვაში იეჰოვას, ხელმძღვანელობა გაეწია, რათა წინსვლაში ხელი არ შემშლოდა“.
დაისახე ისეთი მიზნები, რომელთა მიღწევაც შესაძლებელია. კარგი იქნებოდა, მიზნად დაგესახა ყოველდღე ბიბლიიდან თითო თავის წაკითხვა. შეგეძლო ესა თუ ის სულიერი საკითხი გამოგეკვლია. მაგალითისათვის, შეგიძლია იეჰოვას თვისებების შესწავლა «„საგუშაგო კოშკის“ პუბლიკაციების საძიებლის» (რუს.) დახმარებით, სადაც სიტყვა „იეჰოვასთან“ მოცემულ ქვესათაურში „ცალკეული თვისებები“ აღნიშნულია, რომელი პუბლიკაციით შეგიძლია ისარგებლო რომელიმე კონკრეტული თვისების შესასწავლად. ცხადია, ასეთი გამოკვლევის ჩატარება იეჰოვასთან დაგაახლოებს და სტიმულს მოგცემს, მეტი გააკეთო მის მსახურებაში. კიდევ სხვა რეალური მიზნებია: კრებებზე კომენტარების გაკეთება, სულ მცირე, ერთის მაინც; კრების ყოველ შეხვედრაზე ერთ თანაქრისტიანთან მაინც უკეთესად გაცნობა; აგრეთვე, დღე ისე არ დაღამდეს, რომ იეჰოვას ლოცვით არ მიმართო ან მის შესახებ სხვებთან არ ილაპარაკო.
თეოკრატიული სამსახურის სკოლაში თუ ჩაწერილი არა ხარ, კარგი იქნებოდა, ჩაწერილიყავი. მონაწილეობ სამქადაგებლო მსახურებაში? თუ არა, იქნებ გეფიქრა მოუნათლავ მაუწყებლობაზე. ბუნებრივია, შემდგომი ნაბიჯი იეჰოვასთან ურთიერთობაზე სერიოზულად დაფიქრება და მისთვის თავის მიძღვნა იქნებოდა. მრავალი ახალგაზრდა ცდილობს, იცხოვროს თავისი მიძღვნის თანახმად და ეს სრული დროით მსახურებით გამოხატოს.
სულიერი მიზნების დასახვა კი კარგია, მაგრამ მოერიდე მეტოქეობის სულის განვითარებას. შენი გალატელთა 5:26; 6:4).
საქმეები მეტ სიხარულს მოგანიჭებს იმ შემთხვევაში, თუ საკუთარ თავს სხვებს არ შეადარებ (შეიძლება ფიქრობ, რომ ჯერ გამოუცდელი ხარ და შენთვის ძნელია რეალური, გონივრული მიზნების დასახვა. მაშინ ყურად იღე ბიბლიური რჩევა: „ისმინე სიტყვანი ბრძენთა“ (იგავები 22:17). სთხოვე დახმარება მშობლებს ან სხვა მოწიფულ ქრისტიანებს. ცხადია, ისინი გონივრულად უნდა მიუდგნენ ამ საკითხს და არც გამამხნევებელი სიტყვები უნდა დაიშურონ. თუ მოზარდი გრძნობს, რომ მას სხვები უსახავენ მიზნებს და აძალებენ მათ მიღწევას, ამან შეიძლება სიხარული დააკარგვინოს ან თვით მიზნის დასახვის იდეა გაუუფასუროს. ასე დაემართა ერთ გოგონას, რომელიც ყვება: „მშობლები ერთიმეორეზე მიყოლებით მისახავდნენ ისეთ მიზნებს, როგორიცაა: თეოკრატიული სამსახურის სკოლაში ჩაწერა, სამქადაგებლო მსახურებაში მონაწილეობა, მონათვლა და პიონერად მსახურება. დიდი ენერგიის ფასად მიჯდებოდა თითოეულის მიღწევა. ერთ მიზანს მივაღწევდი თუ არა, მშობლები შექების მაგივრად მაშინვე მეორე მიზანს მისახავდნენ. ისეთი გრძნობა მეუფლებოდა, რომ თითქოს ვიღაც ყოველთვის მაძალებდა რაღაცის მიღწევას. ძალა გამომეცალა და საერთოდ ვერ ვგრძნობდი, რომ რამეს მივაღწიე“. სად იყო დაშვებული შეცდომა? ყველა დასახული მიზანი, მართლაც რომ კარგი იყო, მაგრამ ეს არ იყო თავად მოზარდის მიზნები. წარმატების მისაღწევად კი საჭიროა თვითონ მოზარდი იყოს აღძრული იმისკენ, რომ დაისახოს მიზნები!
თუ შენ მოზარდი ხარ, იფიქრე იესო ქრისტეზე. დედამიწაზე მოსვლისას მან იცოდა, რას მოელოდა მისგან მამამისი, იეჰოვა ღმერთი. მისთვის იეჰოვას ნების შესრულება არა მარტო მიზანი იყო, არამედ ღვთისგან მიცემული დავალებაც, რომელიც უნდა შეესრულებინა. როგორ უყურებდა იესო თავის დავალებას? მან თქვა: „ჩემი საჭმელია — ვქმნა ჩემი მომავლინებლის ნება და აღვასრულო მისი საქმე“ (იოანე 4:34). იესოს სიამოვნებდა იეჰოვას ნების შესრულება და მამის მოლოდინს ყოველთვის ამართლებდა. მისთვის ეს საჭმელივით იყო — ესე იგი, სიამოვნებასა და კმაყოფილებას ჰგვრიდა იმ საქმის კეთება, რის შესრულებასაც მამა მისგან მოელოდა (ებრაელთა 10:5—10). თუ სწორი მოტივები გაქვს, შენც კმაყოფილი იქნები იმ დავალების შესრულებით, რომლისკენაც მშობლები გიბიძგებენ.
გულს ნუ გაიტეხ, განაგრძე სიკეთის კეთება!
მიზნის დასახვის შემდეგ, ყველაფერი გააკეთე მის მისაღწევად. გალატელთა 6:9–ში ნათქვამია: „სიკეთის კეთება ნუ მოგვეწყინება, რადგან თავის დროზე მოვიმკით, თუ არ მოვდუნდებით“. ნუ იქნები მხოლოდ საკუთარი ძალების ან უნარის იმედზე. სრულიად შესაძლებელია, რომ ამა თუ იმ მიზნის მისაღწევ გზაზე რაიმე დაბრკოლება გადაგეღობოს ან ზოგჯერ ისეთი გრძნობაც დაგეუფლოს, რომ დამარცხდი. მაგრამ ბიბლია გვარწმუნებს: „ყველა შენს გზაზე შეიცანი იგი [ღმერთი] და ის გაასწორებს შენს ბილიკებს“ (იგავები 3:6). იეჰოვა შეგეხიდება და არ დაგტოვებს, თუ ყველაფერს აკეთებ იმისათვის, რომ დასახულ სულიერ მიზნებს მიაღწიო.
დიახ, იეჰოვას მსახურების სურვილის განვითარებითა და დასახული სულიერი მიზნების მიღწევით, ‘ყველასათვის ცხადს გახდი შენს წარმატებას’ (1 ტიმოთე 4:15). მაშინ სიხარულს მოგანიჭებს ღვთისთვის მიზანდასახული მსახურება.
[სურათი 9 გვერდზე]
ბიბლიის კითხვა და წაკითხულზე დაფიქრება იეჰოვას მსახურების სურვილს გაგიღვივებს.
[სურათი 10 გვერდზე]
იესომ გაამართლა მამის მოლოდინი.