დაუვიწყარი სამქადაგებლო საქმიანობა
დაუვიწყარი სამქადაგებლო საქმიანობა
„მზე თვალისმომჭრელად კაშკაშებს. მთიან რეგიონში ამავალ გზას ბოლო არ უჩანს. გზად შემხვედრი უამრავი დაბრკოლების შემდეგ, როგორც იქნა, მივაღწიეთ ყველაზე შორეულ სოფლამდე. თუმცა საკმაოდ დაღლილები ვიყავით, როდესაც პირველი მოსახლის კარზე დავაკაკუნეთ და გულთბილად მიგვიღეს, სიხარულისგან დაღლილობა სულ მთლად გადაგვავიწყდა. დღის ბოლოსთვის მთელი ლიტერატურა გავრცელებული გვქონდა და რამდენიმე მოსახლესთან ბიბლიის შესწავლაც კი დავიწყეთ. ხალხი მოწყურებული იყო ჭეშმარიტებას. როდესაც წასვლის დრო დადგა, დავპირდით, რომ კვლავ მოვინახულებდით“.
მსგავსი შემთხვევები ჩვეულებრივი მოვლენაა პიონერი მქადაგებლებისგან შემდგარი ჯგუფებისთვის მექსიკაში. მათი მიზანია, გულმოდგინედ იქადაგონ და, ამგვარად, შეასრულონ იესო ქრისტეს მიერ თავისი მოწაფეებისთვის მიცემული დავალება: „იქნებით ჩემი მოწმენი . . . ქვეყნის კიდემდე“ (საქმეები 1:8). მექსიკაში ეწყობა ხოლმე სპეციალური სამქადაგებლო კამპანიები, რომლებსაც პიონერთა მარშრუტებს უწოდებენ. ამ კამპანიების მიზანია, უქადაგონ კრებებისთვის გაუნაწილებელ ტერიტორიებზე მცხოვრებ ხალხს, რომლებიც რეგულარულად ვერ ისმენენ ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას. ჩვეულებრივ, ეს ტერიტორიები შორ მანძილზეა და რთულად მისადგომია. გარდა ამისა, ამ კამპანიების წყალობით დახმარება ეწევათ ასეთ რაიონებში არსებულ კრებებსაც, რომლებსაც ძალიან ვრცელი ტერიტორია აქვთ დასამუშავებელი.
მექსიკის ფილიალი იკვლევს ტერიტორიას იმის განსასაზღვრავად, თუ სად უფრო მეტად არის საჭირო პიონერული მარშრუტების მოწყობა *. ამის შემდეგ სპეციალური პიონერებისგან შემდგარი ჯგუფები იგზავნება სხვადასხვა ტერიტორიაზე საქადაგებლად. ასეთი კამპანიების დროს პიონერთა ჯგუფებს ისეთ ავტომანქანებს აძლევენ, რომლებითაც ადვილად ივლიან უსწორმასწორო და უასფალტო გზებზე. ამ მანქანებს, საჭიროების შემთხვევაში, ლიტერატურის „საწყობად“ და საძინებლადაც კი იყენებენ.
მზადყოფნის სული
1996 წლის ოქტომბრიდან სპეციალურ პიონერებთან ერთად სხვა მაუწყებლებიც მიიწვიეს ამ საქმიანობაში მონაწილეობის მისაღებად. როგორც მაუწყებლები, ისე პიონერები, რომლებიც მზად არიან იმსახურონ იქ, სადაც უფრო დიდი მოთხოვნილებაა, თანდათანობით შეუერთდნენ ამ კამპანიას. ზოგს იმ კრებებში ნიშნავენ, რომელთა ტერიტორიაზეც გადის კამპანიის მარშრუტი, რათა იქადაგონ ამ ტერიტორიებზე და ინტერესი გაუღვივონ ჭეშმარიტებას მოწყურებულ ადამიანებს. მრავალი ახალგაზრდა მაუწყებელი და პიონერი გამოეხმაურა ამ მოწვევას და ძალიან გამამხნევებელი შემთხვევების მომსწრე გახდა.
მაგალითად, ახალგაზრდა ქრისტიანმა, აბიმაილმა, რომელსაც მაღალანაზღაურებადი სამუშაო ჰქონდა მობილური ტელეფონების მწარმოებელ კომპანიაში, გადაწყვიტა დაშორებულ რეგიონებში ქადაგება. როდესაც უფროსებმა გაიგეს, რომ ის თავს ანებებდა სამსახურს, დაწინაურებასა და ხელფასის მომატებას შეჰპირდნენ. თანამშრომლები მის დაყოლიებას ცდილობდნენ და არწმუნებდნენ, რომ ეს უნიკალური შესაძლებლობა იყო და დიდ შეცდომას დაუშვებდა, თუ ამ შანსს ხელიდან გაუშვებდა. ყოველივეს მიუხედავად, აბიმაილმა მტკიცედ გადაწყვიტა, რომ სამი თვით ამ სპეციალურ სამქადაგებლო კამპანიაში მიეღო მონაწილეობა. მას ძალიან მოეწონა ასეთი სახის მსახურება და განუსაზღვრელი დროით დარჩა ამ რეგიონში არსებულ ერთ–ერთ კრებაში, რომელშიც სამეფოს მაუწყებლების დიდი საჭიროება იყო. ამჟამად მას უბრალო სამუშაო აქვს. აბიმაილმა ისწავლა, როგორ გაიმარტივოს ცხოვრება.
საინტერესოა ხულისას შემთხვევაც. მას თავისი დანიშნულების ადგილამდე მისაღწევად 22 საათი მოუწია მგზავრობა. გზის უკანასკნელ მონაკვეთზე ხულისას
ბოლო ავტობუსზე დააგვიანდა. ამ დროს გამოიარა პატარა სატვირთო ავტომობილმა, რომელსაც მუშები მიჰყავდა. ხულისამ გამბედაობა მოიკრიბა და სთხოვა მათ, რომ წაეყვანათ. რასაკვირველია, ის ღელავდა, რადგან ერთადერთი ქალი იყო ამდენ მამაკაცს შორის. როდესაც მან ერთ ახალგაზრდა მამაკაცს დაუწყო ქადაგება, გაიგო, რომ ისიც იეჰოვას მოწმე ყოფილა. „უფრო მეტიც, — იხსენებს ხულისა, — ამ ავტომობილის მძღოლი იმ კრების უხუცესი აღმოჩნდა, რომელშიც მე დამნიშნეს!“.ხანში შესულთა წვლილი
ამ კამპანიებში მხოლოდ ახალგაზრდები არ მონაწილეობენ. ერთ ხანში შესულ დას, ადელას, ყოველთვის ჰქონდა სურვილი, უფრო მეტი დრო დაეთმო სამქადაგებლო საქმიანობისთვის. მან ხელიდან არ გაუშვა ამის შესაძლებლობა, როდესაც სპეციალურ სამქადაგებლო კამპანიაში მონაწილეობის მიღება შესთავაზეს. ის ჰყვება: „იმდენად კმაყოფილი დავრჩი, რომ უხუცესებს ვთხოვე, განუსაზღვრელი დროით დავეტოვე ადგილობრივ კრებაში. ბედნიერი ვარ, რომ ასაკის მიუხედავად, ჯერ კიდევ შემიძლია იეჰოვას მსახურება“.
ამის მსგავსად, იეჰოვასადმი მადლიერებითა და მოყვასის სიყვარულით აღძრულმა 60 წლის მარტამაც შეძლო ამ კამპანიაში მონაწილეობა. როდესაც მან დაინახა, რომ შორი მანძილისა და რთულად გადასაადგილებელი გზის გამო მის ჯგუფს უჭირდა ყველა იქ მცხოვრებ ადამიანამდე მიღწევა, მან მანქანა იყიდა პიონერებისთვის. დის ამ შეწირულობის წყალობით შესაძლებელი გახდა ტერიტორიის უფრო დიდი ნაწილის დამუშავება და ბიბლიური ჭეშმარიტების უფრო მეტ ადამიანთან გაზიარება.
გულითადი გამოხმაურება
ამ სპეციალურ სამქადაგებლო კამპანიაში მონაწილე და–ძმების მიზანი „მოწაფეების მომზადებაა“ (აქ). ამ მხრივ ისინი მართლაც რომ საუკეთესო შედეგებს აღწევენ. დაშორებულ ადგილებში მცხოვრებმა ხალხმა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ბიბლიური ჭეშმარიტება გაიგო (მათე 28:19, 20). მაუწყებლებმა ბევრთან დაიწყეს ბიბლიის შესწავლები, რომლებსაც ატარებენ როგორც ადგილობრივი მაუწყებლები, ისე ჩამოსულები. ზოგან მაუწყებლებისგან შემდგარი ჯგუფები ან პატარა კრებებიც კი ჩამოყალიბდა.
მაგდალენო და მისი თანამსახურები საზოგადოებრივი ტრასპორტით მიემგზავრებოდნენ თავიანთი დანიშნულების ადგილამდე. გზაში მათ მძღოლთან ქადაგების შესაძლებლობა მიეცათ. „ამ მამაკაცმა გვითხრა, რომ ერთი კვირის წინ, მისი სახლში არყოფნის დროს, იეჰოვას მოწმეებს მიუკითხებიათ მისი ოჯახისთვის. როდესაც სახლში დაბრუნდა, ოჯახის წევრებმა უამბეს, რაც მოწმეებისგან მოისმინეს. ჩვენ მას ავუხსენით, რომ ადგილობრივი მცხოვრებლები
კი არ ვიყავით, არამედ სხვა შტატებიდან ჩავედით ამ სამქადაგებლო კამპანიაში მონაწილეობის მისაღებად. ისიც ვუთხარით, რომ საკუთარი ხარჯებით ვიყავით ჩასული. აღფრთოვანებულმა მძღოლმა თქვა, რომ სურდა, იმ კვირასვე დაეწყო ბიბლიის შესწავლა ოჯახთან ერთად. მან შესაწირიც კი გაიღო სამქადაგებლო საქმისთვის: მგზავრობის საფასური არ გადაგვახდევინა.მაგდალენოზე აგრეთვე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩიაპასის შტატის მთიან რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის გამოხმაურებამ. „ერთხელ მე და ჩემმა მეუღლემ სამეფოს შესახებ ცნობა 26 ახალგაზრდისგან შემდგარ ჯგუფს გავუზიარეთ. ისინი პრესვიტერიანულ ეკლესიაში დადიოდნენ. ნახევარი საათის განმავლობაში ყველა დიდი ყურადღებით გვისმენდა. თითოეულმა თავისი ბიბლია ამოიღო და შესაძლებლობა მოგვეცა, საფუძვლიანად დაგვემოწმებინა მათთვის იეჰოვას განზრახვების შესახებ. ამ რეგიონში მცხოვრები ხალხის უმრავლესობას საკუთარი ბიბლია აქვს ცელტალურ ენაზე“. რამდენიმე მათგანთან მოწმეებმა ბიბლიის შესწავლა დაიწყეს.
წინააღმდეგობა ნელ-ნელა კლებულობს
ჩიაპასის შტატის ერთ მხარეში ზოგი მოსახლის წინააღმდეგობის გამო ბიბლიური ჭეშმარიტება ორ წელზე მეტი ხნის მანძილზე არ ყოფილა ნაქადაგები. ტერესამ, სრული დროით მსახურმა დამ, აღნიშნა, რომ ზოგს ეშინოდა ამ სოფელში ქადაგება. „თუმცა, ყველას გასაოცრად, მოსახლეობამ სიამოვნებით მოგვისმინა, — ამბობს ის. — როდესაც ქადაგება დავამთავრეთ, კოკისპირული წვიმა წამოვიდა. თავის შესაფარებლად ერთი სტუმართმოყვარე ადამიანის, სებასტიანის, სახლს მივადექით. მან სახლში შეგვიპატიჟა. ამ შემთხვევით ვისარგებლე და ვკითხე, უკვე მიაკითხეს თუ არა მოწმეებმა. როდესაც თავი გააქნია, ქადაგება დავუწყე. შემდეგ კი წიგნით „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“ * ბიბლიის შესწავლაც ჩავატარეთ. როდესაც შესწავლა დავამთავრეთ, თვალზე ცრემლმომდგარი სებასტიანი შეგვეხვეწა, კვლავ მივსულიყავით მასთან ბიბლის შესასწავლად“.
პიონერების სხვა ჯგუფი, რომელიც ჩიაპასს ეწვია, იტყობინება: «იეჰოვას დახმარებით, ჩვენმა ქადაგებამ შესანიშნავი შედეგები გამოიღო. პირველივე კვირას 27 შესწავლა დავიწყეთ. მეორე კვირას კი ხალხი ჩვენი საზოგადოების ვიდეოფილმის, „ბიბლია — მისი ძალა შენს ცხოვრებაში“, საყურებლად მოვიწვიეთ. სამოცმა ადამიანმა უყურა ამ ფილმს და ყველა ძალიან კმაყოფილი დარჩა. ბოლოს გადავწყვიტეთ, რომ ბიბლიის ჯგუფური შესწავლა დაგვეწყო. ჩვენდა გასაოცრად, ამ სოფელში ორი ასეთი ჯგუფი ჩამოყალიბდა.
როდესაც ჩვენთვის დანიშნულ მთელ ტერიტორიაზე ვიქადაგეთ, ზემოთ მოხსენიებულ სოფელში დავბრუნდით, რათა დაინტერესებული ადამიანები გაგვემხნევებინა და გვენახა, როგორ ტარდებოდა ჯგუფური შესწავლები. ისინი საჯარო მოხსენებასა და „საგუშაგო კოშკის“ შესწავლაზე მივიწვიეთ. ამ შეხვედრების ჩასატარებლად არ იყო საკმარისი ფართობის
ადგილი, რაც სირთულეს ქმნიდა. ერთ–ერთმა მოსახლემ, რომელმაც ძმებს მანამდე საკუთარი სახლი შესთავაზა ჯგუფური შესწავლისთვის, თავისი სახლის ეზო გვიჩვენა და გვითხრა: „შეგიძლიათ აქ ჩაატაროთ შეხვედრები“».იმ შაბათ–კვირას როგორც ჩამოსულმა პიონერებმა, ისე დაინტერესებულმა ხალხმა დიდი მონდომებით მოამზადეს ეს ეზო შეხვედრების ჩასატარებლად. პირველ შეხვედრას 103 ადამიანი ესწრებოდა. ამჟამად ამ სოფელში ბიბლიის 40 შესწავლა ტარდება.
„ეს . . . შესანიშნავი იყო“
გარდა იმისა, რომ ამ კამპანიის მონაწილეები საუკეთესო შედეგებს აღწევენ, ისინი თავადაც უდიდეს სარგებლობას იღებენ. ახალგაზრდა პიონერი, მარია, რომელიც ერთ–ერთ ასეთ კამპანიაში მონაწილეობდა, საკუთარ გრძნობებს გვიზიარებს: «ეს საქმიანობა მართლაც რომ შესანიშნავი იყო ორი მიზეზის გამო — მისი წყალობით უფრო მეტი სიხარული ვიგრძენი მსახურებაში და უფრო დავუახლოვდი იეჰოვას. მახსოვს, ერთხელ, როდესაც მთაზე ფეხით ავდიოდით, ძალიან დავიღალეთ. ამ დროს იეჰოვას დახმარება ვთხოვეთ და ვიგრძენით, როგორ გამართლდა ჩვენზე ესაია 40:29—31–ში ჩაწერილი სიტყვები: „უფლის მოიმედენი ძალას განიახლებენ“. ასე რომ, შევძელით დანიშნულების ადგილამდე მისვლა და იმ ადამიანებთან შესწავლის ჩატარება, რომლებმაც ძალიან თბილად მიგვიღეს».
სხვა ახალგაზრდა პიონერი და, 17 წლის კლაუდია ჰყვება: „პირადად მე ძალიან დიდი სარგებლობა მივიღე. უფრო დავხელოვნდი მსახურებაში, რამაც დიდი სიხარული მომიტანა და სულიერი მიზნების დასახვისკენ აღმძრა. სულიერად უფრო მოწიფული გავხდი. ადრე ჩემთვის ყველაფერს დედაჩემი აკეთებდა სახლში, მაგრამ ახლა, როდესაც უფრო მეტი გამოცდილება შევიძინე, პასუხისმგებლობაც მეტად ვიგრძენი. მაგალითად, ადრე ძალიან აზიზი მჭამელი ვიყავი, მაგრამ მას შემდეგ, რაც განსხვავებულ პირობებთან მომიწია შეგუება, მეტად აღარ ვიწუნებს საჭმელს. ამ სახის მსახურების წყალობით ბევრი მეგობარი შევიძინე. ჩვენ, რაც გაგვაჩნია, ყველაფერს ვიყოფთ და მხარში ვუდგავართ ერთმანეთს“.
სასიხარულო მკა
რა ნაყოფი გამოიღო სამეფოს მაუწყებელთა ამ განსაკუთრებულმა ძალისხმევამ? 2002 წლის დასაწყისისთვის დაახლოებით 28 300 პიონერმა მიიღო მონაწილეობა პიონერთა მარშრუტის სახელით ცნობილ კამპანიებში. ისინი, მთლიანობაში, ბიბლიის 140 000–ზე მეტ შესწავლას ატარებდნენ და მათ ორ მილიონზე მეტი საათი დაუთმეს ქადაგებას. დაინტერესებულებს ბიბლიური ჭეშმარიტების უკეთ გაგების მიზნით თითქმის 121 000 წიგნი და დაახლოებით 730 000 ჟურნალი დაუტოვეს. ზოგი პიონერი 20 ან უფრო მეტ შესწავლას ატარებდა.
ისინი, ვინც ამ კეთილ საქმეს დადებითად ეხმაურებოდა, დიდ მადლიერებას ავლენდნენ სამეფოს მაუწყებელთა განსაკუთრებული მცდელობისთვის, რომ მათთვის ბიბლიური ცნობა მიეწოდებინათ. მიუხედავად იმისა, რომ იქაური მოსახლეობა ღარიბად ცხოვრობს, მათგან ბევრი დაჟინებით სთხოვდა მაუწყებლებს შესაწირავების აღებას. ერთი ხელმომჭირნე 70 წლის ქალბატონი ყოველთვის რაღაცას სთავაზობს მის მოსანახულებლად მისულ პიონერებს. თუ ისინი უარს ამბობენ, ტირილს იწყებს. სხვა ღარიბი ოჯახი კი სრული დროით მსახურ დაძმებს ეუბნება, რომ მათმა ქათამმა სპეციალურად მათთვის დადო კვერცხები და მთელი გულით სთავაზობს მათ.
უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ ეს სუფთა გულის ადამიანები გულწრფელ მადლიერებას ავლენენ სულიერი საკითხებისადმი. მაგალითად, ერთი ახალგაზრდა ქალი ფეხით სამსაათნახევარს ანდომებს ქრისტიანული შეხვედრების ადგილამდე მისვლას და არც ერთ შეხვედრას არ აცდენს. სხვა ხანში შესულმა დამ, რომელსაც ფეხები სტკივა, ორი საათი იმგზავრა, რათა მიმომსვლელი ზედამხედველის მონახულების დროს ბიბლიის სწავლება არ გამოეტოვებინა. ზოგი, რომელთაც არ მიუღიათ განათლება, წერა–კითხვის სწავლის სურვილს გამოთქვამს, რათა უფრო მეტი სარგებლობა მიიღოს ბიბლიური საგანმანათლებლო პროგრამიდან. თავიანთი მცდელობა მათ უფასდებათ კიდეც.
„საქმეების“ წიგნში ლუკა აღწერს ხილვას, რომელიც პავლე მოციქულმა იხილა: «წარუდგა ვიღაც მაკედონელი კაცი, ევედრებოდა და ამბობდა: „მოდი მაკედონიაში და დაგვეხმარე“». პავლე მზადყოფნით გამოეხმაურა ამ თხოვნას. დღეს მექსიკის დაშორებულ ტერიტორიებზე მსახურებით ბევრი პავლეს მსგავს სულს ავლენს და სასიხარულო ცნობას „ქვეყნის კიდემდე“ აცხადებს (საქმეები 1:8; 16:9, 10).
[სქოლიოები]
^ აბზ. 4 გასულ წელს მექსიკის ტერიტორიის 8 პროცენტზე მეტი არ მუშავდებოდა რეგულარულად იეჰოვას მოწმეთა კრებების მიერ. ამ ტერიტორიაზე კი 8 200 000–ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.
^ აბზ. 17 გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.
[სურათი 9 გვერდზე]
სპეციალურ სამქადაგებლო კამპანიებში ბევრმა მექსიკელმა მოწმემ მიიღო მონაწილეობა.