არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ანუგეშეთ დამწუხრებულნი

ანუგეშეთ დამწუხრებულნი

ანუგეშეთ დამწუხრებულნი

„მცხო უფალმა . . . რათა ვანუგეშო ყველა მგლოვიარე“ (ესაია 61:1, 2).

1, 2. ვინ და რატომ უნდა ვანუგეშოთ?

იეჰოვა, ყოველგვარი ნუგეშის ღმერთი, გვასწავლის, რომ ყურადღება მივაქციოთ მათ, ვინც მწუხარებას განიცდის. ის მოგვიწოდებს, ვანუგეშოთ «სულმოკლენი [„დამწუხრებული სულები“, აქ]» და მგლოვიარენი (1 თესალონიკელთა 5:14). საჭიროების შემთხვევაში, თანამორწმუნეებს ვუწევთ ასეთ დახმარებას, მაგრამ სიყვარულს მათ მიმართაც ვავლენთ, ვინც არ არის ქრისტიანული კრების წევრი; თუნდაც ეს ადამიანები ჩვენდამი არანაირ სიყვარულს არ ავლენდნენ (მათე 5:43—48; გალატელთა 6:10, სსგ).

2 საღვთო წერილის ერთი მონაკვეთის წაკითხვის შემდეგ იესო ქრისტემ თქვა, რომ პირადად ეხებოდა მასში მოცემული წინასწარმეტყველება: „უფალი ღმერთის სულია ჩემზე, რადგან მცხო უფალმა, რომ ვახარო შეჭირვებულთ, წარმომგზავნა მე გულგატეხილთა შესახვევად . . . რათა ვანუგეშო ყველა მგლოვიარე“ (ესაია 61:1, 2; ლუკა 4:16—19). სულით ცხებულ ქრისტიანებს დიდი ხანია ესმით, რომ ეს დავალება მათაც უნდა შეასრულონ, ხოლო „სხვა ცხვრები“ სიხარულით უერთდებიან ამაში (იოანე 10:16).

3. როგორ შეგვიძლია მათი დახმარება, ვისაც პასუხი ვერ უპოვია კითხვაზე, თუ რატომ უშვებს ღმერთი უბედურებას?

3 როდესაც უბედურება ხდება და ადამიანები დიდ მწუხარებას განიცდიან, ისინი ხშირად პასუხს ვერ პოულობენ კითხვაზე: „რატომ უშვებს ღმერთი უბედურებას?“. ბიბლია გასაგებ პასუხს იძლევა. თუმცა მათ, ვისაც ბიბლია არ უსწავლია, დრო დასჭირდებათ იმისათვის, რომ ეს პასუხი სრულად აღიქვან. დამწუხრებულთა ნუგეშისცემა შეიძლება იეჰოვას მოწმეთა პუბლიკაციების დახმარებით, მაგრამ ზოგისთვის უმჯობესია, პუბლიკაციის წაკითხვამდე ზოგიერთი ბიბლიური მუხლი — მაგალითად, ესაიას 61:1, 2 — საკუთარი თვალით წაიკითხოს ბიბლიაში *. ამ მუხლებიდან აშკარად ჩანს, რომ ღმერთს სურს ადამიანების ნუგეშისცემა.

4. როგორ დაეხმარა დეპრესიაში მყოფ გოგონას იეჰოვას მოწმე მეგობარი პოლონეთში და ამ შემთხვევის გათვალისწინებით, როგორ დაეხმარებოდით სხვებს უკეთესად?

4 ახალგაზრდებსაც ისევე ესაჭიროებათ ნუგეში, როგორც უფროსებს. ამას მოწმობს პოლონეთში მომხდარი შემთხვევა. დეპრესიაში მყოფმა მოზარდმა გოგონამ რჩევა ჰკითხა მეგობარს. მეგობარმა, რომელიც იეჰოვას მოწმეა, ტაქტიანად გაიგო, რომ ის გაურკვევლობაში იყო და პასუხებს ეძებდა კითხვებზე: რატომ არსებობს ბოროტება? რატომ იტანჯებიან ადამიანები? რატომ იტანჯება ჩემი პარალიზებული და? რატომ მაწუხებს გული? ეკლესიაში ეუბნებოდნენ, რომ ეს ღმერთის ნება იყო, რის გამოც მას ღვთისადმი რწმენა შერყეული ჰქონდა. იეჰოვას მოწმე მეგობარმა თავისთვის ილოცა და უთხრა: „კარგია, რომ მეკითხები. შევეცდები დაგეხმარო“. შემდეგ მოუყვა, რომ ადრე მასაც უამრავი კითხვა ჰქონდა და იეჰოვას მოწმეები დაეხმარნენ პასუხების მიღებაში. „ახლა ვიცი, რომ ღმერთი არ არის დამნაშავე ადამიანების ტანჯვაში, — აუხსნა მან გოგონას. — ღმერთს ვუყვარვართ, ჩვენთვის საუკეთესო უნდა და ამიტომაც მალე დიდ ცვლილებებს მოახდენს დედამიწაზე. ავადმყოფობა, სიბერე და სიკვდილი აღარ იარსებებს და მორჩილი ადამიანები ჩვენს პლანეტაზე მარადიულად იცხოვრებენ“. გოგონამ საკუთარი თვალით ნახა ბიბლიაში გამოცხადების 21:3, 4, იობის 33:25, ესაიას 35:5—7 და 65:21-25. ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ, მან აშკარად შვება იგრძნო და მეგობარს უთხრა: „ახლა კი ვიცი, რისთვისაც ვცხოვრობ. შეიძლება სხვა დროსაც ვილაპარაკოთ?“. ამ გოგონამ ბიბლიის შესწავლა დაიწყო, რისთვისაც კვირაში ორჯერ ხვდებოდა იეჰოვას მოწმეებს.

ანუგეშეთ ღვთიური ნუგეშით

5. რით ვანუგეშებთ დამწუხრებულს, როდესაც თანაგრძნობის გამოვლენა გვინდა?

5 სანუგეშებლად, ცხადია, თანაგრძნობაა საჭირო. ნუგეშისცემისას ვცდილობთ, როგორც სიტყვებით, ისე ხმის ტონით დავანახვოთ დამწუხრებულ ადამიანს, რომ ნამდვილად გვაღელვებს მისი მდგომარეობა. ამას ვერ შევძლებთ გაცვეთილი ფრაზებით. ბიბლია მოგვიწოდებს, „მოთმინებით და წერილთა ნუგეშით გვქონდეს იმედი“ (რომაელთა 15:4). ამ სიტყვების მხედველობაში მიღებით, სათანადო დროს დამწუხრებულს უნდა ავუხსნათ, რა არის ღვთის სამეფო და ბიბლიაში ვაჩვენოთ, როგორ გადაჭრის ეს სამეფო დღევანდელ პრობლემებს. შემდეგ შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რატომ არის ეს იმედი უტყუარი. სწორედ ამგვარად შევძლებთ ადამიანის ნუგეშისცემას.

6. რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ დამწუხრებულები წმინდა წერილებით მაქსიმალურად იქნენ ნუგეშცემული?

6 ნუგეშისცემის დროს დამწუხრებულმა მაქსიმალური დახმარება რომ მიიღოს, საჭიროა, ჭეშმარიტ ღმერთს იცნობდეს — იცოდეს, როგორი ღმერთია ის და რამდენად სანდოა მისი აღთქმები. როდესაც ვანუგეშებთ ადამიანს, რომელიც იეჰოვას თაყვანისმცემელი არ არის, კარგი იქნება, მას ავუხსნათ შემდეგი საკითხები: 1) ბიბლიაში მოცემული მანუგეშებელი სიტყვები იეჰოვასგან, ჭეშმარიტი ღმერთისგან, მომდინარეობს; 2) იეჰოვა ყოვლისშემძლე, ცისა და დედამიწის შემოქმედი, მოსიყვარულე, მწყალობელი და ჭეშმარიტების მოყვარული ღმერთია; 3) ღვთის სიტყვის შესწავლითა და ღმერთთან დაახლოებით სირთულეებთან გასამკლავებლად საჭირო ძალას მივიღებთ; 4) ზოგიერთი ბიბლიური მუხლი უკავშირდება სირთულეებს, რომლებსაც ადამიანები ხვდებიან.

7. ა) რა შეიძლება დაინახოს დამწუხრებულმა ადამიანმა, თუ იმაზე გავუმახვილებთ ყურადღებას, რომ ღვთისგან მომდინარე ნუგეშს „მრავლად ვიღებთ . . . ქრისტეს მეშვეობით“? ბ) როგორ შეგიძლიათ ანუგეშოთ ადამიანი, რომელიც ხვდება, რომ წარსულში არასწორად მოიქცა?

7 დამწუხრებულებს, რომლებიც ბიბლიას იცნობენ, ზოგი 2 კორინთელთა 1:3—7-ის წაკითხვით უწევს სულიერ დახმარებას. ამ დროს გამოყოფენ სიტყვებს: «მრავლდება ჩვენი ნუგეშისცემა ქრისტეს მიერ [„მრავლად ვიღებთ ნუგეშისცემას ქრისტეს მეშვეობით“, აქ]». ეს მუხლები დამწუხრებულ ადამიანს დაანახვებს, რომ ბიბლია ნუგეშის წყაროა და მას მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს. ამით შესაძლოა საუბრის გაგრძელების საშუალება მოგეცეთ და საფუძველი ჩაეყაროს მომავალ საუბრებს. თუ დამწუხრებული ადამიანი ხედავს, რომ ასეთ მდგომარეობაში საკუთარი არასწორი საქციელის გამო აღმოჩნდა, არ განსაჯოთ ის; უთხარით, რომ მანუგეშებელია ის სიტყვები, რომლებსაც 1 იოანეს 2:1, 2-სა და ფსალმუნების 102:11—14-ში ვკითხულობთ. ასეთ შემთხვევაში, ნამდვილად ანუგეშებთ მას იმით, რითაც ღმერთი გვანუგეშებს.

ძალადობა და ეკონომიკური პრობლემები

8, 9. როგორ შეგვიძლია ვანუგეშოთ ძალადობის გამო დატანჯული ადამიანები?

8 მილიონობით ადამიანს ტანჯავს ძალადობა — როგორც დამნაშავეობა, ისე ომები. როგორ უნდა ვანუგეშოთ ისინი?

9 ჭეშმარიტი ქრისტიანები ნეიტრალიტეტს ინარჩუნებენ და მსოფლიო კონფლიქტებში არც სიტყვითა და არც საქმით არავის ემხრობიან (იოანე 17:16). ისინი ხალხს ბიბლიის დახმარებით უხსნიან, რომ დღეს გაბატონებულ სისასტიკეს ბოლო მოეღება. ქადაგებისას ზოგი ქრისტიანი ყურადღებას ამახვილებს ფსალმუნების 10:5-ზე იმის საჩვენებლად, თუ როგორ უყურებს იეჰოვა ძალადობის მოყვარულებს, ან ფსალმუნების 36:1—4-ზე, საიდანაც ჩანს, რომ შურისგება ღმერთს უნდა მივანდოთ. ფსალმუნების 71:12—14-ში ჩაწერილი სიტყვები ცხადყოფს, თუ რას გრძნობს ძალადობისგან დატანჯული უდანაშაულო ხალხის მიმართ დიდი სოლომონი, იესო ქრისტე, რომელიც უკვე მეფობს ზეცაში.

10. როგორ ანუგეშებს აბზაცში მოყვანილი მუხლები ადამიანს, რომელსაც წლების განმავლობაში საკუთარ თავზე გამოუცდია ომის საშინელება?

10 ზოგან მოწინააღმდეგე მხარეები განუწყვეტლივ იბრძვიან ძალაუფლებისთვის და კონფლიქტებს ბოლო არ უჩანს. ამ ქვეყნებში მცხოვრები ხალხისთვის ომი და ომის მიერ მოტანილი უბედურება უკვე ცხოვრების ნაწილია. ერთადერთ იმედად ისინი ქვეყნიდან გაქცევას მიიჩნევენ, მაგრამ უმრავლესობა ამას ვერასოდეს ახერხებს, ხოლო ბევრი გაქცევის მცდელობისას სიცოცხლეს კარგავს. სხვა ქვეყანაში ჩასულები კი, მართალია, თავს აღწევენ ძველ პრობლემებს, მაგრამ ახალი სირთულეების წინაშე დგებიან. ასეთ ადამიანებს ფსალმუნების 145:3—6 დაეხმარება, იმედი ემიგრაციაზე კი არ დაამყარონ, არამედ ბევრად უფრო საიმედო წყაროზე. მათეს 24:3, 7, 14-სა და 2 ტიმოთეს 3:1—5-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველებები კი მათ, ალბათ, მთლიანობაში დაანახვებს რეალურ სურათსა და შექმნილი მდგომარეობის მნიშვნელობას — იმას, რომ ამ ძველი სისტემის ბოლო პერიოდში ვცხოვრობთ. ისინი, შესაძლოა, ფსალმუნების 46:2—4, 9, 10-ისა და ესაიას 2:2—4-ის წაკითხვით დარწმუნდნენ, რომ ნამდვილად შეუძლიათ ჰქონდეთ მშვიდობიანი მომავლის იმედი.

11. რომელმა ბიბლიურმა მუხლებმა ანუგეშა ერთი დასავლეთ აფრიკელი დამწუხრებული ქალი და რატომ?

11 დასავლეთ აფრიკის ერთ-ერთ ქვეყანაში გაუთავებელი ომის დროს ერთი ქალი ტყვიების ზუზუნში გაიქცა საკუთარი სახლიდან. მას შემდეგ ცხოვრებას შიშსა და მწუხარებაში ატარებდა და სასოწარკვეთილებაში იყო ჩავარდნილი. მოგვიანებით, როდესაც ოჯახთან ერთად უკვე სხვა ქვეყანაში ცხოვრობდა, მისმა ქმარმა, ქორწინების მოწმობა დაწვა, ორსული ცოლი თავიანთ ათი წლის ბიჭუნასთან ერთად სახლიდან გააგდო და გადაწყვიტა, მღვდელი გამხდარიყო. დამწუხრებულ ქალს ფილიპელთა 4:6, 7-სა და ფსალმუნების 54:23-ში ჩაწერილი სიტყვები წაუკითხეს და „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“ მისცეს. იქ დაბეჭდილმა ბიბლიაზე დაფუძნებულმა სტატიებმა ქალი ანუგეშა და სიცოცხლის აზრი დაანახვა.

12. ა) რით ანუგეშებს ბიბლია მათ, ვისაც მძიმე ეკონომიკურ პირობებში უწევს ცხოვრება? ბ) როგორ დაეხმარა იეჰოვას მოწმე ერთ ქალს აზიაში?

12 მილიონობით ადამიანს მძიმე ეკონომიკურ პირობებში უწევს ცხოვრება. ზოგჯერ ამის მიზეზი ომი და მის მიერ მოტანილი უბედურებაა. ზოგჯერ კი მთავრობის მიერ გატარებული არასწორი პოლიტიკა და ხელისუფლების სათავეში მყოფთა სიხარბე და უპატიოსნობაა იმის მიზეზი, რომ ხალხი სახსრების გარეშე რჩება და ყველაფერს კარგავს. ბევრი არც არასოდეს ყოფილა მატერიალურად უზრუნველყოფილი. ასეთი ადამიანებისთვის მანუგეშებელი იქნება იმის გაგება, რომ ღმერთი შვებას აღუთქვამს თავისზე მინდობილებს და გვპირდება სამართლიან ქვეყნიერებას, სადაც ყველა გაიხარებს საკუთარი შრომის ნაყოფით (ფსალმუნები 145:6, 7; ესაია 65:17, 21—23; 2 პეტრე 3:13). აზიის ერთ ქვეყანაში იეჰოვას ერთმა მოწმემ ეკონომიკური მდგომარეობით შეწუხებული ქალის სიტყვები მოისმინა. იეჰოვას მოწმემ მას აუხსნა, რომ მათ ქვეყანაში არსებული გაჭირვება მსოფლიოში მიმდინარე მოვლენათა ნაწილი იყო და ყურადღება გაუმახვილა მათეს 24:3—14-სა და ფსალმუნების 36:9—11-ზე. ამ ქალმა ბიბლიის შესწავლა დაიწყო.

13. ა) როგორ უნდა გამოვიყენოთ ბიბლია იმ ადამიანების სანუგეშებლად, რომლებიც ფუჭი დაპირებებით გულგატეხილნი არიან? ბ) როგორ უნდა შეეცადოთ იმ ადამიანებთან საუბრის წარმართვას, რომლებიც მძიმე ცხოვრების გამო ფიქრობენ, რომ ღმერთი არ არსებობს?

13 წლების განმავლობაში დატანჯულ ან ფუჭი დაპირებებით გულგატეხილ ხალხს, შეიძლება, ეგვიპტის მონობაში მყოფი ისრაელების მსგავსად, არაფრის მოსმენის სურვილი აღარ ჰქონდეს (გამოსვლა 6:9). ასეთ შემთხვევებში, კარგი იქნება ყურადღების გამახვილება იმაზე, თუ როგორ დაეხმარება მათ ბიბლია ცხოვრებისეული პრობლემების გადაჭრაში და მისი დახმარებით, როგორ მოერიდებიან იმ უსიამოვნებებს, რომლებიც ბევრს ცხოვრებას უწამლავს (1 ტიმოთე 4:8ბ). ზოგი მძიმე ცხოვრებას იმის დამამტკიცებლად მიიჩნევს, რომ ღმერთი არ არსებობს ან მათზე არ ზრუნავს. იქნებ სათანადო ბიბლიური მუხლების გამოყენებით დაგენახვებინათ ასეთი ადამიანებისთვის, რომ ღმერთი გვეხმარება, მაგრამ ბევრს არ სურს მისი დახმარების მიღება (ესაია 48:17, 18).

ქარიშხალი და მიწისძვრები

14, 15. როგორ დაეხმარნენ იეჰოვას მოწმეები უბედურების დროს სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილ ადამიანებს?

14 ხალხისთვის ზოგჯერ დიდი უბედურება მოაქვს ქარიშხალს, მიწისძვრას, ხანძარსა თუ ვულკანურ ამოფრქვევას. ასეთ დროს მწუხარებამ შეიძლება მრავალი მოიცვას. რის გაკეთებაა შესაძლებელი გადარჩენილთა სანუგეშებლად?

15 ადამიანებმა უნდა დაინახონ, რომ მათზე ზრუნავენ. ერთ ქვეყანაში ტერორისტული აქტის შემდეგ ხალხი სასოწარკვეთილებაში ჩავარდა. ბევრს დაეღუპა ოჯახის წევრები, ოჯახის მარჩენალი თუ მეგობრები. ზოგმა სამუშაო დაკარგა და ადრინდელივით თავს უსაფრთხოდ ვეღარ გრძნობდა. იეჰოვას მოწმეები ინახულებდნენ დაზარალებულებს, თანაუგრძნობდნენ მათ და ბიბლიის დახმარებით ანუგეშებდნენ. ბევრი დამწუხრებული ადამიანი ძალიან მადლიერი იყო ასეთი დახმარებისთვის.

16. რატომ უსმენდა ხალხი ყურადღებით იეჰოვას მოწმეებს სალვადორში, როდესაც იმ მხარეში დიდი უბედურება დატრიალდა?

16 სალვადორში 2001 წელს ძლიერ მიწისძვრას მეწყერი მოჰყვა, რამაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. იეჰოვას ერთ მოწმეს 25 წლის ვაჟი დაეღუპა. მისი ვაჟის საცოლემ კი ორი და დაკარგა. დედა და მისი გარდაცვლილი ვაჟის საცოლე მაშინვე ქადაგებით დაკავდნენ. მათ ბევრი ეუბნებოდა, რომ გარდაცვლილები ღმერთმა წაიყვანა და მათი სიკვდილი ღვთის ნება იყო. ისინი კი ხალხს იგავების 10:22-ზე უმახვილებდნენ ყურადღებას იმის საჩვენებლად, რომ ღმერთს არ სურს ჩვენი ტანჯვა და ის არ არის ჩვენი დარდისა და მწუხარების მიზეზი. შემდეგ კი რომაელთა 5:12-ის გამოყენებით უხსნიდნენ, რომ სიკვდილი ცოდვის შედეგია და არა ღვთის ნება. აგრეთვე მანუგეშებელ სიტყვებს კითხულობდნენ შემდეგი მუხლებიდან: ფსალმუნების 33:19, 36:29, ესაიას 25:8 და გამოცხადების 21:3, 4. ამ დებს, რომლებსაც თვითონაც ჰყავდათ ოჯახის წევრები დაღუპული, ხალხი განსაკუთრებული ყურადღებით უსმენდა, რის შედეგადაც მათ ბევრთან დაიწყეს ბიბლიის შესწავლა.

17. როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ ხალხს უბედურებისას?

17 უბედურებისას, შესაძლოა, საჭირო იყოს, ადამიანს დაუყოვნებლივ აღმოუჩინოთ პრაქტიკული დახმარება. მაგალითად, ექიმი გამოიძახოთ, დაზარალებული საავადმყოფოში წაიყვანოთ ან ვინმე საკვებითა და თავშესაფრით უზრუნველყოთ. 1998 წელს იტალიაში მომხდარი ერთ-ერთი ასეთი უბედურების დროს ერთმა ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ იეჰოვას მოწმეები „პრაქტიკულ დახმარებას უწევდნენ დაზარალებულებს იმისდა მიუხედავად, თუ რომელ რელიგიას მიეკუთვნებოდნენ ისინი“. ბევრ ქვეყანაში უკანასკნელი დღეებისთვის ნაწინასწარმეტყველები მოვლენები დიდი უბედურების მიზეზია. იეჰოვას მოწმეები ასეთ ქვეყნებში მცხოვრებ ხალხს ყურადღებას ბიბლიურ წინასწარმეტყველებებზე უმახვილებენ და ანუგეშებენ, რომ ბიბლიაში მოცემული აღთქმების თანახმად, ღვთის სამეფო უსაფრთხოებას მოუტანს კაცობრიობას (იგავები 1:33; მიქა 4:4).

ოჯახის წევრის სიკვდილი

18—20. სანუგეშებლად რა შეგიძლიათ უთხრათ ან გაუკეთოთ მგლოვიარეს, რომელსაც ოჯახის წევრი დაეღუპა?

18 მრავალი ადამიანი განიცდის საყვარელი ადამიანის გარდაცვალებით მიყენებულ ტკივილს. მათ შეიძლება ქადაგებისას შეხვდეთ ან სულაც შემთხვევით დაელაპარაკოთ, როდესაც ყოველდღიური საქმეებით ხართ დაკავებული. რის თქმა ან გაკეთება შეგიძლიათ მგლოვიარეთა სანუგეშებლად?

19 ადამიანს სახეზე დიდი მწუხარება ხომ არა აქვს აღბეჭდილი? სახლში მგლოვიარე ნათესავები ხომ არ არიან? ასეთ შემთხვევაში შეიძლება ბევრი რამის თქმა გინდათ, მაგრამ საჭიროა გონივრული მიდგომა (ეკლესიასტე 3:1, 7). ალბათ, ასეთ დროს უმჯობესია, თანაუგრძნოთ, სათანადო ბიბლიური პუბლიკაცია დაუტოვოთ (ბროშურა, ჟურნალი ან ტრაქტატი) და რამდენიმე დღის შემდეგ მოინახულოთ, რათა, საჭიროების შემთხვევაში, შემდგომი დახმარება აღმოუჩინოთ. უფრო შესაფერის დროს ბიბლიიდან რამდენიმე მანუგეშებელი აზრი გაუზიარეთ. ამან შესაძლოა შედარებით დაამშვიდოს მგლოვიარე (იგავები 16:24; 25:11). ცხადია, თქვენ იესოსავით არ შეგიძლიათ გარდაცვლილის მკვდრეთით აღდგენა, მაგრამ შესაძლებლობა გაქვთ, მგლოვიარეებს აუხსნათ, რა მდგომარეობაში არიან მიცვალებულები. თუმცა ამ დროს, ალბათ, არ იქნება კარგი, ვინმეს არასწორი შეხედულებების შეცვლას შეეცადოთ (ფსალმუნები 145:4; ეკლესიასტე 9:5, 10; ეზეკიელი 18:4). შეგეძლოთ ერთად წაგეკითხათ მკვდრეთით აღდგომასთან დაკავშირებული ბიბლიური აღთქმები (იოანე 5:28, 29; საქმეები 24:15). აქვე დროული იქნებოდა, ამ აღთქმების მნიშვნელობაზე ლაპარაკი, რისთვისაც, ალბათ, ბიბლიაში ჩაწერილ მკვდრეთით აღდგენის შემთხვევებს გამოიყენებდით (ლუკა 8:49—56; იოანე 11:39—44). ზემოხსენებულის გარდა, შეეცადეთ, ყურადღება გაამახვილოთ ასეთი იმედის მომცემი მოსიყვარულე ღმერთის თვისებებზე (იობი 14:14, 15; იოანე 3:16). უთხარით მგლოვიარეს, პირადად რაში დაგეხმარათ მკვდრეთით აღდგომის შესახებ ბიბლიური სწავლება და რატომ ხართ დარწმუნებული მის ჭეშმარიტებაში.

20 სამეფო დარბაზში მიწვევა მგლოვიარეს დაეხმარება იმ ხალხის გაცნობაში, რომლებმაც იციან, რა არის მოყვასის ნამდვილი სიყვარული და ერთმანეთის გამხნევება. შვედეთში მცხოვრებმა ერთმა ქალმა აღნიშნა, რომ სწორედ ამას ეძებდა მთელი ცხოვრება (იოანე 13:35; 1 თესალონიკელთა 5:11).

21, 22. ა) რა მოგვეთხოვება, თუ მგლოვიარის ნუგეშისცემას ვცდილობთ? ბ) როგორ შეგიძლიათ ანუგეშოთ მგლოვიარე, რომელმაც უკვე იცის ბიბლია?

21 ხომ არ გქონიათ შემთხვევა, როდესაც არ გცოდნიათ, რა გეთქვათ ან რა გაგეკეთებინათ მგლოვიარისთვის — თანაქრისტიანისთვის თუ სხვა ნებისმიერი ადამიანისთვის? ბერძნული სიტყვა, რომელიც ბიბლიაში ხშირად „ნუგეშისცემად“ ითარგმნება, სიტყვასიტყვით „გვერდში ამოდგომის შესახებ თხოვნას“ ნიშნავს. მაშასადამე, ნუგეშისცემა რომ შეძლოთ, საჭიროა, მხარში ამოუდგეთ მგლოვიარეებს (იგავები 17:17).

22 როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მგლოვიარემ იცის, რა არის ნათქვამი ბიბლიაში სიკვდილის, გამოსასყიდისა და მკვდრეთით აღდგომის შესახებ? მისთვის მანუგეშებელი იქნება იმ ადამიანის მხოლოდ გვერდში ყოფნაც კი, რომელიც მის შეხედულებებს იზიარებს. ყურადღებით მოუსმინეთ, თუ მას ლაპარაკი სურს. ნუ იფიქრებთ, რომ თქვენგან სიტყვით გამოსვლა მოითხოვება. ბიბლიურ მუხლებს თუ წაიკითხავთ, დაანახვეთ მას, რომ ღვთის სიტყვები თქვენთვისაც მანუგეშებელია. გამოხატეთ, რომ მტკიცედ ხართ დარწმუნებული იმ აღთქმების ჭეშმარიტებაში, რომლებიც ორივეს გწამთ. ღვთის მსგავსად თანაგრძნობის გამოვლენითა და ღვთის სიტყვის ჭეშმარიტების გაზიარებით შეძლებთ მგლოვიარეების დახმარებას, რათა ისინი „ყოველი ნუგეშის ღმერთის“, იეჰოვას, მიერ იქნენ ნუგეშცემული და განმტკიცებული (2 კორინთელთა 1:3).

[სქოლიოები]

^ აბზ. 3 იხილეთ წიგნები „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“, თავი 8; „მსჯელობა წერილების საფუძველზე“ (ინგლ.), გვერდები 393—400, 427—431; „არსებობს მზრუნველი შემოქმედი?“, თავი 10; და ბროშურა „ნამდვილად ზრუნავს თუ არა ღმერთი ჩვენზე?“.

როგორ უპასუხებდით?

• ვის ადანაშაულებს ბევრი თავს დატეხილი უბედურების გამო და როგორ შეგვიძლია ასეთი ადამიანების დახმარება?

• რის გაკეთება შეგვიძლია იმისათვის, რომ დამწუხრებული ადამიანები ბიბლიის მეშვეობით მაქსიმალურად იყვნენ ნუგეშცემული?

• რის გამო წუხს ხალხი თქვენს მხარეში და როგორ შეგიძლიათ მათი ნუგეშისცემა?

[სასწავლო კითხვები]

[სურათები 23 გვერდზე]

უბედურებისას ჭეშმარიტად მანუგეშებელი ცნობის გაზიარება.

[საავტორო უფლება]

Refugee camp: UN PHOTO 186811/J. Isaac

[სურათი 24 გვერდზე]

მანუგეშებელია მეგობრის მხოლოდ გვერდში ყოფნაც კი.