„კეთილი სინდისი გქონდეთ“
„კეთილი სინდისი გქონდეთ“
„უსმინეთ სინდისის ხმას“. ალბათ, ხშირად გვსმენია ეს რჩევა, მაგრამ ჩვენი სინდისი სწორად რომ რეაგირებდეს, საჭიროა მისი სათანადოდ განსწავლა სწორისა და არასწორის გასარჩევად. ამასთანავე აუცილებელია, რომ ჩვენც ვუსმენდეთ მის ხმას და შესაბამისად ვრეაგირებდეთ.
დავფიქრდეთ ზაქეს შემთხვევაზე, რომელიც ბიბლიაშია ჩაწერილი. ის იერიხონში მცხოვრები შეძლებული მამაკაცი, გადასახადების ამკრეფთა უფროსი იყო. როგორც თავად აღიარა, სიმდიდრე მას გამოძალვით ჰქონდა მოპოვებული, რითაც, რასაკვირველია, სხვებს აზარალებდა. ქენჯნიდა ზაქეს სინდისი თავისი უსამართლო ქმედების გამო? ასეც რომ ყოფილიყო, როგორც ჩანს, ის სინდისის კარნახს უგულებელყოფდა (ლუკა 19:1—7).
მიუხედავად ამისა, ერთმა შემთხვევამ ზაქე აღძრა, დაფიქრებულიყო საკუთარ ცხოვრებაზე. ეს მაშინ მოხდა, როცა იესო იერიხონში ჩავიდა. ზაქეს იესოს დანახვა უნდოდა, მაგრამ ტანდაბლობის გამო უამრავ ხალხში ვერ შეძლო მისთვის თვალის მოკვრა. ამიტომ წინ გაიქცა და ხეზე ავიდა, საიდანაც უკეთესად დაინახავდა უფალს. მისი ასეთი ინტერესით გაოცებულმა იესომ უთხრა, რომ სახლში ეწვეოდა. ზაქემ სიხარულით მიიღო განსაკუთრებული სტუმარი.
ის, რაც ზაქემ იესოსთან ურთიერთობისას იხილა და მოისმინა, ძალიან შეეხო მის გულს და საკუთარ ცხოვრებაში ცვლილებების მოსახდენად აღიძრა. მან თქვა: „აჰა, უფალო, ჩემი ქონების ნახევარს ღარიბებს მივცემ და, თუ ვინმესთვის რამე გამომიძალავს, ოთხმაგად მივაგებ“ (ლუკა 19:8).
ზაქეს სინდისი განისწავლა, რის შემდეგაც მან მოუსმინა მის ხმას და შესაბამისად ამოქმედდა. ამ ნაბიჯმა მას ძალიან კარგი შედეგი მოუტანა. წარმოიდგინეთ, რას იგრძნობდა ზაქე იესოს სიტყვების მოსმენაზე: „დღეს მოხდა ამ სახლის ხსნა“ (ლუკა 19:9).
მართლაც გამამხნევებელი შემთხვევაა! ის ცხადყოფს, რომ, როგორი წარსულიც უნდა გვქონოდა, მაინც შეგვიძლია შევიცვალოთ. ზაქეს მსგავსად, ჩვენც შეგვიძლია ყურად ვიღოთ იესოს სიტყვები, რომლებიც ბიბლიაშია ჩაწერილი და ისე განვსწავლოთ საკუთარი სინდისი, რომ სწორი და არასწორი ერთმანეთისგან გავარჩიოთ. ასეთ შემთხვევაში, პეტრე მოციქულის მოწოდების თანახმად, ჩვენც ‘გვექნება კეთილი სინდისი’, მოვუსმენთ უკვე განსწავლული სინდისის ხმას და სწორად ვიმოქმედებთ (1 პეტრე 3:16).