არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

კითხულობთ, „სად არის იეჰოვა?“

კითხულობთ, „სად არის იეჰოვა?“

კითხულობთ, „სად არის იეჰოვა?“

«განმშორდნენ მე . . . და არ თქვეს: ‘სად არის უფალი [„იეჰოვა“, აქ]?’» (იერემია 2:5, 6).

1. როდესაც ადამიანებს ებადებათ კითხვა: „სად არის ღმერთი?“, რა შეიძლება მათ ამ დროს აინტერესებდეთ?

სად არის ღმერთი? ეს კითხვა მრავალ ადამიანს ებადება. ზოგიერთი მათგანი ჩვენი შემოქმედის შესახებ, უბრალოდ, იმის გაგებას ცდილობს, თუ სად არის მისი ადგილსამყოფელი. სხვებს მსგავსი შეკითხვა დიდი უბედურების შესახებ მოსმენისას ან რთული პირადი პრობლემების დროს ებადებათ და აინტერესებთ, რატომ არ ერევა ღმერთი ადამიანთა ცხოვრებაში. არიან ისეთებიც, რომლებიც სრულიად არ ფიქრობენ ამაზე, ვინაიდან საერთოდ არ სწამთ ღმერთი (ფსალმუნები 9:25).

2. ვინ აღწევს წარმატებას ღვთის ძიებაში?

2 ცხადია, ბევრი აღიარებს, რომ ღვთის არსებობის დამადასტურებელი ფაქტები მრავლად არსებობს (ფსალმუნები 18:2; 103:24). ზოგი მათგანისთვის სრულიად დამაკმაყოფილებელია რომელიმე რელიგიაში გაერთიანება. სხვა მილიონებს კი, მათგან განსხვავებით, ჭეშმარიტების ძლიერი სიყვარული აღძრავს, ეძიონ ჭეშმარიტი ღმერთი. მათი მცდელობა ამაო არ არის, რადგან ღმერთი „შორს როდია თითოეული ჩვენთაგანისაგან“ (საქმეები 17:26—28).

3. ა) სად არის ღვთის ადგილსამყოფელი? ბ) რა აზრია ჩადებული ბიბლიურ კითხვაში: „სად არის იეჰოვა“?

3 ადამიანი, რომელიც მართლაც პოულობს იეჰოვას, ხვდება, რომ „ღმერთი არის სული“ და ადამიანის თვალისთვის უხილავია (იოანე 4:24). იესო ჭეშმარიტ ღმერთს „ზეციერ მამას“ უწოდებდა. რას გვეუბნება ეს სიტყვები? იმას, რომ ჩვენი ზეციერი მამის ადგილსამყოფელი, სულიერი გაგებით, ისევე ამაღლებულია, როგორც ფიზიკური ცაა მიწაზე მაღლა (მათე 12:50; ესაია 63:15). ჩვენ არ შეგვიძლია ფიზიკურად დავინახოთ ღმერთი, მაგრამ ის გვაცნობს საკუთარ პიროვნებას და თავისი განზრახვებიდანაც ბევრ რამეს გვიმხელს (გამოსვლა 33:20; 34:6, 7). ის უპასუხოდ არ ტოვებს იმ გულწრფელი ადამიანების კითხვებს, რომელთაც სურთ იმის გაგება, თუ რა არის სიცოცხლის აზრი. ღმერთი საიმედო ხელმძღვანელობას გვიწევს და ამგვარად ვიგებთ მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული საკითხებისადმი მის დამოკიდებულებას; კერძოდ, ვიცით, როგორია მისი თვალსაზრისი ამა თუ იმ საკითხზე და შეესაბამება თუ არა ჩვენი სურვილები მის განზრახვას. ღმერთს უნდა, რომ გამოვიკვლიოთ მსგავსი საკითხები და მთელი გულით ვეცადოთ, ვიპოვოთ მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხები. ძველ დროში მცხოვრები ისრაელები ამას არ აკეთებდნენ, რის გამოც იეჰოვამ ისინი გაკიცხა იერემია წინასწარმეტყველის მეშვეობით. მათ იცოდნენ ღვთის სახელი, მაგრამ არ კითხულობდნენ: «სად არის უფალი [„იეჰოვა“, აქ]?» (იერემია 2:6). ამ ხალხს მაინცდამაინც არ აინტერესებდა იეჰოვას განზრახვა. ისინი არ ეძებდნენ ღვთის ხელმძღვანელობას. პირადად თქვენ, დიდი თუ პატარა გადაწყვეტილების მიღებისას, კითხულობთ: „სად არის იეჰოვა“?

ისინი ეძებდნენ ღვთის ხელმძღვანელობას

4. რას ვსწავლობთ დავითის მაგალითიდან, კერძოდ კი იქიდან, რომ ის ყოველთვის ღვთის თვალსაზრისის გაგებას ცდილობდა?

4 დავითმა, იესეს ძემ, ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში განივითარა იეჰოვასადმი მტკიცე რწმენა. მისთვის იეჰოვა „ცოცხალი ღმერთი“ იყო. მას საკუთარ თავზე ჰქონდა გამოცდილი ღვთის მფარველობა. იეჰოვას სახელის მიმართ რწმენითა და სიყვარულით აღძრულმა დავითმა კბილებამდე შეიარაღებული ფილისტიმელი გოლიათი დაამარცხა (1 მეფეთა 17:26, 34—51). მაგრამ წარმატებას ის თავდაჯერებული არ გაუხდია. მას არ უფიქრია — აი, ახლა კი შემიძლია, რაც მინდა ის ვაკეთო, იეჰოვა მაინც მაკურთხებსო. ამ შემთხვევიდან წლების გასვლის შემდეგაც, გადაწყვეტილებების მიღებისას დავითი იეჰოვას თვალსაზრისის გაგებას ცდილობდა (1 მეფეთა 23:2; 30:8; 2 მეფეთა 2:1; 5:19). ის კვლავაც ლოცულობდა: „შენი გზები მაუწყე, უფალო, მასწავლე შენი კვალი. წარმიძეღ შენი ჭეშმარიტებით და მასწავლე, რადგან შენ ხარ ღმერთი ჩემი ხსნისა; შენით ვიმედოვნებ ყოველდღე“ (ფსალმუნები 24:4, 5). მართლაც რა დიდებული მისაბაძი მაგალითია!

5, 6. სხვადასხვა სიტუაციაში ყოფნისას, როგორ ეძებდა იოშაფატი იეჰოვას?

5 დავითის სამეფო ხაზიდან მეხუთე მეფის, იოშაფატის, დღეებში სამმა ქვეყანამ გაერთიანებული ძალებით იუდას წინააღმდეგ გაილაშქრა. საჭირო იყო დაუყოვნებლივ მოქმედება და მეფემაც „შესაკითხად უფალს მიმართა“ (2 ნეშტთა 20:1—3). ეს პირველი შემთხვევა არ იყო, როდესაც იოშაფატმა იეჰოვა მოიძია. მეფე თაყვანს არ სცემდა ბაალს, რომლის თაყვანისცემაც ფართოდ იყო გავრცელებული განდგომილ ჩრდილოეთ სამეფოში. ის იეჰოვას გზებით დადიოდა (2 ნეშტთა 17:3, 4). ამჯერად კი, კრიტიკულ მდგომარეობაში აღმოჩენისას, როგორ მოიძია მეფემ იეჰოვა?

6 იოშაფატმა იერუსალიმში მთელი კრებულის წინაშე ილოცა. ამ დროს წარმოთქმული სიტყვებით მან ცხადყო, რომ ახსოვდა იეჰოვა და მისი უსაზღვრო ძალა. მეფეს კარგად ჰქონდა ნაფიქრი იეჰოვას განზრახვაზე. ეს განზრახვა ჩანდა ღვთის საქმეებიდან, კერძოდ იქიდან, რომ იეჰოვამ განდევნა სხვა ერები და მიწა ისრაელებს მისცა დასამკვიდრებლად. იოშაფატს ესმოდა, რომ ღვთის დახმარება სჭირდებოდა (2 ნეშტთა 20:6—12). გამოეხმაურა იეჰოვა თავის მსახურს? რა თქმა უნდა. ლევიანი იახაზიელის მეშვეობით მან თავის ხალხს კონკრეტული მითითება მისცა და მომდევნო დღეს გაამარჯვებინა კიდეც მტერზე (2 ნეშტთა 20:14—28). როგორ შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ, თუ ძებნას დაუწყებთ, იეჰოვა არც თქვენ დაგტოვებთ ხელმძღვანელობის გარეშე?

7. ვის ლოცვებს ისმენს ღმერთი?

7 იეჰოვა მიუკერძოებელი ღმერთია. ის ნებისმიერი ერის წარმომადგენლებს მოუწოდებს, ლოცვით მოუხმონ მას (ფსალმუნები 64:3; საქმეები 10:34, 35). ღმერთმა იცის იმ ადამიანთა გულის ზრახვები, ვინც თხოვნით მიმართავს. ის გვარწმუნებს, რომ ისმენს მართალთა ლოცვებს (იგავები 15:29). იეჰოვა თავისთან მისასვლელ გზას აჩვენებს მათ, რომლებიც ადრე მისდამი არავითარ ინტერესს არ ავლენდნენ, მაგრამ ახლა თავმდაბლად ეძებენ მის ხელმძღვანელობას (ესაია 65:1). ის მათ ლოცვებსაც კი ისმენს, რომლებმაც მისი კანონები დაარღვიეს, მაგრამ შემდეგ თავმდაბლად ინანიებენ (ფსალმუნები 31:5, 6; საქმეები 3:19). აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თუ ადამიანს ღვთის მორჩილი გული არა აქვს, მისი ლოცვები ამაოა (მარკოზი 7:6, 7). განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი.

ისინი ლოცულობდნენ, მაგრამ პასუხი არ მიიღეს

8. რამ გახადა მეფე საულის ლოცვები იეჰოვასთვის მიუღებელი?

8 როდესაც წინასწარმეტყველმა სამუელმა მეფე საულს უთხრა, რომ ურჩობისთვის ღმერთმა უარყო იგი, მეფემ თაყვანი სცა იეჰოვას (1 მეფეთა 15:30, 31). მაგრამ ეს მხოლოდ მოჩვენებითი ჟესტი იყო. საული ღვთის მორჩილებაზე კი არ ფიქრობდა, არამედ — ხალხის წინაშე განდიდებაზე. მოგვიანებით, როდესაც ისრაელის სამეფოს ფილისტიმელები მიადგნენ, საული მხოლოდ ფორმალურად დაეკითხა იეჰოვას, მაგრამ მისგან პასუხი არ მიუღია. მაშინ მეფემ მედიუმს მიმართა, თუმცა იცოდა, რომ იეჰოვა განსჯიდა მათ საქმიანობას (მეორე რჯული 18:10—12; 1 მეფეთა 28:6, 7). საულის შესახებ, საბოლოო ჯამში, 1 ნეშტთას 10:14-ში ნათქვამია: „უფალს არ ეკითხებოდა“. როგორ, ის ხომ მიმართავდა ღმერთს? საულის ლოცვები რწმენით არ იყო წარმოთქმული. ამიტომ ღვთისთვის მისი ლოცვები არაფრის მთქმელი იყო.

9. რა შეცდომა დაუშვა ციდკიაჰუმ იმ დროს, როდესაც იეჰოვას ხელმძღვანელობისთვის მიმართავდა?

9 მსგავსი რამ მოხდა მაშინაც, როდესაც იუდას სამეფო თავისი არსებობის უკანასკნელ დღეებს ითვლიდა. მართალია, სამეფოში აღავლენდნენ ლოცვებს და ეკითხებოდნენ იეჰოვას წინასწარმეტყველებს, მაგრამ, ამასთან ერთად, ხალხი იეჰოვასადმი ვითომ თაყვანისმცემლობაში კერპთაყვანისმცემლობას ურევდა (სოფონია 1:4—6). ერთი შეხედვით, ისინი ეძებდნენ ღმერთს, მაგრამ გული არ ჰქონდათ მომზადებული იმისათვის, რომ ღვთის ნებისამებრ მოქცეულიყვნენ. მეფე ციდკიაჰუმ იერემიას სთხოვა, იეჰოვასგან გაეგო, რას უმზადებდა მომავალი. იეჰოვას მეფისთვის უკვე ნათქვამი ჰქონდა, როგორ უნდა მოქცეულიყო, მაგრამ რწმენის უკმარისობისა და კაცთმოშიშების გამო, ციდკიაჰუ არ დაემორჩილა ღმერთს. იეჰოვას კი სხვა, მისთვის უფრო სასურველი, პასუხი არ გაუცია (იერემია 21:1—12; 38:14—19).

10. იეჰოვას ძიებასთან დაკავშირებით, რა იყო არასწორი იოხანანის მოქმედებაში და რის სწავლა შეგვიძლია აქედან?

10 იერუსალიმი განადგურდა და ბაბილონელებმა იუდეველები ტყვედ წაასხეს. იოხანანმა გადარჩენილ იუდეველთა პატარა ჯგუფი ეგვიპტეში წასაყვანად გაამზადა. წასვლის წინ იერემიას სთხოვეს, ელოცა მათთვის და იეჰოვასთვის ხელმძღვანელობა ეთხოვა, თუმცა გეგმა უკვე შემუშავებული ჰქონდათ. მათ არ მიიღეს სასურველი პასუხი, მაგრამ უკან არ დაუხევიათ და თავიანთი გეგმის შესაბამისად მოქმედება განაგრძეს (იერემია 41:16—43:7). რა გასწავლათ ამ მაგალითებმა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იპოვოთ იეჰოვა, როდესაც მას ძებნას დაუწყებთ?

„გამოსცადეთ“

11. რატომ უნდა ვიღოთ ყურად ეფესელთა 5:10-ში ჩაწერილი სიტყვები?

11 ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა იეჰოვასთვის თავის მიძღვნის ნიშნად წყალში მონათვლაზე, კრების შეხვედრებზე დასწრებასა და სამქადაგებლო მსახურებაში მონაწილეობაზე მეტს ნიშნავს. ის მთელ ჩვენს ცხოვრებას ეხება. ყოველდღიურად ჩვენზე ისეთი ფაქტორები ახდენს გავლენას, რომლებმაც შეიძლება ღვთის მოსაწონი გზიდან გადაგვახვევინოს. ამ ფაქტორთაგან ზოგი ძნელად შესამჩნევია, ზოგი კი აშკარაა. როგორ ვრეაგირებთ მათზე? ეფესელ ერთგულ ქრისტიანებს მოციქული პავლე მოუწოდებდა: „გამოსცადეთ, რა არის უფლის მოსაწონი“ (ეფესელთა 5:10). მრავალი ბიბლიური მაგალითი მოწმობს იმას, რომ ამ რჩევის გათვალისწინება გონივრულია.

12. რამ გამოიწვია იეჰოვას უკმაყოფილება დავითის მიერ შეთანხმების კიდობნის იერუსალიმში გადატანისას?

12 მას შემდეგ, რაც შეთანხმების კიდობანი ისრაელში დააბრუნეს და მრავალი წლის განმავლობაში კირიათ-იეყარიმში იყო, მეფე დავითმა მისი იერუსალიმში გადატანა მოისურვა. ის ეთათბირა წინამძღოლებს და უთხრა, „თუ თქვენ თანახმა იქნებით და თუ უფლის, ჩვენი ღვთის, ნება იქნება“, კიდობანი გადმოვიტანოთო. მაგრამ მეფემ ჯეროვნად არ გამოიკვლია, რა იყო ამ საკითხთან დაკავშირებით იეჰოვას ნება. დავითი რომ სათანადოდ მოქცეულიყო, კიდობანს ურემზე არ დადებდა. მას ღვთის მითითებისამებრ, კეჰათიანი ლევიანები შეიდგამდნენ მხარზე. მართალია, დავითი ხშირად მიმართავდა იეჰოვას, მაგრამ ამჯერად ეს სათანადოდ არ გაუკეთებია. ამან კი საშინელი ნაყოფი გამოიღო. მოგვიანებით მეფემ აღიარა: „უფალმა, ჩვენმა ღმერთმა, შეგვმუსრა, რადგან წესისამებრ არ ვეკითხებოდით მას“ (1 ნეშტთა 13:1—3; 15:11—13; რიცხვნი 4:4—6, 15; 7:1—9).

13. კიდობნის წარმატებით გადატანის შემდეგ შესრულებულ სიმღერაში რა შესანიშნავი შეხსენებაა მოცემული?

13 ბოლოს, ლევიანებმა კიდობანი ყობედ ედომის სახლიდან იერუსალიმში გადაიტანეს. ამ დროს დავითის მიერ დაწერილი სიმღერა იქნა შესრულებული. ამ სიმღერაში მეფემ მთელი გულით ჩართო სიტყვები, რომლებიც ჩვენთვის კარგი შეხსენებაა: „ეძიეთ უფალი და ძლიერება მისი, ეძიეთ პირი მისი მარადის. გაიხსენეთ მისი ნამოქმედარი სასწაულები, საოცრებანი და მისი ბაგის სამართალნი“ (1 ნეშტთა 16:11, 12).

14. რა შეგვიძლია ვისწავლოთ სოლომონის კარგი მაგალითიდან და მოგვიანებით მის მიერ დაშვებული შეცდომიდან?

14 სიკვდილის წინ დავითმა თავისი ძე, სოლომონი, დაარიგა: „ძებნას თუ დაუწყებ მას [იეჰოვას], იპოვი კიდეც“ (1 ნეშტთა 28:9). ტახტზე ასვლის შემდეგ სოლომონი გაბაონისკენ გაემართა. იმ დროისთვის იქ იმყოფებოდა საკრებულო კარავი და იქ შესწირა მეფემ იეჰოვას შესაწირავი. სწორედ გაბაონში უთხრა იეჰოვამ სოლომონს: „მთხოვე, რა გინდა, რომ მოგცე?“. მან ღვთის ერის სამართავად სიბრძნე და ცოდნა ითხოვა. იეჰოვამ ეს სურვილი დაუკმაყოფილა და სიმდიდრე და დიდებაც დაუმატა (2 ნეშტთა 1:3—12). ღვთის მიერ დავითისთვის მიცემული გეგმის შესაბამისად, სოლომონმა ჩინებული ტაძარი ააგო. მაგრამ ქორწინების საკითხში მეფე არ ეძებდა იეჰოვას. მან ცოლად შეირთო ქალები, რომლებიც ჭეშმარიტი ღმერთის თაყვანისმცემლები არ იყვნენ. ამ ქალებმა კი ხანში შესული სოლომონის გული იეჰოვას ჩამოაშორეს (3 მეფეთა 11:1—10). აქედან ვხედავთ, რომ, რაც უნდა გამოჩენილი, ბრძენი და მცოდნე იყოს ადამიანი, მნიშვნელოვანია, ‘სცდიდეს, რა არის უფლის მოსაწონი’!

15. ზერახ ქუშელის შემოტევის დროს იეჰოვასადმი ლოცვისას რატომ შეეძლო მეფე ასას დარწმუნებული ყოფილიყო, რომ იეჰოვა იხსნიდა თავის ხალხს?

15 ამის კეთების აუცილებლობას ადასტურებს სოლომონის შვილთაშვილის, მეფე ასას, შესახებ ბიბლიური ისტორიაც. ასას გამეფებიდან 11 წლის შემდეგ ზერახ ქუშელი (ეთიოპელი) იუდას წინააღმდეგ მილიონიანი ჯარით გავიდა. იხსნიდა იეჰოვა იუდას? 500 წელზე მეტი ხნის წინათ იეჰოვამ თავის ხალხს უთხრა, რის მოლოდინი შეიძლებოდა ჰქონოდათ იმ შემთხვევაში, როდესაც ღვთის მითითებებს დაიცავდნენ ან, პირიქით, როდესაც არ დაიცავდნენ (მეორე რჯული 28:1, 7, 15, 25). გამეფების შემდეგ, მალევე ასამ თავის სამეფოში ცრუ თაყვანისმცემლობისთვის განკუთვნილი სამსხვერპლოები და სვეტები მოსპო და ხალხს მოუწოდა, ‘ეძიათ უფალი’. ის გასაჭირში ჩავარდნას არ დალოდებია. მან მანამდე მოიძია ღმერთი. ასე რომ, იეჰოვასადმი რწმენის მქონე მეფეს შეეძლო ღმერთისთვის ლოცვაში ეთხოვა, თავისი ხალხის სასარგებლოდ ემოქმედა. რა მოჰყვა ამას შედეგად? იუდამ ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა (2 ნეშტთა 14:2—12).

16, 17. ა) რა შეახსენა იეჰოვამ ასას, მიუხედავად იმისა, რომ მეფე ომიდან გამარჯვებული დაბრუნდა? ბ) როდესაც ასა არაგონივრულად მოიქცა, რა დახმარება მიიღო მან, მაგრამ როგორი იყო მისი რეაქცია? გ) რა სარგებლობა შეიძლება მოგვიტანოს ასას საქციელის განხილვამ?

16 გამარჯვებით მიბრუნებულ მეფეს იეჰოვამ მაინც მიუგზავნა ყაზარიაჰუ, რათა შეეხსენებინა: „ყური დამიგდეთ, ასა, და მთელო იუდავ და ბენიამინო, უფალი თქვენთან არის, როცა თქვენ მასთან ხართ. თუ ძებნას დაუწყებთ მას, იპოვით; თუ თქვენ მიატოვებთ, ისიც მიგატოვებთ“ (2 ნეშტთა 15:2). ამის შემდეგ ასა განახლებული ენთუზიაზმით შეუდგა ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის წინ წაწევას. გავიდა 24 წელი. სამეფოს კვლავ მიადგნენ მტრები. ამჯერად ასამ არ მოიძია იეჰოვა. მას ხელმძღვანელობა ღვთის სიტყვაში არ უძებნია და არ გახსენებია, რა გააკეთა მათთვის იეჰოვამ, როდესაც იუდას ეთიოპელთა ჯარი მიადგა. მან უგუნური ნაბიჯი გადადგა — კავშირი შეკრა არამთან (სირიასთან) (2 ნეშტთა 16:1—6).

17 იეჰოვამ სამხილებლად ხანანი მიუგზავნა ასას. მაშინაც კი, როდესაც მას ხანანმა ამ საკითხთან დაკავშირებით იეჰოვას თვალსაზრისი დაანახვა, არ იყო ძალიან გვიან და ასას შეეძლო ესარგებლა ღვთის სიკეთით. ის კი განაწყენდა და წინასწარმეტყველი საპყრობილეში ჩააგდო (2 ნეშტთა 16:7—10). რა სამწუხაროა! პირადად ჩვენ როგორ მოვიქცეოდით? ჩვენც ხომ არ მოგვივიდოდა ასე: ჯერ დავიწყებდით იეჰოვას ძებნას, შემდეგ კი მის რჩევას უარვყოფდით? ვთქვათ, მზრუნველი უხუცესი ბიბლიიდან გვაძლევს რჩევას იმის გამო, რომ წუთისოფლის მახეში ვებმებით. გამოვავლენთ მადლიერებას იმისათვის, რომ ის სიყვარულით გვეხმარება იმის დანახვაში, თუ „რა არის უფლის მოსაწონი“?

ნუ დაივიწყებთ, იკითხოთ

18. რა შეგვიძლია ვისწავლოთ ელიჰუს მიერ იობისთვის ნათქვამი სიტყვებიდან?

18 სტრესულ სიტუაციაში ყოფნისას, იეჰოვას ისეთმა მსახურმაც კი შეიძლება დაუშვას შეცდომა, რომელიც დიდი ხანია ღმერთს მთელი გულით ემსახურება. მაგალითად, როდესაც იობს საშინელი სენი შეეყარა; როდესაც დაკარგა შვილები და მთელი ქონება, და მეგობრებმაც ცრუ ბრალდებები წაუყენეს, ის მთელი ფიქრებით მხოლოდ საკუთარ თავს დასტრიალებდა. მაშინ ელიჰუმ იობს შეახსენა: «არავინ ამბობს, „სად არის ღმერთი, ჩემი გამჩენი“» (იობი 35:10). დიახ, იობს მთელი ყურადღება იეჰოვაზე უნდა გადაეტანა და დაფიქრებულიყო, ღმერთი როგორ უყურებდა მის მდგომარეობას. ამ ერთგულმა კაცმა თავმდაბლობა გამოავლინა და ყურად იღო შემხსენებლის სიტყვები. მისი მაგალითი ჩვენც გვიბიძგებს, რომ მსგავსად მოვიქცეთ.

19. ხშირად რას არ აკეთებდნენ ისრაელები?

19 ისრაელებმა იცოდნენ, როგორ ეპყრობოდა ღმერთი თავის ერს, მაგრამ ცხოვრებაში ამა თუ იმ რთულ სიტუაციაში ჩავარდნისას მათ ძალიან ხშირად ავიწყდებოდათ ეს (იერემია 2:5, 6, 8). გადაწყვეტილებების მიღებისას ისინი საკუთარ სიამოვნებაზე ფიქრობდნენ და სულაც არ კითხულობდნენ, სად არისო იეჰოვა? (ესაია 5:11, 12).

ყოველთვის იკითხეთ: „სად არის იეჰოვა?“

20, 21. ა) ვინ გამოავლინა ჩვენს დროში ელისეს სულისკვეთება და მოძებნა იეჰოვას ხელმძღვანელობა? ბ) როგორ მივბაძოთ მათი რწმენის მაგალითებს და ჩვენ სასარგებლოდ გამოვიყენოთ ისინი?

20 წინასწარმეტყველ ელიას ფართო მასშტაბით მსახურების დასრულებისას ელისემ აიღო მოსასხამი, რომელიც წინასწარმეტყველს დაუვარდა, იორდანესთან მივიდა, დაჰკრა წყალს და იკითხა: „სად არის უფალი, ელიას ღმერთი?“ (4 მეფეთა 2:14). იეჰოვამ უპასუხა მის კითხვას, რაც იმით ცხადყო, რომ მისი სულიწმიდა უკვე ელიაზე გადავიდა. რის სწავლა შეგვიძლია ამ შემთხვევიდან?

21 მსგავსი რამ ჩვენს დროშიც მოხდა. ზოგმა ცხებულმა ქრისტიანმა, რომლებიც სამქადაგებლო საქმეს ხელმძღვანელობდნენ, მიწიერი ცხოვრება დაასრულა. ისინი, ვისაც მათი პასუხისმგებლობა მიენდო, საღვთო წერილს იკვლევდნენ და ლოცვაში იეჰოვას ხელმძღვანელობას სთხოვდნენ. მათ არ დავიწყნიათ, ეკითხათ: „სად არის იეჰოვა?“. ამიტომ იეჰოვა ყოველთვის ხელმძღვანელობდა თავის ხალხს და მათი საქმიანობაც წარმატებული იყო. ვბაძავთ თუ არა ჩვენც მათ რწმენას? (ებრაელთა 13:7). თუ დიახ, მაშინ იეჰოვას ორგანიზაციასთან ახლო ურთიერთობას შევინარჩუნებთ, ამ ორგანიზაციის მითითებებს შევასრულებთ და მაქსიმალურად მივიღებთ მონაწილეობას საქმიანობაში, რომელსაც იესო ქრისტე ხელმძღვანელობს (ზაქარია 8:23).

როგორ უპასუხებდით?

• რა მიზნით უნდა ვკითხულობდეთ: „სად არის იეჰოვა?“

• როგორ შეგვიძლია დღეს პასუხის მიღება კითხვაზე: „სად არის იეჰოვა?“

• რატომ რჩება უპასუხოდ ზოგიერთის თხოვნა, რომ ხელმძღვანელობა გაუწიოს ღმერთმა?

• რომელი ბიბლიური მაგალითები ცხადყოფს, რომ საჭიროა ‘გამოვცადოთ, რა არის უფლის მოსაწონი’?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 9 გვერდზე]

როგორ ეძებდა მეფე იოშაფატი იეჰოვას?

[სურათი 10 გვერდზე]

რატომ მიმართა საულმა რჩევისათვის მედიუმს?

[სურათები 12 გვერდზე]

ილოცეთ, გქონდეთ პირადი შესწავლა და იფიქრეთ, რათა გაიგოთ, „სად არის იეჰოვა“.