არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ბიბლიის შესწავლამდე და მის შემდეგ ბნელი წარსული და ნათელი მომავალი

ბიბლიის შესწავლამდე და მის შემდეგ ბნელი წარსული და ნათელი მომავალი

„დაუახლოვდით ღმერთს და ისიც დაგიახლოვდებათ“

ბიბლიის შესწავლამდე და მის შემდეგ ბნელი წარსული და ნათელი მომავალი

„ღვთის სიტყვა არის ცოცხალი, მოქმედი და ყოველგვარ ორლესულ მახვილზე უფრო ბასრი . . . და სჯის გულის აზრებსა და ზრახვებს“ (ებრაელთა 4:12). ამგვარად აღწერა პავლე მოციქულმა ღვთის სიტყვის ძალა. ის, რომ ბიბლიას ადამიანის გულამდე მიღწევა შეუძლია, განსაკუთრებით ახ. წ. პირველ საუკუნეში გახდა ცხადი. იმ პერიოდში არსებული უარყოფითი გავლენის მიუხედავად, ისინი, რომლებიც ქრისტიანები გახდნენ, ახალ პიროვნებად გარდაიქმნენ (რომაელთა 1:28, 29; კოლასელთა 3:8—10).

ღვთის სიტყვას ადამიანის შეცვლა რომ შეუძლია, როგორც ეს ბიბლიაშიც წერია, დღესაც აშკარაა. მაგალითად, დავფიქრდეთ მაღალი და ჯან-ღონით სავსე მამაკაცის, რიჩარდის, შემთხვევაზე. მას აგრესიული ხასიათი ჰქონდა და უმნიშვნელო მიზეზის გამოც კი ჩხუბობდა. ძალადობამ რიჩარდს ცხოვრება აუწეწა. შემდეგ ის მოკრივე გახდა. რიჩარდი ძალიან ბევრს ვარჯიშობდა, რის შედეგადაც ვესტფალიის (გერმანია) ჩემპიონი გახდა მძიმე წონაში. ის უზომოდ სვამდა და ხშირად მუშტი-კრივზე გადადიოდა ხოლმე. ერთ-ერთმა ასეთმა ჩხუბმა ერთი მამაკაცის სიცოცხლე შეიწირა და რიჩარდმა კინაღამ ციხეში ამოყო თავი.

რა მდგომარეობა ჰქონდა რიჩარდს ოჯახში? „სანამ ჰაიკე და მე ბიბლიის შესწავლას დავიწყებდით, — იხსენებს რიჩარდი, — ერთად თითქმის არასდროს არ ვიყავით. ჰაიკე დროის უმეტეს ნაწილს თავის მეგობრებთან ატარებდა, მე კი ჩემი საყვარელი საქმეებით — ძირითადად კრივით, სერფინგითა და ყვინთვით — ვიყავი დაკავებული“.

როდესაც რიჩარდმა და ჰაიკემ იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა დაიწყეს, რიჩარდს თრგუნავდა იმაზე ფიქრი, შეძლებდა თუ არა ცვლილებების მოხდენას, რათა ღვთის სიტყვაში მოცემული მაღალზნეობრივი ნორმების თანახმად ეცხოვრა. მიუხედავად ამისა, მან უკეთ გაიცნო იეჰოვა და მისი ნების შესრულების ძლიერი სურვილი გაუჩნდა. რიჩარდი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ღმერთი არ იწონებდა ძალადობის მოყვარულებსა და მათ, ვინც გართობის მიზნით ავლენდა მას. რიჩარდი მიხვდა, რომ „ძალადობის მოყვარული სძულს მის [ღვთის] სულს“ (ფსალმუნები 10:5).

გარდა ამისა, რიჩარდი და ჰაიკე სამოთხეში დედამიწაზე მარადიული სიცოცხლის იმედით მოიხიბლნენ. მათ იქ ერთად ცხოვრების სურვილი გაუჩნდათ! (ესაია 65:21—23). მოწვევა — „დაუახლოვდით ღმერთს და ისიც დაგიახლოვდებათ“, ძალიან შეეხო რიჩარდის გულს (იაკობი 4:8, აქ). მისთვის ნათელი გახდა, რამდენად მნიშვნელოვანია ბიბლიაში ჩაწერილი შემდეგი რჩევის მხედველობაში მიღება: „ნუ შეგშურდება მოძალადესი და ნუ ამოირჩევ ნურც ერთს მის გზათაგან. რადგან სისაძაგლეა უფლის წინაშე მრუდი, წრფელებთან კი მეგობრობს იგი“ (იგავები 3:31, 32).

თუმცა რიჩარდს ახალი ცხოვრების დაწყების ძლიერი სურვილი ჰქონდა, ის მიხვდა, რომ საკუთარი ძალებით ვერ შეძლებდა ამის მიღწევას. მან დაინახა ლოცვაში ღვთისთვის დახმარების თხოვნის აუცილებლობა. ამგვარად, ის იესოს მიერ თავისი მოციქულებისადმი ნათქვამი სიტყვების თანახმად მოიქცა: „ილოცეთ, რომ არ ჩავარდეთ განსაცდელში. სული მხნეა, ხორცი კი — უძლური“ (მათე 26:41).

მას შემდეგ, რაც რიჩარდმა გაიგო ღვთის თვალსაზრისი ძალადობასა და რისხვაზე, დარწმუნდა, რომ კრივი არ იყო ღვთისთვის მოსაწონი სპორტი. იეჰოვას დახმარებითა და იმ ქრისტიანების გამხნევებით, რომლებიც მას ბიბლიას ასწავლიდნენ, რიჩარდმა შეწყვიტა ძალადობის გამოვლენა. მან მიატოვა კრივი და გადაწყვიტა, გაეუმჯობესებინა ოჯახური მდგომარეობა. „ბიბლიურმა ჭეშმარიტებამ მასწავლა, რომ რამის გაკეთებამდე შევჩერდე და დავფიქრდე, — ამბობს რიჩარდი, რომელიც დღეს რბილი ხასიათის მქონე ზედამხედველია იეჰოვას მოწმეთა ერთ-ერთ კრებაში. — ახლა, ბიბლიური პრინციპების გათვალისწინებით, მეუღლესა და ბავშვებს სიყვარულითა და პატივისცემით ვეპყრობი. ამის შედეგად ჩვენი ოჯახური კვანძები უფრო გაძლიერდა“.

დროდადრო არასწორად ინფორმირებული ადამიანები იეჰოვას მოწმეებს ოჯახების ნგრევაში ადანაშაულებენ. რიჩარდის მსგავსი ადამიანების შემთხვევები კი მათი განაცხადის სიცრუეს ცხადყოფს. სინამდვილეში, ბიბლიურ ჭეშმარიტებას ბედნიერი ოჯახური ცხოვრება და ნათელი მომავალი მოაქვს მათთვის, ვისაც ერთ დროს ბნელი წარსული ჰქონდა (იერემია 29:11).

[ჩანართი 9 გვერდზე]

„დედამიწაზე სამოთხეში სიცოცხლის იმედმა აღმძრა, თავიდან დამეწყო ცხოვრება“.

[ჩარჩო 9 გვერდზე]

ბიბლიური პრინციპები მოქმედია

ბიბლიას ძლიერი გავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანის ცხოვრებაზე. ქვემოთ მოყვანილია რამდენიმე პრინციპი, რომლებიც ძალადობის მოყვარულ ადამიანებს ცხოვრების წესის შეცვლაში დაეხმარა:

„მომთმენი სჯობს მამაცს და ის, ვინც თავის სულზე ბატონობს — ქალაქის დამპყრობს“ (იგავები 16:32). გაუკონტროლებელი რისხვა სისუსტის ნიშანია და არა სიძლიერისა.

„ადამიანის ჭკუა სულგრძელს ხდის მას“ (იგავები 19:11). სიტუაციის გაანალიზება ადამიანს ეხმარება, უკეთესად დაინახოს უთანხმოების მიზეზები და თავი აარიდოს განრისხებას.

‘ნუ დაემოყვრები ფიცხ კაცს, რომ არ გაიწვრთნა მის გზებში’ (იგავები 22:24, 25). ქრისტიანები გონიერებას ავლენენ იმით, რომ თავს არიდებენ მათთან ახლო ურთიერთობას, ვინც თავს ვერ იკავებს რისხვისგან.