არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

რატომ იყო ნათქვამი „საგუშაგო კოშკის“ 2002 წლის 1-ლი აპრილის ნომერში (გვერდი 11, აბზაცი 7), რომ ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე ახალმოქცეულ იუდეველთა წყალში ნათლობა ‘იესო ქრისტეს მეშვეობით ღვთისადმი მათი პირადი მიძღვნის’ სიმბოლო იყო? მანამდე ხომ ისე გვესმოდა, რომ ახ. წ. 33 წლიდან ახ. წ. 36 წლამდე იუდეველებს წყალში მოსანათლავად არ სჭირდებოდათ პირადი მიძღვნა?

ძვ. წ. 1513 წელს იეჰოვა ღმერთმა ისრაელებს თავის წმინდა ერად გახდომის შესაძლებლობა მისცა იმ პირობით, თუ ისინი ‘მოუსმენდნენ მის ხმას და დაიცავდნენ მის აღთქმას’. ამაზე ხალხმა ერთხმად უპასუხა: „რაც თქვა უფალმა, ყველაფერს აღვასრულებთ“ (გამოსვლა 19:3—8; 24:1—8).

მოსეს რჯულის საფუძველზე დადებული შეთანხმებით და მისი პირობების შესრულებაზე თანხმობის გაცხადებით ისრაელებმა თავი მიუძღვნეს ღმერთს. მათი შთამომავლობა უკვე ღვთისადმი მიძღვნილ ერში იბადებოდა. მიუხედავად ამისა, იმ იუდეველთა ნათლობა, რომლებიც ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულიდან მოყოლებული იესო ქრისტეს მიმდევრები ხდებოდნენ, უფრო მეტს მოიცავდა, ვიდრე მიძღვნილი ერის წევრების ღვთისადმი თავის წარდგენა. ეს იმის სიმბოლო იყო, რომ მათ იესო ქრისტეს მეშვეობით ახალი ურთიერთობა დაამყარეს იეჰოვა ღმერთთან და თავი მიუძღვნეს მას.

ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე, მას შემდეგ, რაც იერუსალიმში, ზედა ოთახში შეკრებილ დაახლოებით 120 მოწაფეზე სულიწმიდა გადავიდა, პეტრე მოციქულმა ქადაგება დაიწყო მომხდარით დაინტერესებულ უამრავ იუდეველსა და პროზელიტთან. საფუძვლიანი ქადაგების შემდეგ მან სინდისის ქენჯნით შეწუხებულ იუდეველებს მოუწოდა: „მოინანიეთ და ყოველი თქვენგანი მოინათლოს იესო ქრისტეს სახელით ცოდვების მისატევებლად“. პეტრეს შეგონების შემდეგ, „ვინც მიიღო მისი სიტყვა, მოინათლნენ და იმ დღეს შეემატა სამი ათასამდე სული“ (საქმეები 2:1—41).

პეტრეს შეგონების შედეგად მონათლული იუდეველები განა ღვთისადმი მიძღვნილი ერის წევრები არ იყვნენ? განა მათ არ ჰქონდათ დამყარებული ღმერთთან ურთიერთობა? არა. პავლე მოციქულმა დაწერა, რომ ‘ღმერთმა აიღო რჯული შუაგულიდან და ჯვარს მიამსჭვალა’ (კოლასელთა 2:14). ახ. წ. 33 წელს იესო ქრისტეს სიკვდილით ღმერთმა გააუქმა რჯული, რომლის საფუძველზეც ისრაელები მისდამი იყვნენ მიძღვნილი. ერი, რომელმაც ღვთის ძე უარყო, ახლა უკვე თვითონ იყო უარყოფილი ღვთისგან. „ისრაელი ხორცის მიხედვით“ აღარ იყო ღვთისადმი მიძღვნილი ერი (1 კორინთელთა 10:18; მათე 21:43).

რჯულის საფუძველზე დადებული შეთანხმება ახ. წ. 33 წელს გაუქმდა, მაგრამ იუდეველებისადმი ღვთის განსაკუთრებული კეთილგანწყობილებისა და ყურადღების პერიოდი ამ დროს არ დასრულებულა *. ეს პერიოდი უნდა გაგრძელებულიყო ახ. წ. 36 წლამდე — იმ დრომდე, როდესაც პეტრემ ღვთისმოშიშ იტალიელ კორნელიოსს, მისი ოჯახის წევრებსა და სხვა არაიუდეველებს უქადაგა (საქმეები 10:1—48). რის საფუძველზე გაგრძელდა კეთილგანწყობილების პერიოდი?

«[მესია] მრავალთან განამტკიცებს აღთქმას [„შეთანხმებას“, აქ] ერთ შვიდეულში», — ნათქვამია დანიელის 9:27-ში. „შეთანხმება“, რომელიც ახ. წ. 29 წელს იესოს ნათლობიდან და მესიანური მსახურების დაწყებიდან კიდევ „შვიდეულის“ ანუ შვიდი წლის განმავლობაში იქნებოდა ძალაში, აბრაამთან დადებული შეთანხმება იყო. ის ებრაელებს, აბრაამის შთამომავლებს ეხებოდა. ამ ცალმხრივი შეთანხმების საფუძველზე ადამიანი იეჰოვასადმი მიძღვნილად არ ითვლებოდა. ამიტომაც, ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე პეტრეს ქადაგების შემდეგ მონათლული იუდეველები — მიუხედავად იმისა, რომ ღმერთი მათდამი, ისევე როგორც ყველა იუდეველისადმი, განსაკუთრებულ კეთილგანწყობილებას ავლენდა — აღარ ითვლებოდნენ მისდამი მიძღვნილებად, რადგანაც რჯულის საფუძველზე დადებული შეთანხმება უკვე გაუქმებული იყო. საჭირო იყო, მათ პირადად მიეძღვნათ თავი ღვთისთვის.

ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე იუდეველებისა და პროზელიტების პირადი მიძღვნა სხვა მხრივაც იყო მნიშვნელოვანი. პეტრე მოციქული თავის მსმენელებს შეაგონებდა, მოენანიებინათ და მონათლულიყვნენ იესოს სახელით. ამისათვის მათ უარი უნდა ეთქვათ წუთისოფლის გზით სიარულზე და ეღიარებინათ იესო ზეცაში ღვთის მარჯვნივ მჯდომარე უფლად, მესიად და მღვდელმთავრად. აგრეთვე, გადასარჩენად მათ იეჰოვას სახელი ქრისტეს მეშვეობით უნდა მოეხმოთ, ეს კი ქრისტესადმი რწმენის გამოვლენას და მის მეთაურად აღიარებასაც მოიცავდა. ახლა მათთვის სრულიად სხვა რამ იყო ღმერთთან ურთიერთობის დამყარებისა და ცოდვების პატიების საფუძველი. მორწმუნე იუდეველებს პირადად უნდა მიეღოთ ეს სიახლე. როგორ? თავი უნდა მიეძღვნათ ღვთისთვის და ამის საჯაროდ გასაცხადებლად იესო ქრისტეს სახელით წყალში ჩაძირვით მონათლულიყვნენ. წყალში ნათლობა ღვთისთვის თავის მიძღვნის სიმბოლო იყო და ეს მათ ღმერთთან იესო ქრისტეს მეშვეობით ახალი ურთიერთობის დამყარების შესაძლებლობას აძლევდა (საქმეები 2:21, 33—36; 3:19—23).

[სქოლიოები]

^ აბზ. 7 როდესაც იესო ქრისტე ზეცად ამაღლდა და იეჰოვა ღმერთს მსხვერპლად გაღებული თავისი სიცოცხლის ფასი წარუდგინა, მოსეს რჯულით დადებული შეთანხმება გაუქმდა და საფუძველი ჩაეყარა ნაწინასწარმეტყველებ «ახალ აღთქმას [„შეთანხმებას“, აქ]» (იერემია 31:31—34).