ტატიანე — აპოლოგეტი თუ ერეტიკოსი?
ტატიანე — აპოლოგეტი თუ ერეტიკოსი?
მესამე მისიონერული მოგზაურობის დასასრულს მოციქულმა პავლემ ეფესოს კრების უხუცესებს მოუხმო და უთხრა: „მე ვიცი, რომ ჩემი წასვლის შემდეგ შემოგივარდებიან ულმობელი მგლები, რომლებიც არ დაინდობენ სამწყსოს. და თვით თქვენგანაც აღდგებიან კაცები, რომლებიც უკუღმართად ილაპარაკებენ, რათა მოწაფეები გადაიბირონ“ (საქმეები 20:29, 30).
მართლაც, პავლეს სიტყვისამებრ, ახ. წ. მეორე საუკუნიდან დაიწყო ცვლილებები და ნაწინასწარმეტყველებმა განდგომილებამაც იჩინა თავი. თანდათანობით ძალას იკრებდა გნოსტიციზმი, საყოველთაოდ გავრცელებული რელიგიურ-ფილოსოფიური მიმდინარეობა, რომელმაც უარყოფითად იმოქმედა ზოგის რწმენაზე. გნოსტიკოსები ყოველივეს, რაც სულთან იყო დაკავშირებული, კარგად მიიჩნევდნენ, სხვა ყველაფერს კი — ბოროტებად. მათი აზრით, მთელი ხორციელი სხეული ბოროტების ბუდე იყო. ისინი უარყოფდნენ ქორწინებასა და გამრავლებას, რადგან ეს მათთვის სატანისეული იყო. ზოგი გნოსტიკოსი ასე მსჯელობდა: რადგანაც კარგი მხოლოდ ის არის, რაც სულთანაა დაკავშირებული, მნიშვნელობა არა აქვს, როგორ გამოიყენებს ადამიანი საკუთარ ფიზიკურ სხეულს. ასეთ თვალსაზრისს ამ მოძღვრების მიმდევრები უკიდურესობამდე მიჰყავდა — ან ასკეტურად ცხოვრობდნენ, ან უზნეობაში ეფლობოდნენ. გნოსტიკოსები აცხადებდნენ, რომ ხსნა მხოლოდ მისტიკური გნოსტიციზმის, ანუ თვითშემეცნების საშუალებით იყო შესაძლებელი, რაც მთლიანად გამორიცხავდა ღვთის სიტყვის ჭეშმარიტების როლს.
რა რეაქცია ჰქონდათ ეგრეთ წოდებულ ქრისტიანებს გნოსტიციზმის მიერ შექმნილ საშიშროებაზე? ზოგი განათლებული პირი ამ ცრუმოძღვრების წინააღმდეგი იყო, ზოგი კი მისი გავლენის ქვეშ ექცეოდა. მაგალითად, ირინეოსი მთელი ცხოვრების განმავლობაში მწვალებლური სწავლებების წინააღმდეგ იბრძოდა. ის პოლიკარპეს მოწაფე იყო, ხოლო ეს უკანასკნელი მოციქულების დროს ცხოვრობდა. პოლიკარპე იესო ქრისტესა და მისი მოციქულების სწავლების ერთგული იყო. ირინეოსის მეგობარს, ფლორინსაც იგივე მასწავლებელი ჰყავდა, მაგრამ მან თანდათანობით ვალენტინის, გნოსტიციზმის ყველაზე გამოჩენილი ლიდერის, სწავლებები გაითავისა. მართლაც რომ მშფოთვარე პერიოდი იყო.
იმ დროის შესახებ ნათელ წარმოდგენას გვიქმნის ტატიანეს, მეორე საუკუნის ცნობილი მწერლის, თხზულებები. ვინ იყო ტატიანე? როგორ გახდა ის ეგრეთ წოდებული ქრისტიანი? და როგორ მოექცა ტატიანე გნოსტიკოსების მწვალებლობის გავლენის ქვეშ? მისი საინტერესო პასუხები და პირადი მაგალითი მნიშვნელოვანი გაკვეთილია ჭეშმარიტების დღევანდელი მაძიებლებისთვის.
„ბარბაროსულ თხზულებებთან“ გაცნობა
ტატიანე წარმოშობით სირიელი იყო. ის ბევრს მოგზაურობდა და კითხულობდა, რის გამოც
საკმაოდ კარგად ჰქონდა შესწავლილი თავისი დროის ბერძნულ-რომაული კულტურა. ერთხელაც იგი რომში ჩავიდა. იქ ყოფნისას მისი ყურადღება ქრისტიანობამ მიიპყრო. ის დაუკავშირდა იუსტინე წამებულს და მისი მოწაფე გახდა.თავისი გაქრისტიანების შესახებ ტატიანე ამბობს: „ყოველთვის მაინტერესებდა, როგორ შეიძლებოდა ჭეშმარიტების პოვნა“. მას შემდეგ, რაც წმინდა წერილების წაკითხვის შესაძლებლობა მიეცა, ის ყვება: „ისე მოხდა, რომ რაღაც ბარბაროსული თხზულებები ჩამივარდა ხელში. ის ბევრად უფრო ძველი იყო, ვიდრე ელინისტური სწავლებები და ბევრად უფრო ღვთაებრივი, ვიდრე ამ სწავლებების მცდარი შეხედულებები; და მე ვირწმუნე იგი, ვინაიდან გადმოცემული იყო უბრალო ენით, მწერალს გულწრფელობა ჰქონდა მასში ჩადებული და ამ თხზულებაში მომავალი იყო ნაწინასწარმეტყველები; მასში საოცარი დარიგებებიც იყო მოცემული და სამყაროს უზენაესის ერთადერთობაზე მახვილდებოდა ყურადღება“.
ტატიანე ყოველგვარი ყოყმანის გარეშე მოუწოდებდა თავის თანამედროვეებს, გამოეკვლიათ ქრისტიანობა და დაენახათ, სიბნელით მოცულ წარმართობასთან შედარებით, რამდენად მარტივი და ნათელი იყო ის. რის სწავლა შეგვიძლია მისი თხზულებებიდან?
რას გვიამბობს ტატიანეს თხზულებები?
თავისი ნაშრომებიდან გამომდინარე ტატიანე აპოლოგეტად, ანუ ისეთ ადამიანად წარმოგვიდგება, რომელიც თავის მრწამსს იცავს. წარმართული ფილოსოფიისადმი მისი დამოკიდებულება მკაცრი და მტრულია. თავის თხზულებაში: „სიტყვა ელინების წინააღმდეგ“, ტატიანე ხაზს უსვამს წარმართობის ამაოებას და ნომინალური ქრისტიანობის გონივრულობას. როდესაც ელინისტურ სწავლებებს ეხება, მისი წერის სტილში სიძულვილით სავსე დაუნდობელი კრიტიკა შეინიშნება. მაგალითად, ფილოსოფოს ჰერაკლიტეს შესახებ ამბობს: „სიკვდილის წინ აშკარა გახდა ამ კაცის უტვინობა, რადგან წყალმანკით დაავადებულმა ისეთივე წარმატებით მიჰყო ხელი ექიმობასაც, როგორიც ფილოსოფოსი გახლდათ. მთელ სხეულზე ნაკელი წაისვა; ნაკელი რომ შეახმა, სხეული შეეკუმშა და დაუსკდა, რამაც იმსხვერპლა კიდეც“.
ტატიანე ძალიან აფასებდა ერთი ღმერთისადმი, ყოველივეს შემოქმედისადმი, რწმენას (ებრაელთა 3:4). წიგნში „სიტყვა ელინების წინააღმდეგ“ ის ღმერთს „სულად“ მოიხსენიებს და ამბობს: „მხოლოდ მას არა აქვს დასაბამი, თავად არის ყოველივეს დასაბამი“ (იოანე 4:24; 1 ტიმოთე 1:17). ტატიანე თაყვანისმცემლობაში კერპების გამოყენების წინააღმდეგი იყო. ის წერდა: „როგორ ველაპარაკო ხესა თუ ქვას და ღმერთად როგორ მივიჩნიო ის?“ (1 კორინთელთა 10:14). მას სწამდა, რომ სიტყვა ანუ ლოგოსი ზეციერი მამის პირმშო იყო და რომ ის მამას სამყაროს შექმნისას ეხმარებოდა (იოანე 1:1—3; კოლასელთა 1:13—17). ღვთის მიერ დანიშნულ დროს მკვდრეთით აღდგომის შესახებ ტატიანე წერდა: „გვწამს, რომ ყოველივეს აღსასრულის შემდეგ მკვდრები ხორციელად აღდგებიან“. სიკვდილის მიზეზის შესახებ კი აღნიშნავდა: „თავიდან ისე ვიყავით შექმნილი, რომ არ უნდა მოვმკვდარიყავით, მაგრამ ახლა ჩვენივე შეცდომის გამო ვკვდებით. ჩვენივე ნების თავისუფლებამ დაგვღუპა; თავისუფლები ვიყავით და მონები გავხდით; ცოდვას მივეყიდეთ“.
ტატიანე სულის შესახებ საკმაოდ დამაბნეველ განმარტებას იძლევა. ის ამბობს: „სული, ო, ელინნო, არ არის უკვდავი, ის მოკვდავია. მაგრამ მას შეუძლია არც მოკვდეს. ის ხომ, თუ ჭეშმარიტება არ იცის, კვდება და ხორცთან ერთად იხრწნება, მაგრამ ბოლოს ქვეყნიერების აღსასრულისას აღდგება ხორციელად, რათა სამუდამოდ სიკვდილით დაისაჯოს“. ძალიან რთულია იმის თქმა, თუ რას გულისხმობდა ამ სიტყვებში ტატიანე. შეიძლება ის გარკვეულ ბიბლიურ სწავლებებს სწორადაც კი იგებდა, მაგრამ ამავე დროს ცდილობდა, რომ თანამედროვეთა გულებიც მოეგო და ამიტომაც წმინდა წერილების ჭეშმარიტებას წარმართულ ფილოსოფიაში ურევდა.
ტატიანეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაშრომი არის „დიატესარონი“ ანუ „ოთხი სახარების ჰარმონიულობა“. ამ კაცის წყალობით შეძლეს სირიის კრებებში პირველად მშობლიურ ენაზე სახარებების წაკითხვა. ამ ნაშრომს, რომელშიც ოთხი სახარება ერთ ნაწარმოებად იყო გაერთიანებული, ძალიან აფასებდნენ. მას იყენებდა სირიის ეკლესია.
ქრისტიანი თუ ერეტიკოსი?
ტატიანეს თხზულებების გულმოდგინე გამოკვლევა ცხადყოფს, რომ ის კარგად იყო გაცნობილი საღვთო წერილს და დიდ პატივს სცემდა მას. იმის შესახებ, თუ რა გავლენა იქონია წმინდა წერილებმა მასზე, ტატიანე წერს: „არ ვილტვი გამდიდრებისკენ; უარი ვთქვი მხედართმთავრობაზე; მრუშობა შევიძულე; ზღვაოსნობის დაუცხრომელი სურვილით შეპყრობილი არა ვარ . . . თავბრუდამხვევი დიდების წყურვილი არ მკლავს . . . ვხედავ, რომ ერთი მზე ამოდის ყველასთვის და სიკვდილიც ერთია მიუხედავად იმისა, სიამოვნებაში ატარებს ადამიანი ცხოვრებას თუ გაჭირვებაში“. ტატიანე გვირჩევს: „მოკვდით ამ წუთისოფლისთვის და უარი თქვით ყოველივე იმ უგუნურებაზე, რაც მასშია. იცოცხლეთ ღვთისთვის. მიჰბაძეთ მას, შეიცვალეთ ბუნება და ახალ კაცად შეიმოსეთ“ (მათე 5:45; 1 კორინთელთა 6:18; 1 ტიმოთე 6:10).
აქვე ორიოდე სიტყვა ვთქვათ ტატიანეს სხვა თხზულებაზეც: „საუბარი სრულყოფილებაზე ჩვენი მხსნელის სწავლების მიხედვით“. ამ ნაშრომში იგი ქორწინების დაფუძნებაში ეშმაკს ადანაშაულებს. ტატიანე მკაცრად განსჯის ცოლ–ქმრულ კავშირს და აცხადებს, რომ ადამიანი ქორწინებით საკუთარ თავს ხრწნადი წუთისოფლის მონად ხდის.
როგორც ჩანს, დაახლოებით ახ. წ. 166 წლისთვის, იუსტინე წამებულის სიკვდილის შემდეგ, ტატიანემ ან თავად დააფუძნა, ან შეუერთდა ენკრატისტებად წოდებულ ასკეტურ სექტას. ამ სექტის მიმდევრები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ უკიდურეს თავშეკავებასა და საკუთარი ხორციელი სურვილების მოთოკვას. ისინი ასკეტურ ცხოვრებას ეწეოდნენ და თავს იკავებდნენ ღვინისგან, ქორწინებისგან და ქონების დაგროვებისგან.
გაკვეთილი ჩვენთვის
რატომ გადაუხვია საღვთო წერილიდან ასე ძალიან ტატიანემ? „გულმავიწყი მსმენელი“ ხომ არ გახდა იგი? (იაკობი 1:23—25, სსგ). იქნებ არ მოერიდა „ზღაპრებს“ და ამიტომაც ადამიანთა ფილოსოფიების მახეში გაება? (კოლასელთა 2:8; 1 ტიმოთე 4:7). რაიმე ფსიქიკური მოშლილობა ხომ არ გახდა იმის მიზეზი, რომ მისი შეხედულებები ჭეშმარიტებას საკმაოდ დასცილდა?
ასე იყო თუ ისე, ტატიანეს თხზულებები და პირადად მისი მაგალითი გვიჩვენებს, როგორი იყო იმდროინდელი რელიგიური ატმოსფერო. აგრეთვე გვიჩვენებს, რამდენად საზიანო შეიძლება იყოს წუთისოფლისეული ფილოსოფიის ზემოქმედება. ამიტომ ყურად ვიღოთ მოციქულ პავლეს რჩევა და მოვერიდოთ «უშინაარსო ლაპარაკს და ეგრეთ წოდებულ „ცოდნაში“ არსებულ წინააღმდეგობებს» (1 ტიმოთე 6:20, აქ).