არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ქრისტე კრებებს ელაპარაკება

ქრისტე კრებებს ელაპარაკება

ქრისტე კრებებს ელაპარაკება

„ასე ამბობს, ვისაც შვიდი ვარსკვლავი უპყრია თავის მარჯვენაში“ (გამოცხადება 2:1).

1, 2. რატომ უნდა დავინტერესდეთ იმით, რაც ქრისტემ მცირე აზიაში არსებულ შვიდ კრებას უთხრა?

იესო ქრისტე, იეჰოვას მხოლოდშობილი ძე, ქრისტიანული კრების თავია. ის აქებს და, ამასთანავე, გამოსასწორებელ რჩევებს აძლევს თავისი ცხებული მიმდევრებისგან შემდგარ კრებას, რათა მას სიწმინდე შეუნარჩუნოს (ეფესელთა 5:21—27). ამის მაგალითები მოცემულია გამოცხადების მე-2 და მე-3 თავებში, სადაც იესო მნიშვნელოვან და სიყვარულით გამსჭვალულ ცნობას გადასცემს მცირე აზიაში არსებულ შვიდ კრებას.

2 იესოსგან შვიდი კრებისთვის გადასაცემი სიტყვების მოსმენამდე იოანე მოციქულს „უფლის დღის“ ხილვა ჰქონდა (გამოცხადება 1:10). ეს „დღე“ 1914 წელს დადგა, როდესაც ღვთის მესიანურმა სამეფომ მმართველობა დაიწყო. ამიტომაც ამ უკანასკნელ დღეებში ჩვენთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია ის, რაც ქრისტემ უთხრა კრებებს. მისი რჩევები და გამამხნევებელი სიტყვები ამ საზარელი ჟამის ატანაში დაგვეხმარება (2 ტიმოთე 3:1—5).

3. რა სიმბოლური მნიშვნელობები აქვს „ვარსკვლავებს“, „ანგელოზებსა“ და „ოქროს სალამპრეებს“, რომლებიც იოანე მოციქულმა იხილა?

3 იოანემ იხილა განდიდებული იესო ქრისტე, რომელსაც «შვიდი ვარსკვლავი უპყრია თავის მარჯვენაში და მიმოდის შვიდ ოქროს სასანთლეს [„სალამპრეს“, აქ] შორის». „ოქროს სალამპრეებით“ კრებებია წარმოდგენილი, „ვარსკვლავებით“ კი — «შვიდი ეკლესიის [„კრების“, აქ] ანგელოზები» (გამოცხადება 1:20; 2:1). ვარსკვლავები ზოგჯერ ანგელოზების, სულიერი ქმნილებების, სიმბოლოდ გამოიყენება, მაგრამ ქრისტე ადამიანს არ გამოიყენებდა იმისათვის, რომ სულიერი ქმნილებებისთვის თავისი სიტყვები გადაეცა. ამიტომაც ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ „ვარსკვლავებით“ სულითცხებული ზედამხედველები ანუ უხუცესთა საბჭოები არის წარმოდგენილი. სიტყვა „ანგელოზი“ იმაზე მიუთითებს, რომ ისინი მაცნეების როლს ასრულებენ. ღვთის ორგანიზაციის ზრდის გამო, ‘ერთგულმა განმგებელმა’ ზედამხედველებად იესოს „სხვა ცხვრებიდანაც“ დააყენა გამოცდილი მამაკაცები (ლუკა 12:42—44; იოანე 10:16).

4. რაში ეხმარება უხუცესებს ქრისტეს მიერ კრებებისთვის გადაცემული სიტყვები?

4 „ვარსკვლავები“ იესოს მარჯვენა ხელში უპყრია, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი თავის ძალაუფლებაში და მეთვალყურეობის ქვეშ ჰყავს; აგრეთვე კეთილგანწყობილია მათდამი და მფარველობას უწევს. ამიტომაც ისინი იესოს წინაშე ანგარიშვალდებული არიან. დღევანდელი უხუცესები ყურადღებას აქცევენ ამ შვიდი კრებისთვის გადაცემულ სიტყვებს, რაც მათ იმის დანახვის შესაძლებლობას აძლევს, თუ როგორ უნდა მოიქცნენ მსგავს სიტუაციებში. ცხადია, ღვთის ძის სიტყვების მოსმენა თითოეული ქრისტიანის მოვალეობაა (მარკოზი 9:7). რას ვისწავლით, თუ ყურადღებას მივაქცევთ იმას, რასაც ქრისტე კრებებს ეუბნება?

ეფესოს კრების ანგელოზს

5. როგორი ქალაქი იყო ეფესო?

5 იესომ შეაქო და, ამავე დროს, გაკიცხა ეფესოს კრება (წაიკითხეთ გამოცხადება 2:1—7). ეფესოში, მცირე აზიის დასავლეთ სანაპიროზე გაშენებულ მდიდარ სავაჭრო ქალაქსა და რელიგიურ ცენტრში, ქალღმერთ არტემიდეს უზარმაზარი ტაძარი იყო აღმართული. ეფესოში გავრცელებული უზნეობის, ცრუ რელიგიისა და ჯადოსნობის მიუხედავად, ღმერთმა აკურთხა ამ ქალაქში პავლე მოციქულისა და სხვა ქრისტიანების მსახურება (საქმეები, თავი 19).

6. რა მსგავსებაა დღევანდელ ერთგულ ქრისტიანებსა და ძველი დროის ეფესელ ქრისტიანებს შორის?

6 ქრისტემ შემდეგი სიტყვებით შეაქო ეფესოს კრება: „ვიცი შენი საქმეები, შენი შრომა და შენი მოთმინება, და ისიც, რომ არ შეგიძლია ბოროტთა ატანა და გამოსცადე ისინი, რომლებიც თავის თავზე ამბობენ, მოციქულები ვართო, და არ არიან, და ჰპოვე ისინი ცრუებად“. დღესაც, იესოს ჭეშმარიტი მიმდევრებისგან შემდგარი კრებები კარგი საქმეებით, შრომითა და მოთმინებით გამოირჩევა. ქრისტიანულ კრებებს შემწყნარებლური დამოკიდებულება არა აქვთ ცრუ ძმებისადმი, რომლებსაც სურთ, რომ მოციქულებივით ეპყრობოდნენ (2 კორინთელთა 11:13, 26). ეფესელების მსგავსად, ღვთის ერთგულ ქრისტიანებს დღესაც ‘არ შეუძლიათ ბოროტთა ატანა’. იეჰოვას თაყვანისმცემლობის სიწმინდის შენარჩუნებისა და კრების დაცვის მიზნით, მათ ურთიერთობა არა აქვთ განდგომილებთან, რომელთაც არ სურთ მონანიება (გალატელთა 2:4, 5; 2 იოანე 8—11).

7, 8. რამდენად სერიოზული პრობლემა ჰქონდა ეფესოს კრებას და ჩვენ როგორ უნდა მოვიქცეთ მსგავს სიტუაციაში?

7 სამწუხაროდ, ეფესელ ქრისტიანებს სერიოზული პრობლემები ჰქონდათ. „შენს საწინააღმდეგოდ ისა მაქვს, რომ მიატოვე შენი პირველი სიყვარული“, — უთხრა მათ იესომ. კრების წევრებს კვლავ უნდა გაეღვივებინათ იეჰოვასადმი სიყვარული, რომელიც თავიდან ჰქონდათ (მარკოზი 12:28—30; ეფესელთა 2:4; 5:1, 2). ჩვენც ფრთხილად უნდა ვიყოთ, რათა არ დავკარგოთ ღვთის სიყვარული (3 იოანე 3). როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ გამდიდრების სურვილი გვიპყრობს ან საკუთარი თავის სიამოვნება ჩვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს? (1 ტიმოთე 4:8; 6:9, 10). გულმხურვალედ უნდა ვილოცოთ, რათა იეჰოვა დაგვეხმაროს ასეთი მიდრეკილებების დაძლევაში და დაგვიბრუნდეს როგორც მისდამი ძლიერი სიყვარული, ისე მადლიერება იმისათვის, რაც მან თავის ძესთან ერთად ჩვენთვის გააკეთა (1 იოანე 4:10, 16).

8 ქრისტემ ეფესელებს მოუწოდა: „გაიხსენე, საიდან დაეცი, და მოინანიე, და აკეთე შენი პირვანდელი საქმეები“. რა მოხდებოდა, თუ ისინი ასე არ მოიქცეოდნენ? «თუ არა და, — თქვა იესომ, — მალე მოვალ შენთან და გადავწევ შენს სასანთლეს [„სალამპრეს“, აქ] თავისი ადგილიდან». თუ ყველა დაკარგავდა პირველ სიყვარულს, „სალამპრე“ ანუ კრება აღარ იარსებებდა. აქედან გამომდინარე, ჩვენც, გულმოდგინე ქრისტიანები, ყოველმხრივ უნდა შევეცადოთ, ხელი შევუწყოთ კრების სულიერ ნათებას (მათე 5:14—16).

9. რა თვალსაზრისი უნდა გვქონდეს სექტანტობაზე?

9 ეფესელები ქებას იმსახურებდნენ იმისათვის, რომ ‘სძულდათ ნიკოლაელთა საქმეები’. გარდა იმისა, რაც გამოცხადებაშია ნათქვამი, კონკრეტულად არაფერია ცნობილი ამ სექტის წარმოშობის, მოძღვრებისა და საქმიანობის შესახებ. მიუხედავად ამისა, ერთი რამ ცხადია: იესომ დაგმო ადამიანის კვალდაკვალ სიარული. ამიტომაც, ეფესელი ქრისტიანების მსგავსად, ჩვენთვისაც აუცილებელია, გვძულდეს სექტანტობა (მათე 23:10).

10. რას მიიღებს ის, ვინც ყურად იღებს ღვთის მიერ სულიწმიდის მეშვეობით ნათქვამ სიტყვებს?

10 „ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს“, — თქვა იესომ. დედამიწაზე მსახურებისას იესო ღვთის სულის შთაგონებით ლაპარაკობდა (ესაია 61:1; ლუკა 4:16—21). ამიტომაც ყურად უნდა ვიღოთ ის, რასაც ახლა მისი პირით ღმერთი თავისი სულიწმიდის მეშვეობით ამბობს. ღვთის სულის შთაგონებით იესო იძლევა დაპირებას: „ვინც გაიმარჯვებს, ვაგემებინებ სიცოცხლის ხისაგან, რომელიც ღვთის სამოთხეშია“. ცხებულები, რომლებიც ყურად იღებენ იმას, რასაც სულიწმიდა ამბობს, უკვდავებას მიიღებენ „ღვთის [ზეციერ] სამოთხეში“, ანუ თვით იეჰოვას სიახლოვეს იქნებიან. „უამრავი ხალხი“ კი, რომლებიც მათსავით ისმენენ სულიწმიდის მიერ ნათქვამ სიტყვებს, დედამიწაზე სამოთხეში იცხოვრებენ. იქ ისინი „სიცოცხლის წყლის მდინარიდან“ დალევენ წყალს და მდინარის ნაპირებზე გაზრდილი „ხეების ფოთლებით“ განიკურნებიან (გამოცხადება 7:9; 22:1, 2, აქ; ლუკა 23:43).

11. როგორ შეგვიძლია ხელი შევუწყოთ იეჰოვასადმი სიყვარულის გაღვივებას ჩვენს კრებაში?

11 ეფესელებმა დაკარგეს სიყვარული, რომელიც თავიდან ჰქონდათ, მაგრამ რა მოხდება, თუ მსგავსი სიტუაცია დღესაც შეიქმნება კრებაში? მოდი თითოეულმა ხელი შევუწყოთ იეჰოვასადმი სიყვარულის გაღვივებას და ვილაპარაკოთ იმის შესახებ, თუ რამდენად მოსიყვარულე ღმერთია ის. შეგვიძლია მადლიერება გამოვხატოთ ღვთის სიყვარულისთვის, რომელიც მან თავისი საყვარელი ძის გამოსასყიდ მსხვერპლად გაღებით გამოავლინა (იოანე 3:16; რომაელთა 5:8). კრების შეხვედრებზე კომენტარების გაკეთებისას და სცენაზე გამოსვლისას, ყოველი სათანადო შესაძლებლობისას, შეგვიძლია ყურადღება გავამახვილოთ ღვთის სიყვარულზე. იეჰოვასადმი სიყვარულის გამოხატვის შესაძლებლობა ქრისტიანული მსახურებისას მისი სახელის განდიდების დროსაც გვეძლევა (ფსალმუნები 144:10—13). დიახ, ჩვენი სიტყვებითა და საქმეებით ხელს შევუწყობთ კრების პირველი სიყვარულის გაღვივებას ანუ გაძლიერებას.

სმირნის კრების ანგელოზს

12. რას ვიგებთ ისტორიიდან ქალაქ სმირნისა და იქ არსებული რელიგიური რიტუალების შესახებ?

12 ქრისტე, „პირველი და უკანასკნელი, რომელიც მკვდარი იყო და გაცოცხლდა“ ანუ მკვდრეთით აღდგა, აქებს სმირნის კრებას (წაიკითხეთ გამოცხადება 2:8—11). სმირნა (ამჟამად იზმირი, თურქეთი) მცირე აზიის დასავლეთ ნაწილში სანაპირო ქალაქი იყო. სმირნა ბერძნებმა დააარსეს, მაგრამ დაახლოებით ძვ. წ. 580 წლისთვის ლიდიელებმა დაანგრიეს. ალექსანდრე მაკედონელის სიკვდილის შემდეგ ის ხელმეორედ ააშენეს, ოღონდ ამჯერად სხვა ადგილას. სმირნა რომის აზიურ პროვინციად, ლამაზი შენობებით დამშვენებულ მდიდარ სავაჭრო ქალაქად იქცა. ტიბერიუს კეისრის თაყვანისცემისადმი მიძღვნილი ტაძრის გამო ის იმპერატორის თაყვანისმცემლობის ცენტრად იქნა აღიარებული. იმპერატორის თაყვანისმცემლებს ცოტაოდენი საკმეველი უნდა ეკმიათ და ეთქვათ: „კეისარი უფალია“. ქრისტიანებს არ შეეძლოთ ამ რიტუალის შესრულება, რადგან მათთვის ‘იესო იყო უფალი’. ამიტომაც მათ დევნიდნენ (რომაელთა 10:9).

13. რა გაგებით იყვნენ სმირნელი ქრისტიანები მდიდრები, მიუხედავად იმისა, რომ სიღარიბეში ცხოვრობდნენ?

13 სმირნელი ქრისტიანები გარდა იმისა, რომ იდევნებოდნენ, სიღარიბეში ცხოვრობდნენ, შესაძლებელია, იმის გამო, რომ არ მონაწილეობდნენ იმპერატორის თაყვანისმცემლობაში. იეჰოვას მსახურებს დღესაც ექმნებათ მსგავსი პრობლემები (გამოცხადება 13:16, 17). ის, ვინც სმირნელი ქრისტიანებივით ღვთისადმი ერთგულებას ინარჩუნებს, ღარიბიც რომ იყოს, სულიერად მდიდარია. ეს კი ყველაფერზე მნიშვნელოვანია (იგავები 10:22; 3 იოანე 2).

14, 15. როგორ ანუგეშებს ცხებულებს გამოცხადების 2:10?

14 სმირნაში იუდეველების უმრავლესობა «სატანის საკრებულოს [„სინაგოგას“, აქ]» შეადგენდა, რადგან ისინი თავიანთ ტრადიციებს იცავდნენ, უარყოფდნენ ღვთის ძეს და ლანძღავდნენ მის ცხებულ მიმდევრებს (რომაელთა 2:28, 29). რა მანუგეშებელია სულით ცხებული ქრისტიანებისთვის ქრისტეს შემდეგი სიტყვები: „ნუ გეშინია ნურაფრისა, რისი გადატანაც მოგიწევს. აჰა, ეშმაკი ჩააგდებს ზოგ თქვენგანს საპყრობილეში, რათა გამოიცადოთ. და გექნებათ ჭირი ათ დღეს. სიკვდილამდე ერთგული იყავი და მოგცემ სიცოცხლის გვირგვინს“ (გამოცხადება 2:10).

15 იესო არ შეუშინდა სიკვდილს იეჰოვას უზენაესი ხელისუფლების გასამართლებლად (ფილიპელთა 2:5—8). მიუხედავად იმისა, რომ სატანა ამჟამად ცხებულთა დარჩენილ ნაწილს ებრძვის, მათ არ აშინებთ გასაჭირი, პატიმრობა თუ მოძალადეობრივი სიკვდილი, რის ატანაც მათ ჯგუფს უწევს (გამოცხადება 12:17). ისინი სძლევენ წუთისოფელს. მკვდრეთით აღდგენილ ცხებულებს იესო ყვავილებისგან დაწნულ გვირგვინს კი არ ჰპირდება, რომლითაც წარმართულ შეჯიბრებებში გამარჯვებულები ჯილდოვდებოდნენ, არამედ „სიცოცხლის გვირგვინს“ — მათი ჯილდო უკვდავება იქნება ზეცაში. ნამდვილად ფასდაუდებელი ჯილდოა!

16. რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, თუ ჩვენი კრება ძველი სმირნის კრებას მოგვაგონებს?

16 როგორც ზეციერი იმედის მქონე, ისე დედამიწაზე სამოთხეში ცხოვრების იმედის მქონე ქრისტიანები, შესაძლებელია, იმ კრების წევრები ვიყოთ, რომელიც ძველი სმირნის კრებას მოგვაგონებს. თუ ასეა, მოდი დავეხმაროთ თანამორწმუნეებს, ყურადღება გაამახვილონ ძირითად მიზეზზე, რის გამოც უშვებს ღმერთი დევნას — უზენაეს მმართველობასთან დაკავშირებულ საკამათო საკითხზე. იეჰოვას თითოეული ერთგული მოწმე ამტკიცებს, რომ სატანა ცრუა და ცხადყოფს, რომ დევნილ ადამიანსაც კი შეუძლია ერთგულად დაუჭიროს მხარი ღვთის უზენაეს მმართველობას (იგავები 27:11). მოდი გავამხნევოთ თანაქრისტიანები, რათა გაუძლონ დევნას და წილად ხვდეთ პატივი, უშიშრად ‘ემსახურონ ღმერთს სიწმიდით და სიმართლით მთელი სიცოცხლე’ — მთელი მარადიულობა (ლუკა 1:68, 69, 74, 75).

პერგამონის კრების ანგელოზს

17, 18. როგორი თაყვანისმცემლობის ცენტრი იყო პერგამონი და რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა კერპთაყვანისმცემლობაში მონაწილეობის მიღებაზე უარის თქმას?

17 პერგამოს კრებამ შექებაც დაიმსახურა და გამოსასწორებელი რჩევებიც მიიღო (წაიკითხეთ გამოცხადება 2:12—17). პერგამონი (პერგამო) სმირნას ჩრდილოეთით მდებარეობდა და მისგან დაახლოებით 80 კილომეტრით იყო დაშორებული. ამ ქალაქში წარმართული თაყვანისმცემლობა ყვაოდა. როგორც ჩანს, იქ ბაბილონიდან გაქცეულ მოგვებს (ასტროლოგებს) შეეფარებინათ თავი. პერგამონში, ასკლეპიოსის, მითიური მკურნალი ღმერთის, სახელგანთქმულ ტაძარში, უამრავი ავადმყოფი იყრიდა თავს. ქალაქში იმპერატორ ავგუსტუსის თაყვანისმცემლობისადმი მიძღვნილი ტაძარიც მდებარეობდა, რის გამოც ის „იმპერიის ეპოქის პირველ პერიოდში იმპერატორის კულტის ცენტრად ითვლებოდა“, — ნათქვამია ენციკლოპედია „ბრიტანიკაში“ (1959, ტომი 17, გვერდი 507).

18 პერგამონში აგებული ჰქონდათ ზევსის საკურთხეველი. ქალაქი ეშმაკის მიერ შთაგონებული თაყვანისმცემლობის — ადამიანების გაღმერთების — ცენტრი იყო. ამიტომაც, გასაკვირი არაა იესოს სიტყვები, რომ პერგამონის კრების წევრები იქ ცხოვრობდნენ, სადაც „სატანის ტახტი“ იყო! იმპერატორის თაყვანისცემაზე უარის თქმა, შესაძლოა, სიცოცხლის ფასად დასჯდომოდა იეჰოვას უზენაესი ხელისუფლების მხარდამჭერს. ქვეყნიერება დღესაც ეშმაკის ძალაუფლებაშია და დღესაც ბევრ რამეს — მაგალითად ეროვნულ სიმბოლოებს — აკერპებენ (1 იოანე 5:19, აქ). პირველი საუკუნიდან დღემდე ბევრი ერთგული ქრისტიანი მოკლეს თავისი რწმენისთვის ისე, როგორც ქრისტეს მიერ მოხსენიებული «ერთგული მოწამე [„მოწმე“, აქ], ანტიპა». უეჭველია, იეჰოვა ღმერთსა და იესო ქრისტეს ახსოვთ ასეთი ერთგული მსახურები (1 იოანე 5:21).

19. რა გააკეთა ბალაამმა და რაში მართებს სიფრთხილის გამოვლენა თითოეულ ქრისტიანს?

19 ქრისტემ „ბალამის მოძღვრებაც“ მოიხსენია. გამორჩენის მიზნით, ცრუწინასწარმეტყველი ბალაამი (იგივე ბალამი და ბილყამი) ისრაელის დაწყევლას შეეცადა. როდესაც ღმერთმა მისი წყევლა კურთხევად აქცია, ბალაამმა მეფე ბალაკთან ერთად მზაკვრული გეგმა შეიმუშავა და ბევრი ისრაელი კერპთაყვანისმცემლობითა და სექსუალური უზნეობით აცდუნა. ქრისტიანი უხუცესები სიწმინდის ისეთივე მტკიცედ დამცველები უნდა იყვნენ, როგორიც ბალაამის ნამოქმედარის წინააღმდეგ მებრძოლი ფინხასი იყო (რიცხვნი 22:1—25:15; 2 პეტრე 2:15, 16; იუდა 11). თითოეულ ქრისტიანს სიფრთხილე მართებს, რათა კერპთაყვანისმცემლობამ და სექსუალურმა უზნეობამ კრებაში არ შემოაღწიოს (იუდა 3, 4).

20. რის გაკეთებაა საჭირო, თუ რომელიმე ქრისტიანი განდგომილთა მსგავსად იწყებს აზროვნებას?

20 პერგამონის კრება დიდი საშიშროების წინაშე იდგა, რადგან მას შემწყნარებლური დამოკიდებულება ჰქონდა მათ მიმართ, ‘ვინც ნიკოლაელთა მოძღვრებას მისდევდა’. ქრისტემ კრებას მოუწოდა: „მოინანიე, თუ არა და მალე მოვალ შენთან და შევებრძოლები მათ ჩემი პირის მახვილით“. სექტანტებს ქრისტიანებისთვის სულიერი ზიანის მიყენება სურთ. ის, ვინც განხეთქილებას იწვევს და ხელს უწყობს სექტანტობას, ვერ დაიმკვიდრებს ღვთის სამეფოს (რომაელთა 16:17, 18; 1 კორინთელთა 1:10; გალატელთა 5:19—21, აქ). თუ ქრისტიანი განდგომილთა მსგავსად იწყებს აზროვნებას და საკუთარი შეხედულებების გავრცელებას ცდილობს, ყურად უნდა იღოს ქრისტეს გაფრთხილება! საკუთარ თავს უბედურება რომ არ მოუტანოს, მან უნდა მოინანიოს და სულიერი დახმარება მიიღოს კრების უხუცესებისგან (იაკობი 5:13—18). საჭიროა დაუყოვნებლივ მოქმედება, რადგან ქრისტე უკვე მოდის განაჩენის აღსასრულებლად.

21, 22. ვინ იღებს საკვებად „დაფარულ მანანას“ და რის სიმბოლოა ის?

21 ერთგულ ქრისტიანებს — როგორც ცხებულებს, ისე მათ თანამსახურებს — არ უნდა ეშინოდეთ მოახლოებული სამსჯავროს დღის. კურთხევები მოელის მათ, ვინც იცავს იესოს მიერ ღვთის სულიწმიდის ხელმძღვანელობით მიცემულ რჩევებს. მაგალითად, წუთისოფლის მძლეველი ცხებულები «შენახულ [„დაფარულ“, აქ] მანანას» იგემებენ და მიიღებენ „თეთრ ქვას“, რომელზეც „ახლი სახელი“ იქნება დაწერილი.

22 ღმერთი მანანას საკვებად აძლევდა ისრაელებს 40 წლის განმავლობაში უდაბნოში მათი ხეტიალისას. ეს მანანა ოქროს ჭურჭლით ინახებოდა შეთანხმების კიდობანში და, ამგვარად, დაფარული იყო კარვის წმიდათა წმიდაში, სადაც სასწაულებრივი ნათელი იეჰოვას იქ ყოფნის სიმბოლო იყო (გამოსვლა 16:14, 15, 23, 26, 33; 26:34; ებრაელთა 9:3, 4). ამ დაფარული მანანის ჭამის უფლება არავის ჰქონდა. თუმცა მკვდრეთით აღდგენისას იესოს ცხებული მიმდევრები უკვდავებით იმოსებიან და ეს სიმბოლურად „დაფარული მანანის“ საკვებად მიღებით არის წარმოდგენილი (1 კორინთელთა 15:53—57).

23. რა არის წარმოდგენილი „თეთრი ქვით“ და „ახალი სახელით“?

23 შავი ქვა რომის სასამართლოებში მსჯავრის დადების დროს გამოიყენებოდა, თეთრი ქვა კი — ბრალდებულის გამართლებისას. იესო „თეთრ ქვას“ აძლევს გამარჯვებულ ცხებულ ქრისტიანებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის მათ უდანაშაულოებად და წმინდებად აღიარებს. რომში ქვები ბილეთების დანიშნულებასაც ასრულებდა და მნიშვნელოვან ღონისძიებებზე დასწრების უფლებას იძლეოდა. აქედან გამომდინარე, შესაძლოა, „თეთრი ქვით“ ისიც იყოს წარმოდგენილი, რომ ცხებულებს ზეცაში კრავის ქორწილზე დასწრების ნებართვა აქვთ (გამოცხადება 19:7—9). „ახალი სახელი“, როგორც ჩანს, იესოს თანამემკვიდრეებად ზეცაში ყოფნის პრივილეგიაზე მიუთითებს. რამდენად გამამხნევებელია ეს ცხებულებისთვის და აგრეთვე მათი თანამსახურებისთვის, რომლებსაც დედამიწაზე სამოთხეში ცხოვრების იმედი აქვთ!

24. როგორ უნდა ვუყურებდეთ განდგომილებას?

24 გონივრულია ყოველთვის გვახსოვდეს, რომ პერგამონის კრებას საფრთხეს განდგომილები უქმნიდნენ. თუ მსგავსი საფრთხე ჩვენი კრების სულიერ კეთილდღეობას დაემუქრება, მოდი ზურგი ვაქციოთ განდგომილებას და განვაგრძოთ ჭეშმარიტებაში სიარული (იოანე 8:32, 44; 3 იოანე 4). ცრუმასწავლებლებსა და განდგომისკენ მიდრეკილების მქონე პიროვნებებს მთელი კრებისთვის შეუძლიათ ზიანის მოტანა, ამიტომაც მტკიცე წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ განდგომილებას და არ უნდა დავუშვათ, რომ ცრუ „დარწმუნებამ“ ჭეშმარიტებას ჩამოგვაშოროს (გალატელთა 5:7—12; 2 იოანე 8—11).

25. რომელი კრებებისთვის გადაცემულ სიტყვებს განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?

25 რამდენად დამაფიქრებელ სიტყვებს ეუბნება განდიდებული იესო ქრისტე მცირე აზიაში არსებულ კრებებს, რომელთაგან სამის საქები თუ გამოსასწორებელი მხარეები ამ სტატიაში განვიხილეთ! სულიწმიდის შთაგონებით მას დანარჩენი ოთხი კრებისთვისაც ბევრი რამ აქვს სათქმელი. მომდევნო სტატიაში განვიხილავთ, რას გადასცემს იესო თიატირის, სარდისის, ფილადელფიისა და ლაოდიკეის კრებებს.

როგორ უპასუხებდით?

• რატომ უნდა მივაქციოთ ყურადღება იმას, თუ რას ეუბნება ქრისტე კრებებს?

• როგორ შეგვიძლია ხელი შევუწყოთ კრებაში „პირველი სიყვარულის“ გაღვივებას?

• რატომ შეიძლება ითქვას, რომ სმირნელი ქრისტიანები, რომლებიც სიღარიბეში ცხოვრობდნენ, ნამდვილად მდიდრები იყვნენ?

• როგორ უნდა ვუყურებდეთ განდგომილებას, თუ პერგამოს კრებაში შექმნილ მდგომარეობაზე დავფიქრდებით?

[სასწავლო კითხვები]

[რუკა 10 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

საბერძნეთი

მცირე აზია

ეფესო

სმირნა

პერგამონი

თიატირა

სარდისი

ფილადელფია

ლაოდიკეა

[სურათი 12 გვერდზე]

„უამრავი ხალხი“ დედამიწაზე სამოთხეში იცხოვრებს.

[სურათები 13 გვერდზე]

დევნილი ქრისტიანები წუთისოფელზე იმარჯვებენ.