შეინარჩუნეთ სიმტკიცე და მოიპოვეთ ჯილდო სიცოცხლისთვის რბოლაში
შეინარჩუნეთ სიმტკიცე და მოიპოვეთ ჯილდო სიცოცხლისთვის რბოლაში
აბობოქრებულ ზღვაში თუ მოგიწევდათ მგზავრობა, რას აირჩევდით: არასაიმედო პატარა ნავს თუ გამძლე, კარგად აგებულ გემს? უეჭველია, მეორეს აირჩევდით, რადგან ასეთი გემით უფრო ადვილი იქნებოდა აბობოქრებული ზღვის ტალღების გადალახვა.
დღევანდელ მღელვარე და საშიშ სისტემაში დიდ სირთულეებს ვაწყდებით. მაგალითად, ახალგაზრდები ზოგჯერ შეიძლება ქვეყნიერებაში გავრცელებული დამაბნეველი იდეებისა და უცნაური მიდრეკილებების გამო დაბნეულობაში აღმოჩნდნენ და დაუცველად იგრძნონ თავი. ზოგი, ვინც ახლახან დაადგა ქრისტიანულ გზას, შეიძლება ჯერ კიდევ ვერ დგას მყარად. მტკიცე რწმენის მქონე ქრისტიანებიც კი, რომლებიც წლების მანძილზე ერთგულად ემსახურებიან ღმერთს, შეიძლება იმით გამოიცადონ, რომ მათი მოლოდინი ჯერ კიდევ ბოლომდე არ გამართლებულა.
ასეთი გრძნობები სიახლეს არ წარმოადგენს. ისეთი ერთგული მამაკაცები, როგორებიც იყვნენ მოსე, იობი და დავითი, დროდადრო სიმტკიცის ნაკლებობას გრძნობდნენ (რიცხვნი 11:14, 15; იობი 3:1—4; ფსალმუნები 54:5). და მაინც, მათი ცხოვრება იეჰოვას მიმართ ერთგულებითა და სიმტკიცით გამოირჩეოდა. მათი შესანიშნავი მაგალითი გვამხნევებს, რომ ჩვენც შევინარჩუნოთ სიმტკიცე; ერთი რამ კი არ უნდა დაგვავიწყდეს — სატანა ეშმაკს სურს, მარადიული სიცოცხლისთვის რბოლას ჩამოგვაშოროს (ლუკა 22:31). როგორ შეგვიძლია სიმტკიცის, „მტკიცე რწმენის“, შენარჩუნება? (1 პეტრე 5:9). როგორ განვამტკიცოთ თანამორწმუნეები?
იეჰოვას სურს, მტკიცენი ვიყოთ
თუ იეჰოვასადმი ერთგულები ვიქნებით, ის ყოველთვის დაგვეხმარება ურყეობის შენარჩუნებაში. ფსალმუნმომღერალი დავითი ბევრ სირთულეს წააწყდა, მაგრამ მას ღვთის იმედი ჰქონდა და ამიტომ შეეძლო ასეთი სიტყვებით ეგალობა: „[იეჰოვამ] ამომიყვანა საზარელი ორმოდან, გაუვალი ლაფიდან, და დააყენა კლდეზე ფერხნი ჩემნი, წარმართა ჩემი ნაბიჯები“ (ფსალმუნები 39:3).
იეჰოვა გვაძლიერებს, რომ ‘რწმენის კეთილი ღვაწლით ვიღვაწოთ’, რათა ‘ჩავეჭიდოთ მარადიულ სიცოცხლეს’ (1 ტიმოთე 6:12). ის, აგრეთვე, ისეთი საშუალებებით უზრუნველგვყოფს, რომლებიც ურყეობის შენარჩუნებასა და სულიერ ბრძოლაში გამარჯვების მოპოვებაში გვეხმარება. პავლე მოციქულმა თანაქრისტიანებს მოუწოდა, რომ ‘გამაგრებულიყვნენ უფლით და მისი ძალის სიმტკიცით’ და ‘შეემოსათ ღვთის სრული საჭურველი, რათა წინ აღდგომოდნენ ეშმაკის მზაკვრობას’ (ეფესელთა 6:10—17). მაგრამ, რამ შეიძლება შეგვირყიოს სიმტკიცე? როგორ შეგვიძლია თავი დავიცვათ ასეთი საზიანო გავლენისგან?
მოერიდეთ საზიანო ფაქტორებს
გონივრულია, თუ ყოველთვის გვემახსოვრება ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი: ჩვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, საბოლოოდ, ან დადებითად იმოქმედებს იმაზე, თუ რამდენად მტკიცედ ვიდგებით ქრისტიანულ გზაზე, ან — უარყოფითად. ახალგაზრდებს ისეთ საკითხებში უწევთ
გადაწყვეტილებების მიღება, როგორიცაა ცხოვრების გზის არჩევა, დამატებითი განათლების მიღება და ქორწინება. უფროსი ასაკის ადამიანებს კი შეიძლება სხვაგან გადასვლასთან ან დამატებითი სამუშაოს დაწყებასთან დაკავშირებით მოუწიოთ გადაწყვეტილების მიღება. ჩვენ ყოველდღიურად ვიღებთ გადაწყვეტილებებს დროის გამოყენებასა თუ ბევრ სხვა საკითხთან დაკავშირებით. რა დაგვეხმარება გონივრული გადაწყვეტილებების მიღებაში, რაც ჩვენ, როგორც ღვთის მსახურებს, უფრო ურყევებს გაგვხდის? ერთმა დიდი ხნის ქრისტიანმა თქვა: „გადაწყვეტილებების მიღებისას იეჰოვას ვთხოვ დახმარებას. მართლაც რომ მნიშვნელოვანია იმ რჩევების მიღება და გათვალისწინება, რომლებიც ბიბლიასა და მასზე დაფუძნებულ პუბლიკაციებშია მოცემული და რომლებსაც ქრისტიანულ შეხვედრებზე თუ უხუცესებისგან ვისმენთ“.როდესაც გადაწყვეტილებებს ვიღებთ, კარგი იქნება, თუ საკუთარ თავს ვკითხავთ: „კმაყოფილი ვიქნები ხუთი ან ათი წლის შემდეგ ჩემ მიერ მიღებული გადაწყვეტილებით თუ ვინანებ? ვცდილობ იმაში დარწმუნებას, რომ ეს გადაწყვეტილება კი არ შეარყევს ჩემს სულიერობას, არამედ უფრო წინ წამწევს სულიერად? (ფილიპელთა 3:16).
ზოგი მონათლული ქრისტიანის არამდგრადობა იმან განაპირობა, რომ ცდუნებებს ყვებოდნენ ან რისკავდნენ იმ საშიშ ზღვართან მიახლოებას, რასაც შეიძლება ღვთის კანონების დარღვევამდე მიეყვანა ისინი. ზოგ ქრისტიანს, რომლებიც მოუნანიებელი ცოდვილი ქმედებების გამო კრებიდან გაირიცხნენ, ძალ-ღონე არ დაუშურებია, რომ კვლავ აღედგინათ ქრისტიანულ კრებაში, მაგრამ იმავე დანაშაულის გამო ისევ გარიცხულან; ზოგჯერ ეს აღდგენიდან ძალიან მალე მომხდარა. შეიძლება ამის მიზეზი ის ყოფილიყო, რომ ისინი არ მიმართავდნენ ღმერთს დახმარებისთვის, რათა ‘შეეძულებინათ ბოროტი’ და ‘მიჰკროდნენ სიკეთეს’? (ფსალმუნები 96:10; რომაელთა 12:9). თითოეულ ჩვენგანს გვესაჭიროება, რომ ‘მოვასწოროთ გზები ჩვენს ფერხთათვის’ (ებრაელთა 12:13). ამიტომ დავფიქრდეთ რამდენიმე ფაქტორზე, რომლებიც დაგვეხმარება სულიერი სიმტკიცის შენარჩუნებაში.
შეინარჩუნეთ სიმტკიცე ქრისტიანული მსახურებით
სამეფოს შესახებ სამქადაგებლო მსახურებაში აქტიური მონაწილეობა ერთ–ერთი საშუალებაა, რომელიც სიცოცხლის გზაზე მტკიცედ დგომაში გვეხმარება. დიახ, ქრისტიანული მსახურება მნიშვნელოვნად შეგვიწყობს ხელს იმაში, რომ ჩვენი გული და გონება ღვთის ნების შესრულებასა და მარადიული სიცოცხლის ჯილდოზე იყოს კონცენტრირებული. პავლე მოციქული კორინთელებს ამხნევებდა: „ჩემო საყვარელო ძმანო, იყავით მტკიცენი და შეურყეველნი, მუდამ იუხვეთ უფლის საქმეში, რადგან იცით, რომ ფუჭი არაა თქვენი შრომა უფლის წინაშე“ (1 კორინთელთა 15:58). „სიმტკიცე“ მყარად დგომას ნიშნავს. „შეურყევლობას“ კი მყარ საფუძველზე დგომის მნიშვნელობა აქვს. ასე რომ, მსახურებაში აქტიური მონაწილეობა ქრისტიანულ გზაზე მყარად დგომაში გვეხმარება. როდესაც სხვებს იეჰოვას გაცნობაში ვეხმარებით, ჩვენი ცხოვრება უფრო აზრიანი ხდება და შედეგად ბედნიერებას ვგრძნობთ (საქმეები 20:35).
ერთი ქრისტიანი და, სახელად პაულინი, რომელმაც უკვე 30 წელზე მეტი გაატარა მისიონერულ თუ სხვა სახის სრული დროით მსახურებაში, აღნიშნავს: „მსახურება ნამდვილად მიცავს, რადგან, როცა სხვებს ჩემს რწმენას ვუზიარებ, უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ ჭეშმარიტებაში ვარ“. ამის მსგავსად, რწმენას გვიმტკიცებს სხვა სახის ქრისტიანულ საქმიანობაში მონაწილეობაც. მაგალითად, ღვთის თაყვანისსაცემად კრების შეხვედრებზე დასწრება და ბიბლიის გულმოდგინედ შესწავლა.
მოსიყვარულე საძმოს მიერ განმტკიცებულნი
ჭეშმარიტი თაყვანისმცემლებისგან შემდგარი მსოფლიო ორგანიზაციის ნაწილად ყოფნა ძალიან გვეხმარება მტკიცედ დგომაში. რამხელა კურთხევაა, ასეთ მოსიყვარულე მსოფლიო საძმოსთან ურთიერთობა! (1 პეტრე 2:17). ჩვენ შეგვიძლია წვლილის შეტანა თანამორწმუნეების განმტკიცებაში.
დავფიქრდეთ მართალი კაცის, იობის მიერ სხვებისთვის გაწეულ დახმარებაზე. მის ეგრეთ წოდებულ ნუგეშისმცემელს, ელიფაზსაც კი მოუწია ამის აღიარება: „წაბორძიკებულს ფეხზე აყენებდა შენი სიტყვა, და ძალაგამოცლილ მუხლებს შენ ამაგრებდი“ (იობი 4:4). ვეხმარებით სხვებს ამ მხრივ? თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა, დავეხმაროთ სულიერ და–ძმებს ღვთის მსახურების ბოლომდე შესრულებაში. მათდამი ჩვენი მოპყრობა შემდეგი სიტყვების სულს უნდა ირეკლავდეს: „განიმტკიცეთ მოშვებული ხელები და დასუსტებული მუხლები გაიმაგრეთ“ (ესაია 35:3). ამიტომ, რატომ არ დაგვესახა მიზნად ერთი ან ორი თანაქრისტიანის გამხნევება, როცა მათთან ერთად ვიკრიბებით? (ებრაელთა 10:24, 25). როდესაც ქებისა და მადლიერების გამომხატველი სიტყვებით ვამხნევებთ თანამორწმუნეებს იმის გამო, რომ მთელი გულით განაგრძობენ იეჰოვას ნების შესრულებას, ეს მართლაც ეხმარება მათ სიმტკიცის შენარჩუნებაში და, შედეგად, განაგრძობენ სიცოცხლისთვის რბოლას.
ქრისტიან უხუცესებს ბევრი რამის გაკეთება შეუძლიათ შედარებით ახლების გასამხნევებლად. მაგალითად, უხუცესებს შეუძლიათ სასარგებლო რჩევების შეთავაზება, საღვთო წერილიდან გონივრული დარიგებების მიცემა ან მათთან ერთად ქადაგება. პავლე მოციქული ყოველთვის ეძებდა სხვების განმტკიცების შესაძლებლობას. მას მთელი გულით უნდოდა რომში მყოფი ქრისტიანების მონახულება, რათა სულიერად გაემაგრებინა ისინი (რომაელთა 1:11). ის ფილიპეში მყოფ საყვარელ და–ძმებს თავის „სიხარულად და გვირგვინად“ მიიჩნევდა და მოუწოდებდა მათ, რომ ‘მტკიცედ მდგარიყვნენ უფალში’ (ფილიპელთა 4:1, სსგ). როდესაც პავლემ თესალონიკელი ძმების გაჭირვების შესახებ შეიტყო, ტიმოთე გაგზავნა ‘მათ განსამტკიცებლად და სანუგეშებლად, რათა არც ერთი მათგანი არ შემდრკალიყო ამ გასაჭირში’ (1 თესალონიკელთა 3:1—3).
პავლე და პეტრე მოციქულები ხედავდნენ და აფასებდნენ თანამორწმუნეების გულმოდგინე მცდელობებს (კოლასელთა 2:5; 1 თესალონიკელთა 3:7, 8; 2 პეტრე 1:12). ამის მსგავსად, ჩვენც შეგვიძლია ყურადღება ძმების სისუსტეებზე კი არა, კარგ თვისებებზე შევაჩეროთ და დავაფასოთ მათი უდიდესი მონდომება და ძალისხმევა, რომლის შედეგადაც სიმტკიცეს ინარჩუნებენ და იეჰოვას პატივს მიაგებენ.
თუ ურყოფითად განწყობილები ან კრიტიკულები ვიქნებით, ჩვენდა უნებურად, შეიძლება ვინმეს გავურთულოთ სიმტკიცის შენარჩუნება. კარგია, თუ ყოველთვის გვემახსოვრება, რომ ჩვენი ძმები „დაუძლურებულნი“ არიან ამ ბოროტ სისტემაში (მათე 9:36). ქრისტიანულ კრებაში მათ ნუგეში და გამოცოცხლება უნდა ჰპოვონ. ამიტომ, მოდი თითოეული შევეცადოთ იმას, რომ, რაც ჩვენს ძალებშია, ყველაფერი ვაკეთოთ თანამორწმუნეების გასაძლიერებლად და განსამტკიცებლად.
ზოგჯერ შეიძლება სხვები ისე მოგვექცნენ, რომ ამან სიმტკიცე შეგვირყიოს. ვუშვებთ, რომ სხვების უხეშად ნათქვამმა სიტყვებმა ან არასასურველმა მოპყრობამ დაგვასუსტოს იეჰოვას მსახურებაში? არასოდეს დავუშვათ, რომ სხვებმა სიმტკიცე შეგვირყიონ! (2 პეტრე 3:17).
ღვთის დაპირებები სიმტკიცის შენარჩუნებაში გვეხმარება
იეჰოვა საოცარ მომავალს გვპირდება, რომელსაც თავისი სამეფოს მმართველობის შედეგად მოუტანს კაცობრიობას. ეს კი გვისახავს იმედს, რაც, თავის მხრივ, სიმტკიცის შენარჩუნებაში გვეხმარება (ებრაელთა 6:19). რწმენა იმისა, რომ ღმერთი ყოველთვის ასრულებს თავის დანაპირებს, ‘სიფხიზლისა და რწმენაში მტკიცედ დგომის’ ძალას გვაძლევს (1 კორინთელთა 16:13, სსგ; ებრაელთა 3:6). თუ ვფიქრობთ, რომ ღვთის ზოგი დანაპირების შესრულება თითქოსდა ყოვნდება, ამის გამო შეიძლება ჩვენი რწმენა გამოიცადოს. ამიტომ, უაღრესად მნიშვნელოვანია სიფხიზლის შენარჩუნება, რათა მცდარმა სწავლებებმა არ შეგვიტყუოს და ჩვენს იმედს არ ჩამოგვაშოროს (კოლასელთა 1:23; ებრაელთა 13:9).
იმ ისრაელების ცუდი მაგალითი, რომლებიც იმის გამო დაიღუპნენ, რომ არ ერწმუნნენ იეჰოვას აღთქმებს, ჩვენთვის გამაფრთხილებელი უნდა იყოს (ფსალმუნები 77:37). მათ კი ნუ დავემსგავსებით, არამედ დავრჩეთ მტკიცენი და, იმის მხედველობაში მიღებით, რომ დრო არ იცდის, ღმერთს შეუპოვრად და მთელი სერიოზულობით ვემსახუროთ ამ ბოლო დღეებში. „ყოველდღე იმის მოლოდინით იოელი 1:15).
ვცხოვრობ, რომ იეჰოვას დღე ხვალ დადგება“, ამბობს ერთი გამოცდილი უხუცესი (დიახ, იეჰოვას დიადი დღე მოახლოებულია. სანამ ღმერთთან სიახლოვეს ვინარჩუნებთ, არ გვექნება შიშის საფუძველი. თუ ერთგულად დავიცავთ მის სამართლიან ნორმებს და სიმტკიცეს შევინარჩუნებთ, სიცოცხლისთვის რბოლაში ჯილდოს მოვიპოვებთ (იგავები 11:19; 1 ტიმოთე 6:12, 17—19).
[სურათი 23 გვერდზე]
ყველანაირად ცდილობთ, რომ დაეხმაროთ თანაქრისტიანებს სიმტკიცის შენარჩუნებაში?
[საავტორო უფლებები დაცულია 21 გვერდზე]
The Complete Encyclopedia of Illustration/J. G. Heck