გაცემა, რომელსაც ღმერთი იწონებს
გაცემა, რომელსაც ღმერთი იწონებს
იესო ბეთანიაში მოწაფეებთან ერთად ვახშმობდა. მისი ახლო მეგობრებიც იქ იყვნენ — მათ შორის მარიამი, მართა და არც ისე დიდი ხნის წინათ მკვდრეთით აღდგენილი ლაზარე. როდესაც მარიამმა ძვირად ღირებული ნელსაცხებელი ფეხებზე სცხო იესოს, იუდა ისკარიოტელი აღშფოთდა: „რატომ არ გაიყიდა ეს ნელსაცხებელი სამას დინარად [საშუალო წლიური შემოსავლის ეკვივალენტი] და ღარიბებს არ დაურიგდა?“. უკმაყოფილება სხვებმაც გამოხატეს (იოანე 12:1—6; მარკოზი 14:3—5).
იესომ მათ უთხრა: „მოეშვით მაგას . . . ვინაიდან ღარიბნი მუდამ თქვენთანა გყავთ და, თუკი მოისურვებთ, შეგიძლიათ სიკეთე უყოთ მათ. მე კი მუდამ არ გეყოლებით“ (მარკოზი 14:6—9). იუდეველთა რელიგიური წინამძღოლები ასწავლიდნენ, რომ მოწყალების გაღება მხოლოდ სიკეთე კი არ იყო, არამედ ამის მეშვეობით ადამიანს ცოდვებიც მიეტევებოდა. მათგან განსხვავებით, იესომ ცხადყო, რომ გაცემა, რომელსაც ღმერთი იწონებს, ღარიბებისთვის მოწყალების გაღებით არ შემოიფარგლება.
იმის მოკლედ მიმოხილვით, თუ რას და როგორ გასცემდნენ პირველი ქრისტიანები, დავინახავთ, ჩვენ როგორ შეგვიძლია სხვებზე ზრუნვა და ისე გაცემა, როგორც ღმერთს სიამოვნებს. გარდა ამისა, ეს დაგვანახვებს გაცემის საუკეთესო გზას, რომელსაც ყველაზე მეტი სიკეთე მოაქვს.
„გაეცით მოწყალება“
იესომ რამდენჯერმე მოუწოდა თავის მოწაფეებს, ‘გაეცათ მოწყალება’ (ლუკა 12:33). მეორე მხრივ, ისინი გააფრთხილა, მორიდებოდნენ თვალთმაქცობით სხვების დასანახად სიკეთის კეთებას, რითაც ადამიანები ღვთის ნაცვლად საკუთარი თავის განდიდებას ცდილობდნენ. „როცა მოწყალებას გასცემ, — თქვა მან, — ნუ გაახმაურებ შენს წინაშე, როგორც თვალთმაქცნი აკეთებენ სინაგოგებსა და ქუჩებში, რათა ხალხმა აქოს ისინი“ (მათე 6:1—4). ამ რჩევის გათვალისწინებით, პირველი ქრისტიანები ერიდებოდნენ თვალთმაქცი რელიგიური წინამძღოლების მსგავსად მოქცევას და სხვებისთვის შეუმჩნევლად ეხმარებოდნენ გაჭირვებულებს.
მაგალითად, ლუკას 8:1—3-ში ნათქვამია, რომ მარიამ მაგდალელი, იოანა, სუსანა და სხვა ქალები თავიანთი „ქონებით“ ემსახურებოდნენ იესოსა და მის მოციქულებს; და ამას ყოველგვარი გახმაურების გარეშე აკეთებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მოციქულები ძალიან გაჭირვებული არ იყვნენ, მათ ნებაყოფლობით ჰქონდათ დათმობილი შემოსავლის წყარო, რათა მხოლოდ მსახურებისთვის მოეხმარებინათ ძალ-ღონე (მათე 4:18—22; ლუკა 5:27, 28). ქალები, რომლებიც მათ ღვთის მიერ მიცემული დავალების შესრულებაში ეხმარებოდნენ, ფაქტობრივად, ღმერთს განადიდებდნენ. ღმერთმა კი მადლიერება გამოხატა იმით, რომ მისი ნებით, ამ ქალების გულმოწყალებისა და გულუხვობის მაგალითი ბიბლიაში ჩაიწერა და მომავალი თაობებისთვისაც გახდა ცნობილი (იგავები 19:17; ებრაელთა 6:10).
პირველ საუკუნეში ცხოვრობდა კიდევ ერთი კეთილი ქალი, სახელად ქურციკი, რომელიც „სავსე იყო კეთილი საქმეებითა და მოწყალებით“. ის ტანსაცმელს კერავდა თავის ზღვისპირა ქალაქ იაფოში მცხოვრები გაჭირვებული ქვრივებისთვის. ჩვენთვის უცნობია, ქურციკი თვითონვე ყიდულობდა ქსოვილებს თუ მათი ქსოვილებით უფასოდ უკერავდა ქვრივებს, მაგრამ, როგორც უნდა ყოფილიყო, ერთი რამ ცხადია: სიკეთის კეთებამ ის ძვირფასი ადამიანი გახადა, როგორც თანამორწმუნეთათვის, რომლებსაც ეხმარებოდა, ისე ღვთისთვის, რომელმაც კეთილი საქმეებისთვის მოწყალედ აკურთხა (საქმეები 9:36—41).
მნიშვნელოვანია სწორი მოტივი
რა აღძრავდა გაცემისკენ ამ ქრისტიანებს? მათი აღმძვრელი ძალა არ ყოფილა მხოლოდ ინსტინქტური თანაგრძნობა, რომელიც იმ მომენტში იღვიძებდა მათში, როდესაც გაჭირვებულები ემოციურად ითხოვდნენ დახმარებას. ისინი პირად მორალურ პასუხისმგებლობად თვლიდნენ, შეძლებისდაგვარად ყოველდღიურად დახმარებოდნენ ღარიბებს, ავადმყოფებსა და ნებისმიერს, ვინც სირთულეებს ხვდებოდა და მძიმე მდგომარეობაში იყო (იგავები 3:27, 28; იაკობი 2:15, 16). სწორედ ასეთი გაცემა მოსწონს ღმერთს. მისკენ ადამიანს ღვთის ძლიერი სიყვარული, აგრეთვე მისი გულმოწყალებისთვისა და გულუხვობისთვის მიბაძვის სურვილი აღძრავს (მათე 5:44, 45; იაკობი 1:17).
იოანე მოციქულმა გაცემის სწორედ ამ მნიშვნელოვან მხარეზე გაამახვილა ყურადღება, როდესაც დასვა შეკითხვა: „ვისაც ამქვეყნიური ქონება აქვს, ძმას კი გაჭირვებაში ხედავს და მისგან კეტავს თავის გულს, როგორ დარჩება მასში ღვთის სიყვარული?“ (1 იოანე 3:17). პასუხი ნათელია. გაცემისკენ ადამიანს ღვთის სიყვარული აღძრავს. ღმერთი აფასებს და კურთხევას არ აკლებს მათ, ვინც მის მსგავსად ავლენს გულუხვობის სულს (იგავები 22:9; 2 კორინთელთა 9:6—11). არიან დღეს ასეთი ადამიანები? განვიხილოთ იეჰოვას მოწმეთა ერთ კრებაში არც ისე დიდი ხნის წინათ მომხდარი შემთხვევა.
ერთი ხანში შესული დის სახლს სერიოზული შეკეთება ესაჭიროებოდა. ეს და მარტოხელა იყო. მის სახლში წლების განმავლობაში ტარდებოდა ქრისტიანული შეხვედრები და ის ხშირად ეპატიჟებოდა თანამორწმუნეებს (საქმეები 16:14, 15, 40). კრების წევრებმა დის დახმარება გადაწყვიტეს. ზოგმა თანხა გაიღო, ზოგმა კი ფიზიკურად მუშაობის სურვილი გამოთქვა. რამდენიმე კვირაში მათ სახლი ხელახლა გადახურეს, აბაზანა შეაკეთეს, პირველ სართულზე კედლები და კარ-ფანჯარა შეღებეს და სამზარეულოში ახალი კარადები დადგეს. გარდა იმისა, რომ გაჭირვებულ დას გაეწია დახმარება, ამ შემთხვევამ ერთმანეთთან უფრო მეტად დააახლოვა კრების წევრები. ამასთანავე, მეზობლებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჭეშმარიტმა ქრისტიანულმა დახმარებამ.
პირადი დახმარების გაწევის სხვადასხვა საშუალება არსებობს. ხომ არ შეგვეძლო დრო გამოგვეყო რომელიმე უმამო ბავშვისთვის? ან იქნებ ხანში შესულ ქვრივს დავხმარებოდით — მაგალითად, მის მაგივრად საყიდლებზე წავსულიყავით ან მისთვის რამე შეგვეკერა? შეგვიძლია სადილი მოვუმზადოთ ან მატერიალური დახმარება გავუწიოთ მას, ვინც ხელმოკლედ ცხოვრობს? აუცილებელი არ არის მდიდრები ვიყოთ, რომ ვინმეს დახმარება შევძლოთ. პავლე მოციქულმა დაწერა: „ვინაიდან, როცა გულმოდგინება არის, ეს მიიღება იმის მიხედვით, ვისაც რა აქვს, და არა იმის მიხედვით, რაც არა აქვს“ (2 კორინთელთა 8:12). მაგრამ არის თუ არა პირადი დახმარება გაცემის ერთადერთი ფორმა, რომელსაც ღმერთი აკურთხებს? არა.
რა შეიძლება ითქვას ორგანიზებულ დახმარებაზე?
ზოგჯერ საკმარისი არ არის პირადი ძალისხმევა. იესოსა და მის მოციქულებს ღარიბების დასახმარებლად საერთო თანხა ჰქონდათ და მსახურების დროს შესაწირავებს იღებდნენ მზრუნველი ადამიანებისგან (იოანე 12:6; 13:29). პირველი საუკუნის კრებებშიც გროვდებოდა თანხები და გაჭირვებულებს ერთობლივი ძალებით, ორგანიზებულად ეწეოდათ დახმარება (საქმეები 2:44, 45; 6:1—3; 1 ტიმოთე 5:9, 10).
მაგალითად, ასეთი რამ მოხდა დაახლოებით ახ. წ. 55 წელს. იუდეის კრებების წევრებს მატერიალურად უჭირდათ, როგორც ჩანს, ქვეყანაში არსებული დიდი შიმშილობის გამო (საქმეები 11:27—30). პავლე მოციქულმა, რომელიც ყოველთვის ზრუნავდა ღარიბებზე, მაკედონიის კრებებსაც კი მიმართა, რომ მონაწილეობა მიეღოთ გაჭირვებულთა დახმარებაში. მან თვითონ გაუწია ორგანიზება სახსრების შეგროვებას და სანდო კაცების ხელით გაგზავნა დახმარება (1 კორინთელთა 16:1—4; გალატელთა 2:10). გაწეული სამსახურისთვის არც მას და არც სხვა რომელიმე ქრისტიანს არ მიუღია გასამრჯელო (2 კორინთელთა 8:20, 21).
იეჰოვას მოწმეები დღესაც მზად არიან დასახმარებლად. მაგალითად, 2001 წლის ზაფხულში ჰიუსტონში (ტეხასი, აშშ) ძლიერმა ქარიშხალმა და თავსხმამ დიდი წყალდიდობა გამოიწვია. მთლიანობაში იეჰოვას მოწმეთა 723 სახლი დაზიანდა, ზოგი თითქმის მთლიანად დაინგრა. დაუყოვნებლივ შეიქმნა დახმარების კომიტეტი, რათა უხუცესებს განესაზღვრათ, რა სახის დახმარების გაწევა იყო საჭირო და გაენაწილებინათ სახსრები დაზარალებული თანამორწმუნეებისთვის პირველი საჭიროების საგნების შესაძენად თუ მათი სახლების აღსადგენად. მთელი სამუშაო იეჰოვას მოწმე მოხალისეებმა შეასრულეს. ერთი და იმდენად მადლობელი იყო დახმარებისთვის, რომ სადაზღვევო კომპანიიდან სახლის აღსადგენად მიღებული თანხა დაზარალებულთა დახმარების ფონდს შესწირა, რათა სხვებსაც დახმარებოდნენ.
რაც შეეხება საქველმოქმედო ორგანიზაციებს, საჭიროა სიფრთხილე, თუ რომელ ორგანიზაციას გამოვეხმაურებით. ზოგი საქველმოქმედო ორგანიზაცია საკმაოდ დიდ თანხებს ხარჯავს ადმინისტრაციული იგავების 14:15-ში ნათქვამია: „გულუბრყვილოს სწამს ყოველი სიტყვა, გონიერი კი აკვირდება თავის ნაბიჯს“. აქედან გამომდინარე, გონივრულია ყველაფრის აწონ-დაწონა.
საკითხების მოსაგვარებლად თუ ფონდის გასაზრდელად და შემოსული თანხის მხოლოდ მცირე ნაწილს იყენებს დანიშნულებისამებრ.გაცემა, რომელსაც უდიდესი სარგებლობა მოაქვს
არსებობს გაცემის ერთ-ერთი ფორმა, რომელიც ქველმოქმედებაზე მეტად მნიშვნელოვანია. იესომ ასეთი გაცემის მნიშვნელობაზე გაუმახვილა ყურადღება მდიდარ ახალგაზრდას, რომელმაც ჰკითხა, თუ რა უნდა გაეკეთებინა მარადიული სიცოცხლის მისაღებად. იესომ მას უთხრა: „წადი, შენი ქონება გაყიდე და მიეცი ღარიბებს და გექნება საუნჯე ზეცაში. მერე მოდი და გამომყევი“ (მათე 19:16—22). ყურადღება მიაქციეთ: იესოს მხოლოდ ის არ უთქვამს, უბრალოდ, ღარიბებს დაეხმარე და სიცოცხლეს მიიღებო. მან აგრეთვე მოუწოდა: „მოდი და გამომყევი“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რამდენად საქები და სარგებლობის მომტანიც უნდა იყოს ქველმოქმედება, ქრისტიანობა უფრო მეტს მოიცავს.
იესო, ძირითადად, ხალხის სულიერი დახმარებით იყო დაინტერესებული. სიკვდილამდე მცირე ხნით ადრე მან პილატეს უთხრა: „მე იმიტომ დავიბადე და იმიტომ მოვედი წუთისოფელში, რომ ჭეშმარიტება დავამოწმო“ (იოანე 18:37). მიუხედავად იმისა, რომ იესო ხელმძღვანელობას უწევდა ღარიბების დახმარებას, ავადმყოფების განკურნებასა და მშიერი ხალხის დაპურებას, თავის მოწაფეებს ის, უმთავრესად, ქადაგებისთვის ამზადებდა (მათე 10:7, 8). ზეცად ამაღლების წინ მან მოწაფეებს მოუწოდა: „წადით და მოიმოწაფეთ ყველა ხალხი“ (მათე 28:19, 20).
ცხადია, ქადაგებით შეუძლებელია დღეს არსებული პრობლემების გადაჭრა. მიუხედავად ამისა, ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის სხვადასხვა ხალხისთვის ქადაგება განადიდებს ღმერთს, რადგან ქადაგებით ღვთის ნება სრულდება. უფრო მეტიც, მისი საშუალებით მარადიული კურთხევების მიღების შესაძლებლობა ეძლევათ მათ, ვინც ყურად იღებს სასიხარულო ცნობას (იოანე 17:3; 1 ტიმოთე 2:3, 4). ამიტომაც გთავაზობთ, მოუსმინოთ მოწმეებს, როდესაც სახლში მოგაკითხავენ. ისინი თქვენთან სულიერი ძღვენით მოვლენ. მათ ესმით, რომ ეს გაცემის საუკეთესო საშუალებაა.
[სურათები 6 გვერდზე]
ადამიანებზე ზრუნვისთვის სხვადასხვა საშუალება არსებობს.
[სურათი 7 გვერდზე]
სასიხარულო ცნობის ქადაგება ღვთისთვის მოსაწონია და მარადიული კურთხევების მიღების შესაძლებლობას იძლევა.